მოწამეთობა
მოწამეთობა
ძმები თავდაყირა დაკიდეს ფეხებით და უმოწყალოდ სცემეს
როდესაც არაბები საქართველოში შემოიჭრნენ და ქართლის დაპყრობის შემდეგ მურვან-ყრუს მრავალრიცხოვანი ლაშქარი ზემო იმერეთს შეესია
, არგვეთის მთავრები - დავით და კონსტანტინე მხეიძეები, თავიანთი პატარა ჯარით მტერს მამაცურად შეერკინენ. იმერთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დამპყრობლებმა საბოლოოდ მაინც გატეხეს დამხვდური, ხოლო მოთავენი შეიპყრეს და მურვან-ყრუს მიჰგვარეს დასასჯელად. მას ახალგაზრდა მთავართა თვალ-ტანადობა და ვაჟკაცური გარეგნობა ისე მოსწონებია, დასაღუპად არ ემეტებოდა და მოინდომა მათი მაჰმადის რჯულზე გადაბირება, მაგრამ არგვეთის მთავართა წინააღმდეგობის გამო, მალე კეთილგანწყობა მრისხანებით შეიცვალა. ვერაფერი რომ ვერ გააწყვეს, ძმებს ტანსაცმელი გახადეს, თავდაყირა დაკიდეს ფეხებით და უმოწყალოდ სცემეს, ბოლოს, მაინც რომ ვერ გატეხეს, ცემით დალურჯებულ ძმებს უშველებელი ლოდები ჩამოჰკიდეს კისერზე და იმ ადგილას, სადაც დღეს ქუთაისის წითელი ხიდია, გადაყარეს რიონში. როცა ღამით ქრისტიანებს მდინარეზე ორი დიდი ნათლის სვეტი შეუნიშნავთ, წამებულთა ცხედრები ფრთხილად ამოუყვანიათ წყლიდან და ქუთაისის მახლობლად, მდინარე წყალწითელას ხეობაში წაუსვენებიათ და იქ დაუსაფლავებიათ. მოგვიანებით, საქართველოს მეფეს, ბაგრატ IV-ს, არგვეთის დიდმოწამე ძმების საფლავზე, მოწამეთა სახელზე მონასტერი აუშენებია. ტაძრის მშენებლობის დასრულებისას როცა მეფეს წმინდანთა ცხედრები ერთ ლუსკუმაში უნდა გადაესვენებინა, მათი სხეულები უხრწნელი აღმოჩნდა და მოწამეთა წმიდა კეთილსურნელოვან ნაწილებთან შეხებით მრავალი დაავადებული განკურნებულა.

ათეისტ კომუნისტებს, არაერთი სასწაულის გასაბათილებლად, დიდმოწამეთა წმინდა ცხედრების შეურაცხყოფა მოუნდომებიათ, რომლის მომსწრე და თვითმხილველი იყო 90 წელს მიღწეული მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი თორნიკე მოსაშვილი, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ჩავწერეთ.

- მამა თორნიკე, რა ცნობები შემოინახა მონასტერმა დავით და კონსტანტინე მხეიძეების შესახებ?



შუაში მამა თორნიკე (გაგი)

- წინათ, ამ მთების ფერდობზე, მცირე ქალაქის ტიპის დასახლება ყოფილა, რომელიც არაბებმა ააწიოკეს და გაანადგურეს. სადაც დღეს ტაძრის ტრაპეზია, ადრე, ამ ტრაპეზის ქვემოთ, რაღაც სათავსო ყოფილა, რომლის ნანგრევები გაუწმენდიათ და პირველად იქ დაუმარხავთ აკლდამაში დავით და კონსტანტინეს წმიდა ცხედრები.

წმინდანთა ძვალთშესალაგს დღესაც იცავენ ქვის ლომები. სხვაგან ვერსად შეხვდებით ლომების ქანდაკებაზე მდგარ წმინდანთა სამარხებს, ეს იმის აღსანიშნავად არის შემორჩენილი, რომ როდესაც არგვეთის მთავართა ნაწამებ ცხედრებს ჩოჩიალა ურმით ქუთაისიდან წყალწითელას ხეობისკენ მოასვენებდნენ, ტყიდან ორი ლომი გამოვარდნილა. მემატიანეთა ცნობით, ლომების გამოჩენამ ურემში შებმული ხალხი დააფრთხო, ლომებმა კბილები ჩაავლეს ურმის უღელს, ცხედრები აღმართზე ამოიტანეს, თვითონ კი, იმ ადგილას გაქვავდნენ, სადაც წმინდანები დაკრძალეს და მოგვიანებით ეკლესია აშენდა. აი, ასეთი გადმოცემაა და ამის ანალოგიით არის ქვის ლომები წმინდანთა სამარხის მცველად.

წმინდა მოწამეთა - დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები

ის, რომ საუკუნეების მანძილზე კურნავდა დავით და კონსტანტინეს წმინდა, უხრწნელი ცხედრები მძიმე ავადმყოფებს, ამის დამადასტურებელი ნიშანია კოშკი, რომლიდანაც მონასტრის ეზოში შემოდიხართ, მის საძირკველში, VI საუკუნის ჯვარიც არის ჩატანებული. ეს კოშკი, ზემო სვანეთის მთავარს, ვინმე დადეშქელიანს აუშენებია მას შემდეგ, რაც მისი შვილი, წმინდანებთან შეხების შემდეგ განკურნებულა ფსიქიკური დაავადებისაგან.

ასწლეულების მანძილზე კაცობრიობა თაყვანს სცემდა წმიდა ნაწილებს, კომუნისტებმა კი დაარბიეს აქაურობა და გაიტანეს მონასტრის მთელი ქონება. დავითსა და კონსტანტინეს დააგლიჯეს თავები, ხელები, ფეხები, კიდურები, ქუჩაში დარბოდნენ და აჩვენებდნენ ხალხს - "ესეც თქვენი წმიდანები, დაინახეთ, თუ რაიმე ძალა აქვთო". ეს მე ვარ, მაგის მომსწრე, ჩემ გარდა, უკვე აღარავინ არის დარჩენილი, ვინც ამ ამბავს შეესწრო (საუბარი ჩაწერილია 2003 წელს).

ყოველ 15 ოქტომბერს, ქუთაისიდან და იმერეთის სოფლებიდან მრავალი მორწმუნე ჩამოდის მოწამეთაში დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილების მოსალოცად და თაყვანისსაცემად.

ბეჭდვა
1კ1