წმინდა მართალი ალექსი მოსკოველი (+1923) - 09 ივნისი (22 ივნისი)
წმინდა მართალი ალექსი მოსკოველი (+1923) - 09 ივნისი (22 ივნისი)
მამა ალექსი მეჩევი მოსკოვში 1859 წლის 17 მარტს, საკათედრო ტაძრის მგალობელთა რეგენტის ოჯახში იშვა.

მისი სიცოცხლე დაბადებიდან დაუკავშირდა წმინდა ფილარეტ მოსკოველს (ხსენება 19 ნოემბერს), რომელმაც მამამისი ბავშვობისას გაყინვისგან დაიხსნა.

ალექსი ღვთისმოყვარე ოჯახში აღიზარდა, მოსკოვის სასულიერო სემინარია დაასრულა, შემდეგ სამედიცინო განათლების მიღებას აპირებდა, მაგრამ დედამისმა, რომელსაც სურდა, შვილი სამღვდელო პატივით შემოსილიყო, ალექსის შეეწინააღმდეგა.

მართალია, თავის ოცნებაზე უარის თქმა გაუჭირდა, მაგრამ საყვარელი დედის ნებას დაჰყვა და მალე დარწმუნდა, რომ თავის ჭეშმარიტ მოწოდებას მიაგნო.

მედავითნეობისას მძიმე განსაცდელი შეემთხვა: - ტაძრის წინამძღვარი უხეშად ეპყრობოდა და სცემდა კიდეც, მაგრამ ალექსი ყოველივეს მორჩილად იტანდა.

მოგვიანებით, უკვე მღვდელმა, როდესაც მაჭირვებლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, იმათ გასაკვირად, ვინაც მათი ურთიერთობის ამბავი უწყოდნენ, გარდაცვლილი უკა¬ნასკნელ გზაზე მადლიერების ცრემლით გააცილა.

1884 წლის 18 ნოემბერს ალექსის დიაკვნად დაასხეს ხელი და ლიუბიანსკში, წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში გაამწესეს.

გარეგნულად უბრალო შინაგანად უფლისადმი მხურვალე სიყვარულს ატარებდა.

1884 წელს იგი მედავითნის ქალიშვილ ანაზე დაქორწინდა, მაგრამ ანას გულის მძიმე სნება სტანჯავდა, რაც ძალზე აღელვებდა ალექსის.

მალე უფალმა ერთმანეთის მიყოლებით აჩუქა შვილები: ალექსანდრა, ალექსი, რომელიც ყრმობაშივე აღესრულა, სერგი და ოლგა.

1893 წლის 19 მარტს დიაკონი ალექსი სამღვდელო პატივით შემოსეს და სოფლის მცირემრევლიანი ტაძარი ჩააბარეს.

თითქმის ცარიელ ტაძარში შვიდი წლის მანზილზე ყოველდღე წირავდა, შემდეგ ნელ-ნელა შეიკრიბა მრევლი.

საიმდროოდ სოფლის მცირემრევლიანი ტაძრების მსახურთ მატერიალურად ძალზე უჭირდათ და ხშირად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. ამგვარმა ყოფამ უარესად დაამძიმა ალექსის მეუღლის, ანას სნეულება და 1902 წლის 29 აგვისტოს მიიცვალა.

მამა ალექსი მეუღლის დაკარგვამ ისე დაამწუხრა, ოთახში გამოიკეტა და იქ გამოიტირა ანა.

სწორედ იმ დროს ალექსის ახლობელმა ოჯახმა მოსკოვს მყოფი ღირსი იოანე კრონშტადტელი მიიწვია და ძალზე დამწუხრებულ მამა ალექსისაც გააცნო, რომელსაც ურჩია:

- ხალხთან იყავი, მათი მწუხარება გაიზიარე და დარდი შეგიმსუბუქდება!

ღვთისკაცის ეს სიტყვა მან ახალ მორჩილებად მიიღო და უწინდელზე მეტი მოშურნობით განაგრძო ღვაწლი, თითოეულ ტვირთმძიმეს მოსიყვარულე მამად და იმედად ექცა, მისთვის ოდენ ერთი სიტყვა არსებობდა, - შენდობა, სულიერ შვილებს არასოდეს განუწესებდა მძიმე მორჩილებას და ხშირად იტყოდა:

- ხსნა ღვთისა და მოყვასის სიყვარულშიაო.

