წმინდა სვიმეონ მესვეტემ 100 წელი იცოცხლა, აქედან 80 წელი ბერობაში გაატარა და 47 წელი სვეტზე იყო დაყუდებული
წმინდა სვიმეონ მესვეტემ 100 წელი იცოცხლა, აქედან 80 წელი ბერობაში გაატარა და 47 წელი სვეტზე იყო დაყუდებული
იყო ღვაწლის განსაკუთრებული სახე - მესვეტეობა: დღედაღამ, ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და ყინვაში სვეტზე უმოძრაოდ იდგნენ, თითქოს მიეჯაჭვნენო. ფეხები უსივდებოდათ, იარებით ეფარებოდათ... მკაცრი მარხვა, მწირი საზრდო, ძილის მაგივრად - სვეტის მოაჯირს ჩამოყრდნობით თვლემა. განა ვინმე ორ კვირას მაინც გაუძლებს ამას? ისინი კი უძლებდნენ, თანაც რამდენ ხანს: წმინდა სვიმეონ მესვეტემ 100 წელი იცოცხლა, აქედან 80 წელი ბერობაში გაატარა და 47 წელი სვეტზე იყო დაყუდებული;

ღირსი სვიმეონ მესვეტე კაბადოკიის სოფელ სისანში დაიბადა ხელმოკლე ქრისტიანების, სუსოტიონისა და მართას ოჯახში. სიყმაწვილეში იგი მამის ცხვრის ფარას მწყემსავდა და ამ თავის პირველ მორჩილებას კეთილსინდისიერად აღასრულებდა. ერთხელ ტაძარში, საღვთო ლიტურგიაზე სვიმეონმა სახარებისეული ნეტარებები მოისმინა, გააოცა მათმა სიღრმემ და იქვე მდგომ ბერს სთხოვა საკითხავის განმარტება. სულიერებაში წარმატებული მოხუცის პასუხმა მასში ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად ამსოფლის დატევების სურვილი აღძრა, სალოცავად განმარტოვდა და დიდხანს მხურვალედ შესთხოვდა უფალს, წინ გასძღოლოდა ღვთისმსახურების ამ ურთულეს გზაზე. როცა ლოცვაში დაქანცულს ჩაეძინა, სიზმრისეული ჩვენებით იხილა, თითქოს რომელიღაც შენობისთვის საძირკველს თხრიდა. რამდენჯერმე გაჩერდა, რადგან ჩათვალა, რომ თხრილის სიღრმე საკმარისი იყო, მაგრამ გვერდით მდგომი კაცი საფუძვლის კიდევ უფრო და უფრო გაღრმავებას ავალებდა. ბოლოს სვიმეონი შეუჩერებლად შეუდგა თხრას და მანამ მუშაობდა, სანამ იმავე ხმამ არა "ჰრქუა კმაყოფაჲ სიღრმისაჲ და მიერითგან ამცნო შენებაჲ". ამ ჩვენებით ჭაბუკმა გულისხმაყო, რომ ცხონებისთვის დაუცხრომელი და მოუწყინებელი ღვაწლი იყო საჭირო.

ხილვის შემდეგ უფლის რჩეული წამოდგა, მახლობლად მდებარე მონასტერს მიაშურა და შვიდი დღე ჭიშკართან მდგომი, მშიერ-მწყურვალი ცრემლებით ითხოვდა მიღებას. კვირის თავზე იგი საძმოში ჩარიცხეს. თვრამეტი წლის ასაკში სვიმეონი უკვე ბერად აღიკვეცა და მალე მკაცრი ცხოვრებით ყველა ძმას გადააჭარბა. ის იმდენად მკაცრად ეპყრობოდა საკუთარ თავს, რომ წინამძღვარი შეშინდა, სხვები, უფრო სუსტები, მისი მიბაძვით თვითმკვლელობამდე არ მისულიყვნენ და წმიდანს სავანის დატოვება უბრძანა. ახოვანმა მოსაგრემ ბევრი იხეტიალა უდაბნოსა და მთებში, ბოლოს კი ერთი ამომშრალი ჭის ფსკერზე დამკვიდრდა. რამდენიმე ხნის შემდეგ იღუმენმა ჩვენებით იხილა ანგელოზები, რომლებმაც მას სვიმეონის სავანეში დაბრუნება უბრძანეს.

