წმინდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407) - 13 (26) ნოემბერი
წმინდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407) - 13 (26) ნოემბერი
წმინდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა დაახლოებით 347 წელს.

მისი მშობლები განათლებული, დიდად პატივსაცემი და შეძლებული ადამიანები იყვნენ. მამამისს, სეკუნდუსს, მხედართმთავრის საპატიო ტიტული ჰქონდა საიმპერატორო ჯარში, დედა, ანთუსა კი - საიმდროოდ უგანათლებულესი მანდილოსანი, სამაგალითო მეოჯახე გახლდათ. ორივე ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო, ზნეკეთილი და ერთგული შვილი ეკლესიისა...

ქრონოგრაფთა ცნობით, ანთუსას და, იოანე ოქროპირის დეიდა, ანტიოქიის ეკლესიის დიაკონესა ყოფილა. სწორედ ამგვარმა ღირსეულმა ოჯახმა გაზარდა იგი...

სამწუხაროდ, ამ ზნემაღალ ოჯახს ბედნიერებით ტკბობა დიდხანს არ დასცალდა - ოჯახის თავი, სეკუნდუსი, უეცრად გარდაიცვალა და ბავშვების აღზრდა სრულიად ახალგაზრდა, 20 წლის ქვრივს დააწვა მხრებზე.

მართალია, ოჯახს მატერიალურად არ გასჭირვებია, რადგან დიდი ქონების პატრონი იყო, მაგრამ მეუღლის გარდაცვალებამ ანთუსას ცხოვრება ძირეულად შეცვალა, მან დარდს დიდსულოვნება დაუპირისპირა, განსაცდელი ღირსეულად გადაიტანა, საკუთარ თავზე უარი თქვა და სიცოცხლე უფალსა და შვილებს მიუძღვნა...

ეს შემართება არც მეორე უდიდესმა უბედურებამ - მცირეწლოვანი ქალიშვილის გარდაცვალებამ გაუფერმკრთალა... მისმა დიდმა გულმა ერთადერთი ვაჟი თავისი სიყვა¬რულისა და იმედის საგნად გადააქცია და არაფერი დაიშურა მისთვის...

წუთისოფლის ყოველ სიამეს და საცდურს განრიდებულს და მთლიანად თავის პატარა ოჯახზე მოფიქრალს, თავადვე შეეძლო, მშვენიერი დაწყებითი განათლება მიეცა შვილისთვის... დედის ბაგეთაგან აღმოსული პირველი საკითხავები სამუდამოდ დააჩნდა იოანეს სულს, რომელმაც თითქოს მშობლისაგან იმემკვიდრა სიყვარული ღვთის სიტყვისა.

უშფოთველად განვლო ბავშვობამ და განათლების გაგრძელების აუცილებლობა ამ შესაძლებლობის მქონე ყმაწვილისთვის აშკარა გახდა.

დედამისმა, რომელმაც კარგად უწყოდა საკუთარი პირმშოს შესაძლებლობები, გადაწყვიტა, იმ დროისათვის უსახელგანთქმულეს ორატორ ლიბანიოსის სკოლისთვის მიებარებინა.

ამ უცნობილეს კაცს, წარმართ სოფისტს და ჭეშმარიტ ელინს წარმართული სულის აღდგენა ეწადა, თანაც - ახალ ფილოსოფიურ საწყისებზე. ქრისტიანობას ამრეზით უყურებდა, თუმცა, იმპერატორივით არ მტრობდა, მაგრამ უარსაც არ ამბობდა, "რომელიღაც ხუროს შვილის უცნაური სწავლებებისათვის" დაეცინა.

როგორც გითხარით, ლიბანიოსი ბრმად და ფანატიკურად არ ებრძოდა ქრისტიანობას, ამიტომ არც მასთან დამოწაფება გახლდათ სახიფათო. მაგალითისთვის, მასთან განისწავლა ეკლესიის კიდევ ერთი დიდი მნათობი, ბასილი დიდი, რომელსაც შემდგომში მიმოწერაც კი ჰქონდა თავის წარმართ პედაგოგთან.

უჩვეულო სულიერებით, ღრმა აზროვნებით და ცოდნის მიღების დიდი წყურვილით გამორჩეული ოქროპირი იმგვარად წარემატა, რომ ძალზე აღაფრთოვანა მასწავლებელი, რომელიც, გრძნობდა რა, რომ მალე მოწაფე დაჩრდილავდა, აღელდა... უეჭველია, მხცოვან სოფისტს უკიდურესად სურდა ახალგაზრდა ორატორის გადაბირება და, ალბათ, ეს საიდუმლო იმედი თუ აიძულებდა, განსაკუთრებულად მოპყრობოდა საყვარელ მოწაფეს. ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა ლიბანიოსმა კითხვაზე, თუ ვის ხილვას ისურვებდა თავის მემკვიდრედ, დანანებით აღმოთქვა: - იოანესი, ქრისტიანებს რომ არ მოეტაცათო...

როგორც მატიანე იუწყება, გასაოცარი ნიჭის წყალობით ნეტარმა "მცირედთა ჟამთა დაისწავლნა ზეპირით უმრავლესნი ფილოსოფოსთა ძუელთა წიგნნი, რომელი - რაი პოის კეთილი მათ შინა, მოისთულის, ხოლო ეკლოანი იგი და უნდოი განაგდის."

შემდგომ განათლების განსასრულებლად იოანემ სახელგანთქმულ ათენს მიაშურა, სადაც ღრუბელივით შეიწოვა "ათინელთა სწავლანი".

ღრმად განსწავლულმა ორატორული ნიჭით ფრიად გაითქვა სახელი, თუმცა, მალე ცნო წარმართული ცრუსიბრძნის ამაოება. ბრწყინვალე განათლებისა და დიდი ნიჭის პატრონს ფართო სამოღვაწეო ასპარეზი ელოდა, - შეეძლო, სახელმწიფო სამსახურშიც ჩამდგარიყო, მაგრამ გაცილებით თავისუფალი სფერო აირჩია, - ადვოკატურა. სწორედ ადვოკატურით იწყებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას იმ დროის განათლებული ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, მაგალითად, ბასილი დიდი, ამბროსი მედიოლანელი და სხვანი... ამ პროფესიის გამოისობით იოანე უეცრად იმ ცრუ, ფა-რისეველ და უსამართლო სამყაროს შეეჩეხა, რომელსაც მანამდე არ იცნობდა... ცხოვრების ეს მხარე მის უმანკო სულს თუმც კი ტანჯავდა, მაგრამ იმ მანკიერებათა უფსკრულშიც ჩაახედა, ხშირად გულდასმით რომ ინიღბება.

ახალგაზრდა ადვოკატს უდავოდ დიდი მომავალი ელოდა: - ორატორულმა ნიჭმა ძალზე გაუთქვა სახელი, რომელიც, იძლეოდა რა დიდ შემოსავალს, უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობებისკენაც უხსნიდა გზას, თუმცა, მალე დარწმუნდა, თუ რა შორს იყო ეს ყოველივე მისი შინაგანი წყურვილისაგან და ამ სამყაროსთან კავშირი გაწყვიტა.

ეს არჩევანი მნიშვნელოვნად განაპირობა მისმა უახლოესმა მეგობარმა და თანატოლმა ბასილიმ, მომავალმა რაფანის ეპისკოპოსმა, რომელსაც საოცარი წერილი ("მღვდლობის შესახებ") უძღვნა ოქროპირმა. და, ვგონებთ, ვრცელი ამონარიდები აქედან საუკეთესოდ წარმოაჩენს მათი მეგობრობის ბუნებასაც და ბიოგრაფიულ ნიუანსებთან ერთად თავად იოანე ოქროპირის მადლიანი სიტყვის ძალასაც:

"ბევრი მეგობარი მყოლია, სარწმუნო და ჭეშმარიტი, ვინაც იცოდა მეგობრობის წესი და მტკიცედ მისდევდა მას, მაგრამ მრავალთაგან ერთს მაინც გამორჩეულად ვუყვარდი. თავისი სიყვარულით იგი ბევრად აღემატებოდა სხვა მეგობრებს, თუმცა არც ისინი იყვნენ ჩემდამი გულგრილნი.

ყოველთვის ჩემი განუყრელი თანამგზავრი იყო: - ერთსა და იმავე მეცნიერებებს ვსწავლობდით და საერთო მასწავლებლები გვყავდა, ერთნაირი წადილითა და გულმოდგინებით ვმეცადინეობდით მჭევრმეტყველებაში და ერთნაირი სურვილები გვქონდა, რადგან ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდით. ეს ასე იყო მასწავლებლებთან სიარულის დროს და მერეც, როდესაც სასწავლებელი დავასრულეთ და ცხოვრების გზის არჩევის წინაშე დავდექით, ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა.

ჩვენი ურთიერთობის სიმტკიცე და დაურღვევლობა სხვა მიზეზებმაც განაპირობა: - მამულის უპირატესობით ერთურთის წინაშე თავს ვერ მოვიწონებდით, არც ის ყოფილა, რომ მე მოჭარბებული სიმდიდრე მქონოდა, მას კი - უკიდურეს სიღატაკეში ეცხოვრა. ჩვენი ქონება იმდენად თანაბარი იყო, რამდენადაც გრძნობები. წარმომავლობაც ერთნაირი გვქონდა, ამგვარად, ჩვენს ერთობას ყოველივე ხელს უწყობდა.

მაგრამ როდესაც მან, ნეტარმა, მონაზვნური ცხოვრება დაიწყო და ჭეშმარიტ სიბრძნისმოყვარეობას შეუდგა, მაშინ კი დაირღვა ჩვენი თანასწორობა. მისი სასწორის ფიცარი შემსუბუქდა და ამაღლდა, მე კი, სოფლის ტრფიალით გზაცთომილმა, ქვე დავზიდე ჩემი ფიცარი. ჩვენი მეგობრობა უწინდებურად მტკიცე იყო, თუმცა ერთად ყოფნა მოგვეშალა, რადგან შეუძლებელია იმათი ერთად ცხოვრება, ვინც სხვადასხვა საქმითაა დაკავებული.

როცა ამქვეყნიური ორომტრიალისაგან რამდენადმე გავთავისუფლდი, ხელგაშლით მიმიღო, თუმცა ვერც მაშინ ვიცავდით უწინდელ თანასწორობას, რადგან ის უკვე შორს იყო წასული და თან დიდი გულმოდგინებაც გამოიჩინა. ამდენად, კვლავ ჩემზე მაღლა იდგა და დიდი სიმაღლისთვის მიეღწია.

კეთილი კაცი იყო, ძვირად უღირდა ჩვენი მეგობრობა და იმის მიუხედავად, რომ ყოველგვარ ურთიერთობას გაურბოდა, მთელ თავის დროს ჩემთან ატარებდა, თუმცა, ჩემი დაუდევრობით მაინც ხელს ვუშლიდი, რადგან კაცს, რომელიც სასამართლოსა და თეატრალურ სანახაობებს იყო მიჯაჭვული, შეუძლებელია, დიდი დრო გაეტარებინა იმასთან, ვინც მთელი დღე წიგნებს უჯდა და არც კი იხედებოდა საკრებულოსკენ. მაგრამ როცა ეს დაბრკოლებები მოისპო და მეც თავისნაირი ცხოვრების გზას გამიყოლია, მაშინ კი გამოთქვა სურვილი, რომელსაც დიდი ხანია გულში ინახავდა. უკვე არც ერთი წუთით აღარ მშორდებოდა და სულ იმის ჩაგონებაში იყო, რომ თითოეულ ჩვენგანს მიეტოვებინა სახლი და საერთო სამყოფელი გვქონოდა. დამარწმუნა კიდეც - ცოტაც და ასეც მოხდებაო. მაგრამ დედაჩემის დაუცხრომელმა ვედრებამ დამაბრკოლა და ამიტომ ვეღარ გავახარე ჩემი მეგობარი, უფრო სწორად, ვერ შევძელი მისგან შემოთავაზებული პატივის მიღება.

დედამ რომ ჩემი განზრახვა შეიტყო, ხელი ჩამკიდა, თავის ოთახში გამიყვანა, იმ საწოლთან დამსვა, რომელზეც მშვა, თვალთაგან ცრემლთა ნაკადული წასკდა და ამ ცრემლებზე მწარე სიტყვები მითხრა. ქვითინებდა და მეუბნებოდა: - "შვილო, დიდხანს არ დამცლია მამაშენთან ყოფნის სიხარული, ღმერთმა ასე ინება, მისმა სიკვდილმა, შენს დაბადებას მალე რომ მოჰყვა, შენ ობლობა გარგუნა, მე კი - ნაადრევი ქვრივობა და ქვრივობის სიმწარე, რომელსაც მხოლოდ ის გაიგებს კარგად, ვისაც გამოუცდია. არავითარ სიტყვას არ ძალუძს, აღწეროს ის ქარიშხალი და განცდები, თავს რომ დაატყდება ყმაწვილ ქალს, რომელმაც ახლახან დატოვა მამის სახლი, ჯერაც გამოუცდელია და უეცრად აუტანელი მწუხარება შეემთხვევა, თანაც იძულებულია, იტვირთოს საზრუნავი, რაც მის ასაკსაც აღემატება და ბუნებასაც. ცხადია, მან მსახურთა დაუდევრობაც უნდა გამოასწოროს, მათი დანაშაულიც შენიშნოს, ნათესავების ხრიკებიც ჩაშალოს, მანვე უნდა გაუძლოს მეზვერეთა შევიწროებას, მათ მკაცრ მოთხოვნებს ბაჟის აღებისას. თუ ქმრის სიკვდილის შემდეგ ბავშვი რჩება, თუნდაც გოგონა იყოს, ბევრ ზრუნვას მოითხოვს დედისაგან, თუმცა, ეს ყოველივე ფულთან და შიშთან არ არის დაკავშირებული. ვაჟიშვილი კი ყოველდღე შიშში ამყოფებს დედას და უფრო მეტ ზრუნვას საჭიროებს. აღარას ვამბობ ფულზე, რომელიც აუცილებელია, თუ დედას სურს, შვილი კარგად აღზარდოს. მაგრამ განსაცდელმა ვერ მაიძულა მამაშენის სახლში სხვა სიძის შემოყვანა, მოთმინებით ვიტანდი ქვრივობის ჭირსა და მრავალ მოწევნულ მწუხარებას.

ჯერ ერთი, უზენაესის შეწევნა მაძლიერებდა, მეორე, - ამ ტანჯვაში დიდ ნუგეშს მცემდა შენი სახის ჭვრეტა, რადგან მასში ვხედავდი განსვენებულის ნამდვილ, ცოცხალ ხატებას. როცა ჯერაც ყრმა იყავ და ძლივს ტიტინებდი (ამ დროს ბავშვები განსაკუთრებით საყვარლები არიან), დიდად მიმსუბუქებდი დარდს. მოთმინებით ავიტანე ქვრივობის გასაჭირი, არაფერი მომიკლია მამაშენის დანატოვარი ქონებისთვის, ამას ვერ მისაყვედურებ. არადა, ბევრ საბრალო ობოლს ხომ სწორედ ასე დაემართა. არც აუცილებელ ხარჯებს დავრიდებივარ, რომ სწავლა კეთილად გაგესრულებინა. არ იფიქრო, თითქოს ამას გაყვედრიდე.

ახლა კი გევედრები: - მეორე ქვრივობას ნუ მოაწევ ჩემზე, შენი განშორებით დაშრეტილ მწუხარებას კვლავ ნუ აღმიძრავ, ჩემს აღსასრულს დაელოდე, ვინ უწყის, ეგებ ახლოსაცაა, რამეთუ თქვენ, ჭაბუკნი, დღეთა სიგრძეს ელით, ჩვენ, მოხუცნი კი - ოდენ სიკვდილსღა. მამაშენის გვერდით მიწას რომ მიმაბარებ, მერე რა გზასაც გინდა, იმას დაადექი, აღარავინ დაგაბრკოლებს, მაგრამ ვიდრე ვსუნთქავ, ჩემთან იყავი, ღმერთს ნუ განარისხებ, ნუ მიქადი ასეთ ხიფათებს მე, ვისაც არაფერი დამიშავებია შენთვის. თუ იმას მაბრალებ, რომ მსოფლიო ზრუნვას გაკისრებ და საკუთარ საქმეებზე ფიქრს გაიძულებ, მაშინ გამერიდე, როგორც მტერსა და ავის მოსურნეს, ნუ შეგრცხვება ნურც ბუნების კანონებისა, ნურც აღზრდისა, ნურც ჩვევისა და ნურც რაიმე სხვა მიზეზისა, ხოლო თუ ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ სრული განსვენება მოგანიჭო ამ სოფელში, მაშ, დარჩი ჩემთან, ნუ დამიტევებ. კი ამბობ, - ბევრი მეგობარი მყავსო, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ მოგანიჭებს ასეთ განსვენებას, რამეთუ არავინაა, ჩემსავით რომ ზრუნავდეს შენს კეთილდღეობაზე."

