ღირსი არსენი კონევსკი (+1447) - 12 ივნისი (25 ივნისი)
ღირსი არსენი კონევსკი (+1447) - 12 ივნისი (25 ივნისი)
წმინდა არსენი XIV საუკუნის II ნახევარში ქალაქ ნოვგოროდში დაიბადა. ღვთის მხურვალე სიყვარულის გამო დაუტევა სოფელი და ნოვგოროდის ლისიცკის მონასტერში ბერად შედგა, სადაც ისე ამაღლებულად ცხოვრობდა, რომ ძმები მას სამაგალითოდ დაისახავდნენ და ზეციურ ანგელოზად თვლიდნენ. ამ სავანეში თერთმეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ იგი ნოვგოროდში ჩამოსულ ათონელ ბერებს უკან ათონზე გაჰყვა და იქ თანამემამულეებთან განაგრძო მოსაგრეობა. სამი წლის შემდეგ სამშობლოში იმ სურვილით დაბრუნდა, რომ ღვთისმშობლის პატივსაცემად სავანე დაეარსებინა. მთავარეპისკოპოს იოანეს კურთხევით ლადოგის ტბაზე მდებარე კუნძულ კონევეცზე დასახლდა. მან ლოცვით გაწმინდა კუნძულზე მდებარე მიტოვებული წარმართული ბომონი და იქ ჩაბუდებული ეშმაკები განდევნა და დაიწყო ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის მშენებლობა. მან აქ დაასვენა ათონიდან ჩამოტანილი ღვთისმშობლის ხატი. მალე წმინდა არსენს უამრავი მონაზონი შეუერთდა და მან მათთვის მონაზვნური საძმო მოაწყო, რომელსაც ათონური ტიპიკონი ჰქონდა.

ერთხანობა იგი კვლავ ათონზე წავიდა. ძალზე გაუჭირდა მაშინ მის მონასტერს. შიმშილისგან გატანჯულმა ძმებმა მონასტრის დატოვება გადაწყვიტეს. ერთ-ერთი ბერდიდი მამა იოაკიმე ლოცვისთვის კუნძულზე მდებარე მთაზე ავიდა, სადაც ოდესღაც ღირსი არსენი ცხოვრობდა. მამა იოაკიმეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მამა არსენი მალე დაბრუნდებოდა. მართლაც მეორე დღეს მამა არსენი კუნძულზე დაბრუნდა და თან ორი ნავით პროდუქტი ჩამოიტანა.

1421 წელს ქარიშხალმა ნაწილობრივ დაანგრია მონასტერი, ამიტომაც ღირსმა მამამ გადაწყვიტა, სავანე კუნძულის სიღრმეში მდებარე ბორცვზე გადაეტანა, რომელსაც მთაწმინდა უწოდა. მრავალწლიანი ასკეზის შემდეგ ღირსი არსენი 1447 წლის 12 ივნისს მშვიდობით აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1