ღირსი საბა ვათოპედელი (+1350) - 05 (18) ოქტომბერი
ღირსი საბა ვათოპედელი (+1350) - 05 (18) ოქტომბერი
წმინდა საბა ქვეყნიერებას თესალონიკში, 1283 წელს მოევლინა. მშობლები სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ, მაგრამ ყმაწვილმა, შეიცნო რა ამა სოფლის ამაოება, ჩვიდმეტი წლისა სახლიდან გაიქცა და ათონს მიაშურა.

კარიესის მახლობლად მოძღვარი იპოვა და მოშურნედ შეუდგა უმძიმეს, ასკეტურ ღვაწლს.

საკუთარი ნება სრულებით წარიკვეთა და ამგვარი მორჩილებით სრულიად განუღო სული ზეცას.

მისი არაამქვეყნიური სიმშვიდე გარეგნულადაც აღებეჭდა.

მისი მორჩილებით აღფრთოვანებულმა მოძღვარმა სასულიერო ხარისხი შესთავაზა, მაგრამ საბა იმავე დღეს გაუჩინარდა და იქამდე არ გამოჩნდა, სანამ არ დარწმუნდა, რომ მსგავსი პატივის გარეშე შეეძლო ცხოვრება.

7 წლის შემდგომ, იმპერატორ ანდრონიკე პალეოლოგოსის მმართველობისას, კატალონიელმა დამპყრობლებმა ათონის ძარცვა იწყეს (1307 წელი), რის გამოც საბას მოძღვარმა იქაურობა დატოვა და თავი თესალონიკს შეაფარა. ახალგაზრდა მონაზონს კი ფეხი არ მოუცვლია, მალე კი თურქებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს, მარტოდ შთენილმა საბამ კი წმინდა ადგილთა მოლოცვა განიზრახა.

კვიპროსზე სალოსობა იწყო, ყოველივე ამქვეყნიური უარყო და ღვთის სიყვარულით, ვითარცა უცოდველი ტარიგი, ისე შეეგება კაცთაგან დაცინვას, შეურაცხყოფას და დევნას.

ერთი დასახლებიდან მეორეში გადადიოდა და არასოდეს ითხოვდა მოწყალებას, ოდენ ველური ბალახით საზრდოობდა და დროდადრო ან ქვაბულში განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისთვის, ან - სადმე უდაბურ ადგილას.

ოცწლიანი სალოსობისას გამუდმებით დუმდა, თუმცა, მუდამ იღიმოდა და კაცთ, განურჩევლად იმისა, კეთილს გადააწყდებოდა სადმე თუ ბოროტს, ერთნაირი გულითადობით ეპყრობოდა.

ერთხელ ვიღაც ქალი მისი წარმოსადეგი გარეგნობით მოიხიბლა, რის შემდეგაც საბა ნაკელით სავსე ორმოში საღამომდე იჯდა.

სხვა დროს კი კვიპროსზე კათოლიკური მონასტრის კართან აღმოჩნდა. იქაურ, მდიდარ მონაზვნებს საბა მაწანწალა ეგონათ და ცემა-ცემით განდევნეს.

ქუჩაში ნაგვემი და ღონემიხდილი ეგდო, მის გონებას ღვთიური ნათელი რომ შეეხო და სასწაულებრივად განკურნა.

ერთხელ იძულებული შეიქნა, კეთილისმყოფელისთვის საკუთარი სახელი გაემხილა და დუმილი დაარღვია, რის შემდგომაც ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ამგვარი ღვაწლი თავად იტვირთა.

როგორც კი კაცთაგან პატივი და აღფრთოვანება იგრძნო, ყოველი ღონე იხმარა, კვლავინდებურად, ყველასათვის დაფარულად ეღვაწა, მაგრამ სახელი ისე განითქვა, მის შესახებ კონსტანტინოპოლს და მთაწმინდაზეც შეიტყვეს, რის შემდეგაც იქაურობა ფარულად დატოვა და კვლავ მთაწმინდას მიაშურა.

იერუსალიმიდან 20 დღის მანძილზე ფეხით იარა სინაის წმინდა მთამდე, სადაც ორი წელი მორჩილად იმსახურა, წმინდა ქალაქში დაბრუნებისას, იორდანიის უდაბნოში, ერთი მღვიმე იპოვა და მთელი არსებით მიეცა უწყვეტ ლოცვას.

ერთხელ ეშმაკი გველის სახით ეკვეთა, მაგრამ საბამ ბოროტი იესო ქრისტეს სახელით განდევნა, ერთხელ კი მისი მღვიმე თაბორისეული ნათლით განბრწყინდა, რის შემდეგაც ნეტარი მიწას განერთხა და ამგვარად ჭვრეტდა ღვთის გამოუთქმელ დიდებას.

