წმინდა იონას კიდევ ორჯერ გამოეცხადა ღვთისმშობელი
წმინდა იონას კიდევ ორჯერ გამოეცხადა ღვთისმშობელი
წმინდა იონა კიეველი
დასაწყისი გასულ ნომერში
1861 წლის 1 მარტს და 1862 წლის 9 მარტს იონას ღვთისმშობელი გამოეცხადა ვიდუბიცის მონასტერში. იონა წერს: "ღამე იყო. მონასტრის ძმებს ეძინათ. მე ვერაფრით ვერ დავიძინე, გავედი გარეთ. ძალიან ციოდა. დავინახე -Pმთაზე რაღაც იწვოდა. ჩავიცვი და გავიქეცი მთისკენ. მიჭირდა ასვლა, მაგრამ მაინც შევძელი.

მივედი და ვხედავ - ძმათა კელია ხელუხლებელია. გვერდით კი, მთაზე, რაღაც ანათებდა. მივედი ახლოს. ღვთისმშობელი იყო წმინდანებთან ერთად.

იონას ღვთისმშობელმა კიდევ ერთხელ შეახსენა მონასტრის აშენება. ღვთისმშობელმა აკურთხა ადგილი და ასხურა ნაკურთხი წყალი იმ ადგილას, სადაც მონასტერი უნდა აგებულიყო.

"მალე დავიწყე ორსართულიანი ხის სახლის მშენებლობა (ყვება იონა თავის წერილებში). ამ სახლში ტაძარიც იყო ყოვლადწმიდა სამების სახელობისა".

ბევრი განსაცდელი იყო მშენებლობის დროს, ასევე ააშენეს სასწავლებელი, საავადმყოფო საძმოსა და უპოვართათვის, უსახლკაროთა თავშესაფარი.

სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია
"ღვთისმშობლის გამოცხადებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მივიღე გზავნილი, - წერს იონა, - ვხსნი ყუთს და ვხედავ სამების ხატს, იქვე იყო წერილი: "მამა იონა, გთხოვთ მიიღოთ სამების ხატი თქვენს წმინდა მონასტერში. თურქეთის ომში ერთი ჯარისკაცი დაიჭრა. რამდენიმე დღე სისხლი სდიოდა. ერთხელ ნახა ქალები, რომლებიც ემსახურებოდნენ დაჭრილ ჯარისკაცებს. მათ ტანთ ემოსათ უბრალოდ, თავზე ეფარათ თეთრი თავსაფრები. "ისინი ჭრილობებს გვიხვევდნენ, გვანუგეშებდნენ თბილი სიტყვებით და გვლოცავდნენ: "მშვიდობა შენდა, უფალმა მოგცეს ჯანმრთელობა". გამისუფთავეს ჭრილობები. ერთ-ერთმა მითხრა, - "მოითმინე, ღვთის გულისათვის. ვინც მოითმენს, ის მიიღებს ზეციურ სამყოფელს". ყოველდღე მოდიოდნენ. ვკითხე მათ სახელი. არ მიპასუხეს. ერთმა თქვა: უმადლოდეთ დედა ღვთისმშობელს და ყველა წმინდანს!"

7 დღის შემდეგ გამწერეს. მე და ჩემს ცოლს გვინდოდა ღვთისმშობლის ხატის ყიდვა სამადლობლად, მაგრამ არ ვიცოდი, რომელი მეყიდა. გავიდა დრო, ცოლთან ერთად ჩამოვედი კიევში. დიდხანს ვარჩევდით ხატს კიევ-პეჩორის ლავრასა და სხვა მონასტრებში, მაგრამ ვერ ავარჩიეთ. ერთხელაც, წირვის შემდეგ, მონასტრის გალავანთან მოვიდა ქალი და გვეუბნება: "თქვენ გინდათ ხატის ყიდვა? მე მაქვს, იყიდეთ!" მას ხელთ თეთრ ქსოვილში გახვეული ხატი ეჭირა, იმავე ქსოვილის თავსაფარი ეხურა. ეცვა უბრალოდ. ვუყურებ ქალს და ვფიქრობ, სადღაც მინახავს-მეთქი... ქალმა ამოიღო ხატი. ენა დამება, ისე მომეწონა... ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც ვეძებდით. ჩემს ცოლსაც ძალიან მოეწონა და გადავწყვიტეთ ყიდვა. ვკითხე ფასი. მან გვიპასუხა, ბევრს არ ავიღებ, რაც გინდათ, ის მომეცითო. ჩვენ გავემართეთ სასტუმროსაკენ, რათა ფული მიმეცა ქალისთვის, მაგრამ როცა მოვბრუნდი, ქალი აღარ იყო, ბევრი ვეძებე - ვერსად ვნახე. ძალიან შევწუხდი... შემდეგ ვაკურთხეთ ხატი. რამდენიმე წლის მერე ეს ქალი გამომეცხადა სიზმარში და მეუბნება: "ნუ წუხხარ, დამშვიდდი, და ნუ მეძებ, მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, დაჭრილს რომ გემსახურებოდიო". ამის შემდეგ დავმშვიდდი. ხატმა დაიწყო ფერის ცვლა. ყელი, ცხვირი, თვალები, თითები ცოცხალივით ჩანდა. ასე გაგრძელდა ერთხანს, შემდეგ თითიდან დაიწყო ზეთმა დინება, ჩვენ ამ ზეთს ვაძლევდით სნეულებს და ყველა იკურნებოდა.

მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობდით, სად დაგვებრძანებინა ხატი, ეს გვაწუხებდა რამდენიმე წელი. ერთხელ ლიტურღიას ვესწრებოდით და ხატიდან მოისმა ხმა: "ეს ხატი ნახავს მის ადგილს, ნუ წუხხართ".

...შემდეგ გარდაიცვალა ყოფილი ჯარისკაცი. ხატი გადასცეს ტაძარს, ლიტურგიაზე ისევ მოისმა ხატიდან ხმა: "გაგზავნეთ ჩემი ხატი კიევში და გადაეცით სქემმონაზონ იონას, რომელიც ცხოვრობს ვიდუბიცის მონასტერში, იქ აშენდება სამების მონასტერი. ეს ხატი დააბრძანეთ გალავანში". ყველამ გაიგო ხატიდან გამოსული ხმა. მღვდელმა დაამშვიდა ხალხი, გადაიხადეს სამების პარაკლისი, მაგრამ ხატი არ გაგზავნეს. გავიდა დრო. კვირის წირვაზე ისევ მოისმა ხმა: "ო, იერარქნო, რატომ იგვიანებთ და არ გზავნით ხატს, სადაც გითხარით?" და ხატმა გაიბრწყინა. ისევ გადაიხადეს ლოცვა, ყველა ემთხვია ხატს და დაუყოვნებლივ გაგზავნეს ხატი მინიშნებულ ადგილას მამა იონასთან".

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვა
1კ1