ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლელი (XII) - 09 (22 ) სექტემბერი
ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლელი (XII) - 09 (22 ) სექტემბერი
წმინდა ნიკიტა კონსტანტინოპოლში XII საუკუნეში ცხოვრობდა და ხარტულარად (საეკლესიო საქმის მწარმოებელი) მსახურობდა.

მისი დაფარული ღვაწლი და სიწმინდე, ნეტარი სულიერ სრულქმნილებას რომ აზიარა, ერთმა უჩვეულო შემთხვევამ გამოააშკარავა: ორი მეგობარი, ვინმე ხუცესი და დიაკონი სოზონტი ერთურთს წაეკიდნენ. ხუცესი მალევე მიიცვალა, დიაკონი კი ძლიერ წუხდა, რომ შერიგება ვერ მოასწრეს.

სინდისის ქენჯნით გატანჯულმა სოზონტმა თავისი ცოდვა ერთ დიდ მეუდაბნოე ბერს გაუმხილა.

მოსაგრემ წერილი გადასცა და უბრძანა, იმისთვის გადაეცა, ვისაც შუაღამისას, წმინდა სოფიას ტაძართან შეხვდებოდა.

ეს კაცი - წმინდა ნიკიტა აღმოჩნდა.

წერილი რომ წაიკითხა, ნეტარი ატირდა: - ჩემს ძალებზე აღმატებულ საქმეს მავალებენ, მაგრამ წმინდა მეუდაბნოის ლოცვით შევეცდები, აღვასრულოო, შემდეგ ტაძრის კარიბჭის წინ მუხლი მოიყარა და აღმოხდა:

- მოწყალების კარი განგვიღე, უფალო!

როგორც კი წარმოთქვა, კარი თავისით განიხვნა. ნიკიტამ დიაკონი ზღურბლზე დატოვა, თავად ლოცვად დადგა სოზონტმა იხილა, თუ რა საკვირველი ნათლით გაბრწყინდა ნიკიტა.

შემდეგ ტაძარი დატოვეს და კარი კვლავ თავისით დაიხურა.

ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარს რომ მიუახლოვდნენ, წმინდა ნიკიტას ლოცვით მათ წინ ისევ განიღო ბჭეები, ტაძარი განათდა და საკურთხევლიდან ხუცესნი გამოვიდნენ, რომელთა შორის სოზონტმა თავისი გარდაცვლილი მეგობარიც შეიცნო.

წმინდა ნიკიტამ ჩუმად წარმოთქვა:

- მამაო, გაესაუბრე შენს ძმას და ერთურთს შეურიგდით!

ხუცესი და დიაკონი ერთურთს გადაეხვივნენ და შერიგდნენ, შემდეგ გარდაცვლილი კვლავ საკურთხეველში შებრუნდა, რომლის კარიც თავისით დაიხურა.

ნეტარმა ნიკიტამ კი სოზონტს უთხრა:

- ძმაო, სოზონტ, იხსენ სული შენი, შენს წარმგზავნელ ხუცესს კი უთხარი, რომ მისი წმინდა ლოცვებს მკვდართა აღდგენაც კი ძალუძთ!

ეს თქვა და წმინდა ნიკიტა უჩინარ იქმნა.

ბეჭდვა
1კ1