ძვალნიმც გეპოხებიან, მამაო შიო!
ძვალნიმც გეპოხებიან, მამაო შიო!
შიომღვიმისკენ მიმავალმა გზად "ჯოჯოხეთის ხევი" უნდა გადაიარო. ხევისა რა გითხრათ, მაგრამ გზა კი მართლაც ჯოჯოხეთურად არის დანგრეული. ცხონებული ზვიად გამსახურდიას შემდეგ მისი შეკეთებისთვის არავის უზრუნია. გზაც კი თითქოს სახეა წინაპართა მიმართ ჩვენი "სუფრული" სიყვარულისა...

ღირს მამა შიოს "ქართველ მეფეთა სიმტკიცეს" უწოდებდნენ. იგი იყო ერისკაცთა სასოებაც. მას შესთხოვდნენ ოჯახის მფარველობას, ბარაქასა და გამრავლებას... მისი ხსენების დღეს ხევში ყველა შრომობდა, მოხუციც კი ოფლს გამოიდენდა ხოლმე - წმინდა შიოს გარჯა უყვარდაო, ხოლო თუშეთში შიოობას უქმობდნენ და ასე ევედრებოდნენ წმინდანს: "შიო მუშავო, შიო მაშვრალოვო, ძვალნიმც გეპოხებიანო, ჯვარსამც დაგვიწერავ კაცსავ და საქონსა, ხვავ-ბარაქას დაგვიდებო ერუმსალეთის (იერუსალიმის - კ.კ.) მადლითო". ჭეშმარიტად, ძვალნი გეპოხებიან, მამაო შიო, და ჩვენ უღირსნი რით სათნო გეყოთ, თუ არა შენი წმინდა ცხოვრების გახსენებით, რამეთუ, როგორც ეკლესიის მამები იტყვიან, წმინდანთა ცხოვრების განკრძალვით კითხვა მათდამი ლოცვის ტოლფასია.

ღირსი შიო ასურეთის ქალაქ ანტიოქიიდან ყოფილა. ღვთისმოშიშ მშობლებს კეთილად აღუზრდიათ მხოლოდშობილი ვაჟი. შიომ სიყრმიდანვე შეისწავლა საღმრთო წერილი და მამათა სწავლანი, ხოლო ოცი წლისამ ბერად შედგომა გადაწყვიტა და მშობლების ფარულად მთელ ასურეთში განთქმულ მამათა მონასტერს მიაშურა. წინამძღვარმა, ღირსმა იოანემ, ოდეს იხილა ყმაწვილის გონიერება და ამოიცნო მისი შინაგანი კაცი, უთხრა: "შვილო, ნეტარ ხარ, რამეთუ დიდი შეიქმნები ღვთის წინაშე, და მეც ნეტარი ვარ, რამეთუ ოდესმე ასეთი ადამიანის მამად მომიხსენიებენო".

ის ღამე ღვთივსულიერ საუბარში გაატარეს, მეორე დღეს კი წმინდა იოანემ ურჩია ჭაბუკს, შინ დაბრუნებულიყო და დედ-მამისგან აეღო კურთხევა, სანუგეშოდ კი უწინასწარმეტყველა, რომ მისი მოხუცი მშობლები მასზე ადრე წავიდოდნენ მონასტერში. აღსრულდა ღვთის განგება - შიოს დედ-მამამ დაუტევა საერო ცხოვრება და ყმაწვილი კაციც მათი კურთხევის შემდეგ შეუდგა მონაზვნობის გზას.

წმინდა იოანეს ფრთეთა ქვეშე წარემატებოდა სულიერად ღირსი მამა და "საზომსა სრულსა და დიდთა მამათასა" მიაღწია. მისი ლოცვით მრავალი განიკურნა სულიერ თუ ფიზიკურ სალმობათაგან.

