ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი (+842) - 20 (03.12) ნოემბერი
ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი (+842) - 20 (03.12) ნოემბერი
ღირსი გრიგოლი დაიბადა ისავრიაში, მცირე აზიის პატარა ოლქში, ქალაქ ირინოპოლისში, რომელიც ერთ-ერთი გახლდათ ათი მოკავშირე ქალაქიდან, რომელსაც დეკაპოლს ეძახდნენ. ღირსმა გრიგოლმა აქედან მიიღო დეკაპოლელის სახელი. მისი მშობლები - სერგი და მართა - ღვთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ და ღვთის შიში უძვირფასეს მემკვიდრეობად გადასცეს ვაჟს. რვა წლისა მასწავლებელს მიაბარეს წერა-კითხვის შესასწავლად. წმინდა გრიგოლი სიყრმიდანვე ჩასწვდა წმინდა სახარების სულს, ზეციურისკენ ისწრაფოდა და მოიძულა ყოველგვარი ამქვეყნიური: არ ჭამდა გემრიელ საჭმელს, იღებდა უბრალო და უხეშ საკვებს, უარს ამბობდა ძვირფასი და რბილი სამოსის ჩაცმაზე. თავს ხელსაქმით ირჩენდა. ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე და სიმყუდროვეში, მარტოდმარტო აღუვლენდა უფალს ლოცვას.

როცა წმინდა გრიგოლი სრულწლოვანი გახდა, მშობლებმა მისი დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ ის გაიპარა, უდაბნოს ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და მოშურნედ მოღვაწეობდა. მან მკაცრი ასკეტური ცხოვრების ყოველგვარი სიმძიმე გამოსცადა, მარხვა და თავშეკავება, განუწყვეტელი ღამისთევის ლოცვები.

