წმინდა ეფრემი, პატრიარქი ანტიოქიისა (+545) - 08 ივნისი (21 ივნისი)
წმინდა ეფრემი, პატრიარქი ანტიოქიისა (+545) - 08 ივნისი (21 ივნისი)
ეს მაღალღირსი მამა ტიგროსის ნაპირას, ამჟამინდელ ქურთისტანში, ამიდში დაიბადა და იმპერიის აღმოსავლეთ არმიის მხედართმთავარი გახლდათ.

იმპერატორმა იუსტინე თრაკიელმა (518-527 წლები) ეფრემს 526 წლის 20 მაისს საშინელი მიწისძვრის შედეგად დაქცეული ანტიოქიის აღდგენა დაავალა (ცნობისათვის, ამ ქალაქმა მრავალი დიდი მიწისძვრა გადაიტანა, კერძოდ, - 341, 458, 525, 526, 587 და 588 წლებში).

ამ ღვთისმოყვარე, მართალი, ძალზე მოწყალე და ბრძენი კაცის ანტიოქიის პატრიარქად გამორჩევა ღვთის ნებით მოხდა, ერთ წმინდა მღვდელმთავარს გამოცხადებით რომ ეუწყა.

ეს ამბავი კი ასე მოხდა:

იმ მუშებს შორის, ვინაც ანტიოქიის აღდგენაში მონაწილეობდა, იყო ერთი ყველასათვის უცნობი ეპისკოპოსი, ფარული ღვაწლის სურვილით რომ დაეტევებინა სამღვდელმთავრო კათედრა და სხვა მუშებთან ერთად უმძიმეს სამუშაოებს აღასრულებდა.

ერთხელ, როდესაც შრომით დაღლილ ეპისკოპოსს მიწაზე მიეძინა, ნეტარმა ეფრემმა იხილა, თუ როგორ დაადგა ცეცხლოვანი, ცად აწვდომილი სვეტი თავზე...

ეს საკვირველი ჩვენება მრავალგზის განმეორდა, რამაც დიდი შიში დასცა ნეტარს.

მაშინ უხმო და გამოჰკითხა, - ვინ ხარ, საიდან მოსულხარ და რა გქვიაო?

- ამ ქალაქის უღატაკესი მკვიდრი გახლავართ და რადგან საარსებოდ არა მაბადია რა, შრომით გამაქვს თავიო!

- მერწმუნე, სანამ სიმართლეს არ გამიმხელ, არსად გაგიშვებ, - მიუგო ეფრემმა,

- ღვთის წინაშე აღმითქვი, რომ სანამ პირში სული მიდგას, რასაც გაგიმხელ, არავის ეტყვი, - სთხოვა მოხუცმა.

ნეტარმა ეფრემმა დაიფიცა და მუშამაც გაუმხილა:

- ეპისკოპოსი ვიყავ, მაგრამ ეს პატივი ღვთის გულისთვის დავუტევე, ამ უცნობ ხალხთან მოველ და თავი ამ შრომით გამაქვს, ჩემს სახელს და იმ ქალაქს, რომლის მღვდელმთავარიც ვიყავ, ვერ გაგიმხელ და გთხოვ: - ამ დღეებში ამ ქალაქის მღვდელმთავრად გამოგარჩევენ, უხვად გაეცი მოწყალება, ერეტიკოსებს ებრძოლე, მართლმადიდებლობა მტკიცედ დაიცავ და უფალს ასე სათნოეყავ!

ესა თქვა და წმინდა კაცი მის თვალთაგან მიიმალა, ფრიად განკვირვებულმა ნეტარმა კი აღმოთქვა:

- რამდენი დაფარული მონა ჰყავს უფალს, რომლის სახელნიც ოდენ მან უწყის!

საკვირველი უცნობის წინასწარმეტყველება კი მართლაც რამდენიმე დღეში აღსრულდა.

მონოფიზიტთაგან გამოწვეული მღელვარებისას ღირსმა მამამ მტკიცედ დაიცვა მართლმადიდებლობა, თავის თხზულებებში კი დაამტკიცა, რომ წმინდა პაპის, ლევის (ხსენება 18 თებერვალს) და ქალკედონის კრების ფორმულირებანი იესო ქრისტეს სახის შესახებ არანაირად არ ეწინააღმდეგებოდა წმინდა კირილე ალექსანდრიელის მტკიცებულებებს.

თავისი სიბრძნისა და სიწმინდის წყალობით წმინდა მამამ მოკლე ხანში მოჰგვარა ეკლესიას მშვიდობა და წესრიგი.

ხოლო თუ რაოდენი მოშურნეობით იცავდა მართლმადიდებლობას, ეს შემთხვევაც ცხადყოფს:

ერთხელ აუწყეს, - იეროპოლის მახლობლად ერთი მესვეტე მოსაგრეობს, რომელიც ერეტიკოსთა შხამს მოუწყლავსო.

წმინდა მამა მის სახილველად თავად წარვიდა და ცრემლით ევედრა, წმინდა ეკლესიისთვის არ ეღალატა, მაგრამ მესვეტე პასუხობდა:

- თქვენს ეკლესიას არასოდეს შევუერთდებიო!

- როგორ დაგარწმუნო შენს ცთომილებაში? - დაეკითხა ნეტარი.

- დიდი კოცონი დაანთებინე, შიგ ორივე შევიდეთ და ვინაც უვნებლად გამოვა, ხალხიც მას გაჰყვესო, - უპასუხა მესვეტემ.

მაშინვე მოატანინა ეფრემმა უამრავი შეშა, კოცონი დაანთო და მესვეტეს უხმო:

- აი, როგორც გსურდა, ცეცხლი მზადაა, ჩამოსვლას რატომღა აყოვნებ? ნუთუ, ასე არ გსურდა იმის ხილვა, თუ რომელ მხარესაა ჭეშმარიტება?

შემდეგ ილოცა, ომოფორი მოიხსნა და შუა ცეცხლში შთააგდო.

სამი საათის მანძილზე იდო მისი სამოსი კოცონის შუაგულში, მაგრამ ცეცხლი არც კი მიჰკარებია, ამის მხილველმა მესვეტემ შეინანა, წმინდა ეკლესიას დაუბრუნდა და ღირსი პატრიარქის ხელთაგან მიიღო წმინდა ზიარება.

კიდევ მრავალი საკვირველი საქმე აღასრულა წმინდა მამამ, 17 წლის მანძილზე კეთილად უწინამძღვრა სამწყსოს, ძველ დიდებაში აღადგინა ანტიოქია და 546 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1