მისი ლოცვა იმდენად ძლიერი იყო, რომ სასწაულებს ახდენდა
მისი ლოცვა იმდენად ძლიერი იყო, რომ სასწაულებს ახდენდა
წმინდა იოანე რუსი
საბერძნეთში ყოფნისას მოვილოცე ის ტაძარი, სადაც წმინდა იოანე რუსის უხრწნელი სხეულია დაბრძანებული.
ტაძრის შესასვლელში წმინდანის სკუფია და სარტყელია დაბრძანებული. მორწმუნეებს კურთხევა აქვთ, მცირე ხნით მოირგონ ეს სიწმინდეები. წმინდა იოანე რუსის შესახებ ვიგებთ, რომ წმინდა იოანე რუსი იმ წმინდათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც ცხოვრების გზა თავიანთი სპეტაკი ცხოვრებით ან სინანულით, ან კი ორივეთი ერთად განვლეს. მათ თავიანთი მჩაგვრელების თანხლებით განუწყვეტელი წამების მეორე ფორმა გაიარეს, რომელსაც შედეგად იგივე ნეტარი დასასრული მოჰყვება. წამების სხვა ფორმებთან მიმართებით ეს ფორმა სიყვარულისა და პასუხისმგებლობის იმავე სისრულის მატარებელია. სწორედ ამიტომ, ძველებთან შედარებით, მხოლოდ დროის განსხვავებულობის გამო, მათ "წმინდა" და "ახალი აღმსარებელი" ეწოდებათ.

წმინდა იოანე დაიბადა უკრაინის (მალოროსია) სოფელში დაახლოებით 1690 წელს. მისი მშობლები ღმრთისმოშიში და მორწმუნე ადამიანები იყვნენ. მცირე ასაკიდან მან დედის რძესთან ერთად შეითვისა მართლმადიდებლური სული და ისწავლა წმინდა წერილი. მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის დიდ ომში (1710-1711), რომელშიც რუსეთი დამარცხდა. იოანე თურქებმა დაატყვევეს, ხოლო მოგვიანებით კი ერთ მეტად ავტორიტეტიან სამხედრო მეთაურს მიჰყიდეს.

თანამემამულეებისაგან განსხვავებით, რომლებმაც მაჰმადიანობა მიიღეს, იოანე იესო ქრისტეს მიმართ თავისი რწმენის ერთგული დარჩა და გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. მისი თქმით: "ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მინდა მოვკვდე". იოანეს ამ გულწრფელობამ და აღიარებამ მას ახალი აღმსარებელის სახარებისეული სახელი მიანიჭა. წმინდანის შეურყეველი რწმენა და ღმრთისადმი ძლიერი სიყვარული მის თავმდაბლობაში, შრომისმოყვარეობასა და მოთმინებაში გამოიხატებოდა. იგი საქონელთან ერთად ბაგაში ცხოვრობდა, წარმოუდგენელი მოთმინებით ადიდებდა ღმერთს და ლოცულობდა. მაშინაც კი, როდესაც პატარა ქოხი შესთავაზეს, იოანემ მაინც ბაგაში ყოფნა არჩია, სადაც თავის სხეულს სტანჯავდა. თუმცა, ამ ასკეტურმა ყოფამ იგი სულიწმინდის სურნელებით უზრუნველჰყო. სწორედ ამ ბაგაში ყოველდღიური კავშირი ჰქონდა უფალთან, ხოლო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სტოაში ასრულებდა ღამისთევებს.

წმინდა იოანეს ცხოვრება ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ჯვარცმას და აღსასრულამდე ქრისტეს მორჩილებას იმეორებდა. ემსახურებოდა ხალხს, ისევე როგორც ღმრთის განკაცებული ძე ემსახურებოდა ადამიანს. იყო ღვთიური ნათლის მიმღები, სულიწმინდის მადლით სავსე. იოანეს გამოჩენა ჭეშმარიტი ლოცვა-კურთხევა იყო, რამაც მრავალი სიკეთე მოიტანა. მისი ლოცვა იმდენად ძლიერი იყო, რომ სასწაულებს ახდენდა. მიჰყვებოდა რა შემდეგს "და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ" (მათე, 21, 22), როგორც ამას ქრისტე თავის მოწაფეებს დაჰპირდა. მისი სასწაულთმოქმედი ლოცვა ასე გამჟღავნდა: ერთხელ მისმა ბატონმა მექაში მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. კარგა ხნის შემდეგ მისმა მეუღლემ ნათესავებსა და ქმრის წარჩინებულ მეგობრებს სუფრა გაუშალა, რომ მისი ქმრისთვის მშვიდობიანი დაბრუნება ესურვებინათ. როგორც ყოველთვის, იოანე სტუმრებს სუფრასთან ემსახურებოდა. იმ კერძებს შორის, რომლებიც სუფრაზე მოიტანეს, იყო ასევე აღას საყვარელი საჭმელი ფლავი. სწორედ მაშინ, ოჯახის დიასახლისს ქმარი მოაგონდა და იოანეს უთხრა: "როგორ ესიამოვნებოდა, გიუვან, შენს ბატონს, აქ რომ ყოფილიყო და ჩვენთან ერთად მიერთვა ეს კერძი!" იოანემ დიდი სურვილითა და უბრალოებით მოითხოვა ფლავით სავსე თეფში და თქვა, რომ გაუგზავნიდა თავის ბატონს მექაში. მეინახეებს გაეცინათ - იოანეს ფლავის შეჭმა ან რომელიმე ღარიბი ოჯახისთვის მიცემა სურსო. წმინდა იოანემ თეფში ბაგაში წაიღო. მუხლმოდრეკილმა ლოცვა დაიწყო და ღმერთს შესთხოვა, მისი თხოვნა შეესრულებინა. მართლაც, თეფში მის თვალთაგან გაქრა. იგი დაბრუნდა სუფრასთან და დიასახლისს აცნობა, კერძი მექაში გავგზავნეო. თუმცა, პასუხად მოქეიფეთა სატირული კომენტარები და სიცილი მიიღო. მათი გაოცება, რა თქმა უნდა, დიდი იყო, როდესაც რამდენიმე დღეში დაბრუნდა აღა და თავის ბარგთან ერთად ის თეფშიც მოიტანა, რომელსაც საოჯახო გერბი ამშვენებდა. აღას თქმით, ჯერ კიდევ ცხელი ფლავი მექაში, თავის ოთახში აღმოაჩინა, თუმცა, ვერ გაერკვა, საიდან. მსმენელნი სახტად დარჩნენ, ხოლო მეუღლემ კი უამბო აღას, რაც მოხდა. ამის შემდეგ გავრცელდა ხმა იოანეს სამართლიანობისა და ღმრთისადმი სიყვარულის შესახებ და მან ყველას პატივისცემა მოიპოვა.