ღირსი შიოს ბერად შედგომიდან ოცი წლის შემდეგ წმინდა იოანე საქართველოსკენ წარმოემართა სამოღვაწეოდ. თან წამოიყოლა უფლის მიერ გამორჩეული თავისი თორმეტი მოსწავლე. მათ შორის იყო ღირსი შიოც. ქართლის კათოლიკოს ევლავიოსს ღვთისგან ეუწყა საქართველოში მათი შემობრძანება, დიდი პატივით მიიღო და საკადრისად დააბინავა.

ერთხელ წმინდა იოანემ ეშმაკებით გარშემორტყმული ზადენის მთა იხილა და იქ დასახლება გადაწყვიტა. გზად აბობოქრებული არაგვი უნდა გადაელახათ. მამა იოანეს კურთხევით, ღირსმა შიომ ილოცა, ჯვარი გარდასახა წყალს და მდინარე დადგა.

იოანეს კურთხევით, მთელ ქართლ-კახეთს მოედვნენ მოქადაგე ასურელი მამები. ღირს შიოს ერთხანს კახეთში, არტოზანის მთაზე უმოღვაწია, მერე კი, რაკი განმარტოებით ცხოვრების მოსურნე ყოფილა, იოანესა და კათოლიკოსისგან კურთხევა აუღია, უნახავს მცხეთის დასავლეთით ღრმა ხევი, რომლის მხოლოდ ხილვაც კი შეაძრწუნებდა კაცს, და აქ ერთ მღვიმეში დასახლებულა. ამ გამოქვაბულში უჭმელ-უსმელს გაუტარებია სამოცი დღე. ეშმაკმა ათასნაირად სცადა მისი შეშინება. ბოლოს დაემუქრა - უთხრა, რომ მეორე დღეს მასაც მოკლავდა და წმინდა იოანესაც. ის ღამე მამა შიომ თავისი გამოქვაბულის წინ ლოცვაში გაატარა. განთიადისას მას ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელსა და ანგელოზთა დასთან ერთად. წმინდა შიო მათ წინ დაემხო. დედა ღვთისამ აღადგინა მაცხოვრის ერთგული მონა და უთხრა, რომ ეს უდაბნო აღივსებოდა ღმერთშემოსილი ხალხით და მისი მაქებელი იქნებოდა უკუნისამდე, შემდეგ კი ზეციური საზრდო მისცა. ღირსმა მამამ დიდი მოკრძალებით იხმია და პირი მისი დატკბა "მიუწთომელითა რაითამე სიტკბოებითა". ამის შემდეგ, ღვთისმშობლის სიტყვისაებრ, მტრედს წმინდანისთვის ყოველდღე მიჰქონდა ზეციდან წარგზავნილი საკვები. სწორედ ამ მტრედს მიჰყვა სანადიროდ წასული ციხედიდის მთავარი ევაგრე, რომელიც წმინდა შიოს ხილვამ მოინადირა და მასთან სამუდამოდ დარჩენა გადაწყვიტა. წმინდა მამამ მას თავისი კვერთხი გაუწოდა და უთხრა: "წაიღე ეს, მტკვარში ჩაყავი და, უფლის შეწევნით, მდინარე გზას მოგცემს; წადი, განაგე სახლი თვისი და ყოველი საცხოვრებელი, მერე კი უკანვე დაბრუნდი, ისევ ჩაყავი კვერთხი მტკვარში და თუ ისევ დაგითმობს გზას მდინარე, მოდი ჩემთან, თუ არა და მტკიცედ უწყოდე - არ მოსწონს ღმერთს შენი განზრახვაო". ევაგრე მამა შიოს სიტყვისაებრ მოიქცა და მალევე დაბრუნდა ღირს მამასთან, რამეთუ სთნდა უფალს მისი კეთილი განზრახვა. მამა შიომ ბერული სამოსით შემოსა ევაგრე, ასწავლა მონაზვნობის წესი და საცხოვრებლად მოშორებით მდებარე ერთი გამოქვაბული განუჩინა.