ამასა და სხვა ამისთანებს მეუბნებოდა დედა, მეც ყველაფერი ჩემს დიდსულოვან მეგობარს მოვახსენე. ის კი ამ სიტყვებს როდი დასჯერდა, პირიქით, მეტი დაჟინებით ჩამაგონებდა უწინდელი განაზრახის აღსრულებას..."

(ნაწყვეტი წერილიდან "ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ", წიგნიდან "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა", თბილისი, 1991 წ. თარგმნეს მანანა ჩიქვანაიამ და რუსუდან ბუაჩიძემ).

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა იოანე ოქროპირთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


სკოლამ, რომელმაც ოქროპირი გაზარდა, წმინდა წერილის იმგვარი მასწავლებლები შემოიკრიბა, როგორნიც უსათნოესი ფლავიანე და დიოდორე ტარსელები იყვნენ.

სწორედ ამ ზნემაღალ და ღირსეულ კაცთა მეოხებით განუმტკიცდა იოანეს საკუთარი გადაწყვეტილება, ღვთის გზას დასდგომოდა.

შესაძლოა, ამ სკოლის წყალობითვე, ან უფრო ადრეც, დაუახლოვდა ოქროპირი ზნემაღალ ეპისკოპოს მელეტის, რომელმაც, "იხილა რაი იოანესმიერი იგი შესაძინებელი ეკლესიისაი", დაიახლოვა, "ფრიადითა სიტყვითა და სწავლითა მიიზიდვიდა", ხოლო ოდეს ჭაბუკი ოცდახუთი წლისა შესრულდა, მონათლა კიდეც (სხვა წყაროთა ცნობით, წმინდანი მშობლებს ჩვილობაშივე მოუნათლავთ).

ნაგვიანევი ნათლობის მიზეზი იმ დროს გამეფებული ჩვეულება გახლდათ - ეს აქტი სიმწიფის ასაკამდე გადაედოთ, როცა ყველა ჭაბუკური გატაცება გადავლილია, თუმცა, არსებობდა დროის სულისკვეთებიდან მომდინარე სხვა მიზეზებიც.

ანტიოქიის ეკლესიას მაშინ არიანელთა ერესი აშფოთებდა. ამ უკანასკნელთ, იგდეს რა ხელთ ძალაუფლება, თავხედურად და ძალმომრეობით დევნიდნენ მართლმადიდებლებს, მათ შორის განხეთქილების თესლს ამრავლებდნენ და ისიც კი მოახერხეს, რომ ეპისკოპოსი მელეტი რამდენჯერმე განადევნინეს...

ნათლისღების უდიდესმა მადლმა იოანეს კიდევ უფრო განუმტკიცა გადაწყვეტილება. ეპისკოპოსმა მელეტიმ, ჭვრეტდა რა ჭაბუკის ღრმა სულიერებას, იგი მკითხველად დაადგინა.

საიმდროოდ ანტიოქია კვლავ მღელვარებამ მოიცვა: - იმპერატორ ვალენტისაგან (364-378 წწ.) წაქეზებულმა არიანელებმა ძველი შემართებით შეუტიეს მართლმადიდებლებს, ეპისკოპოსი მელეტი კი - კვლავ გაასახლეს... მძიმე დროება დაუდგა ქრისტეს სამწყსოს, მით უფრო - ეკლესიის მსახურთ... იოანეს კი ახალი და დიდი ტკივილი ეწია: - უტკბესი დედა გარდაეცვალა, რამაც საბოლოოდ გადააწყვეტინა უდაბნოს დამოქალაქება, პატივით დაკრძალა მშობელი, მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა, მონები გაათავისუფლა და ბასილითურთ ახალგაზრდული შემართებით შეუდგა ნანატრ მსახურებას (სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი თხზულებანი "გულის შემუსვრილებისათვის", "ეპისტოლე თეოდორეს მიმართ" და სხვანი)...

მათი უჩვეულო ღვაწლის შესახებ მალე ხმა დავარდა, ყოველი მხრიდან დაიძრნენ სულიერი თუ ხორციელი კურნებისათვის და უნუგეშოდ არავინ დარჩენილა.

ანტიოქიის მართლმადიდებელი მოსახლენი ფრიად განაკვირვა ამ ორი ახალგაზრდის დიდმა თავდადებამ და მალე თვით ეპისკოპოსთა კრებულიც კი მივიდა აზრამდე, რომ თავდადებულ მოძღვართა სიმცირის გამო კარგი იქნებოდა, ისინი ტაძართან ახლოს გადმოეყვანათ.

მალე ხმა გავრცელდა, - მეუდაბნოე ახალგაზრდებს ეპისკოპოსებად უპირებენ ხელდასხმასო - იმ დროისათვის ღირსეულ და ჭკვიან ახალგაზრდათა გამღვდელმთავრება იშვიათი არ გახლდათ, რამაც ძალზე შეძრა იოანე, - მან ხომ იმიტომ მიატოვა წუთისოფელი, რომ სულის სახსნელად უდაბნოს ნაყოფნი მოემკო...

თვით ოქროპირს მივუგდოთ ყური:

"უეცრად ხალხში ხმა დაირხა, თითქოს ჩვენი საეპისკოპოსო პატივში აღყვანა იყო განზრახული. ამ ამბავმა ორივე შეგვაშფოთა. შიშმა და გაურკვევლობამ შემიპყრო: - მეშინოდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არ მომხდარიყო ჩემი ხელდასხმა, გაურკვევლობა კი იმიტომ დამეუფლა, რომ ხშირად ვფიქრობდი და ვერ გამეგო, თუ საიდან გაუჩნდათ ადამიანებს ასეთი აზრი ჩემ შესახებ. კარგად ვუკვირდებოდი საკუთარ თავს და ვერაფერს ვპოულობდი ჩემში ესოდენი პატივის ღირსს.

ამ დროს მეწვია ჩემი დიდსულოვანი მეგობარი და საიდუმლოდ მამცნო ეს ამბავი. ეგონა, რომ არაფერი ვიცოდი, თანაც მთხოვა, უწინდელივით ერთად განგვესაჯა და ერთნაირად მოვქცეულიყავით. მარწმუნებდა, - რა გზაც უნდა აირჩიო, - ჩვენი ხელდასხმის მსურველთ დამორჩილდები თუ გაექცევი, - უეჭველად შენთან ერთად ვიქნებიო.

აშკარად ვხედავდი, რომ იგი მართლაც ყველაფრისთვის მზად იყო და ვიფიქრე, რომ მთელ ეკლესიას დიდ ვნებას მოვუტანდი, თუ საკუთარი უძლურების გამო ქრისტეს სამწყსოს ჩინებულ და წინამძღვრობის შემძლე ყმაწვილს მოვაკლებდი, ამიტომ ჩემი გულისთქმა არ გავუმხილე, თუმცა, იმ დრომდე მისთვის არც ერთი ჩემი აზრი არ დამიმალავს, ვუთხარი, - ამ საკითხზე ბჭობა სხვა დროისთვის გადავდოთ, საჩქარო არაფერია-მეთქი, ადვილად დავარწმუნე, რომ ამაზე არ ეზრუნა და მტკიცე იმედი ჰქონდა ჩემი თანადგომისა, თუკი ნამდვილად დაგვიპირებდნენ ხელდასხმას.

მცირე ხნის შემდეგ, როდესაც ის ადამიანი მოვიდა, რომელსაც ჩვენი ხელდასხმა უნდა აღესრულებინა, მე დავიმალე, ჩემი მეგობარი კი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა, სხვა საბაბით გაიწვიეს და მან იტვირთა ეს უღელი, სრულიად დარწმუნებულმა, რომ პირობის თანახმად, მეც მას მივყვებოდი, ანუ, უფრო ზუსტად, ეგონა, რომ თავად მომყვებოდა.

ზოგიერთი იქ მყოფი, იხილეს რა, რომ ბასილი ჩიოდა, რატომ წამომიყვანეთო, გაკვირვებულები გაიძახოდნენ: - "საოცარი იქნება, თუ ის, ვინც უფრო თამამ კაცად იყო მიჩნეული (ანუ მე), დიდი სიმდაბლით მიიღებს მამათა განჩინებას, ეს კი, უფრო კეთილგონიერი და თავმდაბალი, წინ აღუდგება მამებს და ცუდმედიდობას, უარყოფასა და ცილობას დაიწყებსო."

ისიც დაემორჩილა ამ სიტყვებს, ხოლო როცა შეიტყო, რომ მე გავიქეცი, მწუხარებით სავსე მოვიდა, ახლოს დამიჯდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ სულიერი მღელვარებით შეძრულმა სიტყვაც ვერ დაძრა. როგორც კი ხმის ამოღებას დააპირებდა, მყის ჩერდებოდა, რადგან ურვა არ აცლიდა. ცრემლმორეული და შეძრწუნებული რომ ვიხილე (თანაც მიზეზი კარგად ვიცოდი), გავიცინე, დიდი სიხარული გამოვხატე, მის ხელს დავწვდი და ვეამბორე, მერე ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ჩემმა ხერხმა ის კეთილი ნაყოფი გამოიღო, რომელსაც მუდამ ვნატრობდი. ჩემი სიხარული და აღტაცება რომ იხილა და შეიტყო, რომ ადრევე მივმართე ამ ხერხს, უფრო შეშფოთდა და დამწუხრდა.

როდესაც სულიერი მღელვარება ოდნავ დაუცხრა, თქვა: - თუ მე უკვე უგულებელმყავ და აღარაფრად მაგდებ (არ ვიცი კი, რისთვის), საკუთარ პატივზე მაინც გეფიქრა. ახლა ყველას მიეცი ლაპარაკის საბაბი, ყველა იმას გაიძახის, - ცუდმედიდობის გამო აირიდა ეს მსახურებაო და ერთი კაციც კი არ გიცავს ამ ბრალდებისგან. მე კი გარეთ ვეღარ გავსულვარ, იმდენი ხალხი მოდის ყოველდღე და მსაყვედურობს. ნაცნობები, სადმე ქალაქში თვალი თუ მომკრეს, განზე გავყავარ და მეტწილად ყვედრებით მავსებენ: - ხომ იცოდი მისი ზრახვები (აკი არაფერს გიმალავდა), არ უნდა დაგეფარა, თუ რას ფიქრობდა და ჩვენთვის უნდა გეთქვა, ჩვენ კი ცხადია, ყოველ ღონეს ვიხმარდით მის მოსანადირებლადო.

მე კი ვწითლდები და მრცხვენია მათთვის იმის თქმა, რომ არ ვიცოდი შენი განაზრახის შესახებ. არ მინდა, ჩვენი მეგობრობა პირმოთნეობად მიიჩნიონ და თუნდაც ეს მეგობრობა მართლაც თვალთმაქცობა იყოს (და ასეცაა, ამას ხომ ვერ უარყოფ შენი ამჟამინდელი საქციელის შემდეგ), უცხოთაგან, ვინც ასე თუ ისე გვიცნობს, მაინც უნდა დავფაროთ ჩვენი ცუდი ურთიერთობა.

მე ვერ ვბედავ, მათ სიმართლე ვუთხრა, ის, რაც ჩვენ შორის იყო, ამიტომ იძულებული ვარ, გავჩუმდე, თვალები დავხარო და შემხვედრთ მოვერიდო. პირველ ბრალდებას რომც ავცდე (ჩვენი მეგობრობის არაგულწრფელობის შესახებ), სიცრუეს მაინც დამწამებენ, არასოდეს დამიჯერებენ, რომ შენ ბასილიც სხვებს გაუტოლე, იმათ, ვინც შენი საიდუმლო არ უნდა იცოდეს, თუმცაღა, მე ეს დიდად არ მადარდებს: - ასე გწადდა, მაგრამ როგორ გადავიტანთ სხვა ბრალდებათა სირცხვილს? ზოგი სიამაყეს მოგაწერს, ზოგი - პატივმოყვარეობას, უფრო ულმობელნი კი - ერთსაც და მეორესაც, თან იმასაც დასძენენ, რომ ჩვენ თავად ამომრჩეველი შეურაცხვყავით, მათზე კი ასე ამბობენ:

- "სამართლიანად მიიღეს, რაც დაემართათ, თუმცა, მეტ უპატიობას იმსახურებდნენ იმისათვის, რომ ესოდენ პატივცემული კაცები უგულებელყვეს და ჯერ კიდევ გუშინ ამსოფლიური ზრუნვით შეპყრობილი ყმაწვილები აირჩიეს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ნაცრისფერი კაბები გადაიცვეს, თავი დამდაბლებულებად მოგვაჩვენეს, რომ უეცრად ისეთ ღირსებაში აიყვანეს, სიზმრად რომ არ მოლანდებიათ.

ისინი, ვინც სიყრმიდან ღრმა სიბერემდე მოღვაწეობაში არიან, ხელქვეითთა ხარისხში რჩებიან და მათივე შვილები განაგებენ, რომელთაც არც კი სმენიათ მართვა-გამგებლობის კანონთა შესახებ".

მსგავსი და კიდევ უფრო მეტი ყვედრებით მაწყინებენ და აღარ ვიცი, რით ვიმართლო თავი მათ წინაშე. გვედრი, მასწავლე რამე.

ვფიქრობ, უბრალოდ და უმიზეზოდ არ გაიპარებოდი და აშკარა ბრძოლას არ გამოუცხადებდი ამ დიდებულ კაცებს. ეს ნაბიჯი, ალბათ, რაღაც მოფიქრებული და გარკვეული მიზნისთვის გადადგი. აქედან ვხვდები, რომ თავდასაცავი სიტყვაც მზად გექნება.

მაშ, მითხარი, რა სამართლიანი მიზეზი შეგვიძლია წარვუდგინოთ ჩვენს მაბრალობლებს, ხოლო იმას, მე რომ უსამართლოდ მომექეცი, არ გსაყვედურობ. არ გსაყვედურობ არც სიცრუეს, არც ღალატს, არც შენდამი ჩემი კეთილგანწყობის არად ჩაგდებას. მე ჩემი სული მოგიტანე და ჩაგაბარე, შენ კი ისე ცბიერად მომექეცი, თითქოს რაღაც უსიამოვნებებს ელოდი ჩემგან. თუ ეს განაზრახი სასარგებლოდ გიჩნდა, მაშინ ჩემთვისაც უნდა აგეცილებინა, რადგან, შენივე თქმით, ყოველთვის ყველას გერჩივნე, შენ კი ყოველივე იღონე, რომ ჩავვარდნილიყავი და არავითარ მზაკვრობასა და თვალთმაქცობას არ დაერიდე იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის უბრალოდ და უზაკველად გექცეოდა, თუმცაღა, აკი გითხარი, სრულიად არ გსაყვედურობ და არ გადანაშაულებ იმ მარტოობისათვის, რომლისთვისაც გამწირე. შეწყდა თათბირები, რომელთაგანაც ხშირად ვიღებდით სიამოვნებასაც და საკმაო სარგებელსაც, მაგრამ ყოველივე ამას თავს ვანებებ და უსიტყვოდ და მშვიდად ვითმენ არა იმიტომ, რომ შენთან მეგობრობის პირველივე დღიდან წესად დავიდე, არასოდეს გაიძულო თავის მართლება, რაც უნდა მაწყენინო. საკმაო ვნება რომ მომაყენე, შენც იცი, თუკი გახსოვს, რას ამბობდნენ ჩვენზე უცხონი და თავად ჩვენც. კერძოდ, იმას, რაოდენ სასარგებლოა ჩვენთვის ერთსულოვნების დაცვა ურთიერთსიყვარულით თავის შემოზღუდვა. სხვანი იმასაც კი ამბობენ, რომ ჩვენი ერთობა ბევრისათვის იქნებოდა სასარგებლო, თუმცა, არასოდეს მიფიქრია, რომ შემეძლო, სხვებს გამოვდგომოდი, ის კი ვიცოდი, რომ ერთსულოვნება გარეშე მტერთაგან დაგვიცავდა და ეს უმნიშვნელო სარგებელი არ იქნებოდა. ამას ყოველთვის დაუღალავად გახსენებდი. ახლა მძიმე დროა, ბევრია ავის მოსურნე, ჭეშმარიტი სიყვარული გაქრა და მისი ადგილი დამღუპველმა სიძულვილმა დაიკავა... მრავალნი არიან, ვისაც ახარებს ჩვენს თავს მოწეული უბედურებანი...