უფლისგან ჭვრეტის ნიჭით ცხებული მუდამ ცდილობდა, დაეფარა იგი. თუ ვინმე სულიერ დამოძღვრას და რჩევას სთხოვდა, ოდენ ერთხელ დაარიგებდა, თუ მსმენელი შეეწინააღმდეგებოდა, სიტყვასაც აღარ ეტყოდა, ხოლო თუ სინანულით მიეახლებოდნენ, ლოცვით შეეწეოდა.

ტაძრის სიახლოვეს მამა ალექსიმ სამრევლო სკოლა გახსნა, ობოლთა და უპოვართათვის თავშესაფარი მოაწყო და ქალთა გიმნაზიაში ცამეტი წლის მანძილზე ასწავლიდა საღვთო სჯულს.

ძალზე უბრალოდ და გულწრფელად ქადაგებდა და მსმენელის გულისგულს სწვდებოდა, ლოცვით სუნთქავდა და თავისი ცხოვრებით ანუგეშებდა და განამტკიცებდა სამწყსოს.

ძალზე უყვარდა კლენიკის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის (სადაც იგი მსახურობდა) უდიდესი სიწმინდე - {"ფეოდოროვისად" წოდებული ღვთისმშობლის ხატი.

ერთხელ, 1917 წლის მოვლენებამდე მცირე ხნით ადრე, ნეტარმა და ტაძარში მყოფმა მლოცველებმა იხილეს, თუ როგორ გადმოსდინდა ღვთისმშობელს თვალთაგან ცრემლი.

დიდი იყო ალექსის მორჩილება: - უხეშობას არასოდეს გამოეპასუხებოდა, მისდამი გამოვლენილ პატივისცემას კი ყოველგვარად გაურბოდა:

- მე ვინ ვარ? ერთი უბადრუკი კაცი, - იტყოდა. ერთხელ, აღსარებაზე სულიერ შვილს შეახსენა, როგორ მოიხსენია აუგად ნათესავი და ამას არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭა და უთხრა: - გახსოვდეს, ლიდია, რომ ჩემზე და შენზე უარესი ამქვეყნად არავინაა!

ნეტარი ალექსის სულიერი მეგობრები მისი თანამედროვე ოპტელი მამები იყვნენ: - ხუცესი ანატოლი (პოტაპოვი), აწ წმინდანთა დასს შერთული (ხსენება 30 ივლისს) და იღუმენი თეოდოსი, რომელნიც ძლიერ ჰკვირვობდნენ ქალაქში მეუდაბნოეთა ღვაწლის მტვირთველი მამა ალექსით და ოპტაში მოსკოვიდან ჩასულთ ეტყოდნენ:

- ჩვენთან რისთვის მოდიხართ, როცა მოსკოვს მამა ალექსი გყავთ?!

წმინდა პატრიარქი ტიხონი მუდამ დიდ პატივს მიაგებდა და ანგარიშს უწევდა ნეტარი მამის სიტყვას.

იმ ავადსახსენებელ და საშინელ წლებში წითელმა ხელისუფლებამ ორჯერ დაკითხა წმინდა მამა და ტაძარში ხალხის მიღება აუკრძალა.

მეორედ რომ დაიბარეს, ისე მძიმედ იყო ავად, მაშინვე გაათავისუფლეს.

1923 წლის მაისის ბოლოს მამა ალექსიმ დასასვენებლად ვერეიში გადაწყვიტა წაბრძანება, სადაც, ჩვეულებისამებრ, სულს მოითქვამდა ხოლმე და იგრძნო, რომ იქაურობას სამუდამოდ ტოვებდა, ტაძარში უკანასკნელად წირა, სულიერ შვილებს დაემშვიდობა და ცრემლით გამოეთხოვა ყველას.

წმინდა მამა 1923 წლის 9 ივნისს აღესრულა, წესი იმ დღეს გადასახლებიდან დაბრუნებულმა წმინდა პატრიარქმა, ტიხონმა აუგო.

ათი წლის შემდგომ, ლაზარევის სასაფლაოს დახურვის გამო მამა ალექსისა და მისი მეუღლის სხეული კეფორტოვის სასაფლაოზე გადაასვენეს და წმინდა მამის სხეული უხრწნელად პოვეს.

წმინდა ეკლესიამ იგი 2000 წელს შერთო წმინდანთა დასს. მისი წმინდა სხეული დღემდე მოსკოვს, კლენიკის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში განისვენებს და მსწრაფლ შეეწევა ყველას, ვინაც რწმენით მიმართავს.

ბეჭდვა
1კ1