ღირსი ალექსი, კუშტის იღუმენი (+1439) - 09 ივნისი (22 ივნისი)
ღირსი ალექსი, კუშტის იღუმენი (+1439) - 09 ივნისი (22 ივნისი)
ღვთის ეს რჩეული ვოლოგდაში XIV საუკუნის II ნახევარში დაიბადა, ჭაბუკობაშივე შეერთო სპასო - კამენსკის სავანეს კუბენის ტბასთან. გარკვეული ხნის შემდგომ, კი, განერიდა რა კაცთაგან განდიდებას, უღრან ტყეში განმარტოვდა და მდინარე სიანჟემის სიახლოვეს, ჭაობებთან დასახლდა.

თუმცა, მნახველებმა და ცნობისმოყვარეებმა მალე მიაგნეს და იძულებული შეიქნა, იქაურობაც დაეტევებინა და კუბენის ტბის ნაპირას გადაენაცვლა.

იქ ალექსის ორი მოწაფე შეუერთდა - საბა და სვიმეონი, აღსასრულამდე რომ არ დაუტოვებიათ მოძღვარი.

ერთხელ, თათარ-მონღოლთა თავდასხმისას მის უდაბნოს ხუთი მძარცველი შეესია. ღირსი მამა მათ შესახვედრად მშვიდად გამოვიდა და ჯვარი გამოსახა, რის შედეგადაც ხუთივე უსულოდ დაეცა. შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელით მკვდრეთით აღადგინა და მშვიდობით გაუშვა.

მოსაგრეებს ხორბლის მცირე ყანა ჰქონდათ, მათი ერთა¬დერთი საზრდელი პური და წყალი გახლდათ.

ერთხელ მათი ხორბლის ერთი ტომრის მოპარვა ერთმა ღატაკმა გლეხმა სცადა, თუმცა, ძვრაც ვერ უყო.

ამ დროს ქურდს თავს ღირსი ალექსი დაადგა და უთხრა:

- შვილო ჩემო, რად განგიზრახავს იმის წაღება, რისი ტვირთვაც არ ძალგიძს?!

გულშემუსვრილი ქურდი მის წინ განერთხა და შენდობა გამოსთხოვა, წმინდა მამამ კი ტომრის ხორბლით გავსება მისი ძალისამებრ უბრძანა, დაჰმოძღვრა, რომ შემდგომში ქურდობაზე ხელი აეღო და გაუშვა.

ამქვეყნიდან განსვლის წინ მოწაფენი აკურთხა და ურთიერთსიყვარული, მორჩილება, მოთმინება, მწირებზე ზრუნვა და იმ ადგილას ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზის პატივად ტაძრის აშენება დაუბარა, უკანასკნელად წირა და 1439 წლის 9 ივნისს, 69 წლისა ამქვეყნიდან განვიდა.

მის სამარეზე ცირცელი აღმოცენდა, რომლის ნაყოფითაც მრავალმა მიიღო კურნება.

ბეჭდვა
1კ1