გაფრთხილდი, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დავშორდებით, უფრო მეტი დაცინვა და ზიანი არ დავიტეხოთ თავს. "ძმაი ძმისა შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოი მოზღუდვილი" (იგავთა, 18, 19). ნუ დაარღვევ ამ ერთობას და ნუ დაამხობ ამ სიმაგრეს.

დაუცხრომლად გიმეორებდი ამას და ამაზე მეტსაც მაშინ, როცა არაფერი ვიცოდი და სრულიად ჯანსაღად გთვლიდი ჩემთან დამოკიდებულებაში, მხოლოდ გრძნობათა სიჭარბის გამო გთავაზობდი მკურნალობას საღ-სალამათს. თურმე, არ ვიცოდი, რომ წამალს სნეულს ვაძლევდი და ამნაირად, მე საბრალომ, ვერავითარი სარგებელი ვერ მივიღე ასეთი მზრუნველობისათვის. შენ მეყსეულად უარყავი ყოველივე და მსუბუქი ხომალდივით გამიშვი გაშლილ ზღვაში და არც კი ცდილხარ, წარმოგედგინა მრისხანე ტალღები, მე რომ უნდა შევებრძოლო. თუკი საიდანმე დამატყდება ცილისწამება, დაცინვა ან სხვა რაიმე შეურაცხყოფა და მტერობა (ეს კი, ალბათ, ხშირად მოხდება), ვის შევევედრო, ვის ვაუწყო ჩემი მწუხარება, ვინ შემეწევა, ვინ მოიგერიებს ჩემს შეურაცხმყოფელთ, ვინ აიძულებს მათ მტერობის შეწყვეტას, ვინ მანუგეშებს და შემეწევა. სხვათა უჯერო საქციელის გადატანაში? არავინ მივის, რადგან შენ შორს განუდექი ამ სასტიკ ბრძოლას და ჩემი ხმაც კი არ გწვდება.

იცი კი, რა ბოროტება ჩაიდინე? აღიარებ კი ამ მარცხის შემდეგ მაინც, თუ რა უკურნებელი წყლულება მომაყენე? მაგრამ მოდი, ამას თავი დავანებოთ: - რაც მოხდა, იმას უკვე ვეღარას ვუშველით, ვერც გამოუვალი ვითარებიდან ვიპოვით გამოსავალს, მაგრამ რა ვუთხრათ უცხოებს? რითი დავიცვათ თავი მათი ბრალდებებისგან?

- დამშვიდდი, - მივუგე მე, - მზად ვარ, არა მხოლოდ მაგაზე გიპასუხო, არამედ, შევეცდები, რამდენადაც შევძლებ, იმაშიც ვიმართლო თავი, რასაც შენ მპატიობ. თუ გინდა, სწორედ აქედან დავიწყებ თავდაცვას.

ფრიად უმადლო, განუსჯელი და ბოროტი კაცი ვიქნებოდი, უცხოთა აზრზე რომ მეფიქრა და მათი ყვედრების დასაცხრობად ყველა ღონე მეხმარა, იმას კი არ ვცდილიყავ, რომ ჩემს უდანაშაულობაში დამერწმუნებინე შენ, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და ვინც იმდენად მიბრალებს, რომ არ მადანაშაულებს იმაშიც კი, რაშიც, მისივე თქმით, დამნაშავე ვარ, ის, ვინც თავის თავს არად აგდებს და კიდევ ჩემზე ფიქრობს. მაშინ ხომ დიდად უყურადღებობას გამოვიჩენდი ჩემთვის ესოდენ მზრუნველი მეგობრის მიმართ.

ამგვარად, რითი შეურაცხგყავი? აი, აქედან დავიწყებ ჩემს თავდაცვას. - იმით, რომ ხერხი ვიხმარე და დაგიმალე ჩემი განზრახვა? მაგრამ ეს ბოლოს სასარგებლო გამოდგა შენთვისაც და იმათთვისაც, ვისაც შენი თავი ჩავაბარე ჩემი დამალვის წყალობით. თუკი დამალვა ყველა შემთხვევაში ბოროტებაა და არასოდეს შეიძლება მისი გამოყენება, თუნდაც კეთილი საქმისათვის, მაშინ მზადა ვარ, ის სასჯელი მივიღო, რასაც განმიჩინებ, თუმცა, რაკი არასდროს დათანხმდები ჩემს დასჯას, თავადვე დავისჯი თავს ისე, როგორც მოსამართლენი სჯიან ხოლმე ბრალმდებელთაგან მხილებულ დამნაშავეებს და თუ დამალვა მუდამ მავნე არ არის, არამედ კარგი ან ცუდი ხდება კაცის განზრახვის მიხედვით, მაშინ ნუღარ მაბრალებ, რომ მოტყუვდი და დაამტკიცე, რომ ხერხი ბოროტი საქმისათვის ვიხმარე. სანამ ეს არ დამტკიცებულა, მანამ ნუ მყვედრი და ნუ მაბრალებ, პირიქით, თუ ვინმე ხერხს კეთილი მიზნებისთვის იყენებს, ის ქების ღირსია და არა საყვედურის..."

"მე ამ საქმეს (მოძღვრობას) სიამაყისა და ამაო დიდებისმოყვარეობის კი არა, ერთადერთის, - მომავალი საქმის შიშით გავერიდე."

"მზის სხივზე წმინდა სული უნდა ჰქონდეს მოძღვარს, წამითაც რომ არ მიატოვოს სულიწმიდამ და იმის თქმა შეძლოს: - "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალ. 2, 20)."

"უფალს წინასწარმეტყველებზე უადრეს სურდა ეჩვენებინა, რომ მღვდელთა ცოდვები უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებს, ვიდრე - ჩვეულებრივი ადამიანისა და მსხვერპლშეწირვის დადგენისას ბრძანა: - მთელი ხალხის ცოდვათა გამოსახსნელი მსხვერპლის ტოლი ზვარაკი შეეწირათ მღვდლის შეცოდებათა გამო (ლევ. 4), რითაც დაგვანახვა, რომ მღვდლის ნაჭრილობევს სწორედ იმგვარი შეწევნა სჭირდება, როგორიც წყლულებს მთელი ხალხისას ერთად აღებულს. ისინი რომ უმძიმესი არ ყოფილიყო, არც ასეთი შეწევნა გახდებოდა საჭირო. ამასთან, ეს ცოდვა კი არ არის თავისთავად მძიმე, არამედ იმიტომ, რომ მას მღვდელი, ასეთი დიდი პატივის მქონე კაცი იქმს".

"ახლა მაინც თუ გახდა შენთვის ნათელი, უმიზეზო რომ არ ყოფილა ჩემი შიში? ნათქვამს ამასაც დავამატებ: - სულიერმა ვნებებმა რომ ერთიანად არ დამრიონ ხელი, საამისოდ ახლაც დიდი ჯაფა მიწევს, მაგრამ ამ შრომას როგორღაც ვიტან, ამ ღვაწლს არ გავურბივარ. პატივმოყვარეობა ახლაც დამრევს ხოლმე ხელს, თუმცაღა, ვებრძვი და წინ აღვუდგები, მაგრამ ვაღიარებ: - მისი მონა ვარ მაინც. ზოგჯერ ამ დამონებული სულის მხილებასაც ვახერხებ. ახლაც მომეახლებიან ხოლმე მავნე წადილები, მაგრამ ძლიერ ცეცხლს ვერ მინთებენ, თვალი ვერ აწვდის გარედან იმ ცეცხლს საწვავს და იმიტომ. სხვამ რომ ვისიმე ავი ილაპარაკოს და ვუსმინო, მაგისგან თავისუფალი ვარ, მოსაუბრე არავინა მყავს. კედლებს, რასაკვირველია, ლაპარაკი არ შეუძლიათ. რისხვას კი, გარკვეულად, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის გარემოცვაში არ ვიმყოფები, მაინც ვერ გავექეცი.

ხშირად ძლიერად არა, მაგრამ მაინც ამიალებს ხოლმე გულს ურიგო ხალხის, მათი საქციელის მოგონება. ამ ალს იმით ვშრეტ, რომ ვაგონებ ხოლმე თავს, თუ რაოდენ უჯერო და ჭირის მომტანია საკუთარი უდებების დატევება და ახლობელთა ვნებების ჩხრეკა. მაგრამ ხალხში გარეული და მოუსვენრობით შეპყრობილი, გულისთქმების ასეთი შეგონებებით მართვას ვეღარ შევიძლებ, ძალა აღარ მეყოფა და ისე, როგორც კლდეებს შორის აქაფებული ნიაღვარი გაიტაცებს ხოლმე კაცს, რომელიც აშკარად წინდაწინვე ხედავს განსაცდელს, რომლისკენაც მიექანება და საშველი მაინც ვერა მოუფიქრებია რა, მეც, ვნებათა ტალღებში მოქცეულს, თუმცა კი შემრჩა გონი მომავალი სასჯელის განჭვრეტისა, რომელიც დღითი დღე გაიზრდება, მაგრამ ახლანდელივით საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და იმ გამძვინვარებულ მხეცთაგან გაქცევას რიგიანად ვეღარ შევძლებ.

მე სუსტი, დიდბუნებოვნებას მოკლებული სული მაქვს და მას იოლად სძლევენ არა მხოლოდ ეს ვნებები, არამედ მათ შორის უსაშინლესი, - შური, რომელსაც არ ძალუძს ქებისა და ძაგების უშფოთველად ატანა. პირველი უზომოდ ამედიდურებს, მეორე კი - ურვაში აგდებს. მძვინვარე მხეცები, თუ ისინი ჯანზე არიან, მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით კი - გამოუცდელებს, ადვილად სძლევენ. მაგრამ თუ ვინმემ შიმშილით მოაუძლურა ისინი, დააოკებენ კიდეც მათ მძვინვარებას და ძალის დიდ ნაწილსაც წაჰგვრიან, ასე რომ, მათთან ბრძოლაში არცთუ ისე მამაცი კაციც კი ივარგებს..."

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

"ხალხში გამოსულს ეს მხეცები ძლიერად დამესხმიან თავს, სულს გამიტანჯავენ, შიშში მომაქცევენ, გამიჭირდება მოგერიება. აქ თუ დავრჩი, დიდი ძალისხმევა კი დამჭირდება მათ მოსაგერიებლად, მაგრამ ღვთის მადლით, დაოკდებიან და ჩემამდე მათი ღრიალის ხმა თუ მოაღწევს. ამიტომაც ვრჩები ამ სენაკში, როგორც კაცი შეუვალი, ურთიერთობებისა და ადამიანების მოძულე და ვითმენ ასეთსა და ამის მსგავს კიცხვას, თუმცა, დიდი ხალისით ავიცილებდი მათ, მაგრამ რაკი ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მეძლევა, ვწუხვარ გულშემუსვრილი.

ხალხში შეუძლებელია ჩემთვის ნამდვილ უსაფრთხოებაში ყოფნა, ამიტომ გთხოვ, ნუ გაამტყუნებ ესოდენ მძიმე მდგომარეობაში მყოფს, შეიბრალე იგი, თუმცა ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნე. ამიტომაც დროა, ისიც გითხრა, რაც აქამომდე უცნობი იყო შენთვის. იქნებ ზოგს დაუჯერებლადაც მოეჩვენოს, მაგრამ ამის მიუხედავად, არ შემრცხვება მისი გამხელა. თუმცა, ეს სიტყვები უამრავ ჩემს ცოდვასა და უილაჯო სინდისს გამოაჩენს, მაგრამ რაკი სამსჯავრო მელის ყოვლისმხილველი მეუფებისა, ხალხისაგან ამის დაფარვამ რაიღა მარგოს? ან რა დამრჩა გაუმხელელი?

მას მერე, რაც ეს განზრახვა მაცნობე (ეპისკოპოსად არჩევა), შიში და სასოწარკვეთა დამეუფლა, სხეულის ერთიანი დასუსტების საშიშროების წინაშე ვიდექი. რომ წარმოვიდგენდი ქრისტეს სასძლოს სულიერ სილამაზესა და სიწმინ¬დეს, სიბრძნესა და დიდებულებას, მერე საკუთარი სისუსტეების გახსენებაზე გაუჩერებლად დავტიროდი მათ, თავს უბედურს ვუწოდებდი, ვკვნესოდი, გაოგნებული საკუთარ თავს ვეკითხებოდი: - ვის გაუჩნდა ასეთი აზრი? ასეთი რა შესცოდა ღვთის ეკლესიამ? რით განარისხა მან მეუფე თვისი ისე, რომ შერცხვენისათვის გაიწირა და მე, ყოვლად უღირსს ყოველთა შორის, განსაგებად მომეცა-მეთქი?

ხშირად ვფიქრობდი ასე ჩემთვის, ვერ ვერეოდი აზრს, ესოდენ განუსჯელს და დასუსტებულივით მეცლებოდა ძალა. არც რა მესმოდა, ვერც რას ვხედავდი.

ეს გაშტერება გამივლიდა (ზოგჯერ ხელს შემიშვებდა ხოლმე) თუ არა, მას ცრემლი და სასოწარკვეთა ცვლიდა. მერე, ხანგრძლივი ცრემლთადენის შემდეგ, კვლავ შიში დამეცემოდა და მაშფოთებდა, მარღვევდა, გონებას მირყევდა. ასეთ ტალღებში გავატარე ის დრო, შენ არა იცოდი რა, გეგონა კი, რომ ჩემთვის წყნარად ვცხოვრობდი."

"ორიდან ერთი უნდა ირჩიოს კაცმა უსათუოდ: - ან იარაღი უნდა აიყაროს, დაეცეს და დაიღუპოს, ან მუდამ შეჭურვილი იყოს და იფხიზლოს. მტერი მუდამ საჭურველასხმულია, ჩვენს უზრუნველობას უთვალთვალებს და გა-ცილებით მეტს ზრუნავს ჩვენი დაღუპვისათვის, ვიდრე ჩვენ - საკუთარი ცხოვრებისათვის, ვინც მუდამ არ ფხიზლობს მას განსაკუთრებულად იმიტომაც უჭირს მტერთან ბრძოლა, რომ იგი უხილავია და დაცემაც უეცრად იცის (ამით მას მეტი ვნებაც ძალუძს) და შენ ის გინდოდა, რომ ქრისტეს ლაშქარს ამ ბრძოლაში მე წავძღოლოდი? თუკი ის, ვისაც ყველას პატრონობა და მართვა ევალება, მათზე სუსტი და გამოუცდელი იქნა, მინდობილ ხალხს თავის გამოუცდელობით ეშმაკის გზას გაუყენებს. ასეთი კაცი ქრისტეს კი არა, ეშმაკს უდგება მსახურად. რას ოხრავ, რა გატირებს? ტირილი კი არა, რაც მოხდა, იმის გამო მხიარულება და სიხარული გვმართებს.

