წმინდა მოწამე აკვილინა (+293) - 13 ივნისი (26 ივნისი)
წმინდა მოწამე აკვილინა (+293) - 13 ივნისი (26 ივნისი)
წმინდა მოწამე აკვილინა (+293) კეთილმორწმუნე ფინიკიის ქალაქ ბიბლოსში დაიბადა და გაიზარდა. მაშინ რომში იმპერატორი დიოკლეტიანე (284-305) მეფობდა. მშობლებმა ქრისტეს მცნებების სიყვარული და ერთგულება ასწავლეს შვილს. აკვილინასაც გულწრფელად უყვარდა ღმერთი, ეცოდებოდა სულიერ ნათელს მოკლებული თანატოლები და ურჩევდა მათ, შესდგომოდნენ ქრისტეს. მეფისნაცვალ ვოლუსიანეს ერთმა მსახურმა გოგონამ თავის ბატონთან დაასმინა – ამხანაგებს მამა-პაპათა ღმერთების სიძულვილს უღვივებსო. მაშინ წმინდა ყრმა 12 წლისა იყო. ვოლუსიანემ გადაწყვიტა, ტკბილი შეგონებებით, ალერსით მოენადირებინა ბავშვის გული და წარმართობისკენ გადაედრიკა, მაგრამ აკვილინამ მტკიცედ აღიარა მის წინაშე თავისი რწმენა. როცა ვერანაირმა ხერხმა ვერ გაჭრა, მეფის ნაცვალმა ბავშვის წამება ბრძანა. ჯალათებმა ჯერ სასტიკად სცემეს აკვილინა, შემდეგ კი გააშიშვლეს და საშინლად აწამეს. ვოლუსიანე დაცინვით ეკითხებოდა მას: "სად არის შენი ღმერთი? მოვიდეს და წამართვას შენი თავი, თუ შეუძლია!" აკვილინამ უპასუხა: "ჩემი ღმერთი ჩემთან არის, მაგრამ უხილავია და რაც უფრო ვიტანჯები, მით მეტ ძალასა და მოთმინებას მანიჭებს!"

წმინდა მოწამეს გახურებული შამფურები გაურჭვეს ყურებში და მან გონება დაკარგა. მტარვალმა იფიქრა, მოკვდაო და ბრძანა, ცხედარი ქალაქგარეთ ძაღლებს მიუგდეთ დასაგლეჯადო. შუაღამისას უფლის ანგელოზი მივიდა აკვილინასთან, ხელი შეახო და უთხრა: "ადექი და ჯანმრთელი იყავი. წადი, ამხილე ვოლუსიანე და უჩვენე, რომ მისი მიზნები მასავით უძლურია უფლის წინაშე!" მოწამემ ადიდა უფალი, მეფისნაცვლის სასახლისკენ გაემართა და ვოლუსიანეს წარუდგა. შიშით ზარდაცემულმა მტარვალმა მსახურებს უხმო და უბრძანა, დილამდე თვალი არ მოეცილებინათ გოგონასთვის, დილით კი მას, როგორც ჯადოქარსა და მეფის ურჩს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. როცა წმინდანი დასასჯელად მიჰყავდათ, იგი ლოცულობდა და მადლობას სწირავდა უფალს, რომ მისთვის წამების ღირსი გახდა. ლოცვის პასუხად ზეითგან ხმა მოესმა, რომელიც აკვილინას ზეციური სასუფევლისკენ მოუხმობდა, და ისიც იმწამსვე მშვიდობით წარვიდა უფალთან. ჯალათს მმართველის ბრძანების შეუსრულებლობის შეეშინდა და უკვე მიცვალებულ მარტვილს თავი მაინც მოჰკვეთა. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის წმინდა ცხედარი, შემდეგ კი იგი კონსტანტინოპოლში, მისი სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს.

კონდაკი

ქალწულებისა შენისა სიკეთითა წინაჲსწარ განიწმინდენ სული შენი და მაღლისა მიმართ წამებისა მიისწრაფე, აკვილინა ყოვლადპატიოსანო, და სიყუარულითა სიძისა შენისა ქრისტესითა მოიწყალ, რომლისა წინაშე ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ მოხარული; მათ თანა დაუცხრომელად ევედრე ჩუენ ყოველთათვის.
......................

10 000 მოწამე, მახვილით მოწყვეტილნი; წმინდა მოწამე დიოდორე ემესელი, ჯვარცმული - 13 ივნისი (26 ივნისი)

მათ მოიხსენიებს ბიზანტიური სვინაქსარი.
ბეჭდვა
1კ1