წმინდა მაქსიმემ ინება გამოგვეჩინა
წმინდა მაქსიმემ ინება გამოგვეჩინა

"გვმართებს დავემორჩილოთ ღვთის სიტყვას,"-გვმოძღვრავს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი,

რომელმაც თავისი ცხოვრებით ღვთის სიყვარულისა და მისდამი მორჩილების უდიდესი მაგალითი გვიჩვენა. უფალმა ინება და მსოფლიო მნიშვნელობის ამ წმინდა მამის საფლავი თოთხმეტი საუკუნის შემდეგ გამოგვიჩინა მორწმუნეებს თაყვანის საცემად. წყაროებოდან ცნობილი იყო, რომ წმინდა მამის საფლავი ცაგერის მახლობლად მდებარეობდა და სწორედ აქ ჩადიოდა მორწმუნე მრევლი თაყვანისსაცემად. სულ ცოტა ხნის წინ, ამ ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ტაძარში მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყებისას საკურთხევლის ნაწილში გამოჩნდა წმინდა ნაწილები.

 

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი VII საუკუნეში მოღვაწე, ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებული მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ მებრძოლი წმინდა მამა გახლდათ. წმინდა მაქსიმეს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ბიზანტიის მოსახლეობაში. მწვალებლობაში მყოფი იმპერატორი და სასულიერო პირები ყოველმხრივ ცდილობდნენ, ნეტარი მამა რომელიმე ცრუმოძღვრების მიმდევარი გაეხადათ. მათი ყოველი ცდა უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც ხელი და ენა მოჰკვეთეს ნეტარ მამას და თავის ორ მოწაფესთან ერთად ლაზიკაში გადაასახლეს. ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურიბის შემდეგ წმინდა მაქსიმე ციხესიმაგრე სქიმარში გარდაიცვალა.

მოგვიანებით მისი წმინდა ცხედარი ცაგერთან ახლოს მდებარე მონასტერში გადაასვენეს. დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, სად გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები წმინდა მაქსიმემ. 2003 წლის 21 ოქტომბერს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) რამდენიმე პირთან ერთად ლენტეხის რაიონის მაღალმთიან რეგიონში მიაკვლია იმ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა თავისი მოღვაწეობის უკანასკნელი დღეები დაჰყო. პირველწყაროზე დაყრდნობით, ამ ადგილს სქიმარი ეწოდებოდა. დღესაც ადგილობრივი მოსახლეობა მას ოდნავი სახეშეცვლილი ფორმით სკიმერს უწოდებს.

KARIBCHE

როგორც მეუფე სტეფანემ ბრძანა, სქიმარი დღევანდელი სკიმარი უნდა იყოს, რომელიც ლენტეხის მაღალმთიან რაიონში, მდინარე სკიმერულასთან მდებარეობს. გარკვეული ხნის განმავლობაში სკიმერის ხეობა ლაზიკის სამეფოს ქვეშ იყო, ხან კი ბიზანტიისა. VII საუკუნეში, იმ დროს, როცა წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მოღვაწეობდა, აქ ბიზანტიელტა გარნიზონი იდგა.

ანასტასი ბერი აფხაზეთში ციხესიმაგრე კოდორში გამოკეტეს. მალევე, 18 ივლისს, ჭრილობების გამო დაუძლურებული ნეტარი მამა სვანეთის ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანეს, სადაც 24 ივლისს (ძვ.სტ) გარდაიცვალა.

ანასტასი აპოკრისიარი ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ აფშილთა და მისიმიელთა საზღვარზე მდებარე ციხესიმაგრე ფუსტაში გაგზავნეს. ურჯულო მთავრებმა მას რამდენჯერმე შეუცვალეს საცხოვრებელი ადგილი. მოგვიანებით მისი მდევნელი მთავრები გააძევეს, ხოლო ახლად დანიშნულმა მთავარმა გიორგიმ (ექვთიმე ათონელის ცნობით) ნეტარი ანასტასი თავის მახლობლად, თაკვერის ციხესიმაგრეში დაასახლა და მფარველობას უწევდა. ანასტასი აპოკრისიარი 666 წლის 11 ოქტომბერს (ძვ.სტ)გარდაიცვალა.