რამდენიმე წლის შემდეგ, 1730 წლის 27 მაისს, წმინდა იოანე ავად გახდა. იგრძნო დასასრულის მოახლოება, მოითხოვა, უკანასკნელად მიეღო წმინდა ზიარება. სთხოვა მღვდელს, მასთან ბაგაში მოსულიყო. თუმცა, თურქების ფანატიზმით შეშინებულმა მღვდელმა სიწმინდეების ბაგაში წაღება ვერ გაბედა და ღვთიური ნათლით შთაგონებულმა წმინდა ნაწილები ვაშლში მოათავსა და ასე მოახერხა წმინდა იოანეს ზიარება. ცოტა ხნის შემდეგ, წმიდანმა სული უფალს მიაბარა. მისი სიცოცხლე სინანულის უნარით იყო აღსავსე და უფლისა და ადამიანების პატივისცემა მოიპოვა, სხვა სარწმუნოების მქონე მისი ბატონისაც კი. იგი უფლისთვის წამებული იყო და სწორედ ამიტომ მიიღო "ცხოვრების გვირგვინი".

დაკრძალვიდან სამი წლის შემდეგ ზეციური გზით აღმოაჩინეს მისი უხრწნელი და სურნელოვანი სხეული. 1733 წელს ეს წმინდა სხეული ეკლესიის საღვთისმსახურო ცხოვრებაში, როგორც აღდგომის მაუწყებელი, ისე შევიდა. უფალმა წმინდა იოანე განსაკუთრებულად განადიდა და მას პატივი დასდო - მისი სხეული განუხრწნელი და ხელუხლებელი დარჩა - ფანატიკოსმა თურქებმა 1832 წელს მისი დაწვა ამაოდ სცადეს, მცირე აზიის კატასტროფის შემდეგ, მოსახლეობის გაცვლის პროცესში, მისი სხეული კაბადოკიიდან გადააბრძანეს ნეო-პროკოპიოში. ექსჰუმაციის შემდეგ, იოანეს განუხრწნელი და კეთილსურნელებით აღსავსე წმინდა სხეული ჯერ კლდეში ნაკვეთ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადააბრძანეს, მოგვიანებით - წმინდა ბასილი დიდის სახელობის ახლადაგებულ ტაძარში, ბოლოს კი მის სახელზე აშენებულ ეკლესიაში. წმინდანის სხეული ლარნაკზეა დასვენებული, სადაც ათასობით მომლოცველი და სნეული მიდის, რათა მისი დალოცვა მოიპოვოს. წმინდა იოანეს სახელი ცნობილია მთელ კაბადოკიაში, კონიასა და ანკარაში და არა მხოლოდ ქრისტიანებს შორის, თურქ-ოსმალებს შორისაც, როგორც "ყულე გიოვანი", რაც ტყვე იოანეს ნიშნავს. ქრისტიანები და თურქები წმიდანის კანდელიდან, როგორც მის ლოცვა-კურთხევას, იღებდნენ ზეთს, მისი წმინდა სხეულიდან კი პატარა ბამბას, ირგებდნენ მის ქუდსა და ქამარს და სასწაულებს თავიანთი რწმენით უყურებდნენ. იოანეს წმინდა სხეულს აკლია მარჯვენა ხელი, რომელიც ათონის წმინდა მთაზე წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერშია დასვენებული. 1824 წლის ოქტომბერში, საბერძნეთისა და ქემალისტური თურქეთის მოსახლეობის იძულებითი გაცვლის საფუძველზე, იოანეს წმინდა ნეშთი აღმოჩნდა იმ გემზე, რომელსაც დევნილები ევიაში მიჰყავდა. მაშინდელი მიტროპოლიტის, გრიგოლისა და ქალაქის წარჩინებულთა თანდასწრებით, ქალკიდის ნავსადგურზე მისი წმინდა სხეული გადმოაბრძანეს. ახალი პროკოპიოსის მოსახლეობამ წმინდა ნეშთი თავიანთ სოფელში გადააბრძანა და წმინდა ელენესა და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში დაასვენა, სადაც 1951 წლის 27 მაისამდე დარჩა. სწორედ მაშინ, მისი ნეშთი ვერცხლის ლარნაკით, რომელიც წმინდა იოანეს ცხოვრებისა და მისი სასწაულების მომცველი სცენებით იყო შემკული, მის სახელზე ახლადაგებულ წმინდა ტაძარში გადაასვენეს. ყოველდღიურად ამ ტაძარში მოსალოცად დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მორწმუნე მიდის.

ბეჭდვა
1კ1