ბასილი: - კი მაგრამ, ჩემი მდგომარეობის გამო, შენგან განსხვავებით, მე უზომო მწუხარება მმართებს, რადგან უკეთ მხოლოდ ახლა შევიტყვე, რა განსაცდელშიც მომაქციე. შენს მყვედრებლებს რა ვუპასუხო-მეთქი, იმის გასაგებად მოვდიოდი, შენ კი მიშვებ და ახალ საზრუნავს მკიდებ ძველის ნაცვლად. ახლა იმას კი არ ვწუხვარ, შენს ნაცვლად იმათ რა პასუხი გავცე, არამედ იმას, საკუთარი თავისა და ცოდვების გამო ღმერთთან როგორ ვაგო პასუხი. გთხოვ და გევედრები, ოდნავ თუ მაინც გენაღვლები, "რაოდენი რაი ნუგეშინისცემაი არს ქრისტეს მიერ, და რაოდენი ნუგეშინისცემაი სიყუარულისაი სულისაი, რაოდენი რაი მოწყალებაი და წყალობაი" (ფილ. 2, 1) (რადგან თავად იცი, ყველაზე მეტად შენი გამოისობით მოვექეცი ამ განსაცდელში), ხელი გამომიწოდე, რაც კი გამამხნევებს, ყველაფერი გააკეთე, ყველაფერი მითხარი. მცირე ხნითაც არ მისცე თავს ჩემი მიტოვების უფლება; ეცადე, რომ ეს ცხოვრება უწინდელზე უფრო დიდ მეგობრობაში შენთან ერთად განვლიო.

ოქროპირი: - ღიმმორეულმა ვუთხარი: - რითი უნდა დაგეხმარო ასეთი ზრუნვის მტვირთველს, რა უნდა გარგო? მაგრამ რაკიღა ასე გსურს, სასოს ნუ წარიკვეთ, ჩემო ნეტარო. ყოველთვის, როცა კი საქმეებისაგან გათავისუფლებულს დასვენების საშუალება მოგეცემა, შენ გვერდით ვიქნები, განუგეშებ და თუ რამ შემეძლება, არაფერს დავიშურებ.

ამაზე უფრო ატირდა, წამოდგა, წამოვუდექი, მოვეხვიე, თავზე ვეამბორე, გაცილებისას ვარიგებდი, მოწევნულს მხნედ დახვედროდა. მწამს ქრისტესი, რომელმაც მოგიწოდა და მოგანდო ცხოვარნი თვისნი, იმგვარ კადნიერებას მოიპოვებ ამ მსახურებით, რომ მეც, ამ ქვეყნიდან გასულს, იმ განსაცდელში მყოფს, მარადიული სავანისაკენ შენ წარმიძღვები-მეთქი."

(ნაწყვეტი წერილისა "ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ", წიგნიდან "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა", თბილისი, 1991 წ. თარგმნეს მანანა ჩიქვანაიამ და რუსუდან ბუაჩიძემ)

ბასილი, რომელიც ძალზე მოშურნედ შეუდგა თავის ღვაწლს, მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების (381 წელს) მონაწილეც კი შეიქნა.

იმ ბნელ დროს, როდესაც პოლიტიკურ სინამდვილეში მძიმე გაურკვევლობა სუფევდა, ეკლესია კი არიანელთა დამღუპველ ერესს უმკლავდებოდა, უამრავი ზნეკეთილი ადამიანი შეეხიზნა უდაბნოს და ანტიოქიის მიმდებარე მთები გაივსო განდეგილებით... ისინი იქ შუაღამისას ადიოდნენ, მზის ამოსვლისთანავე ცისკარს გალობდნენ, შემდეგ ყველა კელიებში თითოვდებოდა და ღვაწლს აგრძელებდა: - ან წმინდა წერილს კითხულობდა, ან - წმინდა წიგნებს გადმოიწერდა, დღის მანძილზე კი კვლავ ერთდებოდნენ და ლოცვად დგებოდნენ.

ოთხი წელი დაჰყო იოანემ მონასტერში... ერთ ღამეს იმ სავანის მხცოვან მონაზონ ევსუქის ეჩვენა, თითქოს იოანეს ორი ბრწყინვალედ მოსილი კაცი ახლდა, რომელთაგან ერთს ხელში გრაგნილი ეპყრა, მეორეს - გასაღები... პირველი მათგანი - იოანე მახარებელი იყო, რომელმაც იოანეს გრაგნილი ამ სიტყვებით გადასცა: - უფალს "აწ ჩემ მიერ ჰნებავს, რაითა მოგცეს შენ აღხსნაი ყოველთა წერილთაი და ხელპყრობილ გყოფს შენ მეცნიერებისა მათისა მიმართ." მეორემ, პეტრე მოციქულმა კი გასაღებები ამ სიტყვებით გაუწოდა: - ღვთის ნებით გეძლევა იგი, "რაითა რაოდენნი კრულ გინა ხსნილ ჰყვნე ქუეყანასა ზედა, იყვნენ იგინი კრულ გინა ხსნილ ზეცათა შინა".

მონასტერში გატარებული დროის შემდეგ ღვაწლი უფრო გააძლიერა, - ორი წელიწადი სრულიად მარტომ იცხოვრა მღვიმეში, ღამეებს ფეხზე მდგომი ატარებდა, თვლემის დასაძლევად კი სრულ დაუძლურებამდე მარხულობდა... ნესტიან ქვაბულში ამგვარმა ცხოვრებამ ჯანი შეურყია, - წელს ქვემოთ ერთგვარად დაინვალიდდა და საჭმლის მომნელებელი ორგანოები დაუსნეულდა...

მოღვაწეობის დიდი წყურვილი მას უდაბნოში სამუდამოდ დარჩენისკენ მოუწოდებდა, მაგრამ სხვაგვარი იყო უფლის განგება: - ამხელა მნათობს ბნელ მღვიმეში კი არა, მაღალ საეკლესიო სალამპროზე უნდა ენათა... და მართლაც, მალე ვითარება ისე აეწყო, იძულებული შეიქნა, ანტიოქიას დაბრუნებოდა, სადაც სიხარულით დახვდა წმინდა მღვდელმთავარი მელეტი, რომელმაც 381 წელს დიაკვნად დაასხა ხელი.

წმინდა მელეტის გარდაცვალების შემდგომ მან კვლავ დატოვა მშობლიური ქალაქი და სამი წლით ისევ იმ სავანეს დაუბრუნდა, რომელშიც ადრე მოღვაწეობდა.

ამ დროისათვის ანტიოქიის ეკლესიის საჭეთმპყრობლად ფლავიანე დაადგინეს, რომელსაც ერთხელ, ღამეული ლოცვისას, ღვთის ანგელოზმა ასე უბრძანა: - ხვალ იმ მონასტერში წადი, რომელშიც იოანე მოღვაწეობს, ქალაქში ჩამოიყვანე და მღვდლად დაასხი ხელი, რადგან რჩეული ჭურჭელია და უფალს მისი მეოხებით მრავალთა მოქცევა და გადარჩენა სურსო...

იმავე ღამეს ანგელოზი იოანესაც გამოეცხადა და ანტიოქიაში დაბრუნება უბრძანა, რასაც დამორჩილდა კიდეც.

ძალზე გაუჭირდათ იქაურ მონაზვნებს მასთან განშორება და მწარედ ატირდნენ...

მეორე დღეს, მღვდლად ხელდასხმისას, იოანეს თავს თოვლივით თეთრი მტრედი დაადგა, რამაც იქ მყოფნი დიდად შეაშინა და გააოცა... ამ სასწაულმა მთელი ანტიოქია, სირია და მიმდებარე ქალაქები აალაპარაკა: - მაინც ვინ არის იოანე, რომელზეც დასაწყისშივე ესოდენი სასწაული დაუშვა ღმერთმაო...

სამღვდელო პატივშემოსილმა უფრო მოშურნედ იწყო ღვწა: - კვირაში რამდენჯერმე, ხშირად კი -ყოველდღიურად ქადაგებდა ამბიონიდან, ისეც ხდებოდა, ერთ ტაძარში მსახურების შემდგომ დაღლილს მეორეშიც უწევდა სიტყ-ვის თქმა... ამ ჰომილიებიდან ბევრმა ჩვენამდეც მოაღწია. ოქროპირმა მრავალრიცხოვან, უბრწყინვალეს თხზულებებთან ერთად ძველი აღთქმის წიგნთა, სახარების, "საქმე მოციქულთას" და პავლე მოციქულის ეპისტოლეთა განმარტებანი დაგვიტოვა, აღარაფერს ვამბობთ მისეულ ლიტურგიაზე, რომლის შესახებაც მოკლედ ოდნავ მოგვიანებით მოგითხრობთ.

სწორედ აქედან დაიწყო ახალი ეტაპი მისი ცხოვრებისა...

ანტიოქია

იმხანად დიაკვნის მოვალეობანი ერთობ რთული გახლდათ: - მღვდელმთავრის დავალებათა აღსრულების და ტაძარში მსახურების გარდა ღატაკებსა და სნეულებზე განსაკუთრებულად უნდა ეზრუნა, ხშირად ენახულა, მათ შესანახად თანხა მოემუშაკებინა, ნუგეში ეცა, მიცვალებულნი კი - გაეპატიოსნებინა და დაეკრძალა... მოკლედ, ყოველივე სრულ თავგანწირვასა და სიყვარულს ითხოვდა, რაც ჩინებული სკოლა იყო უმაღლესი სამღვდელმთავრო მსახურებისთვის...

დიაკვნის ხარისხში მან ხუთ წელიწადს იმსახურა, ამასობაში, როგორც ზემოთ ვთქვით, კეთილმა მწყემსმა მელეტიმ თავისი განსაცდელებით აღსავსე გზა დაასრულა, მისმა ნაცვალმა ფლავიანემ კი, რომელიც იოანეს ანტიოქიის სკოლაში განსწავლიდა, ჭვრეტდა რა მასში დიდ სულიერებას, მღვდლის ხარისხში აღამაღლა და მართლაც რომელ ქალაქს, თუ არა ანტიოქიას, სჭირდებოდა უკიდურესად მისი დარი მწყემსი...

ანტიოქია, აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და უმდიდრესი ქალაქი, 200 000-ზე მეტ მოსახლეს იტევდა, რომელთაგან ნახევარი ქრისტიანი გახლდათ, ნახევარი კი - წარმართი და ებრაელი... რაღა თქმა უნდა, მათთან თანაცხოვრება ქრისტიანებზე უარყოფითად აისახებოდა. ამგვარი გარემოს წყალობით ხშირად გამოჩნდებოდნენ ხოლმე მასწავლებლები, რომელთაც ქრისტიანობის საკუთარ წარმოდგენათა შესატყვისად შეცვლა სურდათ, შედეგად, ათასგვარი მიმდინარეობა და პარტია იქმნებოდა, ერთურთს ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებულნი და შფოთის მთესველნი. ზოგიერთი მასწავლებელი დაუფარავად ქადაგებდა ერესს და ათასგვარად აუკუღმართებდა იქაურებს, განხეთქილებას აღვივებდა და ანტიოქიის ეკლესიას იმ ხომალდს ამსგავსებდა, გაუთავებელი ქართაცემა და ღელვა რომ არყევს... აქ შეხვდებოდით არიანელებსაც, სხვადასხვა ჯურის გნოსტიკოსებსაც და საზოგადოებრივ და ზნეობრივ მიმდინარეობებსაც... ამ ყველაფრის მწარე ნაყოფი კი - მოსახლეობის უმრავლესობის ნახევრად წარმართული ცხოვრება იყო, რომელთათვისაც ნებისმიერი სანახაობა ბევრად მიმზიდველი გახლდათ, ვიდრე - ტაძარი.

ისევე, როგორც მსხვილ სამრეწველო ქალაქებში (მით უმეტეს, წარსულში), დიდი ფუფუნების გვერდით დიდი სიღატაკე იდგა... ანტიოქია ხშირად გამხდარა სისხლიანი ჯანყის მონაწილე. ამგვარ ქარიშხალში მოქცეულ ხომალდს სამართავად ოქროპირის დარი თავდადებული და პატიოსანი მწყემსი სჭირდებოდა.

თუ დიაკვნობისას ოქროპირი, ძირითადად, ქველმოქმედებდა, სამღვდელო მადლის მიმღებმა საკუთარ თავში უამრავი სულიერი ნიჭი შეიგრძნო, პირველივე ქადაგებით დაატყვევა მრავალრიცხოვანი მსმენელი, მისმა ცეცხლო-ვანმა სიტყვამ კი დროსთან ერთად ძალა შეიძინა და წინააღმდეგობითა და სიჭრელით განთქმულმა ანტიოქიამ, რომელსაც დღემუდამ სიახლე სწყუროდა, ხმა დააგდო, რომ გამოჩნდა ის, ვისი მოსმენაც ნამდვილად ღირდა...

სულ მალე ტაძარი, რომელშიც ოქროპირი მსახურობდა, ხალხით გაივსო...

ანტიოქიელებს იზიდავდა კაზმული სიტყვა და იცოდნენ კიდეც მისი ფასი. ამ მიზეზით ძალზე აფასებდნენ ლიბანიუსის დარ ორატორთ, მაგრამ ამჯერად ისეთი ორატორი პოვეს, დიდად რომ აღემატებოდა ამ უკანასკნელს. ლიბანიუსი თავისი დახვეწილი მანერით, ხელოვნური სიტყვათწყობით და მწყობრი ფრაზებით ატყვევებდა ყურს, თუმცა, გულამდე ვეღარ აღწევდა... მისი მოწაფე კი არც ხატოვან სიტყვათწყობას იხმობდა და არც მკვეთრ ფრაზას, მაგრამ სიტყვის გამაოგნებელი ცხოველმყოფელობით აოგნებდა მსმენელს. მისი ყოველი ამონათქვამი სიცოცხლის ძალით სუნთქავდა და დიდგვაროვანი პატრიცისთვისაც და უბრალო გლეხისთვისაც გასაგები იყო. მოკლედ, ამგვარი ქადაგება არასოდეს სმენია მრავლისმნახველ ანტიოქიას... როდესაც ოქროპირი მდიდართა უწყალობას, მტაცებლობას, ქალთა გარყვნილებას და ღატაკთა სიმდაბლეს თუ სხვა მანკს ამხელდა, ტაძარში მყოფნი უნებურად წითლდებოდნენ ხოლმე, რამეთუ საკუთარ ცოდვებს აშკარად ამოიცნობდნენ... მისი სიტყვა იმგვარად ეხებოდა ადამიანთა გულს და ემოციას, მსმენელი თავს ვერ იკავებდა, ქადაგება ყურისწამღები ტაშით არ გაეწყვეტინებინა, განსაკუთრებით კი ის აოცებდათ, ამ ყოველივეს იოანე სხვებივით რომ არ კითხულობდა და ზეპირად წარმოთქვამდა... მის ბაგეთაგან იმგვარი მადლი იფრქვეოდა, თითქმის ცოდვად და უდიდეს დანაკარგად თვლიდნენ ამ ჰომილიათა არდამახსოვრებას, ამიტომ საიდანღაც გაჩნდნენ მსწრაფლგადამწერნი, რომელნიც შემდეგ ჩანაწერებს ამრავლებდნენ და მსურველებზე ჰყიდდნენ, ბევრი კი - ზეპირადაც სწავლობდა. როგორც კი ყურს მოჰკრავდნენ, იოანე ქადაგებსო, მთელი ქალაქი დაიძვრებოდა: - ვაჭრები დუქნებს დაუტევებდნენ, მშენებელნი - მშენებლობას, ადვოკატები - სასამართლოებს, ხელოსნები - სახელოსნოებს და სასწრაფოდ ტაძარს მიაშურებდნენ... მისთვის ყურისგდება განსაკუთრებულ ბედნიერებად და პატივად ითვლებოდა, ამიტომაც მიაკუთვნეს უამრავი სახოტბო სახელი: - "ტკბილგოლეული", "თაფლმდინარე", "ბაგე უფლისა"...

ზოგჯერ, განსაკუთრებით კი მოღვაწეობის დასაწყისში, მის ღრმააზროვან სიტყვას მუდამ როდი სწვდებოდა გაუნათლებელი მსმენელი და აი, ერთხელაც, ტაძარში ქადაგებისას ვინმე ქალმა აღტაცებით წამოიძახა: - მოძღვარო, უფრო ზუსტად კი - იოანე ოქროპირო, შენი სწავლება ისე დიდია, გონება ჩვენი კი - იმდენად ვიწრო, რომ მის სიღრმეს ვერა სწვდებაო!