გადმოცემით, წმინდა მაქსიმეს ღვთის ნებით აღუდგა მეტყველებისა და წერის უნარი და კვლავ არაერთი ეპისტოლე დაწერა. გარდაცვალებამდე მას უფლის ანგელოზისგან ეუწყა, რომ მალე დატოვებდა ამ სოფელს. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში წმინდა მამამ საზრდელის მიღებაზე უარი თქვა და მთელ  დროს ლოცვაში ატარებდა. 13 აგვისტოს, შაბათ დღეს, წმინდა მაქსიმე გარდაიცვალა. მისი ცხედარი ციხესიმაგრე სქიმარში დაკრძალეს. წმინდა მაქსიმეს საფლავზე სამი ღვთიური ლამპარი ჩნდებოდა და არაერთი კურნება აღესრულებოდა.

წმინდა მაქსიმე აღესრულა 662 წლის  13 (ახ.სტ-26)აგვისტოს. მისი სახელი წელიწადში ორჯერ მოიხსენიება: გარადაცვალებისა და წამების დღეს (21 იანვარს, ახ. სტ-3 თებერვალს), როცა ენა და ხელი მოჰკვეთეს.

***

ქვემო სვანეთში, ლენჯერში, შემონახულია XII საუკუნის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ფრესკა, მისი სახელობის მონასტერი კი საქართველოში ერთადერთია. მცირე ბაზილიკური ტიპის ტაძარი წლების განმავლობაში დანგრეული იყო. 80-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ის საკუთარი ძალებით აღადგინა. მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ტაძრის გარშემო ბერებისთვის საცხოვრებელი სენაკები აშენდა. სამონასტრო ცხოვრება აქ 2005 წლიდან დაიწყო. მონასტრის წინამძღვარი მეუფე სტეფანე გახლავთ.

-მეუფე სტეფანე, გვიამებეთ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავის და მისი წმინდა ნაწილების აღმოჩენის შესახებ?

-გათხრები, ნამდვილად არ დაგვიგეგმავს. ხანდახან კი მიჩნდებოდა ამის სურვილი, მაგრამ სიფრთხილე და შიში მქონდა. თანაც, ვფიქრობდი, რომ შესაძლოა, იქ რომ გათხრები დაგვეწყო არაფერი არ აღმოჩენილიყო რიყის გარდა, რადგან მდინარის ნაპირთან ძალიან ახლოსაა ეს მონასტერი და შესაძლებელი იყო მდინარეს დროთა განმავლობაში გადაერეცხა საფლავის კვალი.

ამ ტაძრის დატოვება ასეთ მდგომარეობაში, როგორც ახლაა, პატარა და შეუმკობელი, აღარ მინდოდა და ვაპირებდი გამშვენებას, გალამაზებას, ტრაპეზის, იატაკისა და კანკელის შეცვლას. წმინდა მაქსიმეს ხსენების დღისთვის (26 აგვისტო) გვინდოდა მოპირკეთება ამ ტაძრისა, რომ დღესასწაულისთვის მზად ყოფილიყო. ამასთან დაკავშირებით დავიწყეთ ბეტონის იატაკის მოხსნა, საკურთხეველში ტრაპეზი დროებით გადავდგით სხვა ადგილას და წამოვიწყეთ ეს სამუშაოები. როდესაც ბეტონის იატაკი ავიღეთ, მის ქვეშ ჩანდა უდიერი მოპყრობის კვალი, მეოცე საუკუნის ფენა. ეს იყო ნაჭამ-ნასვამის კვალი, ბოთლების ნამსხვრევები, ნაჭამი პირუტყვის ძვლები.. გავწმინდეთ ეს ნაგავი და ვიფიქრე, ეს რომ ასევე დავხუროთ, მოვაპირკეთოთ, მერე ამ ყველაფრის აყრა და გათხრები, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, საცდელი, ჯვრისებური ჭრილი გაგვეკეთებინა (რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ წმინდა მაქსიმეს საფლავი ამ ტაძარში იქნებოდა) და რაც გამოჩნდებოდა იმის მიხედვით გვემოქმედა. მის უწმინდესობას ვეტყოდი რა სიტუაციაც იქნებოდა და მისი ლოცვა-კურთხევით ან გავაგრძელებდით გათხრას ან გავჩერდებოდით. სადაც აქამდე მივედით, ამ ყველაფერის ასე დატოვება გვენანებოდა, როგორც ჩანს, ღვთის ნება იყო, ეს საქმე რომ დავიწყეთ და ამის გამი იყო, ალბათ, რომ ვერ გავჩერდით.

