დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი, იდეოლოგი
დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი, იდეოლოგი
არსენ იყალთოელი
არსენ იყალთოელი გახლდათ ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰიმნოგრაფი.
იგი იყო, ასევე დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი, იდეოლოგი, მეცნიერი (ანატომიისა და ფიზიკის მცოდნე და სხვა). მას დიდი დამსახურება მოუძღვის ქართული ეკლესიის, სახელმწიფოსა და ეროვნული იდეოლოგიის წინაშე.

XI საუკუნის გასულსა და XII საუკუნის დამდეგს გვხვდება რამდენიმე არსენი: არსენ იყალთოელი, ვაჩესძე და კალიპოსელი. ზუსტი ცნობა მათ შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ არსენ იყალთოელი და კალიპოსელი ერთი და იგივე პიროვნება არ არის. არსენ იყალთოელი ცნობილი მწერალია, ხოლო კალიპოსელი, რომელმაც ასეთი სახელი მიიღო, ალბათ, იმიტომ, რომ კალიპოს მონასტერში მოღვაწეობდა ანტიოქიის მახლობლად. რაც შეეხება არსენ იყალთოელსა და არსენ ვაჩეს-ძეს, მათი სახელით ცნობილი თხზულებების ანალიზი გვარწმუნებს, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღნიშნულია მისი მოღვაწეობის ადგილი ან სამშობლო, იყალთო (კახეთი), მეორეში კი გვარი ან მამის სახელი - ვაჩესძე.

ლიტერატურული შრომებიდან ჩანს, რომ არსენს განათლება მიუღია კონსტანტინოპოლის მონომახის მიერ დაარსებულ აკადემიაში – მანგანის წმინდა გიორგის მონასტერში. სწავლის დამთავრების შემდეგ კი მოღვაწეობა დაიწყო შავ მთაზე ეფრემ მცირის იქ ყოფნისას. დაახლოებით XI საუკუნის 80-იან წლებში, რასაც ადასტურებს ეფრემის მიერ 80-90-იან წლებშია ნათარგმნი ორი შრომა: სამოციქულო და იოანე დამასკელის გარდამოცემა. შავ მთაზე მისვლისას არსენი, როგორც ეფრემზე უმცროსი, უკანასკნელის "მზრდელთა და მსახურთა" რიცხვში ითვლებოდა და ეფრემის ხელმძღვანელობით მთარგმნელობას სწავლობდა. ამიტომ ეფრემი თავის თავს არსენის მოძღვარს უწოდებს. შავი მთიდან, თავისი მოძღვრის – ეფრემის სიკვდილის შემდეგ, არსენი ბრუნდება მანგანის მონასტერში.

მანგანის მონასტრიდან არსენ იყალთოელი სამშობლოში დაბრუნებულა დავით აღმაშენებლის მოწვევით თეოფილე ხუცეს-მონაზონთან და იოანე ტარიჭიძესთან ერთად. რამდენი ხანი დარჩა ის გელათში უცნობია, მაგრამ ცხადია, რომ იქ ყოფნისას მან თარგმნა "დიდი სჯულის კანონი" და გადავიდა კახეთში. სადაც დააარსა იყალთოს აკადემია. აკადემიამ უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინების საქმეში.

არსენი საბოლოოდ შიომღვიმის მონასტერში დამკვიდრდა. ის დავით აღმაშენებელთან დაახლოებული გახლდათ. დასწრებია კრებას, რომელზედაც სომხებსა და ქართველებს პაექრობა ჰქონდათ. თუმცა ფიქრობენ, რომ 1103 წელს არსენი გარდაცვლილი იყო, რადგან რუის-ურბნისის აქტთა ზოგიერთი ნუსხა მას, როგორც მიცვალებულს, "საუკუნო ხსენებას" უთვლისო. მაგრამ ეს მართალი არ არის. უძველესი ნუსხა რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერისა არსენს არ იხსენიებს არც მკვდრებში, არც ცოცხლებში. ამასთან, კრება, რომელსაც არსენი დაესწრო უნდა გამართულიყო რუის-ურბნისის კრების შემდეგ 1123 წელს. ვინაიდან, ცნობილია, როდესაც დავით აღმაშენებლმა აიღო ქ. ანისი, საზეიმოდ შეკრიბა სომეხთა ეპისკოპოსები და ხუცესები. არსენის გადაცვალების თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა ის უნდა გარდაცვლილიყო დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ, რასაც ადასტურებს მის მიერ დაწერილი ეპიტაფია დავით აღმაშენებლისა.

არსენს მთარგმნელობით მოღვაწეობაში განსაკუთრებით იზიდავდა განყენებული დოგმატიკურ-ფილოსოფიური და იურიდიული ხასიათის თხზულებანი, რომელიც გადმოცემულია შესაფერისად დამშვენებული და ჩამოყალიბებული ქართული ენით, განმარტებულია ეფრემისებური სქოლიოებითა და ანდერძებით, რომელშიც ავტორი თვალწინ გვიშლის ბერძნული და ქართული ენის ხასიათსა და თვისებას.

