წმინდა ამფილოქე - იკონიელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 394) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი)
წმინდა ამფილოქე - იკონიელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 394) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი)
ახალი სტილით 6 დეკემბერს  წმინდა იკონიელი ეპისკოპოსის - ამფილოქეს ხსენებაა. წმინდა ამფილოქე თითქმის ორმოცი წლის მანძილზე ცხოვრობდა უდაბნოში მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით. წმინდა ამფილოქე დაიბადა კაპადოკიის კესარიაში 340 წელს. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა ნონა მისი მამიდა გახლდათ. ამფილოქე ბასილი დიდის მეგობარი იყო. კარგმა მეოჯახემ ბრწყინვალე განათლება მისცა შვილებს, მაგრამ სიყრმიდანვე ღმერთი ყველაზე მეტად შეჰყვარებოდა და ახლაც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის რჩევით უდაბნოში განმარტოვდა. როგორც უკვე გითხარით იგი ოთხი ათეული წელი მოსაგრეობდა უდაბნოში. ერთხელ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, წასულიყო ქალაქ იკონიაში, სადაც ახალგარდაცვლილი ეპისკოპოსის ადგილას უნდა დაედგინა ღმერთს. ამფილოქემ არ დაუჯერა, იფიქრა, ეშმაკის საცთურიაო. მეორე ღამეს ხილვა განმეორდა. კვლავ არ დაიჯერა. მესამე ღამეს კი ანგელოზმა უთხრა, - ამფილოქე, ადექი საწოლიდანო. სასწრაფოდ წამოდგა და შეშინებულმა უთხრა, - თუ შენ უფლის ანგელოზი ხარ, ჩემთან ერთად ილოცეო. ანგელოზმა მასთან ერთად დაიწყო გალობა. მერე ხელი მოჰკიდა და იქვე მდგომ ტაძარში შეიყვანა. ეკლესიის კარი თავისით გაიღო. როცა შიგნით შევიდნენ, ამფილოქემ კაშკაშა სინათლეში სპეტაკი სამოსით მოსილი უამრავი მამაკაცი იხილა. მათ ის საკურთხეველთან მიიყვანეს, მისცეს სახარება. ეუბნებოდნენ: "ღმერთი შენ თანა". ერთმა მათგანმა, უფროსმა, ყველას მოუწოდა, ელოცათ. შემდეგ კი თქვა, ღვთის მადლი ჩვენს ძმას, ამფილოქეს, ქალაქ იკონიის ეპისკოპოსად ადგენს, ვილოცოთ მისთვის, რათა ღვთის მადლი იყოს მასთანო. ლოცვის შემდეგ დაემშვიდობნენ ამფილოქეს და უჩინო შეიქნენ. წმინდა ამფილოქესთან შვიდი ეპისკოპოსი მივიდა, რომელთაც ასევე გამოცხადებით ეუწყათ, რომ წმინდანი იკონიის ეპისკოპოსად ეკურთხებინათ. მღვდელმთავარი ამფილოქე მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა იკონიის ეპარქიას. მართლმადიდებლობის ერთგული მოსაგრე მკაცრად ამხელდა არიოზისა და ევნომიუსის მწვალებლურ სწავლებებს, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო კრების (381) მუშაობაშიც და სათავეში ედგა ბრძოლას მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ.

ამფილოქეს ძალიან გაუჭირდა შეეკავებინა არიანელთა ბილწი მწვალებლობის გავრცელება მთელ საბერძნეთში და იმპერატორ თეოდოსის მიმართა თხოვნით, მეფური ძალაუფლება გამოეყენებინა არიანელთა საკრებულოების დასაშლელად. თვითმპყრობელმა თავი აარიდა მწვალებელთა მოსალოდნელ შფოთს და მღვდელმთავრის სათხოვარი უპასუხოდ დატოვა. რამდენიმე ხანში ამფილოქეს მეფესთან მოუხდა შეხვედრა. მან თეოდოსის თაყვანი სცა და ღირსეული პატივი მიაგო, მაგრამ იქვე მჯდომ მის თანამმართველს - მეფისწულ არკადის ყურადღებაც არ მიაქცია. იმპერატორი ძალიან განარისხა ძის შეურაცხყოფამ და ბრძანა, სასახლიდან გაეძევებინათ წმინდა ამფილოქე. წმინდა მღვდელმთავარმა ასე მიმართა მას:

"ჰოი, მეუფეო! ახლა შენ საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდი იმაში, თუ რა ძნელია ძისადმი უპატიო მოპყრობის დათმენა: ბრაზობ ჩემზე. უფალი მით უფრო ვერ მოითმენს თავისი ძის შეურაცხყოფას. ის ზურგს აქცევს და მოიძულებს მის მგმობელებს და სასტიკ სასჯელს უმზადებს არიოზის წყეული ერესის ყველა თანაზიარს".

იმპერატორი მიხვდა, რომ წმინდანის ქცევა იგავურად უნდა გაეგო - გულისხმაყო, რომ ძე ღმერთს მამა ღმერთის თანასწორი პატივი შეშვენოდა, გააოცა მღვდელმთავრის სიბრძნემ და კეთილგონიერებამ, ტახტიდან წამოდგა, ქედი მოუდრიკა წმინდანს და პატიება სთხოვა. ამის შემდეგ თეოდოსიმ მთელ იმპერიაში დაგზავნა განკარგულებები, რომ სამოქალაქო ხელისუფლებას აქტიურად დაეჭირა მხარი მართლმადიდებლებისთვის. ამგვარად, ამფილოქე იკონიელის მეოხებით ქრისტეს ეკლესიაში სიმშვიდემ დაისადგურა. ჩვენამდე შემონახულია მღვდელმთავარ ამფილოქეს ეპისტოლეები და ქადაგებები. 394 წელს წმინდა მწყემსმთავარმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
...

კონდაკი:

საღმრთო ქუხილო, საყვირო სულისაო, სარწმუნოებისა მტილისა მუშაკო და მომკვეთელო წვალებათაო, მღვდელმთავარო ამფილოქე, სამებისა სათნოო დიდო, ანგელოზთა თანა მარადის წინაშე მდგომარეო, ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
........................

აქვე წაიკითხეთ:

წმიდა ამფილოქე - იკონიელი ეპისკოპოსი


ბეჭდვა
1კ1