ნიკოლოზ, თუ გსურს გვირგვინით შეგამკო, წადი და სოფლის სიკეთისთვის იღვაწე
ნიკოლოზ, თუ გსურს გვირგვინით შეგამკო, წადი და სოფლის სიკეთისთვის იღვაწე
მას მაცხოვარმა თვალ-მარგალიტით შემკული სახარება გადასცა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა - სამღვდელმთავრო ომოფორი

ოცი წლის წინათ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საგანგებოდ შეავედრა წმინდა ნიკოლოზს და მოხდა სასწაული - დიდი მღვდელმთავრის მეოხებით ჩვენი ეკლესია აღორძინდა, გაძლიერდა, გამშვენდა. მადლიერების ნიშნად კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება და სასწაულები.

მცირე აზიაში, ლიკიის ქალაქ პატარში მცხოვრებ ღვთისმოშიშ ქრისტიანებს - თეოფანეს და ნონას ნანატრი შვილი შეეძინათ და მას ნიკოლოზი უწოდეს. ღმერთმა სიყრმიდანვე ამოირჩია თავისი მსახური და ნიშ-სასწაულებით განამხნევა. ამბობენ, ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი სამი საათი იდგა ემბაზში. იმასაც ამბობენ, მხოლოდ მარჯვენა ძუძუდან ჭამდა რძეს და ამით თითქოს მიანიშნებდა, რომ უფლის მარჯვენით დაჯდებოდა. ოთხშაბათ-პარასკევს დღეში ერთხელ წოვდა ძუძუს, ისიც - საღამოს, მას შემდეგ, რაც მშობლები ჩვეულებისამებრ ილოცებდნენ ხოლმე. გამორჩეული იყო წმინდა ნიკოლოზის ყრმობაც და ჭაბუკობაც. ამა სოფლის ყოველგვარ საცთურს განეშორებოდა და მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდა. სწორედ ამ დიდსულიერების გამო ჯერ კიდევ ახალგაზრდას ბიძამისმა, პატარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა მღვდლად დაასხა ხელი და როცა წმინდა მიწის მოსალოცად წავიდა, თავისი სამწყსოც კი ჩააბარა. ბიძის დაბრუნების შემდეგ წმინდა ნიკოლოზმა თვითონ მოისურვა იერუსალიმის მოლოცვა. შესაძლოა, ეს საბაბიც იყო, რომ ამქვეყნიურ დიდებას განრიდებოდა; ყველა მას აქებდა და ფიქრობდნენ კიდეც, ბიძამისის სიკვდილის შემდეგ ის ყოფილიყო პატარის მღვდელმთავარი. კარგა ხანს იყო იერუსალიმში, მერე კი, როცა უდაბნოში განმარტოება გადაწყვიტა, ღვთის ხმამ შეაჩერა: - ნიკოლოზ, თუ გსურს გვირგვინით შეგამკო, წადი და სოფლის სიკეთისთვის იღვაწეო. ნათქვამმა შეაძრწუნა - რას ნიშნავდა ესო. ამ დროს კვლავ გაისმა უფლის ხმა: - ეგ არ არის ის ყანა, სადაც შენ ჩემთვის სასურველი ნაყოფი უნდა მოიწიო, არამედ წარვედ სოფელში, რათა განიდიდოს შენ მიერ ჩემი სახელიო. მიხვდა წმინდა ნიკოლოზი, რომ უნდა დაეტოვებინა მყუდროება და ხალხის დასახმარებლად სოფელში წასულიყო. თავის ქალაქში ყველა იცნობდა, ამიტომაც ლიკიის ქალაქ მირონში დასახლდა, როგორც ერთი გლახაკთაგანი. დღედაღამ ტაძარში იყო, არ ჰქონდა ადგილი, თავი რომ მიედრიკა.

