ღირსი ევფროსინე ფსკოველი, სასწაულმოქმედი (+1481) და მისი მოწაფე და თანამოსაგრე, სერაპიონ ფსკოველი (+1480) - 15 მაისი (28 მაისი)
ღირსი ევფროსინე ფსკოველი, სასწაულმოქმედი (+1481) და მისი მოწაფე და თანამოსაგრე, სერაპიონ ფსკოველი (+1480) - 15 მაისი (28 მაისი)
წმინდა ევფროსინე, ერისკაცობაში ელეაზარი, 1386 წელს დაიბადა ფსკოვის სიახლოვეს მდებარე სოფელ ვიდელში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა არაამსოფლიურობით: უარს ამბობდა ტკბილეულზე და ბავშვურ თამაშს ეკლესიაში სიარული ერჩივნა. წმინდანმა ღრმად შეისწავლა წმინდა წერილი. როცა დრო მოუვიდა, მშობლებმა მისი დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ სახლიდან გაიქცა და ფსკოვთან ახლოს სნეტოგორის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მივიდა და მონაზვნად აღიკვეცა. ყველგან რა საქმესაც დაავალებდნენ, დიდის მორჩილებით ასრულებდა. ახალგაზრდა მონაზონს სახელი გაუვარდა. რამაც დაამწუხრა წმინდანი დ უფრო დაყუდებული ცხოვრებისთვის წინამძღვრისგან კურთხევა გამოითხოვა.

1425 წელს მდინარე ტოლვოსთან შესაფერისი ადგილი მონახა და დაიწყო ღვთივსათნო ცხოვრება. დედამისმა მისი ადგილსამყოფელი შეიტყო, მივიდა და კელიაში ჩაკეტილ შვილს სთხოვა, დანახვებოდა. წმინდანმა დედას უთხრა: თუ ამ სოფელში მნახავ, იმ ქვეყანაში ვეღარ მიხილავო. შვილის რჩევით, წმინდა ევფროსინეს დედა მონასტერში წავიდა და იქ ცხოვრობდა ვიდრე აღსასრულამდე.

განმარტოებით მოსაგრეობის დაწყებიდან რამდენიმე ხანში ევფროსინეს მონაზონი სერაპიონი შეუერთდა და მის სულიერ წინამძღვრობას დაემორჩილა. წმინდა სერაპიონი იურევოში, დღევანდელ ტარტუში დაიბადა, რომელიც გერმანელების მფლობელობაში იყო, რომლებიც მართლმადიდებლობის აღმოფხვრას ცდილობდნენ. მისი მშობლები მართლმადიდებლები იყვნენ და შვილსაც წმინდა წერილი შეაყვარეს. წმინდა სერაპიონი არაერთხელ გამოსულა მართლმადიდებლობის დასაცავად. როცა მისი სხვა რწმენაზე ძალით მოქცევა დააპირეს, ის ტოლვის უდაბნოში წმინდა ევფროსინესთან მივიდა და 55 წელი განუშორებლად მის გვერდით იცხოვრა როგორც სულიერმა შვილმა, თანამოსაგრემ და მეგობარმა.

მამა სერაპიონს სხვებიც შემოუერთდნენ, და დაემორჩილნენ წმინდა იოსებ ვოლოცკელის დადგენილ მკაცრ ტიპიკონს. 1447 წელს წმინდა ევფროსინემ წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ბასილი დიდი და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი იხილა და მათ პატივსაცემად ტაძარი ააშენა. 1480 წლის 8 სექტემბერს დიდად ნაღვაწმა მამა სერაპიონმა ღვთივ განისვენა. წმინდა ევფროსინემ საკუთარი ხელით მიაყარა სულიერ შვილს მიწა. მერე თვითონაც იგრძნო აღსასრულის მოახლოება, წინამძღვრობა სულიერ შვილს - ეგნატეს ჩააბარა. თვითონ კი ფსკოვის ტბის პირას დაეყუდა. 1481 წლის 15 მაისს წმინდა ევფროსინე 95 წლისა მშვიდობით აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1