ევაგრეს საქციელმა ღირსი მამის ირგვლივ ახლომახლო სოფლებიდან უამრავი ბერობის მოსურნე მიიზიდა. მამა შიო ყოველ კვირას მიდიოდა მათთან და ქადაგებით განაძლიერებდა ქართველ ბერთა კრებულს.

ძმებს ერთი გასაჭირი ჰქონდათ - ახლომახლო წყარო არ იყო, ამიტომ წყალი მტკვრიდან მოჰქონდათ ხოლმე. ერთხელ წმინდა მამამ დაინახა ძმა, რომელსაც წყლით სავსე კოკა გასტეხოდა და მწარედ ტიროდა, შეებრალა და თვითონაც აცრემლდა. უცებ დაინახა, რომ იქვე, კლდის მახლობლად, მისი მფარველი ანგელოზი იდგა და კვერთხით კლდის ძირში მიწას თხრიდა. გულისხმაყო წმინდა შიომ, რომ ინება ღმერთმა და მისი ცრემლების სანაცვლოდ კლდის ძირას წყარო აღმოაცენა. ამ წყაროს დღესაც "ცრემლის წყაროს" უწოდებენ და სამკურნალო ძალა აქვს.

გამრავლდა ძმათა კრებული და ეკლესიის აგება მოისურვა. ადგა ღირსი მამა და აღმოსავლეთით ერთ კლდეზე ავიდა. მას მიჰყვა მონასტრის ძმობაც. ერთხმად ევედრებოდნენ უფალს, ეჩვენებინა მათთვის, სად აეგოთ ტაძარი. წმინდა შიომ ხელისგულზე ნაკვერჩხლები დაიწყო, ზედ საკმეველი დაადო და აკმია. კვამლი ზეცად აღვიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი ჩამოეშვა და ერთგან სვეტად დადგა. მამა შიომ სამგზის დასცა წერაქვი იმ ადგილს, სადაც საკმევლის სვეტი იდგა და ბრძანა, აქ აეშენებინათ ტაძრები წმინდა სამების, ღვთისმშობლისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე. შემდგომში ჯვართამაღლების სახელობის ტაძარი აიგო კლდის წვერზეც, სადაც წმინდა მამამ საკმეველი აკმია. იქ მიდიოდნენ აღდგომის მეორე დღეს მღვიმელები და, უძველესი საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ჯვართამაღლებას დღესასწაულობდნენ.

სამი დღე იდგა საკმევლის სვეტი და აუწერელ სურნელებას გამოსცემდა, შემდეგ კი ზეცად აღიკრიფა.

იმხანად ფარსმანი, ქართლის მეფე, ბერძენთა იმპერატორის იუსტინიანეს დასახმარებლად იყო წასული, სამეფოს გამგებლად კი თავისი ერთგული სპასპეტი ევაგრე დაეტოვებინა. როცა დაბრუნდა და ევაგრეს ბერად აღკვეცის ამბავი შეიტყო, ძალზე შეწუხდა. გამოიკითხა მისი ადგილსამყოფელი და ეწვია. დიდხანს ევედრებოდა სოფელში დაბრუნებას, მაგრამ წმინდა ევაგრემ დიდად იუარა და მეფე თავის სულიერ მამასთან წაიყვანა.

ღირსმა მამამ მეფის მობრძანება რომ შეიტყო, გარეთ გამოეგება. ხელმწიფემ, იხილა თუ არა წმინდანი, ზარი დაეცა. დაბლა დააგდო სამეფო გვირგვინი, მოიხსნა სარტყელი და წმინდა მამის წინაშე დაემხო. ღირსმა შიომ აკურთხა მეფე, წამოაყენა და კვლავ გვირგვინით შეამკო. აკურთხა მეფესთან ერთად მისული ქართლის მთავარნიც. ერთ მათგანს ისრისგან თვალი ჰქონდა მოწყლული; რაჟამს შეეხო მამა შიოს ფერხთ, მყისვე განიკურნა.