ერთხელ, ღამით, წმინდა ნიკოლოზმა სიზმარი ნახა: მას მაცხოვარმა თვალ-მარგალიტით შემკული სახარება გადასცა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა - სამღვდელმთავრო ომოფორი. მალე ლიკიის მღვდელმთავარი გარდაიცვალა და მთავარეპისკოპოსის გამოსარჩევად ლიკიის ეპისკოპოსნი შეიკრიბნენ. ამომრჩევლებს შორის უთანხმოება რომ დაინახეს, გადაწყვიტეს, მარხვით და ლოცვით შეეტყოთ ღვთის ნება. ერთ-ერთ მათგანს, ასაკით უფროს ეპისკოპოსს, ღმერთმა უბრძანა, წასულიყო ღამით ეკლესიაში და ტაძარში პირველმოსული აერჩიათ მღვდელმთავრად. იმავე ღამეს წმინდა ნიკოლოზი ადრიანად წავიდა ტაძარში ცისკრის ლოცვაზე, სადაც მას ხსენებული ეპისკოპოსი დახვდა და სხვა მღვდელმთავრებს წარუდგინა. "ნიკოლოზ, შენ მიერ მიღებული მღვდელმთავრის ხარისხი სხვანაირ ცხოვრების წესს მოითხოვს - უნდა იცხოვრო სხვებისთვის და არა საკუთარი თავისთვის", - თქვა თავისთვის წმინდა ნიკოლოზმა და უფრო გაამკაცრა მარხვა და ლოცვა. სამოსი მისი უბრალო იყო, საჭმელი - სამარხვო. ობლებისთვის მამა გახლდათ, ქვრივთათვის - შემწე, მტირალთათვის - ნუგეშისმცემელი, გლახაკთა განმკითხავი. გამოირჩია ორი ბრძენი კაცი, რომლებიც მას ღვთისაგან მინდობილი ეკლესიის მართვაში ეხმარებოდნენ. როცა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, სხვებთან ერთად საპყრობლეში წმინდა ნიკოლოზიც ჩასვეს. ციხეში მცირე ხანი გაატარა და ამხნევებდა იქ ჩამწყვდეულ ქრისტიანებს. ჯვრის ძალით მტერზე გამარჯვებულმა წმინდა კონსტანტინემ ქრისტიანები გაათავისუფლა. წმინდა ნიკოლოზიც თავის სამწყსოს დაუბრუნდა. საღმრთო მოშურნეობით აღვსებულმა მღვდელმთავარმა ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ არტემიდას დიდი ტაძარი საძირკვლიანად დაანგრია. მისი მოშურნეობის ამსახველია ნიკეაში მომხდარი ამბავი. იქ შეკრებილმა I მსოფლიო კრების მამებმა დაგმეს არიოზის ცრუ სწავლება, მაგრამ ვერ დაადუმეს ღვთისმგმობი არიოზი. მაშინ წმინდა ნიკოლოზმა სილა გააწნა ერესიარქს, რისთვისაც ეკლესიის მამები გაუწყრნენ და მისთვის მღვდელმთავრის ხარისხის ჩამორთმევა გადაწყვიტეს, მაგრამ რამდენიმე მღვდელმთავარს ჰქონდა ხილვა - უფალმა მათ განუცხადა, რომ მისთვის სათნო იყო წმინდა ნიკოლოზის კადნიერება.

წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული მოახდინა, მისი ღვთაებრივი ნექტარით აღსავსე ქადაგებებიდან, სამწუხაროდ, ერთიც კი არ შემორჩენილა.

უფლისა და მოყვასის სიყვარულით განვლო ცხოვრება, მიაღწია ღრმა სიბერეს და ღვთის სასუფეველში განისვენა. მისი წმინდა სხეულიდან დადენილ მირონთან მიახლებით განიკურნებოდნენ ლიკიელი ქრისტიანები. ღვთის განგებულებით, 1087 წელს ის მირონიდან იტალიის ქალაქ ბარიში გადაასვენეს და წმინდა ნიკოლოზმა დასავლელ ქრისტიანებში თავისი სასწაულმოქმედებით განადიდა უფლის სახელი. ახლაც, მრავალი წლის შემდეგ, წმინდა ნიკოლოზის საფლავიდან კვლავ მოედინება წმინდა მირონი, რომელიც სულიერად განაძლიერებს ჩვენი დროის ქრისტიანებს. მრავალს ალბათ გიგრძნიათ, განგიცდიათ წმინდა ნიკოლოზის მეოხება. გთხოვთ მოგვწეროთ ამის შესახებ და კიდევ ერთხელ ერთად ვადიდოთ წმინდათა შორის საკვირველი უფალი. მანამდე კი წმინდა მღვდელმთავრის სასწაულთაგან რამდენიმე გავიხსენოთ.

* 1789 წელს კახეთის სოფელ არტოზანში შუამთის არქიმანდრიტმა, მოძღვართ მოძღვარმა ნიკოლოზ მდივნიშვილმა თავისი დიდი სეხნიისა და მეოხის, წმინდა ნიკოლოზის სახელზე ეკლესიის აშენება გადაწყვიტა. ჩადგეს დიდი საკირე და ცეცხლის ასანთებად შიგ კაცი შეგზავნეს. უეცრად საკირე ჩამოიქცა, ქვები საცოდავ კაცს დააცვივდა. მოირბინეს სოფლელებმა, ამოყარეს ქვები და კაცი სრულიად უვნებელი იხილეს. როცა საკირე ჩამოიქცა, მოვიდა ერთი მოხუცი ბერი, გადამეფარა და უვნებელი დავრჩიო, - უთხრა ხალხს კაცმა. ყველამ ერთად ადიდა უფალი და მისი მონა წმინდა ნიკოლოზი.