ამასობაში წმინდა გრიგოლის მამა გარდაიცვალა; ღვთისმოსავმა დედამ დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვა წმინდა გრიგოლი, მაგრამ არ უსაყვედურა, არამედ მოუწონა მონაზვნობის სურვილი. მხოლოდ ის სთხოვა, რომ სხვა მონასტერში გადასულიყო, სადაც მისი ძმა ცხოვრობდა. წმინდა გრიგოლი დაემორჩილა დედის ნებას; მაგრამ როცა შეიტყო, მონასტრის წინამძღვარი ხატმებრძოლი იყო, მან, როგორც მოშურნე მართლმადიდებელმა, ამხილა ის მთელი ძმობის წინაშე, რის გამოც განრისხებულმა წინამძღვარმა სასტიკად სცემა. ამის შემდეგ წმინდა გრიგოლი სხვა მონასტერში გადავიდა, იქ კი წინამძღვარი დედამისის ნათესავი იყო, მამა სვიმონი. წინამძღვარი დიდი სიხარულით შეხვდა წმინდა გრიგოლს, როგორც გამოცდილმა და მოღვაწე კაცმა ყმაწვილი სხვადასხვა სათნოებაში გაწვრთნა. აქ მან 14 წელი იცხოვრა, საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა და როგორც მოსაგრე და წმინდა კაცს, ყველა პატივს მიაგებდა. წმინდა გრიგოლმა მოისურვა სრულყოფილი მონაზონი გამხდარიყო და წინამძღვარს სთხოვა, განმარტოებულ სენაკში დასახლების ნება მიეცა, სადაც ყოველგვარ ამქვეყნიურ საზრუნავს მოშორებული, მყუდროებაში აღავლენდა ლოცვას. მის კეთილ სურვილში დარწმუნებულმა წინამძღვარმა წმინდა გრიგოლი ერთ ღრმა მღვიმეში წაიყვანა. დიდი მოშურნეობით შეუდგა მოსაგრეობას ღირსი მამა. კაცობრივ შფოთს მოშორებულს, ბევრი რამ ევნო მას დემონებისგან, რომლებიც განსაცდელებს მოუვლენდნენ და ცდილობდნენ, მღვიმიდან გაეგდოთ. ემუქრებოდნენ და უყვიროდნენ: წადი ჩვენი სახლიდან, თორემ ბევრ სიავეს შეგამთხვევთო, ხანაც საშინელი მორიელების სახეს იღებდნენ და მისკენ იწევდნენ, მაგრამ ის, მათგან მოუწყვლელი, უშიშრად იდგა. ერთხელ ლოცვისას, ეშმაკებმა მას ხელ-ფეხი დაუკბინეს, მაგრამ ღირსმა გრიგოლმა არად ჩააგდო ეს წყლულები და ლოცვა გააგრძელა, ეშმაკები შერცხვენილნი გასცილდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ეშმაკები მეომრების სახით გამოეცხადნენ და მოკვლით დაემუქრნენ, მაგრამ მან ჯვარი გამოისახა და ისინიც გაქრნენ. შემდეგ კი ნათლით მოსილნი გამოეცხადნენ - ჩვენ ორმოცი მოწამე ვართ და დემონთან საბრძოლველად ძალისა და მადლის გადმოცემა გვინდაო, მაგრამ ღირსი გრიგოლი მიუხვდა მათ მზაკვრობას და ჯვრის ნიშით ისევ აოტა მტერი. ასევე უძლური იყო ეშმაკთა მიერ მოწეული სხვა განსაცდელები, რამეთუ ღვთის მადლი შეეწეოდა წმინდა გრიგოლს. ამის მერე მალევე უფალმა თავისი მონა საკვირველი ხილვის ღირსი გახადა: გრიგოლი ერთგვარ აღტაცებულ მდგომარეობაში მოვიდა, რომლის დროსაც გამოეცხადა ბრწყინვალე ნათელი, გამოუთქმელი კეთილსურნელებით, რომელიც ციდან ჩამოეშვა, მღვიმე აღავსო და მასში დარჩა მრავალი დღე. წმინდა გრიგოლმა საჭიროდ ჩათვალა ამ სასწაულის შესახებ წინამძღვრისთვის მოეთხრო, და მას, როგორც სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ კაცს, ჰკითხა: ღვთისაგან იყო ეს ხილვა თუ ეშმაკმა ჩემი მოტყუება და მოხიბვლა სცადაო. ყურადღებით მოუსმინა წინამძღვარმა და დაამშვიდა, რომ ეჭვი და შიში არ ჰქონოდა, რადგან ეს იყო ღვთაებრივი ნათელი, რომელმაც თავისი კეთილსურნელებით ბოროტი სულის აუტანელი სიმყრალე განაქარვა. "იშრომე, რამდენსაც შეძლებ, თქვა ბოლოს ბერდიდმა, - გწამდეს, რომ ღმერთია შენი შემწე". მართლაც, წმინდა გრიგოლი ამ მადლმოსილი ხილვის შემდეგ განიკურნა და გათავისუფლდა მომაუძლურებელი ხორციელი და სულიერი სნეულებისგან - ხორციელი საცთურისგან, რომლითაც ცდილობდნენ მის ცდუნებას დემონები. ამ დროიდან ღირსმა გრიგოლმა გააძლიერა ღვაწლი და სიღრმით გულისად აღუვლენდა ლოცვას უფალს. წმინდა და უბიწო ცხოვრების გამო უფალმა წმინდა გრიგოლს სასწაულთმოქმედების მადლი უბოძა. ღმერთმა მას ზეციდან მოუხმო, როგორც ერთ დროს პატრიარქ აბრაამს:

- გრიგოლ! თუ გსურს, სრულყოფილებას მიაღწიო, გამოდი შენი მშობლიური მიწიდან და შენი სიკეთისათვის მწირობას შეუდექ.

წმინდა გრიგოლი ღვთაებრივ ხმას დაემორჩილა, დატოვა მღვიმე და ეფესოსკენ გაემართა, რათა კონსტანტინოპოლისკენ მიმავალი გემი ენახა: იმ დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიას ხატმებრძოლთა ერესი არყევდა და წმინდანმა მათი მხილება გადაწყვიტა. მაგრამ ღმერთმა სხვანაირად განსაჯა: წმინდა გრიგოლს საღმრთო მოწოდებით დარჩენილი ცხოვრება მწირობაში უნდა გაეტარებინა, მსგავსად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც ადგილი არ ჰქონდა, სადაც თავს მიიდრეკდა.