უდიდესი მცდელობის მიუხედავად, ღვთივ ბოძებული მადლი კაცთათვის დაეფარა, სახელი ფრიად განითქვა და მისი სიტყვის გასაგონად უამრავი მონაზონი წარემართა, თუმცა, ნეტარს წმინდა მდუმარება არასოდეს დაურღვევია.

საბა კვლავ უდაბნოს შეერთო და ფეხშიშველმა, ულუკმაპუროდ, ორმოცდაათი დღე ხორშაკ მიწაზე იხეტიალა.

ის იყო, კაცთაგან შეწევნის ყოველივე იმედი წაერთვა და ღონემიხდილი მიწას დაენარცხა, უფლის ანგელოზმა ანუგეშა და მფარველობას შეჰპირდა.

ოთხი წელი იღვაწა ზეცისა კაცმა იქ და ვერვინ აღწერს, თუ რა განსაცდელებს სწია ბოროტმა.

გარკვეული ხნის შემდგომ დასაყუდებლად წმინდა საბას სავანეს მიაშურა. მონასტრის მამებს ხშირად ესმოდათ მისი სენაკიდან ეშმაკთა საზარელი ღრიალი, რასაც ნეტარი უშფოთველი დუმილით პასუხობდა, ერთხელ კი ხელი სტაცეს და ღრმა უფსკრულში გადაჩეხეს, მაგრამ ანგელოზისგან დაცულმა აღმოაჩინა, რომ მიწაზე უვნებლად დაშვებულიყო.

სულიერად ზეცად აღტაცებული, გაუნძრევლად იდგა ორმოცი დღის მანძილზე და ღმერთს ეზრახვოდა, ხოლო როდესაც მამებმა უფსკრულიდან აღმოიყვანეს და სენაკს დაუბრუნეს, ღვაწლი გააორმაგა, - ამიერიდან მცირედ ხმიადს და ცოტაოდენ წყალს სჯერდებოდა და მთელი წელი ერთ მხარეს იწვა, მომდევნო წელი კი სკამზე გაუნძრევლად მჯდომარემ გაატარა.

გავიდა სამი წელი, ნეტარმა წმინდა საბას სავანე დაუტევა და იორდანეს ნაპირას მდებარე მონასტრის იღუმენს სთხოვა, - მორჩილად მიმიღეთო.

იმგვარი მორჩილება ჰქონდა, ერთხელ შესაჭმელად თავი იმ ლომებს მისცა, მონასტრის სახედრებს რომ დაეცნენ, მაგრამ მხეცნი უეცრად შეჩერდნენ, თავები დახარეს და თავიანთ ბუნაგებს დაუბრუნდნენ.

მაშინ საბას კვლავ გამოეცხადა ღვთის ანგელოზი და ბიზანტიას უბრძანა წასვლა, - შენი სიტყვით მრავალი სული უნდა მოაქციოო!.

კონსტანტინოპოლს წმინდა დიომიდეს სახელობის მონასტრის სენაკში დაეყუდა და არავის ეჩვენებოდა.

იმპერატორი ანდრონიკე მესამე (1328 - 1341 წლები) და პატრიარქი ისაია (1323 - 1334 წლები) დიდხანს ცდილობდნენ მასთან შეხვედრას, თუმცა, ამაოდ, მაგრამ რადგან ზოგიერთი მის მართლმადიდებლობაში დაეჭვდა, ნეტარმა წერილობით დაადასტურა მრწამსი და თვისი ერთგულება იმპერატორისა და პატრიარქისადმი, შემდეგ კი კვლავ ათონს დაუბრუნდა - ვათოპედის სავანეში უბრალო ბერად ითხოვა მიღება.

სწორედ იქ გაიცნო წმინდა ფილოთეოსი (ხსენება 11 ოქტომბერს), რომელიც დაემოწაფა და მისი ცხოვრებაც აღწერა. მისთვის დაარღვია ნეტარმა საბამ ოცწლიანი მდუმარება, ყოველგვარად გაურბოდა ნებისმიერ პატივს და თანამდებობებს, თუმცა, იძულებული შეიქნა, 1341 წლის მარტში ათონელ ხუცესებთან ერთად გამგზავრებულიყო კონსტანტინოპოლს იოანე მეხუთე პალეოლოგისა და იოანე კანტაკუზელის შესარიგებლად, რითიც სამოქალაქო ომსაც უნდა მოღებოდა ბოლო.

თუმცა, მისივე წინასწარმეტყველებით, ელჩობამ მიზანს ვერ მიაღწია, საბა კი ხორას მონასტერს შეერთო, სადაც ამქვეყნიური სიცოცხლის უკანასკნელი 6 წელი გაატარა, 1350 წელს კი ღვთივ განისვენა.

ბეჭდვა
1კ1