ღირსი პავლე ლატრიელი (+955) - 15 (28) დეკემბერი
ღირსი პავლე ლატრიელი (+955) - 15 (28) დეკემბერი
ღირსი პავლე ქალაქ ელეაში, კეთილშობილ ოჯახში დაიბადა. მამა პატარას გარდაეცვალა და ფრიგიაში, წმინდა სტეფანეს სავანეში აღიზარდა. მალე დედაც მოუკვდა და მან, ჯერ კიდევ ყრმამ, თავი უფალს მიუძღვნა - ლატრიის მთაზე, მონასტერში დაბინავდა. წმინდა მოსაგრე არასოდეს წვებოდა ლოგინზე, ხეს ან ქვას დაყრდნობილი ჩათვლემდა მცირე ხნით. ძილის დასაძლევად ხან ორ ქვას მოიკიდებდა და მონასტრის გარშემო დადიოდა ცისკრის ლოცვაზე, ანდა წყაროსთან, ხის ქვეშ ცრემლიან ლოცვას და ღმერთზე ფიქრს მიეცემოდა. ამ ღვაწლმა არ დააკმაყოფილა, ერთ მაღალ მთაზე ავიდა და მღვიმეში დასახლდა. იქ ერთი მწყემ¬სი გადაეყარა, რომელიც შემდგომში საზრდელს უზიდავდა. ღირსმა პავლემ ღვთისგან უხილავ სამყაროს ხილვასა და სასწაულმოქმედების მადლი მოიპოვა. მისმა სახელმა მრავალი მოსაგრე მიიზიდა, რომლებმაც მთის ძირას მონასტერი მოაწყვეს. იმპერატორი კონსტანტინე (912-959) ხშირად წერილით ლოცვასა და რჩევას სთხოვდა. ბულგართა მეფე პეტრე და რომის პაპი აღაპიტე II დიდ პატივს მიაგებდნენ ღვთივსათნო ცხოვრებისთვის. ღირსი პავლე წუხდა, რომ მყუდროებას მრავალრიცხოვანი მნახველი ურღვევდა. ამიტომაც ორჯერ გადასახლდა კუნძულ სამოსზე, სადაც ლავრა დააარსა და სარკინოზთა მიერ გადამწვარი სამი მონასტერი აღადგინა. როცა მეორედ დაბრუნდა ლატრიაზე, თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა. შემდეგ ჩამოვიდა მთიდან, ძმები აკურთხა და სული თვისი ჩააბარა უფალს.

ღირსი პავლე 955 წლის 16 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ წმინდა პავლეს საფლავთან მრავალი ნიშ-სასწაულები მოხდა. როცა ღირსი მამის სხეული მისთვის აშენებულ მონასტრის ტაძარში უნდა გადაესვენებინათ, მისი სხეული უხრწნელი დახვდათ, ხოლო იქ მყოფი სნეულები განიკურნენ.

ბეჭდვა
1კ1