* ათონზე გრიგორიატის მონასტერს მრავალჯერ შესწევია წმინდა ნიკოლოზი. 1924 წელს, მამა ათანასეს იღუმენობისას, ორი ბერი მიქაელი და ქრიზანთემოსი, სავანის ფურნეში პურს აცხობდა. დაღონებული იყვნენ, რადგან ხორბლის მარაგი ელეოდათ. უეცრად მათთან ჩია ტანის მელოტი მოხუცი ბერი მივიდა, ღარიბულად ეცვა, ხელთ სახარება ეპყრა.

- როგორ ხართ, მამებო, როგორ არის საქმე? - ჰკითხა ბერებს.

- დიდება უფალს, - უპასუხეს მამებმა.

- ხორბალი თუ გყოფნით?

- ერთი გამოცხობაღა დარჩა. ჩვენ კი პურს კვირაში ორჯერ ვაცხობთ.

- ნუ წუხხართ, მამებო, ღმერთი დიდია! - თქვა ბერიკაცმა, აკურთხა ხორბალი და სადღაც გაქრა.

ცუდად მოვიქეცით. გავმასპინძლებოდით მაინცო, - თქვეს ბერებმა და უცნაური სტუმრის მოსაძებნად გაიქცნენ. მისი კვალი ვერსად ნახეს. ეუცნაურათ - ბერიკაცი ყმაწვილივით სწრაფად წასულიყო, თითქოს ფრთები ჰქონოდა გამოსხმული. ჰკითხეს სხვა ბერებსაც, მაგრამ არავის ენახა ბერიკაცი. წმინდა ნიკოლოზი ხომ არ იყოო, - შეეჭვდნენ. დროთა განმავლობაში მათი ეჭვი დადასტურდა. ხორბალი, რომელიც ბერიკაცმა აკურთხა, მონასტერს ექვსი თვე ეყო. ეს ნამდვილი სასწაული გახლდათ.

მამა ათანასეს წინამორბედ მამა სიმონს მტკიცედ სწამდა წმინდა ნიკოლოზის მეოხებისა. ახლოვდებოდა 5 დეკემბერი (ახ. სტილით 19 დეკემბერი), წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე. შეიკრიბნენ მამები და დაიწყო სადღესასწაულო ლოცვა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მხოლოდ მონასტრის მზარეული წუხდა, - ძმებისთვის სანუგეშოდ თევზი არ ჰყოფნიდა. ლოცვის დაწყებამდე ჰკითხა იღუმენს: - მამაო, დამარილებული ვირთევზა ხომ არ მოგვეხარშა? იქნებ წყალში ჩავალბო, სიმლაშე რომ გაუვიდესო. იღუმენმა დაამშვიდა: - არა, არა. ახალი თევზი გვექნება, წმინდა ნიკოლოზი შეგვეწევაო. მაგრამ ჩაიარა დიდმა მწუხრმა, ცისკრის ლოცვა დაიწყო და დაპირებული თევზი არ ჩანდა. შეწუხებულმა მზარეულმა იღუმენს მიმართა, - ვირთევზას ჩალბობა დაგვიანდა, იქნებ ცერცვი მოვხარშოთო, მაგრამ ის ამშვიდებდა, - თევზი იქნებაო. ვერ მიხვდა მზარეული, საიდან უნდა გაჩენილიყო თევზი. ცისკრის ლოცვის ნახევარი ჩამოილოცეს, გუნდმა "დიდებიანის" გალობა დაიწყო. უეცრად ეზოდან მხიარული შეძახილები მოესმათ. ნავსადგომის მუშებმა მოირბინეს, - არიქა, მამებო, კალათები წამოიღეთ, წმინდა ნიკოლოზმა სასწაული მოახდინაო. ზღვას ნაპირზე უამრავი მსუქანი ქორჭილა გამოერიყა. ყველა განცვიფრდა, განსაკუთრებით - მზარეული. არ იცოდენ, რა უფრო გაჰკვირვებოდათ - ეს სასწაული თუ იღუმენის მტკიცე რწმენა. არც მანამდე და არც მერე არც ერთ სადღესასწაულო სუფრაზე ამდენი ნედლი და გემრიელი თევზი არა ჰქონიათ. ბერები უხვად დაასაჩუქრა წმინდა ნიკოლოზმა და აკურთხა ისინი როგორც სულიერად, ისე მატერიალურად.