მაშინ მრევლმა თქვა: - თავად ღმერთმა უწოდა ამ ქალის პირით იოანეს ოქროპირი და დაე, სამუდამოდ ასე იხსენიებოდესო!

ანტიოქიის მკვიდრ ღატაკ მოქალაქეებს ძალზე ემძიმათ ბეგარა და განრისხებულებმა იმპერატორისა და მისი ოჯახის წევრთა ქანდაკებანი ნამსხვრევებად აქციეს, თუმცა, მალე მრისხანება შიშმა და სასოწარკვეთამ შეცვალა, რადგანაც ყველა ხელმწიფის დიდ რისხვას ელოდა... აღელვებულ ხალხს პატრიარქმა ფლავიანემ იმპერატორთან უშუამდგომლა, ოქროპირი კი მათ სანუგეშებლად დარჩა.

დიდმარხვა იდგა, ანტიოქიელთათვის ჭეშმარიტი სინანულისა და განწმენდის ჟამი... ოქროპირი ყოველდღიურად ქადაგებდა ამბიონიდან და ადამიანებს განამტკიცებდა და ანუგეშებდა... ალბათ, იქაურებს არც არასოდეს უმარხულიათ ესოდენი სინანულით და უფალმაც მოხედა: - სწორედ ბრწყინვალე აღდგომას მოვიდა იმპერატორისგან სი-გელი მათი შეწყალებისა.

ეს ამბავი იმავე დღეს ახარა ოქროპირმა და თან დასძინა: - იხარებდეთ სულიერი სიხარულით და ჰმადლობდეთ უფალს იმისთვის კი არა, რომ უბედურებანი შეწყდა, არამედ მისთვის, რომ განსაცდელი მოგივლინათო, რაშიც ანტიოქიელებში ამ მძიმე დღეების ნაყოფ სინანულსა და სულიერი ცხოვრების სურვილის დაბადებას გულისხმობდა.

როდესაც ანტიოქია უდიდესმა მიწისძვრამ შეძრა, სწორედ ის ტაძარი ჩამოიქცა, რომელიც ერეტიკოსებს ბინად გაეხადათ... ტაძრის ნანგრევებში მათი უმრავლესობა დაიღუპა, მართლმადიდებელთაგან კი - არავინ... ამის შემხედვარე არა მხოლოდ გადარჩენილმა ერეტიკოსებმა, წარმართებმაც კი ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და ბევრი მათგანი გაქრისტიანდა.

397 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნექტარიოსი გარდაიცვალა და მისი შემცვლელი კარგა ხანს ეძებეს. მაშინ ბიზანტიის იმპერატორმა არკადიმ ფლავიანესთან იოანეს დედაქალაქში მივლინების სიგელი წარგზავნა.

ამ ამბავმა ისე დაამწუხრა ანტიოქიელები, ტაძარში შეკრებილნი, ფლავიანეს მოწოდების მიუხედავად, საშუალებას არავის აძლევდნენ, საყვარელი მოძღვარი სადმე წაეყვანათ, არც თავად იოანეს სურდა მრევლის დატოვება, რადგან თავი ესოდენი პატივის ღირსად არ მიაჩნდა.

როდესაც ამის შესახებ იმპერატორმა შეიტყო, გაიოცა და იოანეს გაპატრიარქების სურვილი უფრო გაუმძაფრდა, ამიტომ ბრძანა, იგი ანტიოქიიდან ფარულად გამოეპარებინათ, რაც აღასრულეს კიდეც.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

კონსტანტინოპოლი

ოქროპირის შესახვედრად მთელი კონსტანტინოპოლი გამოემართა, მათ შორის - იმპერატორი და სასულიერო ელიტა. მთელი ქალაქი ხარობდა ამ საოცარი და წმინდა კაცის შემობრძანებით, არ უხაროდა მხოლოდ ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს თანამოაზრეებითურთ, რომელიც შემდეგ, შურითა და სიძულვილით დაბრმავებული, დაუძინებელ მტრად მოეკიდა მას.

ოქროპირის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრება 398 წლის 26 თებერვალს აღსრულდა. ცერემონიის დასასრულს, ქადაგებისას დამსწრეთა შორის ერთ-ერთი შეპყრობილი აღმოჩნდა, რომელმაც, დაემხო რა მიწას, იმგვარი ხმით იწყო ყმუილი, ყველას შიშის ზარი დაეცა. ნეტარმა იოანემ სნეულს ჯვარი გარდასახა და განასხა რა მისგან ბოროტი, საბრალოს მყის პირველსახე დაუბრუნა... ამის შემსწრე მეფემაც და ხალხმაც ძლიერ განიხარა და ადიდა ღმერთი, რომელმაც ესოდენ დიდი მოღვაწე გამოუგზავნათ.

მეორე რომის სულიერი მამა დიდად იღვწოდა თავისი სამწყსოს სულის სარგოდ, დაუნდობლად ამხელდა მანკს და სათნოებებში განამტკიცებდა.

ერთხელ, ბრწყინვალე აღდგომის წინ, მას დიდად დასწყვიტა გული ხალხის უმსგავმა საქციელმა: - ვნების შვიდეულის ოთხშაბათს ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, ლამის წალეკა კონსტანტინოპოლი. ხალხი ძლიერ შეშინდა და ტაძრებს მიაწყდა, მაგრამ როგორც კი საფრთხემ გადაიარა, მყის დაუტევეს სინანული და დიდ შაბათს კვლავაც ღრეობას მიეცნენ. გულის სიღრმემდე შეძრულმა ოქროპირმა აღდგომას უმადურ სამწყსოს თავისი ცნობილი სიტყვით, - "სანახაობათა წინააღმდეგ", - მიმართა.

იგი მხოლოდ დედაქალაქზე კი არა, მის შემოგარენზეც ზრუნავდა. თავისი ღვთივსულიერი სიტყვით მოაქცია კელტები, რომელთაც არიანელთა სნება შეჰყროდათ, - ამ საქმისთვის მღვდლები და დიაკვნები აღირჩია და კელტური ენის შესწავლა სთხოვა, რომ მათთვის მშობლიურ ენაზე ექადაგათ, მსგავსადვე გააქრისტიანა დუნაისპირელი სკვითებიც.

იმ სახსართაგან, რაც მისთვის, როგორც მწყემსმთავრისთვის იყო განკუთვნილი, უმცირესს ხარჯავდა, მკაცრად მარხულობდა, ქვრივ-ობოლთ, გლახაკთ და სნეულთ პატრონობდა, მათთვის სასნეულოებსა და თავშესაფრებს აგებდა, ამასთან, ღვთისმსახურების გამართვისთვისაც იღვწოდა: - ლიტურგიის საკუთარი წესი შეადგინა, ღამისთევის ლოცვისას ანტიფონური გალობა შემოიღო და ზეთის კურთხევის წესისათვის რამდენიმე ლოცვა შექმნა.

ოქროპირმა კონსტანტინოპოლელ ამაო სამღვდელო დასსა და გარყვნილი საზოგადოების ფონზე საყოველთაო განცვიფრება გამოიწვია. ბევრმა მის მონაზვნურ თავშეკავებაში საკუთარ ცოდვათა ირიბი განკითხვა დაინახა, ზოგმა კი, პირიქით, - მისი თავშეუკავებლობა, რადგან ფიქრობდნენ, რომ პატრიარქი საღამოობით იმ მიზეზით იკეტებოდა, რომ, როგორც მისი მტრები უწოდებდნენ, "ციკლოპურ ორგიებს" მისცემოდა. ოქროპირი კი ის ბერი გახლდათ, რომელიც მოკრძალებას მხოლოდ უდაბნოს წინაშე იჩენდა. მკაცრსა და პრინციპულს მაინც პატივს მიაგებდნენ, რადგან დიდი სათნოება იდგა ამ შეუვალი სიმკაცრის მიღმა.

მეორე რომის ეკლესიის გარდაქმნა ადვილი როდი იყო. მისი თანამედროვე პალადი, რომელმაც ოქროპირის ცხოვრება დიალოგის სახით დაგვიტოვა, იმ სამძიმო ღვაწლის შესახებ წერს, რომლის უშუალო მოწმეც თავად იყო. სასულიერო პირთა მანკიერებების აღწერისას სამ ძირითადს გამოჰყოფს: - გარყვნილებას, გაუმაძღრობას და ანგარებას, რომელთა აღსაკვეთადაც ოქროპირი, პალადის სიტყვითვე, "სამართებლით აღიჭურვა" და დაუნდობლად იწყო მათი კვეთა.

როგორც კი ამ "მანკიერებათა მეტროპოლიას" შეეხო, როგორც იგივე პალადი გვამცნობს, ამ დიდ მამაზე შურისსაგებად თითქოს მთელი ქვესკნელი შეკრბა და იმგვარ ცოდვებში დასდო ბრალი, იქით რომ ასე გამეტებით ებრძოდა. ისინი კი, ვინც ოქროპირის ყოველდღიურობა იცოდა, დარწმუნდნენ, რომ ამქვეყნად არავინ იყო მასავით უბრალო და უანგარო და ეპისკოპოსთაგან არც არავინ ყოფილა მასავით ქველმოქმედი. ნაცვლად აბრეშუმისა, ფარჩისა და ოქროსი, ყველაზე უბრალო ბერული კაბა ემოსა, რამაც გააოგნა ფუფუნებას ჩვეული კონსტანტინოპოლი და მყის დაირხა ხმები მღვდელმთავრის დიდი სიძუნწის შესახებ... მან ბრძანა, გაეყიდათ ძვირფასეულობა, მდიდრული საეკლესიო შესამოსლები, ძვირფასი ჭურჭელი და ტაძრის სვეტებისთვის ნაყიდი მარმარილო...

- სად წაიღო საეკლესიო თანხა, ამ ნივთთა გაყიდვით რომ მიიღო?! - იქედნურად კითხულობდნენ მისი მტრები... ის კი ამ თანხას მხოლოდ მოწყალების გასაცემად კი არა, ქალაქის საქველმოქმედო დაწესებულებათა აღსაშენებლადაც იყენებდა და თვლიდა, რომ ამის შესახებ ანგარიშვალდებული არავისთან იყო.

ტაძრიდან გამოსულს ხალხი მიჰყვებოდა და მისი დაცვა სურდა, რამდენადაც გრძნობდნენ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იდგა, ზოგჯერ კი კართანაც დარაჯობდნენ. - "მეც ისევე მიყვარხართ, როგორც თქვენ, რა ვიქნებოდი თქვენ გარეშე? თქვენ მიცვლით დედას, მამას, ძმებს, შვილებს, ჩემთვის ამქვეყნად ყველაფერი ხართ და არ მაქვს არც დარდი და არც სიხარული, რომელიც თქვენი არ არის და როდესაც რომელიმე იღუპებით, მეც ვიღუპები", - წერდა იგი...

თუმცა, გულშემატკივართა გარდა, მის მოსასმენად ცნობისმოყვარენიც იკრიბებოდნენ, მოგზავნილნიც, მტრებიც, რომელნიც სათავისოდ განმარტავდნენ მღვდელმთავრის სიტყვას, შედეგად კი იმპერატორის სასახლე მას მეამბოხედ მიიჩნევდა, უმაღლეს საზოგადოებაში კი ხმა დავარდა, - ოქროპირს მდიდართა აღხოცვა განუზრახავსო...

ბრძოლა არიანელობასთან

იოანე ოქროპირის პატრიარქობისას კონსტანტინოპოლში მრავლად იყვნენ არიანელები. ნეტარი ფიქრობდა, თუ რა გზით გაეწმინდა ქალაქი მათგან და მიეცა რა მარჯვე შემთხვევა, იმპერატორს ჰკითხა: - თქვენო აღმატებულებავ, იმ ძვირფას ქვებს შორის, თქვენს გვირგვინს რომ ამკობს, ვინმეს უბრალო, არაწმინდა, უსახური და ბნელი ქვა რომ ჩაესვა, განა მთელ გვირგვინს არ შეურაცხყოფდა?

- რაღა თქმა უნდა, - მიუგო მეფემ,

- ჰოდა, სწორედ ამგვარადაა შეურაცხყოფილი მართლმადიდებელი დედაქალაქი არიანელ ერეტიკოსთაგან... ასე რომ, ან მათი მოქცევა გმართებთ და ან განდევნაო.

ამგვარად გაწმინდა მეფემ კონსტანტინოპოლი არიანელთაგან, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, გავლენიან მფარველთა წყალობით მათ კვლავ შეაღწიეს ქალაქში და კვირაობით წმინდა სამების შეურაცხმყოფელ "გალობას" მოჰყვნენ, რის საპასუხოდაც ოქროპირმა ბრძანა, სამღვდელოთ, მორწმუნეებთან ერთად ქალაქი მოევლოთ და ყოვლადწმინდა სამების სადიდებელნი ეგალობათ. წმინდა დიმიტრი როსტოველის ცნობით, სწორედ ამ დროიდან იღებს დასაბამს ჯვრით მსვლელობანი.

კონსტანტინოპოლში იმხანად ერთი ბარბაროსი მხედართმთავარი ცხოვრობდა, ძალზე მამაცი მეომარი, რომელიც მეფის კეთილგანწყობით სარგებლობდა, არიანელებს თანაუგრძნობდა და მეფეს მხურვალედ სთხოვდა, მათთვის ქალაქის რომელიმე ტაძარი გადაეცათ. ხელმწიფემ კი, რომელიც მის განაწყენებას ერიდებოდა, აღარ იცოდა, რა ეპასუხა. როდესაც ამის შესახებ ოქროპირმა შეიტყო, იმპერატორს სთხოვა, - მიხმე იმ დროს, როცა ბარბაროსი ტაძარს გთხოვს და პასუხს გავცემო.

მეორე დღესვე, როდესაც ბარბაროსმა მეფეს თხოვნა გაუმეორა და თავისი დამსახურებანიც შეახსენა, იოანემ უბრძანა:

- თუ ტაძარში გსურს ლოცვა, რომელ მათგანშიც გინდა, შედი და ილოცე, შენთვის ხომ ქალაქის ყოველი ტაძარი ღიააო?!

- მე სხვა რწმენის ვარ და ამიტომ თანამოაზრეებთან ერთად ლოცვისათვის ცალკე ტაძარს ვითხოვ, რადგან მრავალი შრომა გავწიე ბიზანტიის ძლიერებისთვისო.

- შენი შრომისა და გაღებული სისხლისათვის საზღაური უკვე მიიღე, - პატივი მეფის კარზე, დიდება და წოდება, გაიხსენე, თუ ვინ იყავ მანამდე. რასაც ფლობ, სწორედ რომ მეფის წყალობაა, ასე რომ, მადლიერი იყავ და განაგრძე ერთგული მსახურება, საღმრთო ჯილდოებს მიწიერი საქმეებისთვის კი ნუღარ ელიო.

ამის შემდგომ ბარბაროსს ტაძარზე სიტყვა აღარ დასცდენია.

არ გასულა წელიწადი, ბარბაროსი იმპერატორს შეუორგულდა, მრავალრიცხოვანი ლაშქარი დაძრა და დედაქალაქს მიაშურა. მეფემ, რომელსაც სისხლის ღვრა არ სურდა, წმინდა იოანეს სთხოვა, ბარბაროსისთვის განაზრახზე ხელი აეღებინებინა და ომი აღეკვეთა. ღმერთი შეეწია მონას თვისას, თავისი ცეცხლოვანი სიტყვით მგელი ცხვრად მოაქცია და იმპერატორს შემოურიგა.

ამ ამბებიდან მოკლე დროში, ზამთარში, შერყეული ჯანის მიუხედავად, ოქროპირი მცირე აზიას გაემგზავრა, რამდენადაც უწყოდა, რომ ეფესოს ეკლესიას სიმონიის სნება მოსდებოდა (სიმონია - მღვდლობის ხარისხის ყიდვა-გაყიდვაა). ამხილა რა ეს უსჯულოება, შებილწული მღვდელნი და მღვდელმთავარნი მკაცრად დასაჯა, მათ ნაცვლად - ღირსეულნი დაადგინა და შინ დაუბრუნდა.