გაემგზავრა ეფესოდან კონსტანტინოპოლისკენ, გზად ჯერ პროკონისში შეჩერდა, სადაც ერთმა ღარიბმა კაცმა, მიუხედავად ხატმებრძოლი მეფე ლევ ისავრიელის უმკაცრესი ბრძანებისა, რომელიც შინ ბერების მიღებას უკრძალავდა, ხალხს, წმინდა გრიგოლს გულთბილად უმასპინძლა, რის გამოც უფალმა ის მცირე ხანში გაამდიდრა. აქედან წმინდანი ბიზანტიისკენ გაემართა, მაგრამ წინააღმდეგობას შეხვდა, რითაც მიხვდა, რომ ღვთის ნება არ იყო მისი იქ წასვლა და გაემგზავრა პატარა ზღვისპირა ქალაქ ენოსში. აქ ის სასტიკად სცემა ეშმაკისაგან აღძრულმა ერთმა მხედარმა, მაგრამ წმინდანმა დაითმინა ტკივილი და მხურვალედ შეევედრა ღმერთს თავისი მაწყინარისთვის. მხედარმა, როცა იხილა მისი სიმშვიდე და სიმდაბლე, შეინანა საქციელი და შენდობა სთხოვა წმინდანს. ღირსი გრიგოლი დაჯდა გემზე და ქრისტოპოლში ჩავიდა, იქიდან კი თესალონიკს გაემგზავრა.

თესალონიკიდან ფეხით კორინთოში ჩავიდა. იქიდან რომისკენ გაცურა, გზად რამდენიმე დღე რეგიაში გაჩერდა. ვიდრე რომში მიმავლები ნაპირს მიაღწევდნენ, ერთ-ერთი მგზავრი ზღვაში გადავარდა. მას უეჭველად სიკვდილი ელოდა, მაგრამ წმინდანის ლოცვით ის ნაპირზე სრულიად უვნებელი აღმოჩნდა.

რომში ჩასული წმინდა გრიგოლი სამი თვე ერთ კელიაში დაეყუდა, მაგრამ ვინმე ეშმაკეულმა ქალაქში მისი ჩასვლა ყველას გააგებინა: წმინდანმა ლოცვით ეს ეშმაკეული განკურნა და მისადმი ყველა პატივისცემით განიმსჭვალა. მაშინ წმინდანმა რომი დატოვა და სიცილიაში ჩავიდა. იქ ერთ კოშკში ჩაიკეტა და დუმილი დაიმარხა. მას აქ დემონები დაესხნენ თავს, დაუწვეს ჩიჩობი, რომელზეც ეძინა, ყველანაირი სისაძაგლე სცადეს მის საცდუნებლად, მაგრამ წმინდანმა ისინი ლოცვით განდევნა. წმინდა გრიგოლმა აქ ერთი მეძავი ქალი, რომელიც მეზღვაურებს აცდუნებდა ხოლმე, თავისი მადლმოსილი ქადაგებებით ისეთ სინანულში მოიყვანა, რომ დედაკაცმა მიატოვა ცოდვა, ეს სოფელიც და მონასტერში წავიდა.

მას მერე, რაც კოშკში დასახლდა, წმინდანმა ერთი ეშმაკეული დედაკაციც განკურნა და კიდევ მრავალი სასწაული მოიმოქმედა ამ ადგილას. ამის შესახებ ხალხმა შეიტყო და პატივს სცემდნენ, როგორც წმინდანს. წმინდა გრიგოლმა ეს კოშკიც მიატოვა.

გზაში წმინდა გრიგოლი სარკინოზთა რაზმს გადაეყარა. ერთი მათგანი ჭიდან ცხენს წყალს ასმევდა, როცა წმინდა¬ნი მიუახლოვდა, შუბი მოუღერა, მოკვლა დაუპირა, მაგრამ ხელი ჰაერში გაუშეშდა და ვეღარ ჩამოუშვა. შეშინებული სარკინოზი წმინდანს ფეხებში ჩაუვარდა და განკურნება სთხოვა. წმინდა გრიგოლმა ხელი შეახო მის ხელს და განკურნა.

