ღირსი ნეოფიტე ვათოპედელი - 21 იანვარი (3 თებერვალი)
ღირსი ნეოფიტე ვათოპედელი - 21 იანვარი (3 თებერვალი)
წმინდა ნეოფიტე ვათოპედელი ათონის ვათოპედის სავანის მნათე იყო.

ვათოპედის წმინდა მონასტერი ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ბორცვზე მდებარეობს და ზღვას დაჰყურებს. იგი დაახლოებით 972-985 წლებში დააარსა სამმა მდიდარმა და წარჩინებულმა ადამიანმა - ათანასემ, ნიკოლოზმა და ანტონიმ. ისინი მობრძანდნენ აქ, რათა ეცხოვრათ მონასტრული ცხოვრებით. წმინდა ათანასეს დროინდელ ტიპიკონში (1045 წ.) ვათოპედს წმინდა მთის მონასტრებს შორის მეორე ადგილი ეჭირა, რომელიც დღემდე შეინარჩუნა.

XII-XIII საუკუნეების ყველაზე პატივცემული სერბი წმინდანები - საბა და სვიმეონი, ვათოპედის მონასტრის ძმები იყვნენ. სერბი მეფე სტეფანე დუშანის მრავალრიცხოვან შეწირულობას შორის, რომელიც მან XIV საუკუნეში მონასტერს მიუძღვნა, მოიხსენიება სოფელი აგიოს მამი. მონასტრისთვის სახსრის შეწირვა შემდგომ საუკუნეებში სხვა სერბმა მმართველებმაც გააგრძელეს.

ვათოპედს მძიმე დროც ახსოვს - კატალონიელი მეკობრეები და თურქები თავს ესხმოდნენ და უმოწყალოდ არბევდნენ სავანეს. მაგრამ ამან მონასტრების აყვავებას ვერ შეუშალა ხელი. პირიქით, სხვადასხვა დროს მის მფლობელობაში შევიდნენ მონასტრები: ქალკეი, ვერიოტი, იეროპატორი, კალეტი, წმინდა დიმიტრის სახელობისა, ქსისტრი, ტრიპოლიტი და ტროქალი. ბიზანტიის იმპერატორები არ იყვნენ ამ სავანის მიმართ მაინცდამაინც ხელგაშლილნი. პოსტბიზანტიურ პერიოდში მონასტრებს მფარველობდნენ დასავლელი მბრძანებლები.

ვათოპედის საძმოს წევრი იყო XV საუკუნის წმინდანი მაქსიმე ბერძენი. 1749 წელს, საბერძნეთისთვის მძიმე დროს, სწორედ აქ გაიხსნა ცნობილი ათონის აკადემია.

X საუკუნეში აშენდა მონასტრის მთავარი ტაძარი - ყო¬ვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობისა. მისი უძველესი ფრესკები (რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში გადაღებეს) მიეკუთვნება XIV საუკუნეს. ვათოპედს აქვს 12 ტაძარი შიგნით და 19 - გარეთ. მათგან 5 - მიშენებულია ტაძარზე. მონასტრის სამრეკლო 1427 წელს აიგო და ითვლება წმინდა მთის უძველეს სამრეკლოდ. ვათოპედის ისტორიაში მონასტრული ცხოვრების წესი პერიოდულად იცვლებოდა: საერთო ცხოვრებიდან (კინოვია) გადადიოდა თვითშენახვაზე. 1989 წელს ვათოპედი დაუბრუნდა კინოვიას.

მონასტრის საგანძურში დაცულია ღვთისმშობლის სარტყელი. აქ ინახება უამრავი მშვენიერი ტანსაცმელი და წმინდა ჭურჭელი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები: ყოველთა დედუფალი, მირონმდინარე, ქტიტორული და სხვა. ბიბლიოთეკაში დაახლოებით 2000 ხელნაწერია, 25 გრაგნილი, საბუთები და 3500-ზე მეტი ნაბეჭდი წიგნი.

მონასტრის ხელშია 24 კელია, წმინდა დიმიტრის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკიტები კარეესის მახლობლად. ამჟამად საძმოში 50 ბერია.

ერთხელ ღირსი ნეოფიტე მძიმედ დასნეულდა და მხურვალე ლოცვით შესთხოვა ღვთისმშობელს განკურნება. პასუხად ყოვლადწმინდა ქალწულის ხატიდან შემოესმა: "ერთი წლის სიცოცხლე გეძლევა სიკვდილისთვის მოსამზადებლად!" სასწაულებრივად განკურნებულმა ნეოფიტემ ღვაწლი გაამკაცრა და აღსასრულისთვის დაიწყო მზადება. ერთი წლის შემდეგ, კვირადღეს, წმინდანს კვლავ ჩაესმა ხმა იმავე ხატიდან - უკვე დადგა შენი მიცვალების დროო. ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცთან ზიარების შემდეგ ღირსმა ნეოფიტემ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1