სირიელი მეუდაბნოე მამები: ღირსნი - იოანე, ანტიოქე, ანტონინე, მოსე, ზევინი, პოლიქრონი, მეორე მოსე და დამიანე (V) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
სირიელი მეუდაბნოე მამები: ღირსნი - იოანე, ანტიოქე, ანტონინე, მოსე, ზევინი, პოლიქრონი, მეორე მოსე და დამიანე (V) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი იოანე, ანტიოქე, ანტონინე, მოსე, ზევინი, პოლიქრონი, მეორე მოსე და დამიანე V საუკუნეში მოღვაწეობდნენ სირიის უდაბნოში. სირიელი მეუდაბნოე (V ს.) ღირსი იოანე წმინდა ლიმნეის მოწაფე იყო. იოანე მოძღვარს ჰბაძავდა ცხოვრების წესში. მან "მიუსაფარი ცხოვრების" ღვაწლი იტვირთა. ღია ცის ქვეშ, მთის მწვერვალზე დაემკვიდრა და აქ 25 წელი დაჰყო. ღირსი მამა მხოლოდ პურითა და მარილით იკვებებოდა და სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდა. ღირსი იოანე მზის სხივებს არასდროს ერიდებოდა, არ ეძებდა ჩრდილს გასაგრილებლად. ერთხელ მასთან სტუმრად მოსულმა ერთმა მოსაგრემ მთაზე ნუშის ხე დარგო, რომ პაპანაქების დროს ჩრდილში თავის შეფარება შეძლებოდა, მაგრამ წმინდანმა ბრძანა, ხე მოეჭრათ - სხეულს ოდნავი განსვენების ნებაც არ მისცა. ასე მძიმე ასკეტური ცხოვრებით იცხოვრა და მოხუცებულმა შეჰვედრა სული უფალს.

ღირსი მოსე წმინდა იოანეს მიბაძვით მთის მწვერვალზე დაემკვიდრა სოფელ რამის მახლობლად.

ამგვარივე ღვაწლი იტვირთა ღირსმა ანტიოქემ, დაიწყო მოსაგრეობა ღია ცის ქვეშ სირიის მთებში. მის ახლოს დასახლდა მოხუცი ანტონინე, რომელიც მიუხედავად ასაკისა, არ ჩამოუვარდებოდა ანტიოქეს მოსაგრეობაში. მოხუცი ბერები უფლის სიყვარულის გამო მამაცურად იტანდნენ მძიმე კლიმატურ პირობებს, ღამეებს ლოცვაში ატარებდნენ, იცავდნენ მკაცრ მარხვას. ორივე ბერი ღრმა მოხუცებულობამდე ახოვნად მოსაგრეობდა და სულის სიმტკიცის მაგალითს იძლეოდა.

ღირსი ზევინიც იმავე მთაზე მოღვაწეობდა. დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებდა. არ ჯდებოდა, სიბერისას, ხანდახან მხოლოდ ჯოხს ეყრდნობოდა და ისე ლოცულობდა. მოსაგრე ბერი გამუდმებით მარხულობდა. მამა ზევინი სიყვარულით იღებდა მნახველებს, აძლევდა სულისთვის სასარგებლო რჩევებს, თუმცა ხანგრძლივად არ ესაუბრებოდა, რათა უფალთან ლოცვითი კავშირი არ გაეწყვიტა. როცა მოსაღამოვდებოდა, ღირსი მამა სტუმრებს სთხოვდა, მასთან ერთად ელოცათ, რაზედაც ბევრი მათგანი საქმეს იმიზეზებდა და ტოვებდა მოსაგრის სამოღვაწეო მთას. მათ არ შეეძლოთ ღირსი მამის მსგავსად ლოცვაში გაეთენებინათ. მამა ზევინმა ღრმა სიბერემდე იცხოვრა, ღირსი მამის სავანის ახლომახლო მკვიდრნი დიდ პატივს მიაგებდნენ წმინდანს და მისი ლოცვებით განსაცდელებში შეწევნას იღებდნენ. ღირს ზევინს ორი გამორჩეული მოწაფე ჰყავდა: პოლიქრონიოსი და დამიანე. ორივე მოძღვრის კვალს გაჰყვა, მკაცრი ასკეტური ცხოვრებით მოიპოვეს ცათა სასუფეველი. წმინდა პოლიქრონიოსმა მოძღვრის მსგავსად მარხვისა და ღამისთევის ღვაწლი იტვირთა. ბერი ბორკილებს არ ატარებდა, მაგრამ ლოცვის დროს ბეჭებზე მუხის დიდ ფესვს იდებდა, რომელიც თვითონ ამოთხარა მიწიდან. ერთხელ, გვალვის დროს, წმინდა მამის ლოცვით წვიმა მოვიდა, ქვის ცარიელი ჭურჭელი კი, გლახაკთა შესაწევნად ზეთით აავსო. პოლიქრონიოსი სიბერის ჟამს დაიყოლიეს ერთ პატარა სახლში ეცხოვრა. იმ დროისათვის ბერი უკვე დასნეულებული იყო. ღირს მამასთან ერთად ცხოვრობდა მისი მოწაფე მოსე, რომელიც ცდილობდა, ყველაფერში მიებაძა მოძღვრისთვის და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა.

მამა ზევინის მეორე მოწაფე, ღირსი დამიანე იერად წოდებულ სავანეში დაემკვიდრა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. წმინდა მამას კელიაში ოსპის ერთი მომცრო ყუთი ჰქონდა, რომელიც მისი ერთადერთი საკვები იყო.

ბეჭდვა
1კ1