ღირსი ზოსიმე ფინიკიელი (VI) - 08 ივნისი (21 ივნისი)
ღირსი ზოსიმე ფინიკიელი (VI) - 08 ივნისი (21 ივნისი)
ეს ყოვლადსაკვირველი მამა ტომით ფინიკიელი გახლდათ და სოფელ სინადში დაიბადა.

უმწიკვლო ცხოვრებით, მარხვით, თავშეკავებით, უძილო ლოცვით და ყოველი ღვაწლით, რაიც მონაზონთ ანგელოზთ შეამსგავსებთ, ღვთისგან იმგვარი მადლი მოიმუშაკა, მომავალსაც ისევე ჭვრეტდა, როგორც - აწმყოს, მანვე იწინასწარმეტყველა ანტიოქიის 526 წლის საშინელი მიწისძვრა.

ერთხელ პალესტინის კესარიაში მოუხდა ყოფნა, სადაც საიმდროოდ წმინდა იოანე ქოზიბელი ეპისკოპოსობდა. იმ ქალაქშივე მკვიდრობდა ერთი კეთილშობილი პატრიცი, სახელად არქესილაოსი, კაცი ღირსეული და მრავალი სიკეთით შემკული, რომელსაც ღირსი ზოსიმე სტუმრობდა.

სწორედ იმ დროს, როდესაც ანტიოქია მიწისძვრამ დააქცია, ღირსმა მამამ კვნესა იწყო, მრავალი ცრემლი დაღვარა, შემდეგ მიწაზე ჯვრისებრად განერთხა და ლოცვა იწყო, ხოლო როდესაც მასპინძელი დაეკითხა:

- რად დრტვინავთ ასე, მამაოო? - ყველას გასაგონად მიუგო:

- ცხადად გავიგონე, თუ როგორ დაიქცა ანტიოქია. ეს საზარელი ხმა ახლაც ყურებში მიდგასო!

მისმა სიტყვამ შეძრა არქესილაოსი და იქ მყოფნი, მალე კი შეიტყვეს, რომ ანტიოქიას მიწისძვრა სწორედ ზოსიმეს მიერ ნაწინასწარმეტყველებ ჟამს დაემთხვა.

სხვა მრავალი საკვირველი საქმე აღასრულა წმინდა მამამ, რომელთაგან აქ მცირედს მოვიხმობთ:

ერთხელ წმინდანს პატრიციუსი არქესილაოსი ესტუმრა. მალე სტუმარს მდევარიც მოჰყვა და აუწყა, რომ მის ცოლს თვალში ჩხირი შეერჭო, რის შედეგადაც წამწამები დასცვივდა, თვალი კი - ბუდიდან გადმოუვარდა.

შეიტყო რა ამის შესახებ წმინდა იოანე ქოზიბელმა (ხსენება 3 ოქტომბერს), იქვე მყოფ მკურნალს უბრძანა, სნეულისათვის თვალი ბუდეში ჩაებრუნებინა.

ამ ამბავმა ისე შეაშფოთა არქესილაოსი, გოდება იწყო, ხოლო ოდეს წმინდა ზოსიმემ მისი წუხილის მიზეზი შეიტყო, სენაკში განმარტოვდა, ილოცა და სტუმარს სიხარულევანმა აუწყა:

- წარვედ შინ და ნუ ღელავ, რამეთუ შენი თანამეცხედრე სრულიად ჯანმრთელია, - იგი ოანემ ღვთივბოძებული მადლით განამრთელაო!

ეს ღვაწლმრავალი და საკვირველი მამა სულიერად ისე წარემატა, უდაბნოს მხეცნიც კი ჰმორჩილებდნენ.

ერთხელ, კესარიის გზას რომ დაადგა, უდაბნოში სახედარი მშიერმა ლომმა გასტაცა და შეუჭამა. ზოსიმე მის კვალს დაადგა, იპოვა და უთხრა:

- აი, რა, მეგობარო! რამდენადაც ძალზე დავიქანცე და თანაც მხცოვანი ვარ, იმ ბარგის ტარება, ჩემს სახედარს რომ ავკიდე, არ ძალმიძს, ამიტომ, თუმც კი შენს ბუნებას არ შეჰფერის, ეს ტვირთი ქალაქის კარიბჭემდე მიმიტანე, შემდეგ კი, შეგიძლია, უდაბნოში დაბრუნდე და შენი ბუნებისამებრ იმძვინვარო!

მაშინ მხეცი მის ნებას დაჰყვა, კრავივით უწყინარ იქმნა, ხუცესს მორჩილად მიუახლოვდა, ტვირთი კესარიის ჭიშკრამდე მიუზიდა და კვლავ უდაბნოს შეერთო.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1