ღირსი ალექსანდრე - მღვიძარეთა სავანის წინამძღვარი (+430) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი ალექსანდრე - მღვიძარეთა სავანის წინამძღვარი (+430) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
ძველი სტილით 23 თებერვალს ეკლესია იხსენიებს წმინდა ალექსანდრეს, მღვიძარეთა მონასტრის დამაარსებელს. მღვიძარეთა მონასტერი წმინდა ალექსანდრემ დაახლოებით IV საუკუნის ბოლოსა და V საუკუნის დასაწყისში დააარსა ევფრატის სანაპიროზე. "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, მიქაელ მთავარეპისკოპოსი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვახტანგ გორგასალს, გაიწვიეს ანტიოქიაში, საიდანაც ის მღვიძარეთას მონასტერში გაამწესეს.

აბბა ალექსანდრე დაიბადა აზიაში, მან ბავშვობა გაატარა ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე. ალექსანდრემ იმ დროისათვის კონსტანტინოპოლში კარგი განათლება მიი¬ღო. მშობლები ცდილობდნენ მისთვის სამხედრო კარიერა გაეკეთებინათ. ერთხანს მხედრადაც მსახურობდა პრეფექტ პრეტორის ზედამხედველობით. სამხედრო სამსახური ალექსანდრეს სულიერ მისწრაფებას ვერ აკმაყოფილებდა. მისი სული სხვა სარბიელს ითხოვდა. ალექსანდრემ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და ანტიოქიის მახლობლად ერთ-ერთ სავანეში მონაზვნობა შეიმოსა და იღუმენ ილიას ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას.

მონასტერში ოთხი წლის ცხოვრების შემდეგ ალექსანდრემ აღმოაჩინა, რომ სამონასტრო ცხოვრება გარკვეულწილად ითხოვდა ზრუნვას მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ეს კი, მისი აზრით, ეწინააღმდეგებოდა სახარებისეულ სწავლებას, "არ იზრუნოთ ხვალისათვის". ბერმა დატოვა მონასტერი და უდაბნოს მიაშურა. უდაბნოში წმინდა სახარება მხოლოდ გაიყოლა. დამწყებ მეუდაბნოეს სურდა, სიტყვა-სიტყვით მიჰყოლოდა წმინდა წერილს და მხოლოდ მის თანახმად ეცხოვრა. შვიდი წელი დაჰყო ალექსანდრემ უდაბნოში, მას კვლავ იღუმენი ილია წინამძღვრობდა და აძლევდა სულიერ რჩევა-დარიგებებს და კურთხევებს.

მეუდაბნოე ბერმა გადაწყვიტა მქადაგებლური, სამოციქულო ღვაწლიც ეკისრა და უფლის კურთხევით, შუამდინარეთის ერთ-ერთ ქალაქში ჩავიდა. აქ მან საკუთარი ხელით დაანგრია წარმართული კერპები, ქრისტიანობაზე მოაქცია ქალაქის თავი რაბულა, რომელმაც შემდგომ მღვდელმთავრის ხარისხიც მიიღო და 30 წელი განაგებდა ედესის საეპისკოპოსო კათედრას.

ბოლოს, ღირსი ალექსანდრე მდინარე ევფრატის მახლობლად დაემკვიდრა. მალე მის ირგვლივ ძმები შემოიკრიბნენ. ჩამოყალიბდა მონასტერი, რომელიც 400-850 მდე ბერს ითვლიდა. მაშინ საღვთო შურით ანთებულმა იღუმენმა გადაწყვიტა, სავანეში უფლის დაუდუმებელი დიდება განეწესებინა და სამი წელი შესთხოვდა უფალს, განეხორციელებინა, სათნოეყოფოდა თუ არა მას მისი განზრახვა. ბოლოს, ზეგარდამო კურთხევით, ძმები დაჰყო 24 ჯგუფად, რომლებიც დღე-ღამის ყოველი საათის განმავლობაში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და დაუსრულებლად აღუვლენდნენ ფსალმუნის გალობას მეუფეს. გამონაკლისს შეადგენდა ის საათები, როცა ტაძრებში ღვთისმსახურება აღესრულებოდა. სწორედ აქედან მოდის მონასტრის სახელიც - "მღვიძარეთა".

20 წელი განაგებდა ღირსი ალექსანდრე ევფრატის სანაპიროზე მდებარე სავანეს. შემდეგ თავის მოწაფეს, გამოცდილ ბერს - ტროფიმეს გადააბარა წინამძღვრობა, თვით კი სპარსეთის მოსაზღვრე ქალაქები მოიარა სახარების ქადაგებით. ასე ჩააღწია ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლამდე, სადაც ზღვის ნაპირზე დააარსა სტუდიის მონასტერი უძინართა ტიპიკონით, რომელიც მისმა მემკვიდრემ ბითვინიაში გადაიტანა. იგი განსაკუთრებით აყვავდა ღირსი მარცელუსის წინამძღვრობის დროს, რომელმაც ალექსანდრეს მემკვიდრე იოანე შეცვალა.

ალექსანდრე უფალთან წარდგა ღრმა მოხუცებულობაში, 430 წელს.

წმინდა ალექსანდრეს ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1