შესწირა მეფემ ახალდაარსებულ მონასტერს ოთხი სოფელი, ოქრო-ვერცხლი, ოქროს ჯვარი და წმინდა სახარება, ვახტანგ გორგასლის მიერ შემკობილი. ბრძანა და სწრაფად ააშენებინა ეკლესიები. ეკლესიათა სატფურება (კურთხევა) სულთმოფენობისას გადაწყვიტეს. შეიკრიბნენ კათოლიკოსი და ეპისკოპოსნი და აიძულებდნენ წმინდა შიოს, მღვდლობის ხელდასხმა მიეღო (დიაკვნად ანტიოქიაშივე იყო ნაკურთხი), მაგრამ მისგან მტკიცე უარი მიიღეს - ღირს მამას ეშინოდა, მერე ეპისკოპოსად კურთხევასაც დამიპირებენო.

წავიდნენ მღვდელმთავარნი და უამრავი ხალხი მოაწყდა წმინდა მონასტერს. ძმათა კრებულმა ღირსი შიოს სიცოცხლეშივე მიაღწია ორი ათასს.

ხალხით აივსო ხევი.

მონასტრის ძმობას და მომსვლელებს დიდად აწუხებდნენ მხეცნი. თავს ესხმოდნენ და ვირებსა და ცხენებს უჭამდნენ. შეწუხდა მამა შიოც, შეევედრა უფალს და მონასტრის შემოგარენში მცხოვრებმა ყველა მხეცმა მისი გამოქვაბულის წინ მოიყარა თავი. რომელსამე - კბილით, რომელსამე ქედით მოეყვანათ ჩვილები და ქედდადრეკილნი ელოდნენ მამა შიოს გამოჩენას. შეებრალა წმინდანს ღვთის ქმნილებანი, უთხრა: ეს უდაბნო პირმეტყველ კაცთაგან უნდა აღივსოს, ასე უბრძანებია ღმერთს, ამიტომ წარვედით, საყვარელნო ჩემნო, და სხვაგან დასახლდით. მხოლოდ ერთი თქვენგანი დარჩეს, რათა უკუმოგვიზღოთ, რაც შეგვაწუხეთო.

გადაიკარგნენ მხეცნი იმ ადგილებიდან. დატოვეს მხოლოდ ერთი მგელი, რომელიც მონასტრის ჯორებს მწყემსავდა, საღამოობით კი, შინ დაბრუნებული, ევაგრეს ხელით მიიღებდა წყალში დამბალ პურს და მამა შიოს გამოქვაბულთან იძინებდა. გამოქვაბულთან დღემდეა შემორჩენილი მისი ნაწოლი. ექვსი წელი ემსახურა მგელი მამებს და შემდგომ, მამა შიოს კურთხევით, გათავისუფლდა.

ამ დროს იყო, წმინდა იოანე ზედაზნელმა რომ მოინახულა წმინდა შიო და მღვიმეში სტუმრად მყოფი წმინდა ისე, გამოსცადა, რა სულიერ სიმაღლეს იყვნენ მიწევნილნი მისი სულიერი შვილნი. უკან გაბრუნებას აპირებდა, რომ წმინდა შიომ სთხოვა, დაყუდებული ცხოვრების ნება მიეცა. წმინდა იოანემ მოუწონა განზრახვა, თუმცა ურჩია, პირველად პატრიარქისგან აიღე კურთხევა და თუ ნებას მოგცემს, მერეღა განმარტოვდიო.

გამოეთხოვა ღირსი მამა თავის მოძღვარს, წარვიდა მცხეთას, ილოცა სვეტიცხოველის წინ და პატრიარქს მიაშურა. გაუძნელდა მამამთავარს, მაგრამ, ცრემლმორეულმა, მაინც აკურთხა.