ბოლოს, წმინდა გრიგოლი თესალონიკში, წმინდა მინას მონასტერში დასახლდა. აქ ის დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდა - არ ჰქონდა საჭმელი, ქვეშაგები, დღედაღამ ერთადერთი სამოსი ეცვა. როცა მეტისმეტად მოშივდებოდა, მიადგებოდა ხოლმე სადმე მოტრაპეზეებს და ისინიც მცირეოდენ საკვებს უწილადებდნენ. მაგრამ, შემდეგ იგრძნო, რომ უშრომლად, სხვის ხარჯზე არ უნდა ეცხოვრა და გადაწყვიტა ეკლესიაში უჭმელად იმდენ ხანს დარჩენილიყო, ვიდრე ღმერთი არ შეეწეოდა. უფალმაც, როგორც ერთ დროს ილია წინასწარმეტყველი ყვავის მეშვეობით გამოკვება, ახლაც აღძრა ვინმე ქვრივი დედაკაცი, რომელიც ყოველდღიურად უზიდავდა მას საკვებს.

მალე იმ მხარეშიც გაუვარდა სახელი წმინდა გრიგოლს, როგორც სასწაულთმოქმედს. ერთხელ მას ერთმა დედაკაცმა თავისი ძველი ქოხის აღდგენა სთხოვა. წმინდა გრიგოლმა უთხრა: "წადი, საქმეს შეუდექი და ობოლთა გამომზრდელი ღმერთი შეწევნას მოგივლენსო".

ქალი წავიდა და სახლისთვის საძირკვლის გათხრას შეუდგა, ამ დროს მიწიდან უზომო რაოდენობის ფისმა ამოხეთქა, ქალმა ფისი გაყიდა და იმ ფულით სახლიც აიშენა და შემდგომში თავსაც ირჩენდა.

წმინდა გრიგოლი დაუღალავად მუშაობდა საკუთარი სულის აღშენებისთვისაც, დაიმარხა სულიერი სიწმინდე და ქრისტიანულ სათნოებებს აღასრულებდა. მას დიდი კადნიერება ჰქონდა ღვთის წინაშე და სულიწმიდის ჭურჭელი შეიქნა; ღვთის მოწოდებით მიდიოდა თავისი მოღვაწეობის ვიწრო ბილიკზე, მარადის მღვიძარებდა და მტერი ძილშიაც კი ვერ შეაწუხებდა გულისთქმებით და ოცნებებით. სულითა და ხორცით განწმენდილ ღირს მამას მღვდლად ხელი დაასხეს. სიმდაბლითა და შემუსვრილი სულით აღასრულებდა ღირსი გრიგოლი ღვთისმსახურებას. მედიდურობა და ქედმაღლობა სრულიად აღხოცა თავისი სულიდან. ყველაზე მეტად კი მართლმადიდებლობის სიწმინდეს დაიმარხავდა სიტყვითა და საქმით, რითაც განაცვიფრებდა ერეტიკოსებს, რამდენადაც შეეძლო - სიტყვითა და წერილებით ქადაგებდა ხატთა თაყვანისცემას და ეკლესიის გარდამოცემის პატივისცემას. მრავალი ქალაქი განწმინდა ხატმებრძოლობის სიბილწისაგან და დაარწმუნა ხალხი, სისხლიც კი დაეღვარათ წმინდა ხატების დასაცავად. თვითონაც მზად იყო მოწამეობით სიკვდილისათვის. განუწყვეტელი ლოცვა იყო ღირსი გრიგოლის ყველაზე დიდი სათნოება და ამით ის უფლის ანგე¬ლოზებს მიემსაგავსებოდა. მან აქვე მიიღო წინდი საუკუნო ნეტარების გამოუთქმელი სიხარულისა. ერთ ღამეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ცეცხლოვანი მახვილი გადასცა, რომლითაც შემუსრავდა იგი ეშმაკის ძალებს და მოჰკვეთდა ეკლესიისგან ერეტიკოსთა ცრუდბრძნობას, გულიდან კი ცოდვიან ვნებებს.

