ღირსი არსენი ლატრელი (VIII-IX) - 13 (26 ) დეკემბერი
ღირსი არსენი ლატრელი (VIII-IX) - 13 (26 ) დეკემბერი
ღირსი არსენი კონსტანტინოპოლელი დიდგვაროვანი და კეთილმსახური მშობლების შვილი იყო. იმპერატორმა იგი მხედართმთავრად და კივერიოტის პატრიკად დანიშნა. შემდეგ კი დიდი ფლოტილია ჩააბარეს. ერთხელ, როცა წმინდანს თავისი ლაშქარი ხომალდებით გადაჰყავდა ზღვაზე, მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა. გემები ჩაიძირა. მთელი მისი ჯარიდან მხოლოდ ის გადარჩა. ტალღებმა იერონთან გამორიყა. მომხდარი მან ღვთის ნებად მიიღო და ბერად აღიკვეცა. უდიდესი მონდომებით შეუდგა სულიერ ღვაწლს. შემდეგ იერონი დატოვა და მცირე აზიაში, მილეტის სიახლოვეს, ლატრის მთის ძირში დასახლდა. მიუხედავად განდეგილური ცხოვრების სიყვარულისა, მან დაუთმო თავის მრავალრიცხოვან მოწაფეთა თხოვნას და ერთი ხანობა მთის ჩრდილოეთ კალთაზე გაშენებულ კელივარის მონასტრის იღუმენობა თავს იდო.

შემდეგ კიდევ უფრო მკაცრი მოსაგრეობის მოსურნე წმინდა არსენმა ახალი მყუდრო ნავსაყუდელი პოვა მთაზე მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში, საიდანაც ლოცვის ძალით გაასხა მხეცები და შიგ დამკვიდრდა. როცა კვლავ კელივარის მონასტრის იღუმენად მოუხმეს, ის ერთი პირობით დათანხმდა უკან დაბრუნებას, კვირაში ექვსი დღის მანძილზე დაეყუდებოდა საზრდელის გარეშე, და მხოლოდ კვირა დღეს მიიღებდა ძმებს.

ნეტარი, ჩვეულებრივ, მთელ კვირას განმარტოებით ატარებდა ვიწრო სენაკში, კვირადღეს კი საზრდელს იღებდა და ძმებს მოძღვრავდა. ბოლოს, ღირსმა არსენიმ ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ ანგელოზი უზიდავდა საზრდელს. წმინდა არსენმა ძმებს მრავალი სასწაული მოუხდინა და აანთო ისინი ღვთაებრივი სიყვარულით. თავის გარდაცვალების მერეც არ შეუწყვეტია მას ადამიანებისადმი სიკეთის ქმნა. მრავალი სნეული განიკურნა მის წმინდა საფლავთან.

ბეჭდვა
1კ1