ეს ამბავი რომ შეიტყო, შეძრწუნდა მონასტრის ძმობა. წმინდა შიომ მათ ნუგეშად ას სამოცი სულიერი სწავლა დაუტოვა, წინამძღვრად კი წმინდა ევაგრე განუჩინა, ხოლო თავად მიწის სიღრმეში მდებარე ბნელ გამოქვაბულში დასახლდა: "შთახდა მღვიმესა მას ბნელსა შინა, ქვესიღრმეთა მიწისათა, რათა სიმპალესა ხორცთასა მიცემითა აღმოაჯეჯილოს ხურვილი წმიდა". ღირსმა მამამ მღვიმის ჩასასვლელი ამოაშენებინა და ვიწრო ხვრელიღა დაატოვებინა, საიდანაც პურს თუ მიაწვდიდნენ ხოლმე. კვირაობით ამ ხვრელით მღვიმეში ევაგრე ჩადიოდა. მხოლოდ მას და მხოლოდ კვირადღეობით ეზრახებოდა წმინდა შიო, დანარჩენ დროს კი ღირსი მამა დიდ სულიერ ღვაწლში ატარებდა.

გავიდა დრო. ამ დაუშრომელმა ღვაწლმა წმინდა მამა ძალზე დააუძლურა, მღვიმის სინოტივისგან კანის ფერიც კი შეეცვალა, გაშავდა და განილია. დადგა მისი გარდაცვალების ჟამიც, რომელიც მას წინასწარ ეუწყა ღვთისგან. ეზიარა ღირსი მამა უფლის სისხლსა და ხორცს და სული თვისი და მონასტერი ღმერთს შეავედრა. მისი დამაშვრალი სხეული, ანდერძისამებრ, მღვიმეში დაასვენეს.

XI საუკუნეში, მიქაელ მღვიმელის (წინამძღვრის) ინიციატივით, წმინდა შიოს მღვიმეს ეკლესია დააშენეს. 1733 წელს გივი ამილახორსა და მის მეუღლეს საყდარი განუახლებიათ. მღვიმის მახლობლად მონასტრის ძმობას სატრაპეზო აუშენებია. სატრაპეზოს მღვიმისგან კარიბჭე-სამლოცველო ჰყოფდა. მამა შიოც, ნიშნად მონასტრის ძმობასა და, საზოგადოდ, ქართველებთან მარადმყოფობისა, ყოველ ყველიერის ხუთშაბათს, თავისი ხსენების დღეს, სასწაულს მოუვლენდა ერს - ძვალნი მისნი თავისით ამოიწეოდნენ და ეკლესიაში დაბრძანდებოდნენ ხოლმე. ერთხელ შაჰ-აბასმა თავისი ტყვის, ამილახვრის ქალის, გული რომ მოეგო, ბრძანა და მისი საყვარელი წმინდანის, ღირსი შიოს, ძვალნი სპარსეთში წააღებინა. ამის გამო დიდი უბედურება დაატყდა სპარსეთს - ჭირი, შიმშილი, გვალვა, სიბერწე ქალისა თუ პირუტყვისა... სამი წლის რისხვის შემდეგ წმინდა შიო ერთ მოლას გამოეცხადა და უბრძანა, მისი წმინდა ნაწილები უკანვე დაებრუნებინათ. შეშინებულმა შაჰმა ოქროს საცხედრეში ჩააბრძანა წმინდანის ნაწილები და განთავისუფლებულ ამილახვრის ქალთან ერთად საქართველოში გამოაგზავნა.

1735 წელს, შიოობას, ტაძარში ღირსი მამის სამი ნაწილი ამოსულა: თავი და ორი მკლავი. მანამდე ამდენი ნაწილი ერთდროულად არასოდეს ამოსულიყო. გაუკვირდათ ქართველებს... იმ წელს გარდაიცვალა კათოლიკოსი ბესარიონი. იმავე წელს ნადირ-შაჰმა დაარბია მონასტერი და წმინდა მამის განსასვენებელი დაანგრია. ამის შემდეგ ეს დიდი სასწაული აღარ აღსრულებულა, თუმცა ამბობენ, რომ ერთხელ, 1917 წელს, შიოობას, ამობრძანებულა ღირსი მამის თავი. ეტყობა, მამა შიომ დიდი განსაცდელის წინ გააფრთხილა და განამხნევა ქართველობა.