იმდენად სათნო ეყო უფალს, რომ ზოგჯერ საღმრთო ფიქრებში გართულს ანგელოზთა გალობა ესმოდა და ტკბებოდა.

თესალონიკეში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ, ღირსი გრიგოლი მოწაფესთან ერთად ბულგარეთში გაემგზავრა, რომელიც იმ დროს წარმართული ქვეყანა იყო, მაგრამ იქამდე არც მისულა, უკან გამობრუნდა. როცა მოწაფემ მიზეზი ჰკითხა, უპასუხა:

- მინდოდა მივსულიყავი, მაგრამ ვხედავ, იქ მზე არ ანათებსო.

ამ სიტყვებით იწინასწარმეტყველა ის არეულობა, რომლის დროსაც მთელი ბულგარეთი ცეცხლს მიეცა და სისხლით მოირწყო.

მალევე წმინდა გრიგოლმა დატოვა თესალონიკე და ბიზანტიისკენ გაემართა, იქიდან კი ოლიმპოს მთაზე, რომელიც მცირე აზიაში, ბითვინიისა და მიზიის საზღვარზე მდებარეობს და სადაც იმ დროს ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა.

მოუახლოვდა გარდაცვალების ჟამი. ეპილეფსიით მძიმედ დაავადდა. გაუნძრევლად იწვა და უფალს მხურვალედ ევედრებოდა, რომ ეპილეფსია წყალმანკით შეეცვალა. ღმერთმა ისმინა მისი ლოცვა, გაათავისუფლა პირველი სნეულებისგან და შეჰყარა მეორე, ნათხოვნი. ავადმყოფობამ სხეული საშინლად გაუბერა. ღირსმა გრიგოლმა დატოვა თესალონიკე და გაჭირვებით ჩავიდა კონსტანტინოპოლში, რათა ხატმებრძოლებს წინ აღდგომოდა. ეს მოხდა იმპერატორ ლეონ სომხის დროს. მას თან ახლდა თავისი ორი მოწაფე და თანამოსაგრე - იოსები და იოანე. იოსები (ღირსი იოსებ ჰიმნოგრაფი, მისი ხსენება 18 აპრილსაა) მართლმადიდებელი ბერების დავალებით რომის პაპთან, ლევ მესამესთან გაგზავნა დახმარების თხოვნით. მაგრამ ის ლეონ სომხის მოსყიდულმა მეკობრეებმა შეიპყრეს და კუნძულ კვიპროსზე დაამწყვდიეს.

იოსებმა ცოცხალს ვეღარ მოუსწრო თავის დიდ მოძღვარს. ღირსმა გრიგოლმა ოცი დღით ადრე წინასწარსცნო ჟამი გარდაცვალებისა და 826 წლის 20 ნოემბერს ჩააბარა სული თვისი უფალს. სიკვდილის შემდეგაც განადიდა უფალმა თავისი მორჩილი სასწაულებით. ვიდრე დაკრძალავდნენ, ღირსი გრიგოლის ცხედართან შეხებით რამდენიმე ადამიანი განიკურნა. უხრწნელი დარჩა მისი წმინდა სხეული, რომელიც დღეს რუმინეთში, ბისტრიცას მონასტერშია დასვენებული.

ღირს გრიგოლ დეკაპოლელს მიაწერენ "სარკინოზის ხილვის" ავტორობას.

წმინდა გრიგოლის კონდაკი

ნათელ ცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან, სათნოებათა ბრწყინვალებითა, და კურნებათა შარავანდედთა ყოველთა განმანათლებელად, ქრისტეს მსახურო, ვინაი დღესასწაულობს საღმრთოსა ხსენებასა შენსა და პატივსცემს ღუაწლთა შენთა, ყოვლად ნეტარო მამაო, ბრძენო გრიგოლ.
..........................
აქვე წაიკითხეთ:

ცხოვრება ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ დეკაპოლელისა-ხსენება 3 დეკემბერს ახალი სტილით

ბეჭდვა
1კ1