არსენის ლიტერატურული მოღვაწეობა სამ პერიოდად იყოფა. პირველია შავი მთის პერიოდი, XI საუკუნის უკანასკნელი მეხუთედი, როდესაც ის ეფრემ მცირესთან ერთად და მისი ხელმძღვანელობით თარგმნიდა წიგნებს. ამ პერიოდში მას უნდა ეთარგმნა აგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური თხზულებანი, რომელთა ენა შედარებით მარტივია. უფრო მეტი შრომა არსენს გაუწევია მეორე პერიოდში, როდესაც ის მანგანის წმიდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა. დაახლოებით XII საუკუნის I ათეულში (1114 წლამდე). აქ მან თარგმნა გიორგი ამარტოლის ხრონოგრაფი, რომელიც შედგება ცხრა წიგნისგან და მოგვითხრობს ისტორიას ადამიდან თეოდოსი დიდამდე. მესამე პერიოდში, საქართველოში, უთარგმნია დიდი სჯულისკანონი. ეს დამოწმებულია გელათის მონასტრის ერთ-ერთ ნუსხაში, სადაც ვინმე გრიგოლ ჩახრუხაისძეთა ამბობს, რომ გულმოდგინედ გადავწერე ქრისტიანთა წინამძღვარი დიდი რჯულის კანონი თარგმნილი არსენის მიერ.

და ბოლოს, არსენს უნდა ეკუთვნოდეს აგრეთვე "მცნება ბასილი დიდისა მღუდელთა მიმართ", რომლის ერთი რედაქცია გიორგი მთაწმინდელს უთარგმნია წინათ.

იგი უფრო დოგმატურ, პოლემიკურ და კანონიკურ ლიტერატურას თარგმნიდა. თარგმნისას მაქსიმალურად ცდილობდა ბერძნულ დედანს მიჰყოლოდა. როგორც ამბობენ, ამის გამო ოდნავი ძალდატანებაც გამოსდის ქართულ ენაზე. თვითონ წერდა: "თუ სიბნელე რაიმე სადმე ანუ სიდუხჭირე შესდგამს, იგი ბერძნულისა შედარებულობისაგან არს და არა ქართულთა სიტყვათა დაშვენებასა ვერმეცნიერობისაგან".

არსენ იყალთოელმა თარგმნა "დოგმატიკონი", რომელშიც 9 ცნობილი ავტორისა და 11 ანონიმის თხზულებაა. მათ შორის: ანასტასი სინელის "წინამძღვარი", ლეონ პაპის "ეპისტოლე", თეოდორე აბაკურას "საკითხავნი საღმრთოისა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაი?", იოანე დამასკელის "დიალექტიკა" და "გარდამოცემა" (ჯერ ეფრემ მცირესთან ერთად, მერე ცალკე), "სიტყვისგება ჰურიათა მიმართ", "თავნი სომეხთა წვალებისანი ოცდაათნი". გარდა ამისა, გიორგი ამარტოლის "ხრონოგრაფი", ფოტი პატრიარქისეული რედაქციის 14-ტიტულოვანი "ნომოკანონი", რომელსაც მისი თარგმანით "დიდი სჯულის კანონი" ეწოდება. ჯერ კიდევ შავ მთაზე მოღვაწეობისას ეფრემ მცირეს ხელმძღვანელობით თარგმნიდა ჰაგიოგრაფიულ და ჰომილეტიკურ თხზულებებს და სხვა.

არის ვარაუდი, რომ რუის-ურბნისის კრების განჩინების დამწერი და მასზე დართული დავით აღმაშენებლის ხოტბის ავტორი, დავით აღმაშენებლის ორი ანდერძის ჩამწერი, ანდრია კრიტელის "დიდი კანონის" მთარგმნელი, "წმინდა ნინოს ცხოვრების" მეტაფრასტული რედაქციის ავტორი - არსენ ბერი (არსენ ვაჩესძე) და არსენ იყალთოელი ერთი და იგივე პიროვნება უნდა იყოს.

არსენ ბერისეული დავით აღმაშენებლის ხოტბა - "მეფესა დავითს" და არსენ იყალთოელისეული დავით აღმაშენებლის ეპიტაფია ("ვის ნაჭარმაგევს მეფენი") იმდენად მაღალმხატვრული პოეტური ნაწარმოებებია, რომ არ არის გამორიცხული, ერთი გენიოსის დაწერილი იყოს. გარდა ამისა, არსებობს სხვა არგუმენტებიც. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ჩვენ ორი სხვადასხვა გენიოსი გვყავდა (ორი კი არა, მეტიც). პირადად მე, ორი არსენის, არსენ ბერისა და არსენ იყალთოელის, იგივეობა დამაჯერებლად მიმაჩნია. შესაძლოა, არსენ იყალთოელი იმ ყრმათა შორის იყო, გიორგი მთაწმინდელმა რომ წაიყვანა კონსტანტინოპოლში აღსაზრდელად.

არსენ იყალთოელი რომ დიდი პოეტი და დიდი იდეოლოგი გახლავთ, მარტო დავით აღმაშენებლის ეპიტაფიითაც კარგად მტკიცდება.

"ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს, –
აწღა ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამესხნეს."


"ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიკულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი", წმიდა არსენ იყალთოელი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.

იგი დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.

ბეჭდვა
1კ1