წმინდა ალექსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი - 12 (25) თებერვალი
წმინდა ალექსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი - 12 (25) თებერვალი
წმინდა ალექსი (ერისკაცობაში ელეფთერი) დაიბადა მოსკოვში 1300 წელს ბოიარ თეოდორე და მარიამ ბიაკონტების ოჯახში. მამამისი თეოდორე ჩერნიგოველი თავადი იყო. მამამისი სამშობლოდან ავაზაკთა თავდასხმებს გამოექცა და თავი მოსკოვის თავადს წმინდა ალექსანდრე ნეველის ვაჟს დანიელს შეაფარა, რომლის შვილი იოანე ყრმა ელეფთერის ნათლია გახდა. მშობლებმა მას იმდროისთვის შესაფერი განათლება მისცეს. ერთხელ თორმეტი წლის ელეფთერმა ჩიტების დასაჭერად ბადეები დააგო. ამ დროს ყრმას ჩაეძინა და ძილში ხმა გაიგონა: "ალექსი! ამაოდ რად ირჯები? მე შენ ადამიანთა მებადურს გაგხდი", როცა გამოიღვიძა ყმაწვილმა, ვერავინ დაინახა და ძალზე გაოცდა, მას მერე ხშირად ფიქრობდა, რას ნიშნავდა ეს ხმა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა ღმერთი, ამიტომაც უარი თქვა ქორწინებაზე, დაუტევა მშობლები და გადაწყვიტა მხოლოდ ღვთისთვის ემსახურა. 1320 წელს ის მოსკოვის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და მას სიზმარში გაგონილი სახელი - ალექსი უწოდეს. მაშინ მონასტრის წინამძღვარი წმინდა სერგი რადონეჟელის ხორციელი ძმა სტეფანე გახლდათ. მან თვითონვე აღკვეცა ბერად ოცი წლის წმინდა ალექსი.

მას მერე ორმოცი წლის ასაკამდე წმინდა ალექსი დაუცხრომლად იღვწოდა; მარხულობდა, ლოცულობდა, მოსაგრეობდა, ისე როგორც ჭეშმარიტ მონაზონს შეჰფერის, ბევრს უკვირდა მისი მოშურნეობის. წმინდა ალექსის პატივს სცემდნენ მისი ღვთივსათნო ცხოვრების გამო, მათ შორის იყო თვით მოსკოვის დიდი თავადი სიმეონი და მიტროპოლიტი თეოგნოსტე. ამ სათნოებების გამო წმინდა ალექსი ვლადიმირის მიტროპოლიტად დაადგინეს. იმავდროულად მასვე დაავალეს საეკლესიო სასამართლოს გაძღოლა და მანაც იმდენი უნარი გამოიჩინა საეკლესიო საქმეების მართვაში, რომ მოხუცმა და ავადმყოფმა თეოგნოსტემ მისი კანდიდატურა წარუდგინა კონსტანტინოპოლის პატრიარქს, როგორც თავის მემკვიდრისა.

1353 წელს თეოგნოსტე გარდაიცვალა და, საეკლესიო კრების დადგენილებით, წმინდა ალექსი აირჩიეს მიტროპოლიტად და კურთხევისთვის კონსტანტინოპოლის პატრიარქს ფილოთეოსს გაუგზავნეს. ფილოთეოსმა ის კიევის და მთელი რუსეთის მიტროპოლიტად აკურთხა. წმინდა მიტრო-პოლიტი უფრო დიდ ღვაწლს შეუდგა, და ყველასთვის სამაგალითო იყო თავისი სიტყვითა და საქმით, რწმენით და სიწმინდით, სულითა და სიყვარულით. მის შესახებ თვით მაჰმადიანებმაც კი შეიტყვეს. თათართა ხანის ჯანიბეკ თაიდულის ცოლი სამი წელი ბრმა იყო. მან შეიტყო, რომ წმინდა ალექსის ლოცვით ღმერთი მრავალ სასწაულს მოიმოქმედებს, ამიტომ მოსკოვის დიდ მთავარს დიმიტრი იოანეს ძეს თხოვნა გამოუგზავნა, რომ მასთან წმინდა ალექსი გაეშვა, რათა დედოფლის გამოჯანმრთელებისთვის ელოცა. ამას¬თან, ჯანიბეკმა დაუმატა:

- თუ დედოფალი განიკურნება იმ კაცის ლოცვით, მაშინ ჩემთან მშვიდობა გექნება. ხოლო მას თუ არ გამომიგზავნი, მაშინ ცეცხლითა და მახვილით გავანადგურებ შენს ქვეყანას.

წმინდა ალექსი შეაწუხა ამ ამბავმა, თქვა, ეს ჩემს ძალებს აღემატებაო. მაგრამ დიდი თავადის თხოვნით მაინც გაემგზავრა ჯანიბეკის ცოლთან. წასვლის წინ სამღვდელოებასა და მრევლთან ერთად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში პარაკლისი გადაიხადა, რომლის დროსაც წმინდა პეტრეს ლუსკუმის წინ თავისით აინთო სანთელი. წმინდა ალექსი მიხვდა, რომ მოგზაურობა მშვიდობიანად დამთავრდებოდა.

