წმინდა იოანე სეზენოვოელი (+1839) - 14 (27) დეკემბერი
წმინდა იოანე სეზენოვოელი (+1839) - 14 (27) დეკემბერი
ქრისტესთვის სალოსი, ნეტარი იოანე ვორონეჟის მხარეში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ ყრმამ მამასთან ერთად მოილოცა კიევის წმინდა ადგილები. სიყრმითვე შეიყვარა განმარტოება და ლოცვა. 15 წლისამ ღვთის განსაკუთრებული განგებულებით იტვირთა ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი და მას შემდეგ დაიწყო მიმომწირობა. ის რამდენჯერმე მონასტერში გაექცა ბატონს, რომელმაც ის დაიბრუნა, ბორკილები დაადო და უსმელ-უჭმელი დატოვა. თუმცა მას საკვირველი სახით არც საჭმელი აკლდა და არც სეფისკვერი. ის ბატონის ვაჟმა, ბავშვობის მეგობარმა იოანემ გაათავისუფლა ბორკილებიდან. მან მაშინ უკვე საბოლოოდ დატოვა სოფელი. წმინდანი 1816 წელს ზადონის მონასტერში ცხოვრობდა და ცნობილი დაყუდებული მამის, გიორგის, მორჩილი იყო. მერე ერთხანს მიმომწირობა დაიწყო. მოინახულა ბევრი დიდსულიერი ადამიანი. ღირსმა მამამ ილარიონ ტროეკუროვმა ის აკურთხა, რომ ტამბოვის გუბერნიაში, სოფელ სეზენოვოში დაყუდებულიყო. ამ სოფლის მემამულეს, ჰესვიცკის, ძილში გამოცხადება ჰქონდა, რომ ხელი არ შეეშალა ახალგაზრდა მოსაგრისთვის, რომელიც ნახევრად დანგრეულ აბანოში დასახლდა. მაშინ წმინდა იოანე 27 წლისა იყო. ღამე და დღის დიდი ნაწილი მამა იოანე მარტო რჩებოდა, არავის იღებდა. იშვიათად თუ გამოდიოდა კელიიდან. სენაკში ხელსაქმობდა, სულის მარგებელ წიგნებს კითხულობდა და უმეტესად ლოცულობდა. საზიარებლად მასთან მისი მოძღვარი მღვდელი თეოდორე მიდიოდა. ხოლო იოანე მასთან ღამ-ღამობით მიდიოდა აღსარებაზე. ტანზე 18 ფუნტი ბორკილი ედო და რკინის ჩექმები ეცვა. ხელით კი თუჯის სკვნილს მარცვლავდა. არავის ენახვებოდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

უფალმა ის დაფარულმცოდნეობის მადლით დააჯილდოვა, რამაც ისედაც ბევრი მიმსვლელი უფრო გაუმრავლა.

წმინდა იოანე 1839 წლის 14 დეკემბერს 48 წლისა გარდაიცვალა, აქედან 22 წელი დაყუდებული მოსაგრეობდა.

ბეჭდვა
1კ1