მაღალი წოდების მიუხედავად არასოდეს შეუწყვეტია ასკეტური ღვაწლი: - თავისუფალ დროს განმარტოვდებოდა და უმკაცრეს მარხვას ეძლეოდა, - მხოლოდ ხმელა პურსა და წყალს იხმევდა, ძალზე ცოტა ეძინა, ისიც - ფეხზე მდგომს და ნადიმებს და სანახაობებს არასოდეს ეკარებოდა.

სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის მისი განმარტებები წმინდა წერილისა და მოციქულ პავლეს ეპისტოლეებისა, რომლის ხატიც სენაკში ჰქონდა.

ერთხელ, ამ ეპისტოლეთა განმარტებისას, დაეჭვდა - ეგებ, ღვთისთვის სათნოდ არ ვირჯებიო, თუმცა, ღვთის ნებით, ეჭვი მალევე გაუქარწყლდა:

იოანეს მოწაფემ, პროკლემ, მოძღვრის სენაკის კარის ჭუჭრუტანიდან რამდენჯერმე იხილა, თუ როგორ ედგა გვერდით პავლე მოციქული და როგორ კარნახობდა კომენტარებს. სხვათა შორის, ყური, რომელმაც ეს განმარტებანი მოისმინა, დღემდე უხრწნელია მსგავსად მისი ხელისა, რომელსაც ოქროპირის ღვთივშთაგონებული ქმნილებანი ქაღალდზე გადაჰქონდა...

მის წმინდა ყურს, პატიოსან თავის ქალასთან ერთად, ათონის წმინდა მთა, ვათოპედის მონასტერი ინახავს დღემდე...

მტრები

დედაქალაქში და სამეფო კარზე მსუფევმა აღვირახსნილობამ და უზნეობამ შეურიგებელი მამხილებელი პოვა ოქროპირის სახით. ამ მიზეზით მრავალნი აღდგნენ მისი მართალი სიტყვის წინააღმდეგ, ყოველნაირად ირჯებოდნენ მის დასამხობად და ირწმუნებოდნენ, - ქადაგებისას მრევლს კი არ განსწავლის, მეფიან-დედოფლიანად ყველას შეურაცხყოფსო.

უკმაყოფილოთა შორის მრავლად იყვნენ ბობოლანიც, რომელთა უსჯულოებაც არაერთგზის ამხილა ნეტარმა. ისინი განსაკუთრებულად პატიოსანი დიაკვნის, სერაპიონის სიტყვამ აღაშფოთა, მათივე თანდასწრებით რომ უთხრა ოქროპირს: - მეუფეო, ამათ ვერაფრით გამოასწორებ, თუ მათრახით არ განდევნეთო...

მტერთა შორის, როგორც ზემოთ ვთქვით, ერივნენ უმაღლესი სასულიერო იერარქნიც, იმათგან ერთმა, მიტროპოლიტმა სევერიანემ, რომელმაც, მოიპოვა რა იოანეს ნდობა და სიყვარული, მცირე აზიაში მისი ვიზიტისას უღალატა მოძღვარს, მრავალნი განაწყო მის წინააღმდეგ და შეეცადა, მღვდელმთავრის ღირსება მიეთვისებინა...

უკან მობრუნებულმა პატრიარქმა, შეიტყო რა ამ მზაკვრობის შესახებ, სევერიანეს ქალაქიდან განდევნა ისურვა, მაგრამ ამ უკანასკნელს თავად დედოფალი გამოექომაგა, რომელიც ყველაზე ძლევამოსილი მტერი იყო ოქროპირისა. მატიანემ იგი უზომოდ მომხვეჭელ, ვერცხლისმოყვარე, ძალაუფლების წყურვილით და ბევრი სხვა მანკით სნეულ ადამიანად წარმოაჩინა, რომელიც არც ქვეშევრდომთა ქონების ძალით მიტაცებას თაკილობდა და არც სხვა რაიმე უზნეობას. თავად ოქროპირის მართალი ცხოვრება იქცა მის გამუდმებულ მხილებად, რის გამოც საშინელმა გაბოროტებამ და შურისგების წყურვილმა აღავსო.
იმხანად კონსტანტინოპოლში ბრძანდებოდა ერთი პატიოსანი და დიდძალი ქონების პატრონი კაცი, სახელად თეოდორიტე. განიზრახა რა მისი ქონების მითვისება, დედოფალმა დიდხანს ეძება ვითომდა დანაშაულის მამტკიცებელი ფაქტები, მაგრამ რომ ვერა უნახა რა, ხრიკს მიმართა, თეოდორიტეს უხმო და უბრძანა:

- იცი კი, რაოდენი ხარჯი აქვს გამუდმებით სახელმწიფო ხაზინას? მის შესავსებად შენი ქონების ნაწილი გაიღე და სამეფო კეთილგანწყობას მიიღებო!

თეოდორიტე დედოფალს განაზრახს მიუხვდა, ოქროპირს მიაშურა და ცრემლით შესთხოვა, - შემეწიეო. მანაც დაუყოვნებლივ მისწერა დედოფალს, რომელიც, მრისხანებდა რა პატრიარქზე, მაინც დაუთმო და მისი ნების შესაბამისად მოიქცა, თან შეჰპირდა, - თეოდორიტეს აღარაფერს დავუშავებო, ამ უკანასკნელმა კი, განისწავლა რა იოანესგან, გადაწყვიტა, ქონება მიწაზე კი არა, ზეცად მოეხვეჭა, ღატაკთ დაურიგა და ოჯახის სარჩოდ ოდენ მცირედი დაიტოვა. ამის გამგონე დედოფალმა უმალ უსტარი აფრინა: - ჩემი ხაზინისთვის არაფერი გამოიმეტე, შენ კი ყოველი მიითვისეო?! რაზეც ოქროპირმა უპასუხა: - გამდიდრება რომ მესურვა, ხელს რა მიშლიდა? შეძლებული და წარჩინებული მშობლების პატრონმა ყოველივე უარვყავი, თეოდორიტემ კი რაც გააჩნდა, მე კი არა, ქრისტეს მიართვა - დაურიგა ღატაკთ და უძლურთ და შენთვისაც ეგების, მას ჰბაძვიდეო, რამაც დედოფალი უარესად გააბოროტა...

უცილობლად უნდა ვახსენოთ კონსტანტინოპოლში ფრიად გახმაურებული ერთი ამბავიც: - ერთხელ ევდოქსიამ ვინმე შერისხული დიდებულის ქვრივისა და მისი ოჯახეულისათვის უკანასკნელი ქონების - მარჩენალი ვენახის წართმევა ინდომა: - ერთ მშვენიერ დღეს გზად მიმავალმა ამ ვენახში შეიარა და ყურძენი მიირთვა, რაც მაშინდელი კანონებით იმას ნიშნავდა, რომ საბრალო ქვრივს ვენახი მისთვის უნდა დაეთმო.

სასოწარკვეთილი ქვრივი სამართლის აღსადგენად ვის მიმართავდა, თუ არა იოანე ოქროპირს, რომელიც ისეთივე მხურვალედ გამოექომაგა, როგორც - თეოდორიტეს და ჯვართამაღლების დღესასწაულზე დედოფალი ტაძარში არ შეუშვა, ხოლო როდესაც მისმა მხლებელმა ტაძრის კარზე დანიანი ხელი აღმართა, კიდური მყის მოახმა და დანა გაუვარდა. ამის მომსწრე ევდოქსიამ უხმოდ დაიხია უკან, ხელგამხმარი კი ტაძარში შევიდა და ოქროპირს ხმამაღლა უხმო: - მეუფეო, შევცოდე, გთხოვ შემინდე და ხელი გამიმრთელეო!

ოქროპირმა ნაკურთხი წყლის პკურებით განკურნა იგი, ამ სასწაულის მხილველმა მრევლმა კი ადიდა ღმერთი.

დედოფლის სიძულვილი და შურისძიება დღითი დღე იკრებდა ძალას და ერთ დღესაც ისე გაკადნიერდა, მღვდელმთავარს მსახურნი მიუგზავნა: - ჩვენთან დაპირისპირება, ურჩობა და საჯაროდ მხილება შეწყვიტე, თორემ აღარ მოგითმენთო.

თუმცა, მხოლოდ დედოფალი როდი მტრობდა ნეტარს. მისი დამხობის მოსურნეებმა, უპირველესად ანტიოქიას მიაშურეს იმის გამოსაჩხრეკად, ხომ არ ჩაედინა ოქროპირს ყრმობაში რაიმე დანაშაული და, რომ ვერა პოვეს რა, ამ საქმის დასრულება ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს გადააბარეს, რომელსაც მოსვენებას არ აძლევდა მისი არსებობა და სარგებლობდა რა დედოფლისა და სხვა გავლენიან პირთა მხარდაჭერით, მალე ეწია კიდეც საწადელს.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

დევნილობა

აი, რა ვითარებაში მოხდა ოქროპირის განდევნა: - ალექსანდრიაში იმყოფებოდა ერთი წმინდა კაცი, სახელად ისიდორე, რომელსაც მხცოვანებასთან ერთად სიბრძნეც შეეძინა. მისთვის მღვდლად თვით ათანასე დიდს დაესხა ხელი.

იმხანად ერთმა ქვრივმა ისიდორეს ათასი ოქრო შესწირა - ალექსანდრიის ქვრივ-ობლებს, უპოვართ და უძლურთ დაურიგეო, თან სთხოვა, - პატრიარქ თეოფილესთვის არაფერი ეთქვა, რადგან მისი უზომო ვერცხლისმოყვარეობისა და მტაცებლობის ამბავი კარგად უწყოდა. ისიდორეც ისე მოიქცა, როგორც შემომწირველმა ისურვა, თუმცა, თეოფილემ რაღაც გზებით მაინც შეიტყო ამ ძღვენის შესახებ, ძალზე განრისხდა, ისიდორეს მძიმე ცოდვაში უსამართლოდ დასდო ბრალი, თან შეურაცხყო, ერთ-ერთი "ბრალდების" ცრუმოწმედ კი გრძელი ძმების მოხმობა სურდა, მაგრამ მათ ფიცით დაამოწმეს, რომ მთელ ეგვიპტეში არავის იცნობდნენ ისიდორესავით ღირსეულს. მართალია, ისიდორე განმართლდა, მაგრამ თეოფილემ მაინც აჰყარა სამღვდელო პატივი და განდევნილი ნიტრიის უდაბნოს შეეხიზნა, თეოფილე კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაემტერა გრძელ ძმებს და მათ გასანადგურებლად ის ხერხი იხმარა, უკიდურესი შემთხვევისათვის რომ გადაენახა: - მწვალებლობაში დაადანაშაულა...

მაინც ვინ იყვნენ გრძელი ძმები, რომელთა სახელებიც სამუდამოდ დაუკავშირდა ოქროპირის ბედს?

იმ დროს ეგვიპტის მონასტრებში ოთხი ძმა იღვწოდა, პატიოსანი, დიდად ღვთისმოშიში და წმინდა ხალხი. რამდენადაც ძალზე მაღალნი და თან მოუკლებელი ღვაწლისაგან განლეულნი იყვნენ, ეგვიპტეში ყველა გრძელ ძმებად იხსენიებდა. თავიანთი კეთილი ცხოვრების წყალობით მათსავით უბრალო და გონებით სრულ ადამიანებს ალექსანდრიის ყოველი პატრიარქი უდიდეს პატივს მიაგებდა.

341 წელს ათანასე დიდმა რომში წაიყვანა, მათი უფროსი ძმა, ამონი, რომელმაც მარადიულ ქალაქში არაფრის ნახვა არ ისურვა, გარდა სამოციქულო სამარხისა, შემდეგ კი კვლავ უდაბნოს განუმარტოვდა, რომელიც მისთვის სამოთხე იყო...

რამდენადაც გრძელი ძმები ნიტრიის უდაბნოს დიდებას წარმოადგენდნენ, მათთან მეგობრობა თეოფილემაც მოიწადინა. ჯერ ამონის გაეპისკოპოსება მოინდომა - იმ ამონისა, ბრწყინვალე რომშიც უდაბნოზე რომ ოხრავდა, და როცა უარი მიიღო, მოტაცება დაუპირა, შემდეგ მათი მესამე ძმისაც, რაღაც მიზეზით ალექსანდრიაში რომ შეიტყუეს, მაგრამ გამოეპარათ და ისევ ლიბანის ღრმა უდაბნოს შეუერთდა.

რაც შეეხება თეოფილეს, უნდა ითქვას, რომ იგი იმ დროის უდიდესი ღვთისმეტყველი გახლდათ, მაგრამ უბოროტესი და ბნელი კაცი, რომლისთვისაც პირადი გამორჩენა უზენაესი კანონი იყო, ოქრო და პატივი კი - უფალზე და სულზე უტკბესი...

რაღაც დროით ძმათაგან ორი - ამონი და ევსიხი, საპატრიარქო რეზიდენციაში საცხოვრებლად დაიყოლია, რამდენადაც ამ სიახლოვით პოპულარობის მოხვეჭა სურდა, მაგრამ იხილეს რა, ვინც იყო იგი, იქ დარჩენა აღარ ისურვეს და კვლავ განდეგილობის ადგილს დაუბრუნდნენ. მათი წასვლის მიზეზი რომ შეიტყო, თეოფილე ძალზე განრისხდა და ძმებზე შურისგების მიზეზს უწყო ძებნა: - ჯერ ისიდორესთან ერთად ორიგენიზმის ბრალდება შეთითხნა, შემდეგ კი ახლობელ ეპისკოპოსებს ნიტრიის უდაბნოდან მონაზვნები განადევნინა, რის შემდეგაც მეუდაბნოენი შეიკრიბნენ, ალექსანდრიაში თეოფილეს მიმართეს და ევედრნენ, - ის მაინც გვითხარი, რა მიზეზით გვასამართლებო. გაცოფებული პატრიარქი კი გრძელ ძმათაგან ერთ-ერთს, ამონს ყელში სწვდა, ომოფორი შემოახვია, შეპყრობილივით უწყო ცემა, ცხვირ-პირიდან სისხლი ადინა და თან გაჰყვიროდა: - ერეტიკოსო, დაგმე ორიგენე!

ამ ვითარებაში სასჯელის მიზეზს როგორღა გამოიძიებდნენ, ადგნენ და, კიდევ ერთხელ შეურაცხყოფილნი, თავიანთ სენაკებს დაუბრუნდნენ...

უხმო რა უახლოეს მღვდელმთავრებს, გაცოფებულმა თეოფილემ ანათემას გადასცა ოთხი უდანაშაულო ძმა და ისიდორე, თუმცა, მისი გაბოროტება ამით არ დასრულდა: - თავადვე შეთხზა მათ წინააღმდეგ ცრუ ბრალდებანი, მოისყიდა ცრუმოწმენი, ეს ბრალდებები გადასცა და უბრძანა, - ტაძარში, ქადაგებისას გადმომაწოდეთო, რის შემდეგაც საჯაროდ "ამხილა" ნიტრიის უდაბნოს მამები, საჩივარი კი ეგვიპტის პრეფექტს და პროვინციის სამხედრო მეთაურს წარუდგინა მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით.

ხელისუფლებამ, როგორც ერთ-ერთი წყარო იუწყება, ამ საქმისთვის ალექსანდრიის პატრიარქს 500-მდე ჯარისკაცი განუწესა, რომელნიც თეოფილემ ფარულად და საჩქაროდ შეაიარაღა და ისიც მოახერხა, გვარიანად გამოეთრო და უდაბნომდე ისეთი ტემპით ეტარებინა, საბრალო მონაზვნებს შუაღამით მოულოდნელად დასცემოდნენ.

"კანონდამცველნი" მონასტერთა კარებს ამტვრევდნენ, ბერებს სენაკებში უვარდებოდნენ და ვითომდა "სამხილთა" ძიების მიზეზით ყველაფერს ხელს აყოლებდნენ.

მრავალმა მათგანმა სიბნელის წყალობით უშველა თავს, გრძელი ძმები თანამგრძნობებმა გადამალეს, განთიადს კი იქაურობა დაქცეული და იავარქმნილი დახვდა... პალადის მოწმობით, "მძვინვარე ტახმა უფლის უხვი ვენახი დაანაცრა და გადათელა..."

