მოსე შავი - გარედან შავი, ხოლო შინაგანად განსპეტაკებული
მოსე შავი - გარედან შავი, ხოლო შინაგანად განსპეტაკებული
ეგვიპტეში ერთი ავაზაკი ცხოვრობდა, სახელად მოსე, წარმოშობით ეთიოპიელი. თავიდან ერთი დიდებულის მონა ყოფილა, მაგრამ კაცი მოუკლავს და პატრონს შინიდან გაუგდია. ისიც შეკედლებია ავაზაკთა გუნდს, რომელთაც, მისი სისასტიკით შეძრწუნებულებს, მეთაურად აურჩევიათ.

მრავალ უსჯულოებას სჩადიოდა მოსე, მრავალი სისხლი დაღვარა. დიდი და პატარა მისი შიშით ძრწოდა.

დიდხანს იყო ცოდვებში ჩაფლული, მაგრამ ერთ დღეს კაცთმოყვარე უფალმა სინანული ჩაუღვარა გულში. მოსემ მიატოვა მეგობრები და ერთ მონასტერში შედგა ბერად. დღედაღამ ცრემლს ღვრიდა ჩადენილ ცოდვათა აღსახოცად. წარსულიდან გამოყოლილი ვნებები აწუხებდა ქრისტეს გზაზე შემდგარს, მაგრამ თავისი მოუკლებელი ღვაწლით სირცხვილეულჰყო ეშმაკი.

ღირსმა მამებმა გადაწყვიტეს, მოსე მღვდლად ეკურთხებინათ. მანამდე დიაკვნად უნდა დაესხათ ხელი. როცა ავაზაკყოფილს თეთრი სტიქარი ჩააცვეს, ეპისკოპოსმა თქვა: აი, ამბა მოსე გათეთრდაო (ეთიოპიელები მუქკანიანები არიან). "წმინდაო მეუფეო, - მიუგო ბერმა, - რა ქმნის კაცს მღვდლად - გარეგანი თუ შინაგანი?" (ანუ სამოსი თუ შინაგანი სათნოებანიო).

ერთხელ ეპისკოპოსმა მოსეს გამოცდა ინება და როცა იგი საკურთხეველში შევიდა, მღვდელმთავრის ბრძანებით, ლანძღვით გამოაგდეს იქიდან: "გადი აქედან, შე ჭვარტლიანოო". მოსე უსიტყვოდ დაემორჩილა, გამოვიდა საკურთხევლიდან და საკუთარი თავის განქიქებას მოჰყვა: "კარგად მოგექცნენ, ძაღლო, შავო ეთიოპო! როგორ გაბედე ასეთ სიწმინდესთან მიახლება და კაცთა შორის ყოფნა? შენ ხომ ადამიანიც არ ხარ და გინდა, ღვთისმსახური გახდეო?!"

ღირსი მამის სიტყვებს ეპისკოპოსის დავალებით მალულად ადევნებული ხალხი ისმენდა. ეს ყოველივე მღვდელმთავარს მოახსენეს და მანაც მღვდლად აკურთხა ავაზაკყოფილი, გარედან შავი, ხოლო შინაგანად განსპეტაკებული ამბა მოსე.
ბეჭდვა
1კ1