მართალი მიქაელ მხედარი, ბულგარელი (+866) - 22 (05.12) ნოემბერი
მართალი მიქაელ მხედარი, ბულგარელი (+866) - 22 (05.12) ნოემბერი
წმინდა მიქაელი ცხოვროდა მიქაელ III-ის მეფობის დროს. წარმომავლობით იყო ბულგარეთის ქალაქ პოტუკიდან (ამჟამინდელი ბოტუკი), რომელიც იმ დროს ეკუთვნოდა ბერძნებს. მისი მშოლები იყვნენ ერთ-ერთი პირველი ქრისტიანები ბულგარეთში. ქრისტიანი იყო მიქაელიც, ამიტომაც მას მშობლები და ახლობლები წმინდა ყრმას ეძახდნენ. პატარაობიდანვე გამოირჩეოდა წესიერი ცხოვრებით, ყოველთვის ჰქონდა ღვთის შიში, ინახავდა მარხვას და ლოცულობდა, განიკითხავდა გაჭირვებულებს და ავადმყოფებს, იყო თავმდაბალი, მორცხვი და სათნო.

ოცდახუთი წლის მიქაელი ჯარში წავიდა და ხელმძღვანელობდა დიდ სამხედრო ერთეულს.

ამ დროს საბერძნეთს ომი გაუმართეს ეთიოპიელებმა და მაჰმადიანმა არაბებმა. ისინი საბერძნეთის დედაქალაქისკენ მიიწევდნენ. სახელმწიფოს დასაცავად ბერძნებმა დიდი ჯარი შეკრიბეს, მაგრამ ვერ გაუძლეს ეთიოპიელების და არაბების უპირატესობას, დაიწყეს უკან დახევა და მთებს შეაფარეს თავი.

ბერძნულ სამხედრო დანაყოფებს შორის იყო მიქაელ მხედარიც თავის რაზმთან ერთად. მაგრამ მას არ შეშინებია მტრის და განუწყვეტლივ ამხნევებდა თავის ქვეშევრდომებს. რომ დაინახა ბერძნების უკუქცევა, ლოცვად დაემხო და ღმერთს სთხოვდა ქრისტიანების გადარჩენას. ლოცვის დასრულების შემდეგ მიქაელი გადავიდა შეტევაზე მტრის შუაგულში და წელში გატეხა მტერი ისე, რომ მისი რაზმისთვის ზიანი არ მიუყენებიათ. ამავე დროს მოხდა სასწაული, ამინდი გაუარესდა, დაიწყო ელვა და ჭექა-ქუხილი, რამაც ქრისტიანების წისქვილზე დაასხა წყალი, მტერი უკუიქცა.

ღმერთს მადლობა გადაუხადა მიქაელმა და თავისი მხედრობა დასასვენებლად გაუშვა, თვითონ კი მცირერიცხოვან ამალასთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში, რა დროსაც კი¬დევ ერთი სასწაული მოხდა.

გზაში მიქაელი შესასვენებლად გაჩერდა ტბასთან, სადაც იყო საშინელი გველი, რომელიც პერიოდულად გამოდიოდა და ჭამდა ადამიანებსა და პირუტყვს.

მიქაელის ერთ-ერთმა მსახურმა ტბასთან ახლოს შენიშნა კვამლი. სწრაფად წაიხემსა და გაემართა იმ ადგილისაკენ. იქ დახვდა მტირალი გოგონა, რომელიც რაღაცას ელოდა. გამოჰკითხა გოგონას - რა გჭირსო. მიქაელთან დაბრუნდა და მოუყვა ყველაფერი გველის შესახებ.

მიქაელმა გადაწვიტა, თავისი თვალით ენახა ყველაფერი. მოუხმო ამალას, მაგრამ შეშინებული მსახურები არ გაჰყვნენ. მაშინ მიქაელმა თან წაიყვანა ერთი მოხუცი მსახური და წავიდა კვამლისკენ.


გოგონას მიქაელმა დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი გველის შესახებ. გოგონამ უთხრა, რომ მოსახლეობა მორიგეობით უგზავნიდა გველს ბავშვებს შესაჭმელად. გოგონამ სთხოვა მიქაელს, გასცლოდა იქაურობას - გველმა არ შეგჭამოსო.

მიქაელმა ურჩია მსახურს, ცხენთან ერთად შორიახლოს დალოდებოდა, თავად კი დაიწყო ლოცვა. როცა დაასრულა, მიუახლოვდა ტბას, საიდანაც გამოჩნდა სამთავიანი გველი, რომელიც კუდის ქნევით მოცურავდა ნაპირისკენ. მიქაელმა მახვილით მოაჭრა სამივე თავი, მაგრამ გველმა მოასწრო კუდის მოქნევა და მიქაელმა გონება დაკარგა. მალევე მოვიდა გონს.

ამის შემხედვარე მსახური გაიქცა ქალაქისკენ და ხალხს შეატყობინა მომხდარის შესახებ. მოსახლეობა ზეიმით შეხვდა მხსნელს. შესაჭმელად განწირული გოგონა კი მშობლებს დაუბრუნეს.

ღმერთს სურდა, რომ წმინდა მიქაელი განედიდებინა იგივე სასწაულით, რითიც მანამდე წმინდა გიორგი განადიდა.

მიქაელმა დამოძღვრა მოსახლეობა და ურჩია, მტკიცედ გაყოლოდნენ ქრისტიანულ ცხოვრებას.

ამის შემდეგ შინ დაბრუნდა და მალევე გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.

მასთან გამოსამშვიდობებლად მოსული ხალხი ხდებოდა მრავალი სასწაულის შემსწრე. სნეულები იკურნებოდნენ.

ბეჭდვა
1კ1