გაიოზ მამალაძე - წმინდა დემეტრე-დამიანეს პოეზია
გაიოზ მამალაძე - წმინდა დემეტრე-დამიანეს პოეზია
დემეტრე მეფის "მრავალთაგან" ოთხი იამბიკოღაა ჩვენამდე მოღწეული. თუმცა ეს იამბიკოები იმდენად დიდებულია, რომ ქართველი ხალხის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ერთ-ერთია "შენ ხარ ვენახი", რომელიც საეკლესიო საგალობლად იქცა და ასევე მის საფუძველზე შეიქმნა ხალხური სიმღერის ვარიანტი. კომპოზიტორი უცნობია, იქნებ თვითონ მეფე-ბერი იყო კომპოზიტორი... ან ვინმე სხვა გენიოსი. დღეს ამ საგალობლის გარეშე წარმოუდგენელია საქართველო. "შენ ხარ ვენახი" არის ქართული სულის, ქართული ქრისტიანობის, ქართული პოეზიის, ქართული კულტურის, ქართული მსოფლმხედველობის, ქართული სიმბოლიკისა და საერთოდ, ქართული ტალანტის უმნიშვნელოვანესი გამოვლინება. ძალიან დიდი განძია შემორჩენი¬ლი მისი სხვა იამბიკონიც (ლექსები) - სულ ოთხია: ერთი - ასევე ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი, ხოლო ორი - შიო მღვიმელისადმი.

ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ამ იამბიკოში საოცარი პოეტური ენით გადმოცემულია ღვთისმშობლის სისპეტაკე ("ყოვლად პატიოსანი") და პოეტის (ქრისტიანთა) წარმოდგენაში ყოვლადწმინდისადმი დამოკიდებულება, ბრწყინვალე შედარება ("შვენიერი შროშანი"). მოთხრობილია ხარების სცენა და სამყაროს მეფის შობის წინასწარგანცხადება გაბრიელ ანგელოზის მიერ და სხვა ასეთივე დიდებულია "შენ ხარ ვენახიც", ბრწყინვალე შედარებებითა და პოეტიკით.

ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, შიო მღვიმელისადმი დავით აღმაშენებლის დამოკიდებულება ცნობილია. დავით მეფე განსაკუთრებით ზრუნავდა შიო მღვიმელის სახელობის მონასტერზე, სადაც თავის დროზე მოღვაწეობდა და აღესრულა დიდი მამა შიო. დავით აღმაშენებელმა "შიო მღვიმისადმი" დაწერილ ანდერძში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ მომავალ მეფეებს დიდი პატივი უნდა ეცათ შიო მღვიმის ლავრისათვის. ასეთივე აღმატებული და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩანს მისი მემკვიდრის, ბერი-მეფე დემეტრე-დამიანეს შიო მღვიმელისადმი მიძღვნილ ორ შემორჩენილ იამბიკოში: "ორბობს მოხუცი, მღვიმე ფართობს სამყაროდ". როგორც ამბობენ, ორბს ყველაზე მაღლა შეუძლია აფრენა და სამყაროს უმაღლესი სიმაღლიდან, სხვებთან შედარებით, უყურებს (სწორედ ამიტომ არის ორბი წმინდა ნინოს სიმბოლოც), შიომღვიმე კი სამყაროსაა შედარებული, "სამყაროსავით ფართოვდება". ცოტა წინ პოეტი წერს, რომ ნილოსის ნაკადულების გვარად ირწყვება ქართლი ასურელი მამის მადლით და სხვა.

მეორე იამბიკოში შიო მღვიმელისადმი შიო მღვიმელის სასწაულმოქმედი ძალა შესანიშნავი პოეტური და "ზღაპრული" სიუჟეტებითაა გადმოცემული - მუმლზე იჯდა და მინდორში მისდევდა ქურციკს, ან ზღვაზე მიაჭენებდა ცხენს.

ძალიან სამწუხაროა, რომ დემეტრე მეფის სხვა ნაწარმოებები არ შემორჩა. საერთოდ, დიდი საუნჯე გვაქვს დაკარგული ქართველებს. თუმცა რაც გვაქვს, მთელ რასას ეყოფოდა.

გავიხსენოთ საქართველოს იმპერატორი, მეფე-ბერი დიმიტრი-დამიანე და მისი იამბიკოები, რაც შემორჩენილია. ეს შედევრები დიდ სულიერ სიამოვნებას მოგვანიჭებს.

შიო მღვიმელისა

შენისა დაფნისა იშიოებს ასურსა, ისავსებს ქართლი ნილოისა ნაკადულთაებრ. ორბობს მოხუცი, მღვიმე ფართობს სამყაროდ, იბერწისწულებს მრავლად უდაბნოს ესე, სულსა აღმრთისებს, მტვერისა მტვერად დამტევი.

შიო მღვიმელისა

ცასა ბეჭვითა ეკიდა, ვნახე, კაცი და მასვე კაცსა შუბის წვერს ედგნეს დარბაზნი, მუმლსა ზედა ჯდა, მინდორს სდევდა ქურციკთა, და ზღვასა ზედა მოარბევდა ცხენითა, და ესრეთ ღაღადებდა: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ!

ღმრთისმშობლისა

ღმრთისმშობელი და ყოვლად პატიოსანი დედა, ქალწული, შვენიერი შროშანი, მას ახარებდა ანგელოსი ფრთოსანი: შენგან იშვების მეფე გვირგვინოსანი, და მას ჰმონებდეს მეფე მრავალყმოსანი.

ღმრთისმშობლისა

შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული, მორჩი კეთილი, ედემში დანერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული.

ბეჭდვა
1კ1