წმინდა ინოკენტი ირკუტსკელი (+1731) - 26 ნოემბერი (9 დეკემბერი)
წმინდა ინოკენტი ირკუტსკელი (+1731) - 26 ნოემბერი (9 დეკემბერი)
წმინდა ინოკენტი დაიბადა ჩერნიგოვის გუბერნიაში ცნობილ და დიდებულ ოჯახში. იგი ბერად აღიკვეცა კიევ-პეჩორის ლავრაში 1706 წელს. შემდეგ გახდა მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, შემდეგ კი სანქ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის პროტოპრესვიტერი.

1721 წელს ინოკენტის ხელი დაასხეს ეპისკოპოსად და მისიონერად გაგზავნეს ჩინეთში, მაგრამ რაღაც გაუგებრობის გამო ჩინეთის ხელისუფლებამ უარი თქვა მის ქვეყანაში შეშვებაზე. მღვდელმთავარს ნებართვის მოლოდინში მოუწია დროებით დასახლება ბაიკალის ტბასთან. მალე ინოკენტის ყველანაირი მატერიალური რესურსი ამოეწურა და თანმხლებ პირებთან ერთად იძულებული გახდა ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობით ესარგებლა და უარი არ ეთქვა დროებით სამუშაოზე ლუკმაპურისთვის. ეს დრო ინოკენტიმ იქაური ენის სასწავლად გამოიყენა. ბაიკალის ტბასთან ცხოვრების დროს მღვდელმთავარმა მრავალი მონღოლი მოაქცია ქრისტეს რჯულზე და მათთვის სკოლაც კი დააარსა.

1722 წელს წმინდა ინოკენტი ირკუტსკის მღვდელმთავრად გადაიყვანეს და ქალაქის ამაღლების სახელობის მონასტერში განაგრძო მოღვაწეობა. აღმოსავლეთ ციმბირის ამ მხარეში მხოლოდ ოცდაცამეტი ეკლესია და ოთხი მონასტერი მოქმედებდა. იქაური წარმართული ცხოვრება არ ისმენდა სახარებისეულ სწავლებას და არ ემორჩილებოდა მართლმადიდებლურ საეკლესიო ხელისუფლებას. ათი წელი შეალია მონღოლი წარმართების ქრისტეს რჯულზე მოქცევას წმინდა მღვდელმთავარმა. მან მართლმადიდებელი ღვთისმსახურების მოსამზადებლად ირკუტსკში დააარსა სასულიერო სკოლა.

მღვდელმთავარი მკაცრი და მომთხოვნი იყო როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა ბერების მიმართაც. ის ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ირკუტსკის ამაღლების მონასტრის დამაარსებლის წმინდა გერასიმეს მღვიმეში. იქ ის მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა, სწავლობდა წმინდა მამების შემოქმედებას, რუსულიდან თარგმნიდა ქადაგებებს და სულისთვის სასარგებლო სწავლებებს.

ციმბირის მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა ინოკენტის ჯანმრთელობა შეურყია, ის დასნეულდა და უფალს შეჰვედრა სული 1731 წელს. მას შემდეგ მის სამარხთან არაერთი სასწაული აღესრულება.

ბეჭდვა
1კ1