დევნილი იღუმენები, მღვდლები, დიაკვნები და ბერები, 300-ოდე კაცი, რომელთა შეკრებაც გრძელმა ძმებმა შეძლეს, უდაბნოს სიღრმეში შეიკრიბნენ და იქ მონასტრის დაარსება მოიწადინეს, მაგრამ რადგან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ შეიტყვეს, სანატრელი უდაბნო დაუტევეს და ჯერ სირიაში განიზრახეს გადასვლა, სადაც თეოფილეს ხელისუფლება არ ვრცელდებოდა, შემდეგ კი - იქ, საითაც ღმერთი ინებებდა... 300 კაციდან 80-ღა შემორჩათ, რამდენადაც ზოგს დაღლილობამ დარია ხელი, ზოგს - სნეულებამ და ზოგსაც - სხვა მიზეზმა. მათგან ბევრს სამოცდაათისთვის გადაებიჯებინა, მრავალგზის ნაიარევი და ნაშანთ-ნატანჯი სხეულები კი ლამისაა, შემოსცვეთოდათ...

ძმობამ გადაწყვიტა, ჯერ იერუსალიმს გამგზავრებულიყვნენ, შემდეგ კი - კონსტანტინოპოლს, სადაც იმპერატორის მართლმსაჯულების და, რაც მთავარია, იოანე ოქროპირის შემწეობას იმედოვნებდნენ.

თეოფილეს "დამსახურებით" გზად ყველგან წინაღობას აწყდებოდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როგორმე ოქროპირამდე ჩაეღწიათ.

კონსტანტინოპოლს ძნელად თუ განაკვირვებდა ვინმე, მაგრამ ეს განდეგილები, რომელთაგან უფალს ბევრი სასწაულქმედების ნიჭით დაებეჭდა, იშვიათნი იყვნენ. უდაბნოზე, საიდანაც ისინი გამოვიდნენ, საოცრებებს ჰყვებოდნენ... მათი სიწმინდე და რჩეულობა თვალში საცემი გახლდათ, ამასთან, გაკვირვებას იწვევდა მათი სამოსიც... 80 ბერიდან ამ ტანჯულ გზას 50 კაციღა შემორჩენოდა... მათ ნავსადგურში შეისვენეს და ოქროპირის სამყოფელს დიდი სასოებით მიადგნენ...

50 პატივსაცემი კაცის ამ განსაცდელში მხილველ ოქროპირს ცრემლი მოერია, საქმის ვითარებაში გაერკვა და საბოლოოდ, გამოიკვლია რა მათი სიმართლე, დაამშვიდა და დააბინავა. ამ ღირს მამებზე არა მხოლოდ ოქროპირი, წმინდა ოლიმპიადაც ზრუნავდა, მეგობარი ოქროპირისა, რომელთა ღრმა სულიერი კავშირი და საოცარი მამაშვილური სიყვარული მატიანემ და მათმა მიმოწერამ ცოცხლად შეინახა.

"ამ საქმეს საკუთარ თავზე ვიღებ და ისე ვიმოქმედებ, რომ ან სხვა კრება გააუქმებს აკრძალვას და ან ნებაყოფლობით მოგიხსნით ეპისკოპოსიო", - ბრძანა ოქროპირმა, ხოლო საჩივარი, რომლის გადაცემასაც მეუდაბნოენი იმპერატორისთვის აპირებდნენ, ურჩია, ჯერჯერობით თან ჰქონოდათ, რადგან "ეკლესიის საქმეა, განსაჯოს ეკლესიის საქმე, ხოლო წარმავალ ხელისუფლებას არა ესაქმება რა კამათებთან, რომელნიც ღვთისმსახურებას ეხებაო". შემდეგ კი წერილობით სთხოვა თეოფილეს: - დევნილთ შენდობა მიანიჭეო.

ხიზანთა შეფარების ფაქტმა ისეც აფოფრილ თეოფილეს კიდევ ერთი ბრალდების წარდგენის მიზეზი მისცა, - საეკლესიო კანონთა დარღვევაში დასდო ბრალი: - ჩემგან დევნილნი შენ რა უფლებით შეიფარეო!

ოქროპირმა კვლავინდებურად მშვიდობისმყოფელი წერილი მისწერა, თუმცა ადრესატმა უწინდელზე უხეშად და კადნიერად უპასუხა.

მხოლოდ ამის შემდეგ იჩივლეს ბერებმა მეფესთან, რომელსაც, შეეწყალა რა ესოდენ პატიოსანი და კეთილმოღვაწე მამები, თეოფილეს კონსტანტინოპოლის სასამართლოში უხმო, რომ პატრიარქისა და ეპისკოპოსთა კრებულის წინაშე მომხდარის მიზეზები დაესაბუთებინა, თუმცა, გარკვეულ გარემოებათა გამო ეს საქმე ჩაიშალა. ამასობაში თეოფილემ კვიპროსის ეპისკოპოსის, ეპიფანეს დარწმუნება შეძლო, რომ იოანეც და მისი მფარველობის ქვეშ მყოფებიც ჯადოქრები და ერეტიკოსები იყვნენ.

ეპიფანემ, რომელსაც ძალზე უბრალო და უბოროტო ბუნება ჰქონდა, ვერ შეიცნო თეოფილეს მზაკვრობა და იოლად დაუჯერა, იმავდროულად, თეოფილე დედაქალაქში ჩასასვლელად ემზადებოდა და თან იქადიდა, - ორიგენეს მიმდევართა წინააღმდეგ კრებას მოვიწვევო. მისით წაქეზებულმა ეპიფანემ თეოფილეზე უადრეს ჩააღწია კონსტანტნოპოლს, ქალაქგარეთ გაჩერდა, წმინდა ლიტურგია აღასრულა, შემდეგ დიაკვნად კურთხევის წესიც, რაც, კანონით, არ ეგებოდა და დარწმუნებულმა იმაში, რომ ოქროპირი და ნიტრიელი განდეგილები მწვალებელნი იყვნენ, სახლი, სადაც დაბინავდა, ოქროპირის მოწინააღმდეგეთა ბანაკად აქცია.

ოქროპირი, რომელმაც უწყოდა, რომ ეპიფანე უბოროტო და წმინდა კაცი იყო, არ განრისხებულა და საცხოვრებლად საპატრიარქო სახლიც კი შესთავაზა, რაზეც პასუხად მიიღო: - სანამ ნიტრიელებს არ გაყრი და ორიგენიზმს არ დაგმობ, ჩვენი შეყრა არ ეგებისო! ოქროპირმა კი შეუთვალა, - საეკლესიო კრების თვინიერ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებო!

ოქროპირის მტრები, რომლებმაც კარგად უწყოდნენ ეპიფანეს გულუბრყვილობის შესახებ, უფრო და უფრო აქეზებდნენ მის წინააღმდეგ და ბოლოს მოუწოდეს, - წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში საჯაროდ დაგმე ორიგენე, განკვეთე დიოსკორე დანარჩენი ძმებითურთ, ოქროპირს კი მათ მფარველობაში დასდე ბრალიო!

შეიტყო რა ამის შესახებ ნეტარმა, ელჩის პირით შეუთვალა: - ეპიფანე, ბევრი რამ აღასრულე, რაც კანონით არ ეგებოდა, - ჯერ ჩემი თანხმობის გარეშე დააყენე წირვა, შემდეგ - დიაკვნად კურთხევის წესიც აღასრულე, ახლა კი, უარყავი რა მიპატიჟება, კვლავ განგიზრახავს ჩვენი ეპარქიის ტაძარში საეკლესიო სამართლის უგულებელყოფით განკვეთის წესი აღასრულო?! გაფრთხილდი, რამეთუ ხალხის შფოთს მოიმკი და უბედურებას შეჰყრი საკუთარ თავსაცო!

ამის გამგონე ეპიფანე, თუმც კი გაფიცხდა, მაგრამ დაფიქრდა და ყოყმანი იწყო, შემდეგ ტაძარი დატოვა და თეოფილეს დაელოდა.

დედოფალმა, რომელმაც ამ დაპირისპირების შესახებ შეიტყო, უხმო და უბრძანა: - მეუფე, უწყი, რომ მთელი ბერძნულ-რომაული სამყაროს მპყრობელნი ვართ, თუ დამიჯერებთ და შემეწევით, საეკლესიო ძალაუფლება თქვენი იქნება, ოქროპირი კი, რომელიც სათანადო პატივს არც ხელმწიფეს მიაგებს და არც მე, თან ჩვენ წინააღმდეგ აღმდგარა, საპატრიარქო პატივის ღირსი არ არის, ამასთან, ბევრის რწმუნებით, ერეტიკოსია, ამიტომ, სასურველი იქ-ნებოდა, კრება მოგვეწვია და მისთვის ეს პატივი აგვეყარა, ნაცვლად კი ის დაგვედგინა, რომელიც რიგიანად გაუძღვება ეკლესიას, თუმცა, რატომ უნდა შევაწუხოთ ამდენი მამა, არ სჯობს, თავად განაყენო ეკლესიიდანო?!

- შვილო ჩემო, - მიუგო ეპიფანემ, - შენს მამას ყური მრისხანების გარეშე უგდე: - თუ იოანე, როგორც ამტკიცებთ, ერეტიკოსია და ამ ცოდვას არ შეინანებს, იმგვარად მოვიქცევით, როგორც გვიბრძანებ, ხოლო თუ წყენა გამოძრავებს, ეს მიზეზად არ გამოდგება, რამეთუ გულძვირობა და ავისმხსომებლობა ხელმწიფეებს არ ეკადრებათ, რამეთუ მათი საქმე სიკეთე, მოწყალება და მიტევებააო!

- მამაო, თუ ოქროპირს არ განდევნი, საკერპო ტაძრებს გავხსნი და იქ ღვთისმსახურებას განვაახლებ, რაც პირველზე უმწარესი იქნებაო! - მიუგო უგონო სიშმაგით პყრობილმა დედოფალმა. ამ სიცოფით გაოცებულმა ეპიფანემ კი უბრძანა: - მე მართალი კაცის ამგვარი მსჯავრისგან სუფთა ვარო! შემდეგ წამოდგა და სამუდამოდ დატოვა სასახლე. განრისხებული დედოფალი კი მეფეს შეუჩნდა: - ჩემი შეურაცხყოფა - შენი შეურაცხყოფაცაა, რად აყოვნებ, რომ ოქროპირის დასამხობად კრება მოიწვიოო?! იგივე შინაარსის უსტარი აფრინა თეოფილესთანაც, რომელიც ფრთაშესხმული გამოემართა.

ეპიფანე კი, რომელიც ნიტრიელ მეუდაბნოეთა განსაკვეთად და ოქროპირისთვის ჭკუის სასწავლებლად ჩამოვიდა, გაესაუბრა რა ამ პატიოსან და გონიერ ბერებს, საბოლოოდ დარწმუნდა ოქროპირის სიწმინდეში, რის შესახებაც ადრეც ბევრი რამ სმენოდა, მოწყინება და სინანული დაეუფლა და გვიან მიხვდა რა, რომ სხვისი მიზნებისთვის გაისარჯა, გულდაწყვეტილმა დატოვა კონსტანტინოპოლი... მაგრამ სანამ სამშობლოს მიაშურებდა, ოქროპირისაგან წინასწარმეტყველური სიტყვები მიიღო: - ეპიფანე, გავიგე, ჩემი განდევნა გწადდა. იცოდე, შენს ტახტს ვეღარ იხილავო! და მართლაც, ბოლოდროინდელმა ამბებმა, ხანდაზმულობამ და ზღვაოსნობისას შეყრილმა ციებამ ამ 80 წლის სათნო მოხუცს ხელი დარია და მგზავრობისას სული წაართვა...

მატიანემ შეინახა თავად ეპიფანეს პასუხიც, რომელიც ასევე წინასწარმეტყველური აღმოჩნდა:

- მრავალვნებულო იოანე! მტკიცედ სდექ და იცოდე, გადასახლების ადგილამდე ვერ ჩააღწევო!..

ამ დროს კი დედოფლის მხარდაჭერით ფრთაშესხმული და თანამოაზრე ეპისკოპოსებით გამხნევებული თეოფილე კონსტანტინოპოლს ჩავიდა, დედოფალმა მეფისაგან მალულად მოიწვია ისინი და თხოვნა გაუმეორა: - ოქროპირი დაამხეთო! შემდეგ მეფეს ტირილით სთხოვა, - იოანე გაასამართლეო, ამ უკანასკნელმა კი, რომელიც მდგომარეობიდან გამოჰყავდა მეუღლის ცრემლებს, მთელი რისხვა, რომელიც თეოფილეს მიმართ გააჩნდა, ოქროპირზე გადმოანთხია და კრების მოწვევა ბრძანა.

თეოფილე, რომელიც ძალზე გაახარა ამ ამბავმა, ოქროპირისგან დიდი ცოდვების ბრალდებით განყენებულ ორ დიაკვანს გაეპისკოპოსებას იმ პირობით შეჰპირდა, თუ სასამართლოზე ოქროპირის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებით გამოვიდოდნენ...

საბრალდებო დასკვნა, რომელიც წარმოუდგენელი სიბინძურით და დიდი სიძულვილით შეთხზეს, 29 პუნქტს შეიცავდა, რომელნიც რამდენიმე ძირითად ბრალდებამდე შეგვიძლია, დავიყვანოთ: 1) პიროვნებებისადმი ძალადობა და სასტიკი მოპყრობა; 2) მძიმე შეურაცხყოფები; 3) ტაცება; 4) საეკლესიო ადგილთა დაპყრობა; 5) ზნეობის დარღვევა; 6) დისციპლინისა და საეკლესიო ჩვეულებათა დარღვევა; 7) ამბოხის გაღვივება და ღალატი.

აი, ასე გამოიყურებოდა ბრალდებათა "ბრწყინვალე" ნაკრები, აშკარად ცრუ, უსამართლო, ჭორებით ნასაზრდოები და საეჭვოდ გაზვიადებული, რომელთაც ორი წლის განმავლობაში ავრცელებდნენ ოქროპირის მტრები.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

მოკლედ, მღვდელმთავარს სწორედ ის ცოდვები ბრალდებოდა, რომლებსაც თავად ასე გამეტებით ებრძოდა. ყველაზე მეტად კი იმ ბრალდებამ დასწყვიტა გული, რომელიც ქალთა ფარულ მიღებას ეხებოდა, რის თაობაზეც უკვე გადასახლებიდან სწერდა მეგობარ ეპისკოპოს კირიაკს: - "გაკადნიერდნენ და სიძვაში დამდეს ბრალი, უბედურნი! რომ შემეძლოს, ხალხს ჩემი სუსტი ფიზიკური აღნაგობა ვაჩვენო, ესეც საკმარისი იქნებოდა ჩემს გასამართლებლად. სიკვდილმა სიცოცხლეშივე მომწყლა და სხეული, რომელსაც მივათრევ, სხვა არაფერია, თუ არა გვამიო".

მალე ქალაქში ხმა დავარდა, - ოქროპირს დედოფლის შეურაცხყოფისა და ამბოხის გაღვივებისათვის თავის მოკვეთა ელისო, რამაც ძალზე აღაშფოთა მოქალაქენი, მისი ერთგული მღვდელმთავრები კი იმაზე ბჭობდნენ, თუ როგორ მოხდა, რომ თეოფილემ, რომელიც თავად ამაზრზენ დანაშაულებებში იყო ბრალდებული და პრეტორიის სასამართლოზეც გამოიძახეს, გაბედა და ამდენი ეპისკოპოსი გადაიბირა, ბრალდებული ბრალმდებლად იქცა, სამღვდელოების უდიდესი ნაწილი კი ამ მზაკვარი კაცისაგან განიხრწნა...

ოქროპირმა კი მათ წუხილს ასე უპასუხა: - "ილოცეთ, ძმანო, და თუ ქრისტე გიყვართ, დაე, ჩემ გამო ნურც ერთი თქვენგანი ნუ დაუტევებს ეკლესიას, რადგან მოციქულთან ერთად შემიძლია გითხრათ: - მსხვერპლი ვხდები და ჩემი დაკვლის დრო მოახლოვდა. მე დავასრულე ბრძოლა და ჩემი გზა, ვიცნობ სატანას და მის მახეებს. მას აღარ ძალუძს ჩემი სწავლებების იარაღი აიტანოს. დაე, მოწყალე მექმნეს უფალი! მომიხსენიეთ, ძმანო, თქვენს ლოცვებში!"