ვიდრე გათხრებს დავიწყებდით, პარაკლისი ჩავატარეთ. შემდეგ დავიწყეთ ჯვრისებური ჭრილის გათხრა. ჯვრის ერთი ქიმი მიადგა თავის ქალას და ძვლებს. გადავირეთ სურათები და.. თავისთავად, იქ საკურთხეველში წმინდანის გარდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს ფოტოები ვაჩვენე უწმინდესს და გათხრების ჩატარების კურთხევა მივიღეთ. აღმოჩნდა ოთხი ადამიანის ჩონჩხი. ერთი, როგორც ჩანს თავიდანვე იქ იყო  დასვენებული, სამი კი გადმოსვენებული და ზედ იმ პირქვე ადამიანის ნეშტზე დასვენებული. ძვლებს ეტყობა ნაწამები კვალი, ის, რომ ბერები იყვნენ ამაზე მიუთითებს მუხლის თავების (კვირისტავების) გადახეხილი მდგომარეობა, რაც შეიძლება დიდხანს მუხლზე დგომის მიზეზიც იყოს გამოწვეული. ასევე, ყბებისა და კბილების ცვეთის მიხედვით დადგინდა მათი ასაკი, რაც ისტორიულ მონაცემებს ემთხვევა. ანთროპოლოგის აზრით, 80-84 წლის წმინდა მაქსიმეა, 65-69 ერთი და მეორე კიდევ 70-74 წლის, წმინდა მაქსიმეს მოწაფეების ასაკს ემთხვევა. სავარაუდოდ, პირველი ყველაზე ქვედა ნეშტი წმინდა არსენს ეკუთვნის, მის ზემოთ წმინდა მაქსიმე აღმსარებელია, რომლის ზემოთაც არის მისი ორი მოწაფე: ანასტასი ბერი და ანასტასი აპოკრისიარი.

ანთროპოლოგს მიაჩნია, რომ ეს არის რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სურათი. ვინ უნდა იყოს დაკრძალული წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში? არ არსებობს სხვა გადმოცემა, ან წყარო ამაზე.

-მეუფე სტეფანე, სად დააბრძანებთ წმინდა მქსიმეს წმინდა ნაწილებს?

-სპეციალურ ლუსკუმაში განვათავსებთ, რომელიც ურთხმელის ხისგანაა დამზადებული (ნოეს კიდობანიც ურთხმელის ხისგან იყო). ერთ ლუსკუმაში დაბრძანდება ოთხ ფენად, ისე, როგორც იყო განლაგებული. ალბათ, ზემოდან წმინდა  მიწაში მაქსიმეს წმინდა ნაწილებს დავაბრძანებთ, დანარჩენებს-სამ ფენად. ეს ლუსკუმა საკურთხეველში იქნება დაბრძანებული და წმინდა მაქსიმეს ხსენების დღეს (წელიწადში ორჯერაა) გამობრძანდება ტაძარში მორწმუნეთათვის თაყვანის საცემად.

 

 

 

ბეჭდვა
1კ1