წმინდა მელეტი - ხარკოვის მთავარეპისკოპოსი (+1840) - 12 (25) თებერვალი
წმინდა მელეტი - ხარკოვის მთავარეპისკოპოსი (+1840) - 12 (25) თებერვალი
წმინდა მელეტი (ერისკაცობაში მიხეილ იოანეს ძე ლეონტოვიჩი) 1784 პოლტავის ოლქში დაიბადა ვაჭრის ოჯახში. მას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის პატივსაცემად მი ქაელი უწოდეს. მათი გვარი დიდებულთა წრეს ეკუთვნოდა, თუმცა მომავალი მღვდელმთავრის პაპა და ბიძა მღვდლები იყვნენ. მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ გაჭირვებით გაზარდა. მან განათლება სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში მიიღო და შემდეგ კიევის სასულიერო აკადემიაში ინსპექტორად მსახურობდა. 1820 წელს წმინდა მელეტი მონაზვნად აღიკვეცა და შემდეგ წელს ის მოგილევის სემინარიის რექტორად დანიშნეს. წმინდანი მოსაგრეობითა და იესოს ლოცვისადმი გულმოდგინებით გამოირჩეოდა. ის ჯერ მოგილევოში კუტენის მონასტრის არქიმანდრიტად დანიშნეს, მერე ფსკოვის მაცხოვრის მონასტერი ჩააბარეს. 1824 წელს ქალაქ კიევის სასულიერო აკადემიის რექტორად დანიშნეს და ბრატის მონასტრის წინამძღვრობა ჩააბარეს. ოთხი წლის შემდეგ პერმის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმინდანმა გამოცდილებით იცოდა, რომ სამღვდელოების განსწავლა აუცილებელი იყო მათი უკეთ მსახურებისთვის, ამიტომ სემინარია დააარსა და დიდ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენდა ღარიბთა წრიდან გამოსულ სასულიერო პირებზე. წმინდა მელეტი მამობრივად ზრუნავდა ახალგაზრდა სემინარიელებზე და მათში ეკლესიისადმი ერთგულებას ნერგავდა. წმინდანი ბევრს ეხმარებოდა ქვრივ-ობლებს, გლახაკებს და ხშირად ნახულობდა პატიმრებს და მათ სანუგეშოდ ციხის ეკლესიებში ღვთისმსახურებას ატარებდა. არანაკლებ ზრუნავდა წმინდა მიქაელის სახელობის მონასტრის საძმოს სულიერი გამოკვებისთვის. დარიგებებით და პირადი მაგალითით იგი მათში ჭეშმარიტი მოსაგრეობის სულს აღძრავდა. წმინდა მელეტი ამბობდა: "თავმდაბლობა - მცველი მახვილია, მასთან ერთად უსაფრთხოდ გაივლი მიწას, ჯოჯოხეთს და ახვალ ზეცაში".

1831 წელს წმინდა მელეტი ირკუტსკის მთავარეპის-კოპოსად დანიშნეს და მან იქ გააგრძელა თავისი წინამორბედების მისიონერული ტრადიციები. ირკუტსკში ცხოვრების ოთხი წელი მისთვის მართლაც გოლგოთის გზად იქცა. ეპარქიაში გაბატონებული იყო ლამაიზმი და მასთან თავგანწირული ბრძოლა ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ერთხელ ლამებმა მკვლელი შეუგზავნეს და სწორედ მაშინ შეიპყრეს, როცა მღვდელმთავრის კელიაში შეიპარა.

ხარკოვის საეპისკოპოსო კათედრაზე გადაიყვანეს და შეძლო თავისი ქადაგებებით მრევლისა და სამღვდელოების ზნის გამოსწორება. თავისი სათნოებებითა და დაფარულმცოდნელობით ხალხის საყოველთაო პატივისცემა გამოიწვია.

წმინდა მელეტი მძიმედ დასნეულდა და 1840 წლის 29 თებერვლის ღამეს გარდაიცვალა, ის ხარკოვის ღვთისმშობლის საფარველის მონასტრის ეკლესიის კრიპტში დაკრძალეს და მისგან მრავალი სასწაული აღესრულა. 1948 წელს მისი უხრწნელი სხეული ტაძარში გადაასვენეს, რათა ხარკოველ ქრისტიანებს ადვილად შეძლებოდათ მასთან მიახლება. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მთავარეპისკოპოსი მელეტი 1978 წელს წმინდანად შერაცხა.

წმინდა მელეტის ეკლესია წელიწადში ორჯერ იხსენიებს: 12 თებერვალს - სახელობის დღეს და 29 თებერვალს - გარდაცვალების დღეს. არანაკიან წელიწადს კი მისი ხსენება 28 თებერვალსაა.

ბეჭდვა
1კ1