სასწაულნი
ბოლო დროს, როგორც შიომღვიმელი მამები ამბობენ, მამა შიოს სასწაულები ძალზე მომრავლებულა.

ერთხელ შიომღვიმეში ვინმე კაცთაგან შევიწროებული ასულა. საღამო ყოფილა და წინამძღვარს მავედრებელი წმინდა შიოს მღვიმის მოსალოცად გაუგზავნია. მომლოცველი მარტო, ხელის ცეცებით ჩასულა გამოქვაბულში და მიწაზე დამხობილა, რათა წმინდანის საფლავისთვის (მღვიმეში მამა შიოს პირობითი საფლავის ქვა დევს, მიწის ზედაპირიდან ნახევარ მეტრზე ამოწეული) ეცა თაყვანი, მაგრამ ქვა ვერ იპოვა. იატაკზე დაწოლილა და ტრიალი დაუწყია, ქვა რომ ეპოვა, მაგრამ ამაოდ. კაცს ძალზე შეშინებია. უეცრად მის წინ ნათლით შემოსილი წმინდა შიო აღმართულა, რომელსაც დაუმშვიდებია, უნუგეშებია იგი და ეკლესიური ცხოვრებისკენ მოუწოდებია. გამოცხადება დასრულდა და კაცმაც უმალვე იპოვა საფლავის ქვა...

***
ერთ იმერელ ქალს, სნეულებისგან ლოგინად ჩავარდნილს, ძილში წმინდა შიო გამოსცხადებია და უთქვამს, მოდი ჩემთან და განიკურნებიო. ქალი ტაქსით ამოსულა, მანქანა გაუშვია, საღამომდე ულოცია წმინდა მამის საფლავთან, მიმწუხრისას კი, უკვე განკურნებული, საკუთარი ფეხით დასდგომია მცხეთის გზას. როცა მეორედ მისულა მონასტერში, უთქვამს, ქალაქამდე მამა შიომ ჩამაცილა და მითხრა, აღარ იავადმყოფებო...

ერთ ებრაელს შეუტყვია მამა შიოს სასწაულების ამბავი, ამერიკაში დაბრუნებულს ახლობელი სნეულებისგან დავარდნილი დახვედრია. უფიქრია, "ნეტავ წმინდა შიო მასაც შეეწიოსო. ფიქრი არც კი დაესრულებინა, რომ ავადმყოფი ფეხზე წამომდგარა. ამას ისე შეუძრავს ებრაელი, რომ ქრისტეს რჯულზე მოქცეულა.

***
ღირსი მამა განსაკუთრებით უშვილოებს შეეწევა. ერთ ცოლ-ქმარს შვილი შვიდი წელი არ ჰყავდა. მთელი საქართველო მოილოცეს, წმინდა მიწაზე, იერუსალიმში, შეკვეთილი წირვა დააყენეს, მაგრამ შვილიერებას ვერ ეღირსნენ. მერე კი წმინდა შიოს საფლავი მოინახულეს, ილოცეს და მესამე დღეს პატარა ჩაისახა...

რუსეთში მცხოვრებ ქართველ ცოლ-ქმარს თხუთმეტი წელი არ შესძენია მემკვიდრე. მათ ახლობლებს მამა შიოს მღვიმეში ულოციათ მათთვის. ცოტა ხნის შემდეგ რუსეთიდან დაურეკავთ და უხარებიათ, პატარას ველითო. მათ არც კი იცოდნენ, ვინ გამოითხოვა ღვთისგან მათი შვილიერება.