იმავე სანთლიდან პატარა სანთელი გააკეთა და ურდოში გაემგზავრა ღვთის მოწყალებას მინდობილი.

ვიდრე ნეტარი ურდოში ჩავიდოდა, დედოფალმა ძი-ლში წმინდა ალექსი იხილა სამღვდელოებასთან ერთად და როცა გამოიღვიძა, ბრძანა ძვირფასი შესამოსლები დაემზადებინათ მასთან მომავალი სამღვდელოებისთვის. ჯანიბეკი დიდი პატივით შეხვდა წმინდა ალექსის და თავის პალატში შეიყვანა მღვდელმთავარი. წმინდანმა სწორედ ის პატარა სანთელი აანთო და სავედრებელი ლოცვა დაიწყო. ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ, მან დედოფალს ნაკურთხი წყალი ასხურა და მას თვალთ აეხილა. გახარებულმა ჯანიბეკმა წმინდა ალექსი და მასთან მყოფი სამღვდელოება უხვად დააჯილდოვა და მშვიდობით გამოუშვა. მაგრამ გარკვეული დროის მერე წმინდა ალექსის ურდოში დაბრუნება მოუწია. ხანი ჯანიბეკი მოკვდა და ტახტზე მისი ძე სასტიკი და სისხლმოწყურებული ბერდიბეკი ავიდა. მან თავისი თორმეტი ძმა მოკლა და ახლა რუსულ მიწებზე აპირებდა გალაშქრებას. წმინდა ალექსიმ თავისი მშვიდი და ბრძნული საუბრით დააცხრო მძვინვარე ხანი და ქრისტიანებისთვის სასურველი ზავი გამოითხოვა. წმინდა ალექსი მოსკოვში დაბრუნდა, რადგან მტრის ხშირი შემოტევის გამო, წმინდა პეტრემ აქ გადმოიტანა კიევის მიტროპოლი-ტის საყდარი.

დიდი თავადის გარდაცვალების შემდეგ, მისი მცირეწლოვანი ვაჟის დიმიტრის (მომავალი დონელის აღზრდა წმინდა ალექსიმ ითავა. მანამდე ათი წელი რუსეთის დიდი მთავარი დიმიტრი სუზდალელი იყო. ამასობაში ურდოში არეულობა გრძელდებოდა, ყოველ წელიწადს ახალი ხანი ჩნდებოდა, რომელიც წინას ანადგურებდა. 1362 წელს ერთ-ერთი ხანისაგან ახალგაზრდა დიმიტრიმ რუსეთის დიდი მთავრის წოდება მიიღო, დიმიტრი სუზდალელს ვლადიმირიდან წასვლა აიძულა. წმინდა ალექსიმ სიხარულით აკურთხა თავისი აღზრდილი და შემდგომში ბევრი იშრომა, რომ დაეშოშმინებინა ურჩი მთავრები, რომელთაც მოსკოვის ძალაუფლების აღიარება არ უნდოდათ. წმინდანის ლოცვითა და შრომით გაძლიერდა და გაიზარდა დიდი მთავრის ხელისუფლება.

წმინდა ალექსიმ მრავალი ეკლესია-მონასტერი ააშენა და აღადგინა, მათ შორის იყო მდინარე იაუზის ნაპირას აშენებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარი. ამით აასრულა მან თავისი აღთქმა, რომელიც კონსტანტინოპოლში მიმავლმა დადო, როცა მიტროპოლიტად უნდა ეკურთხებინათ. მაშინ აბობოქრებული ზღვა შთანთქმით ექადოდა გემს, რომლითაც წმინდა ალექსი კონსტანტინოპოლში მიემგზავრებოდა. მაშინ წმინდა ალექსიმ აღთქმა დადო, იმ წმინდანის სახელზე აეგო ტაძარი, რომლის ხსენების დღესაც გემი ნაპირს მიადგებოდა. ეს კი 16 აგვისტოს მოხდა. ხელთუქმნელი ხატის ხსნების დღეს.

წმინდა ალექსი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1378 წლის 12 თებერვალს. ოცდაოთხწლიანი მღვდელმთავრობის მერე მშვიდობით განისვენა უფლის მიერ.

ორმოცდაათი წლის შემდეგ, როცა მისი საფლავი გახსნეს, წმინდანის სხეული უხრწნელი აღმოჩნდა. მრავალი სასწაული აღესრულა როგორც მის წმინდა ნაწილებისგან, ასევე მისი ანაფორიდან. ამის მერე წმინდა ალექსი მის სახელზე აშენებულ ეკლესიაში დაკრძალეს და დღემდე ღვთის სადიდებლად მრავალ სასწაულს აღასრულებს.


ბეჭდვა
1კ1