წმინდა ანტონი (მეტსახელად კავლეა) კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+885) - 12 (25) თებერვალი
წმინდა ანტონი (მეტსახელად კავლეა) კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+885) - 12 (25) თებერვალი
წმინდა ანტონის მშობლები ფრიგიიდან იყვნენ, ისინი სამშობლოდან ხატმებრძოლებს გამოერიდნენ და კონსტანტინოპოლის გარეუბანში დასახლდნენ. დაახლოებით 829 წელს მათ ანტონი შეეძინათ. ანტონს დედა მალე მოუკვდა და მამამ გაზარდა. იმ დროს როცა მისი თანატოლი ბავშვები თამაშობდნენ, ყრმა ანტონი წმინდა წერილს სწავლობდა, მღვდლებს აკვირდებოდა და ჰბაძავდა, ყურადღებით უცქერდა, როგორ ატარებდნენ პროსკომიდიას, როგორ ეპყრათ საცეცხლური, მოკლედ ყველაფერს იმახსოვრებდა თუ როგორ ატარებდნენ საღმრთო ლიტურგიას.

ამგვარად, ღვთის მადლი სიყმაწვილიდანვე ამზადებდა მას საღმრთო ლიტურგიის ჩასატარებლად. სრულ ასაკს რომ მიაღწია, წმინდა ანტონი კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ სავანეში აღიკვეცა მონაზვნად და მხნედ შეუდგა მოსაგრეობას. მარხვით და მღვიძარებით ყოველდღიურად მოაკვდინებდა ხორცს. თავისი გამკაცრებული ღვაწლით მალე მიიქცია ყურადღება და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ჯერ ხუცად დაასხეს ხელი, შემდეგ კი პატრიარქის ბრძანებით, იღუმენად დაადგინეს. ამ დროს უკვე წმინდა ანტონის მამაც ბერად აღიკვეცა.

იღუმენობის ახალი ტვირთის ზიდვასთან ერთად წმინდა ანტონმა თავისი ღვაწლი ჩვეულებისამებრ განაგრძო, მუდმივად მღვიძარებდა, მარხულობდა, მოუკლებელად ლოცულობდა და რაც მნიშვნელოვანია - თვისი ხელით ურიგებდა გლახაკებს მოწყალებას. ერთხელაც მას ვიღაცამ ოქროთი სავსე ტომარა მოუტანა და უთხრა: - ეს გლახაკებს დაურიგეო. ამასთან, წმინდანმა მხოლოდ ხელი დაინახა, რომელმაც ტომარა მიაწოდა, ხოლო მიმწოდებელი უჩინო შეიქნა. მას მერე წმინდანი უფრო უხვად გასცემდა მოწყალებას.

როცა კონსტანტინოპოლის პატრიარქი გარდაიცვალა, წმინდა ანტონი იმპერატორმა და ეპისკოპოსთა კრებამ ერთხმად აიყვანეს პატრიარქის ტახტზე.

ამ დროს წმინდა ანტონი უკვე მოხუცებული იყო, სნეული, და მიუხედავად თავისი ხორციელი უძლურებისა, სულით ძლიერმა მღვდელმთავარმა, თავისი საპატრიარქოს ყველა ტაძარი მოილოცა, და მისი მსახურნი პირადი მაგალითით გააძლიერა. ხედავდა რა სამღვდელოების შეჭირვებას, მათ მატერიალურად უხვად ეხმარებოდა და გამოჰყავდა ისინი ამ მდგომარეობიდან. ეკლესიაში შესვლისას მას მუდამ ათასობით გლახაკი ხვდებოდა და ყველას მოწყალებას ურიგებდა. მოკლედ იგი ბევრისთვის ბევრ რამეში მსახური იყო. თავისი პატრიარქობის ორი წელი ეკლესიაში მშვიდობის დამყარებას მიუძღვნა, რომელიც ჯერ კიდევ გაყოფილი იყო წმინდა ფოტის და წმინდა ეგნატეს ფანატიკურად განწყობილი მომხრეებისაგან. წმინდანმა ბევრი დაძველებული ეკლესია განაახლა და მრავალი მონასტერი დააარსა, სადაც შემდგომში ყოველწლიურად იხსენიებდნენ. სიკვდილის წინ ავად გახდა და 895 წელს აღესრულა. მისი სიკვდილი რომ გაიგო ერთმა ფეხმოტეხილმა ქალმა, შეწევნა სთხოვა და წმინდანმა იგი ძილში განკურნა.

ბეჭდვა
1კ1