***
დაბოლოს, გვსურს, მცირეოდენი წმინდა შიოს უდიდეს სასწაულზე - მის მონასტერზეც მოგითხროთ. ახლა, ამ დაცარიელებულ მღვიმეებს, ღვთის ფრინველთა მიტოვებულ ბუდეებს რომ შეჰყურებ, გული სევდით გევსება. არადა, ოდესღაც აქ 5000 ბერი მოღვაწეობდა. მეცხრამეტე საუკუნეში პლატონ იოსელიანს ათასამდე ასეთი მღვიმე დაუთვლია. აქედან მრავალი სული, ვით ნათლის სვეტი, ასულა ზეცად. ამ მონასტერში "უფალი მღვიმისა ღმერთი იყო და მეუფე - წმიდაი მამაი შიო". აქ წმინდა თამარ მეფის ბრძანებით სხალტბიდან გამოყვანილი წყალი ოქროს საცერში იცრებოდა და ისე მიეწოდებოდათ ღირს მამებს. განთქმული იყო აქაური საბარძიმე ღვინო და "შიოს მარანიც" ქართველობისთვის სიმბოლო იყო სიუხვისა და ბედნიერებისა. აქ პოვეს ძვალშესალაგი საქართველოს ღირსეულმა შვილებმა: წმინდა ევაგრემ, წმინდა ნეოფიტემ, კათოლიკოსმა ნიკოლოზ მეექვსემ (+1675), თურქებთან ბრძოლაში მოწყვეტილმა ცხრა ძმა ამილახვარმა, ზედგინიძეებმა, გურამიშვილებმა, ტუსიშვილებმა, გივი ამილახვარმა - წმინდა დავით აღმაშენებლის მიერ აგებული ტაძრის განმაახლებელმა - და მისმა მეუღლემ თამარმა, მეორე გივი ამილახვარმა და მისმა მეუღლემ ბანგუამ - შიოს საყდრის განმაახლებლებმა... წმინდა ნეოფიტეს სამარის მახლობლად დაკრძალულია წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე, მეორე შიოდ წოდებული, რომელმაც დაქცეული მონასტერი განაახლა. მიძინების ტაძრის შესასვლელთან განისვენებს არქიმანდრიტი ისე სუხიშვილი (1874-1950), რომელმაც 52 წელი გაატარა შიომღვიმეში და აღესრულა ავაზაკთა ხელით, რომლებიც მონასტრის საუნჯეს სთხოვდნენ. აქვე ტრიალებს სული არქიმანდრიტ გიორგი დადიანისა, რომელიც ავაზაკებმავე მოკლეს 60-იან წლებში და მცხეთის სამთავროს მონასტრის ეზოშია დაკრძალული... მონასტრის ზეობის ჟამს მის ხელნაწერ ბიბლიოთეკას ათი ურემიც ვერ იტევდა (ეს ფასდაუდებელი საგანძური 1804 წელს, რუსების შემოსვლის შემდეგ განადგურდა), მაგრამ გაქრა ყოველივე ტკბილი სიზმარივით... შიომღვიმეში აღარც გორგასლისეული სახარებაა, აღარც ხელნაწერები, აღარც უძველესი ხატები. ის კი არა, ამბობენ, აგერ ახლახან, კომუნისტების დროს, ღირსი მამების ძვლებით სოფლელი ბიჭები ხმალაობდნენო... მაგრამ ყველაზე დიდ სიმდიდრეს მაინც მონასტრის ახლანდელი მკვიდრნი ფლობენ: წმინდა შიოსა და იქ მოღვაწე მამათა სიყვარულსა და მეოხებას. თუმცა კი ჩვენთა ცოდვათა გამო თავისით აღარ აღმოიწევიან მღვიმიდან წმინდა შიოს ძვალნი, მაგრამ ჩვენ აღვიწიოთ, ჩვენ ავიდეთ მონასტერში. ვეამბოროთ ღვთისმშობლის ნატერფალს, მამა შიოს წმინდა ნაწილებს და შევთხოვოთ: "შიო მუშავო, შიო მაშვრალოვო, ძვალნიმც გეპოხებიანო, ჯვარსაც დაგვიწერავ კაცსავ, ქვეყნისავ, ოთხივ კუთხივ იმიერ და ამიერ საქართველოსავ".
ბეჭდვა
1კ1