ასეთი სასწაულიც მოხდა მამა სიმონის იღუმენობისას. წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს იკონომოსმა განუცხადა იღუმენს, განდეგილ ბერებს ჩვეულებისამებრ სადღესასწაულოდ ზეთს ვეღარ დავურიგებთ, რადგან ნახევარი ქოთანიღა დაგვრჩაო. მამა იღუმენმა უთხრა: არა უშავს, რაც დაგვრჩა, ის მიეციო. მართლაც, დაურიგა ზეთი და გაახარა განდეგილი მამები. თვითონ კი როგორ გაიხარებდა, როცა ზეთი ქოთნის ფსკერსღა ფარავდა?! მალე გათავდებაო, - გაიფიქრა. შეცდა, რადგან ყოფითი ლოგიკით და საკუთარი მცირედმორწმუნეობით ფიქრობდა. შემდეგ თვითონვე გახდა პირველი მოწმე სასწაულისა, რომელმაც მიძინებული რწმენა გაუღვიძა. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით ქოთანში ზეთი ძველებურად იდგა, თითქოს იქიდან წვეთიც არავის ჩამოესხა...

* პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) დიდხანს ლოცულობდა წმინდა ნიკოლოზის ხატთან, შემდეგ კი წარმოთქვა: შენ მთავარეპისკოპოსი ხარ, მე კი პატრიარქი, ამიტომ შეისმინე და აღასრულე პატრიარქის თხოვნაო.

* დიდი რწმენა ჰქონდა წმინდა ნიკოლოზისა მამა გაბრიელს (ურგებაძე). ერთხელ შინიდან ქრისტეს რწმენის გამო გაქცეულ ყრმას ვეებერთელა ქოფაკი გადაეყარა და ის-ის იყო დაგლეჯდა, რომ ამოიძახა: წმინდაო ნიკოლოზ, მიშველეო. ძაღლი უეცრად შეშინებული მიტრიალდა და გაიქცა. მოგვიანებით, მაშინ ბერი გახლდათ, კაცთა ცილისწამებით შეწუხებულმა გაბრიელმა ჩამოიკიდა გულზე წმინდა ნიკოლოზის ხატი და ბათუმში ზღვაში შევიდა - უფალო, თუ სათნოა შენთვის ჩემი ცხოვრება, გადამარჩინეო. ამ დროს ზღვასთან ახლოს სამხედრო ნაწილი იდგა, ჯარისკაცებთან ვიღაც მოხუცი, თეთრწვერა, მელოტი კაცი მივიდა და უთხრა, - ზღვაში კაცი იხრჩობა და გამოიყვანეთო. როცა ჯარისკაცებმა გაბრიელი ზღვიდან გამოიყვანეს და გულზე ჩამოკიდებული ხატი უნახეს, ერთმა მათგანმა წმინდა ნიკოლოზის ხატში სწორედ წეღანდელი ბერიკაცი შეიცნო. რუსეთში შინ მაქვს მისი ხატი, ნამდვილად წმინდა ნიკოლოზი იყოო, - თქვა.

დედა პარასკევა ჰყვება: - მამა გაბრიელის კელიაში თაგვები გამრავლდნენ. ამათ საწამლავი უნდა დავუდო-მეთქი, ვუთხარი. მამა გაბრიელმა - დაანებე თავი, არაფერს აშავებენ, შვილო, ზოგი ლოგინშიც კი შემომიძვრება, გაუშვი, იყვნენო. გავჯიუტდი - საწამლავს მოვიტან-მეთქი. მაგრამ მეორე დღეს კელიაში თაგვის ჭაჭანება არ იყო. გაკვირვებულმა ვკითხე, - სად გაქრნენ-მეთქი. წმინდა ნიკოლოზს შევევედრე და წაიყვანაო, - მიპასუხა ღიმილით.

* კომუნისტების საკონცენტრაციო ბანაკებში ჩამწყვდეულ პატიმრებს სტალინის სიკვდილის შემდეგ განთავისუფლების იმედი მიეცათ. მომლოდინე ხალხი ბორგავდა. პატიმარმა მღვდელმა მამა ალექსიმ (კიბარდინი, წმინდა სერაფიმე ვირიცელის მოწაფე) მათ მიმართა: ჩვენ ვიცით, ვინ არის წმინდა ნიკოლოზი, მსწრაფლშემწეა და ეხმარება თვით სხვა სჯულის ხალხსაც. მოდით, შევევედროთ მას, განთავისუფლება ვთხოვოთ და მის დღესასწაულამდე წინა სამი დღე ვიმარხულოთო. მარხვა რამდენიმე ათეულმა კაცმა გადაწყვიტა, დღესასწაულის წინა სამი დღე კი მხოლოდ 26-მა კაცმა იმარხულა. წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს სწორედ იმ 26 კაცის გათავისუფლების ბრძანება მოვიდა. როგორ დაწყდათ გული მათ, ვინც მარხვა არ შეინახა!
ბეჭდვა
1კ1