წინამძღვარმაც ძმებთან ერთად მოძებნა სიკვდილის პირას მისული მამა და მონასტერში მიიყვანა, მაგრამ აქ იგი დიდხანს არ დარჩენილა. უფლის რჩეულმა დაბა ტალანისის მახლობლად მდებარე ვიწრო გამოქვაბულს შეაფარა თავი, სადაც სამი წელი დაჰყო დაუცხრომელ ღვაწლში. ერთხელ მან გადაწყვიტა, მთელი დიდმარხვის მანძილზე არანაირი საჭმელი და სასმელი არ მიეღო. ღვთის შეწევნით შეასრულა კიდეც განზრახვა და ამის შემდეგ ყოველ წელიწადს წმიდა ორმეოცს ასე ატარებდა. ამასთან, ოცი დღე ფეხზე მდგომი ლოცულობდა, ოცი დღე კი - იჯდა. სამი წლის შემდეგ წმიდა სვიმეონმა მთის წვერზე დაიწყო მოსაგრეობა. აქ მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან, თან ყველას კურთხევის მისაღებად წმიდანთან შეხება სურდა. ასეთმა თაყვანისცემამ და შფოთმა მეტად დაამძიმა ნეტარი და სათავე დაუდო მანამდე არნახულ ღვაწლს: ააგო ექვსი წყრთის სიმაღლის სვეტი, ზედ მოწყობილ ვიწრო სენაკში დამკვიდრდა და გაძლიერებულ ლოცვასა და მარხვას მიეცა. სვეტი თანდათან მაღლდებოდა: იგი ჯერ ოც, შემდეგ კი - ოცდათექვსმეტ წყრთამდე გაიზარდა. ღირსი მამა მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხს, მისი საზრდელი გამხმარი ხილი და წყალი იყო.

შეიძლება, მორჩილებისათვის 5, 10, 40 წელი იწვალო და მერეღა მიაღწიო. ღირს და ღმერთშემოსილ მამებს უდაბნოში მოღვაწეობის ათეულობით წელი სჭირდებოდათ, რათა სულიწმინდის მადლი შეემოსათ. მორჩილების მადლით მიიღო სვიმეონ მესვეტემაც ღირსისა და ღმერთშემოსილი მამის წოდება. როცა სვეტიდან ვერ ჩამოიყვანეს, მამები შეეცადნენ გამოეძიათ, იყო თუ არა ეს ქმედება ღვთისაგან. მღვდელმთავარმა კაცი გაგზავნა და თავისთან დაიბარა. ეს იმას ნიშნავდა, სვეტიდან ჩამოდიო. ამგვარად შეამოწმა მღვდელმთავარმა სვიმეონ მესვეტის მორჩილება. წმინდანი დაემორჩილა უპირატესს - ჩამოსვლა დააპირა. ასეთი მორჩილების გამო ის სვეტზე დატოვეს. სვიმეონ მესვეტის ნაბიჯი მორჩილებითა და ლოცვა-კურთხევის მადლით იყო გამართლებული. თვითნებობით ადამიანი ასეთ სულიერ სიმაღლეს ვერ მიაღწევს.

ბოროტი ძალა ხშირად ზემოქმედებს ადამიანის წარმოსახვაზე და შეიძლება მას უჩვენოს სხვადასხვა სურათი ვითომდა წმინდანების, ანგელოზების გამოცხადებისა, მაცხოვრის მოვლინებისა და ა.შ. ამ შემთხვევაში ადამიანის წარმოსახვა რეალურად წარმოიდგენს ამ ყველაფერს. წმინდა მამათა ცხოვრებაში მრავალი ასეთი ხილვა და ჩვენებაა აღწერილი. ერთ-ერთია მაგალითი წმინდა სვიმეონ მესვეტისა. ბოროტმა სულმა მიიღო ნათელი ანგელოზის სახე და სვეტზე მდგარ წმინდა სვიმეონს ცეცხლოვან რაშებშებმული ეტლით გამოეცხადა. ეტლი თითქოსდა ზეციდან ჩამოეშვა. ბოროტმა სულმა წმინდა მამას უთხრა: ცისა და მიწის ღმერთმა ამ სახით გამომგზავნა შენთან, რათა ცაში აგიყვანო. შენი ნახვა უნდათ ანგელოზებსა და მთავარანგელოზებს, მოციქულებს, წინასწარმეტყველებს და მოწამეებსო. წმინდა სვიმეონ მესვეტემ თავიდან ვერ შეიცნო ბოროტის ხრიკები და თქვა: უფალო, მე ცოდვილი რა ღირსი ვარ, რომ ჩემი ზეცად აყვანა გნებავსო. ამის შემდეგ ასწია მარჯვენა ფეხი და ის იყო, უნდა შეედგა ცეცხლოვან ეტლზე, რომ პირჯვარიც გადაიწერა. უმალვე გაქრა ჩვენება. ეს ჩვენება, რომელიც წარმოსახვის გახელებით იყო გამოწვეული, პირჯვრის გადაწერით მოტანილი მადლით განქარდა. შემდეგ წმინდა სვიმეონ მესვეტემ თავი დაისაჯა - ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ იმ ფეხზე იდგა, რომლის შედგმასაც ეტლზე აპირებდა.

უფლისგან წინასწარცნობისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოებული მოღვაწე საოცარი თავმდაბლობითა და გულისხმიერებითაც გამოირჩეოდა.

ღირსმა სვიმეონმა 459 წელს ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი ანტიოქიის პატრიარქმა მარტვირიუსმა (456-468) სასულიერო პირთა და ხალხის სიმრავლის თანხლებით სვეტის სიახლოვეს მიაბარა მიწას. შემდგომში ნეტარი მამის ღვაწლის ადგილას მისმა მოწაფემ, ანტონიმ მონასტერი დააარსა.




ბეჭდვა
1კ1