ამ სიტყვებმა დაამწუხრა და ცრემლი მოჰგვარა იქ მყოფთ... ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა კი უთხრა: - ჩვენ იმის გამო ვტირით, ობლობა რომ გველის, ეკლესიას კი - ქვრივობა, მისი წმინდა კანონები დაამხეს, სიამაყე და უკეთურება კი - აზეიმეს. ღატაკნი მიტოვებულ იქმნენ, ხალხი კი - დამოძღვრას მოკლებულიო"...

ამ დროს თავშეყრილთ თეოფილეს და მის თანამზრახველთა უკანონო კრებიდან წერილი გადასცეს, რომელიც იუწყებოდა: - "მუხასთან (ასე ერქვა პრეტორიის ფრეფექტის ვრცელ მამულს, რომელიც მდებარეობდა ქალკედონის სიახლოვეს, - ავტ.) შეკრებილი უწმინდესი კრება იოანეს (ტიტული შეგნებულად გამოეტოვებინათ)!

შენ წინააღმდეგ საბრალდებო აქტი მივიღეთ, რომელიც შენს ურიცხვ დანაშაულზე მეტყველებს და რაშიც გამხელენ. გიბრძანებთ, გამოცხადდე და თან მღვდლები წამოიყვანო!"

წერილმა, რომელშიც ოქროპირს, როგორც უკვე გასამართლებულსა და განაჩენგამოტანილს, ტიტული ჩამორთმეული ჰქონდა, აღაშფოთა ეპისკოპოსები და გადაწყდა, საპასუხო წერილი დაეწერათ.

თავად ოქროპირმა კი ამგვარად უპასუხა: - "ამ დრომდე არავის ვიცნობდი, ვისაც შეეძლო, კანონიერი სახით ეჩივლა ჩემზე ან დავედანაშაულებინე. ამის მიუხედავად, თუ გსურთ თქვენი კრების წინაშე წარვდგე, უპირველესად, თქვენგან ჩემი აშკარა მტრები გამორიცხეთ... აღასრულეთ ეს და საკამათოს არ გავხდი ჩემი გასამართლების ადგილს, რომელიც, ყველა წესის თანახმად, კონსტანტინოპოლი უნდა ყოფილიყო... ამ პირობით გამოვცხადდები თქვენთან და, თუ საჭირო იქნება, მთელი ქვეყნიერების კრების წინაშე, მაგრამ უწყოდეთ, ათასჯერ რომ გამოგზავნოთ ჩემთან, სხვაგვარ პასუხს ვერ მიიღებთო!"

სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, ოქროპირს დამხობის განაჩენი გამოუტანეს და როგორც კი ეს გამოცხადდა, პატრიარქის სამღვდელო კრებულს მაშინვე მოუწოდეს: - მსჯავრგამოტანილ მეთაურს აღარ დაემორჩილოთო.

რაც შეეხება იმპერატორს, გადაწყვეტილება წერილობით კი დაადასტურა, თუმცა პატრიარქის განსადევნად არაფერი გაუკეთებია... ასეთი გაურკვევლობა სამ დღეს გრძელდებოდა და კონსტანტინოპოლის ეკლესია საშინელმა ღელვამ მოიცვა... ოქროპირთან კი დროდადრო მოდიოდა იმპერატორის მოხელე, რომელიც ამცნობდა, - გასამგზავრებლად მოემზადეო... ოქროპირი უარს ამბობდა და ისინიც უკან ბრუნდებოდნენ, რადგან იმპერატორი ძალის გამოყენებას უკრძალავდა. გამწარებული ხალხი ეკლესიისა და მღვდელმთავრის სამყოფელს დღედაღამ დარაჯობდა, მღვდელმთავარი კი ხან ერთგულ მღვდლებს ამხნევებდა და ხან - დაბნეულ ხალხს, რომელსაც ამბიონიდან იმ სიტყვით მიმართა, მისი დროებით გადადებული განაჩენის აღსრულება რომ დააჩქარა:

"ძმანო, საზარელმა გრიგალმა გვიწია, ტალღები არნახული ძალით გვეხეთქება, მაგრამ დანთქმისა არ გვეშინია, რადგან კლდეზე ვართ დაფუძნებული და როგორც უნდა მძვინვარებდეს ზღვა, ეს კლდე არ შეირყევა, როგორც უნდა ბობოქრობდნენ ტალღები, ქრისტეს ხომალდი არ დაიღუპება. რიღასი უნდა მეშინოდეს? სიკვდილის? მაგრამ მოციქულთან ერთად ვიტყვი: - "სიცოცხლე ჩემი - ქრისტეა, ხოლო სიკვდილი - ჩემი შენაძენი." გაძევებისა? მაგრამ უფლისა არს ქვეყანა და ყოველი, რაც მასშია. საკუთრების დაკარგვის? ამქვეყნად არაფერი მომიტანია და ვერაფერს წავიღებ. ყოველივე, რაც შეიძლება ადამიანს აღელვებდეს, მძულს, დავცინი პატივს, ასერიგად რომ სწყურიათ სხვებს, სიმდიდრე ჩემთვის სიღატაკეზე მეტი არ არის და თუ სიცოცხლე მსურს, ოდენ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად ვიყო და თქვენს სულიერ სრულყოფაზე ვიზრუნო. ისევე გესაუბრებით, როგორც ვიქცევი და თქვენს სიყვარულს ვუხმობ. დაე, იგი სანდო იყოს..."

"არა, ეკლესიას ვერ განკვეთენ, მაგრამ დაასახიჩრებენ! ეკლესია განუყოფელია და მის თავს ეკლესიის მრევლისგან ვერ განყოფენ. ისინი ერთიანნი რჩებიან, მიუხედავად ყველაფრისა..."

"როგორ უნდა დააშინონ ხალხი?.. ისინი სრულიადაც არ გვიცნობენ ჩვენ! ქრისტე ჩემთანაა! რისა მეშინოდეს? მისი სახარება ჩემს ხელში - კვერთხია, რომელსაც ვეყრდნობი. აი, სადაა ჩემი თავშესაფარი და ჩემი სულის მყუდრო ნავთსაყუდელი. ჩემს წინააღმდეგ აღმდგარი ქარიშხალი, ჩემზე დამხობილი ზღვა, ხელმწიფეთა და ძლიერთა ამა სოფლისათა სიშმაგე... ყოველივე ჩემთვის ობობას ქსელზე მეტი არ არის და ამ ადგილებში ურთიერთსიყვარული რომ არ მაკავებდეს, აქაურობას გავეცლებოდი..."

"იცით, საყვარელო ძმანო, რისთვის სწადიათ ჩემი დაღუპვა? იმისთვის, რომ არ მიბრძანებია, ჩემ წინაშე მდიდრული ხალიჩები გაეფინათ, აროდეს მნდომებია, ოქროსა და აბრეშუმის სამოსელი მცმოდა, იქამდე არ დავმცირებულვარ, რომ ამ ადამიანთა სიხარბე დამეცხრო და არც სუფრა გამიშლია მათთვის. ასპიტთა ტომი მუდამჟამ ბატონობს. დარჩა იეზაბელს მოდგმა, მაგრამ მადლიც იღვწის ილიასთან.

ჰეროდიადაც აქვეა, ჰეროდიადა ჯერაც როკავს და იოანეს თავს ითხოვს და გადასცემენ, რამეთუ როკავს...

ჰოი, ვაგლახ, ვაგლახ ქალებს, რომელნიც ზეცის ფრთხილებაზე ხელს იფარებენ სასმენელზე და მთვრალნი არა ღვინით, არამედ სიძუნწითა და მრისხანებით, ქმრებს ბოროტი რჩევებით აბეზრებენ თავს და უსამართლობისაკენ ეზიდებიან".

(თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა).

ამ სიტყვაში ოქროპირმა ირიბად ახსენა დედოფლის სახელი და თქვა, რომ ამ ქვეყანაში, გარდა ევდოქსიას თავნებობისა, სხვა კანონი არ არსებობს, რამაც მოთმინების ძაფი გაუწყვიტა მეფის კარს...

ეს სიტყვა, სავარაუდოდ, განაჩენის გამოტანიდან მეორე დღეს ითქვა, მომდევნო დილით კი იმპერატორმა ოქროპირს შეუთვალა, - ქალაქი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოო!..

ოქროპირი მიხვდა, რომ გამოსვლისას ტაძრის კართან დაპირისპირება გარდაუვალი იყო და სისხლი უცილობლად დაიღვრებოდა, ამიტომ იმპერატორის ოფიცერსა და მის თანმხლებთ უთხრა: - თქვენს ხელთა ვარ და სადაც გსურდეთ, წამიყვანეთო! ღამით კი ფარულად დატოვა სენაკი და მიხვეულ-მოხვეული გზებით, იმის მოიმედე, ვერავინ მიცნობსო, ნავსადგურს მიადგა... თუმცა, ვიღაცამ მაინც იცნო და ქალაქში მყის გაიგეს, - მთავარეპისკოპოსი მიჰყავთო... ხალხი მაშინვე დაიძრა, რომ მათთვის გზა გადაეღობა, მაგრამ ისინი თვით ოქროპირმა შეაჩერა: - "გამიშვით, გავემგზავრო, მოვალე ვარ, იმპერატორს დავმორჩილდე და დაე, ჩემ გამო ჩემი ხალხის ერთი წვეთი სისხლიც ნუ დაიქცევა, ჩემს საქმეს კი მომავალ კრებას მივანდობო!"

როგორც კი დევნილობის ადგილს მიაღწია, მიწაზე დაემხო და კონსტანტინოპოლის ეკლესია უფალს შეავედრა, "რომელიც მას არ დაუტოვებია, რადგან საკუთარი გულით დაჰქონდა".

მისი წასვლის შემდეგ ქალაქი იმგვარმა გლოვამ მოიცვა, ყველა ლოცვად დადგა და, როგორც თავად ოქროპირმა ბრძანა, მთელი ქალაქი ერთ ეკლესიად გადაიქცა, ხოლო დილით, როდესაც ხალხმა შინ იწყო დაბრუნება, ქალკედონიდან მოიქცა თეოფილეც და ქალაქსა და საპატრიარქო ტახტზე ძალაუფლება მიიღო, მაგრამ როგორც კი მთავარეპისკოპოსის ბაზილიკაში შესვლა განიზრახა, ხალხმა გზა გადაუღობა, მისმა მომხრე ალექსანდრიელებმა, რომლებიც თეოფილემ ნავსადგურში შეკრიბა, იარაღი იშიშვლეს და მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა ნეტარს: - შეტაკებისას სისხლი დაიღვარა... თუმცა იმ ღამეს მეორე რომი კიდევ ერთმა განსაცდელმა მოიხილა: -ძლიერმა მიწისძვრამ ყველაფერი დაბზარა და იმპერატორის სამყოფელი იმგვარად შეაზრიალა, დედოფალი ლოგინიდან გადმოვარდა...

შიშით დაზაფრული და ერთიანად მოცახცახე ქმრის ოთახში შევარდა და ქვითინით შეევედრა: - ის, ვისი გაძევებაც გვაიძულეს, მართალია და თავად ღმერთი აღდგა შურის სა¬ძიებლად... თუ იმპერიის გადარჩენა გსურს, დაუყოვნებლივ დააბრუნეო!.. იმპერატორი შეჰპირდა, - შენს სათხოვარს შევასრულებო, დედოფალმა კი ოქროპირს დაუყოვნებლივ მისწერა: - "უწმინდესო, გევედრები, ნუ იფიქრებ, რომ მონაწილეობა მივიღე იმაში, რაც შეგამთხვიეს. უბრალო ვარ შენს სისხლში. შენს წინააღმდეგ ბოროტმა და შეცთომილმა ადამიანებმა მოაწყვეს შეთქმულება, ღმერთია ჩემი სიტყვების და იმ ცრემლების მოწმე, რომელსაც მსხვერპლად ვწირავ მას".

გათენებული არ იყო, პატრიარქთან ხალხი რომ აფრინეს ამ წერილითურთ და სიტყვიერადაც შეუთვალეს, - გთხოვთ, დაბრუნდე, რადგან ოდენ ეს თუ იხსნის ქალაქსო...

ხალხი ათასობით ჩირაღდნით დახვდა თავის საყვარელ მამას... ამან ძალზე შეძრა ოქროპირი, თუმცა, ნაპირზე გადმოსვლისგან თავს იკავებდა: - ეკლესიაში მხოლოდ კრებისგან კანონიერად განმართლებული უნდა შევიდეო, მაგრამ ხალხმა თავისი გაიტანა და ხელში ატაცებული გადაიყვანა საეპისკოპოსო ბაზილიკაში...

თეოფილემ, რომელსაც იგივე ხალხი ზღვაში ჩაგდებით ემუქრებოდა, თანამოაზრე ეპისკოპოსთან ერთად ეგვიპტეს მიაშურა, ოქროპირმა კი დაიბრუნა იმპერატორის კეთილგანწყობა და დაჟინებით მოითხოვა კონსტანტინოპოლში მსოფლიო კრების მოწვევა, რომ ამ უკანასკნელს დუბის ცრუ კრების უსამართლო განაჩენი გაებათილებინა და მიიღო კიდეც თანხმობა.

ასე დასრულდა მისი პირველი დევნილობა.

მაგრამ ეს მშვიდობა დღემოკლე აღმოჩნდა: ორ თვეში პატრიარქის მტრებმა მშვენიერი მიზეზი პოვეს პირვანდელზე უარესი ცილისწამების გასავრცელებლად: - დედოფალმა ევდოქსიამ საკუთარი ვერცხლის ქანდაკი მაღალ სვეტზე აღამართვინა და იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს თაყვანსაცემად პირდაპირ წმინდა სოფიის ტაძრის წინ, მთავარ მოედანზე დაადგმევინა... ძეგლის გახსნისას რამდენიმედღიანი ზეიმი გაჩაღდა, ჯამბაზთა, მუსიკოსთა და მაყურებელთა გაუთავებელი ყიჟინა ტაძრის სიღრმემდე აღწევდა და ხშირად ლოცვის და გალობის ხმას ფარავდა. ამ უმსგავსობის აღსაკვეთად ოქროპირმა ჯერ ქალაქის პრეფექტურას მიმართა, მაგრამ როდესაც მომდევნო დღეს ხმაური კლების ნაცვლად უფრო გაძლიერდა, კვლავ იქუხა ამბიონიდან და ადრე ნათქვამი გაიმეორა: - "აჰა, ესერა, კუალად აღიძვრის ჰეროდიადა და ეძიებს მოკუეთად თავსა იოანესა და მიღებად ლანკნითა"...

ოქროპირის ჩასაფრებულმა მტრებმა მყის მოუწამლეს დედოფალს გონება: - პატრიარქი კვლავ თქვენ გგულისხ-მობთო, რამაც უკიდურესად განაცოფა იგი და ქმარს ისევ ტირილით სთხოვა: - ოქროპირის გასასამართლებლად სასწრაფოდ კრება მოიწვიეო, რასაც თავადაც გაღიზიანებული იმპერატორი არკადიც შეუერთდა: - დროა, ამ მეამბოხესთან საქმე დავასრულოთო!.. და კვლავ აღდგნენ ისინი, ვისაც ადრევე სწყუროდა მართლის დამხობა, თუმცა, ამ კრებულს მხოლოდ პატრიარქი თეოფილე აკლდა, რომელიც ხალხის რისხვას მოერიდა, მაგრამ თავის ნაცვლად სამი ეპისკოპოსი გაგზავნა.

ერთნი ირწმუნებოდნენ, - გამოსაძიებელიც არაფერია, დანაშაული საჯაროდ ჩაიდინა, ტაძარში, უამრავი მოწმის თვალწინ, როცა იმპერატორი შეურაცხყო და ხალხს ამბოხისკენ მოუწოდაო! მეორენი კი ფრთხილობდნენ: - ოქროპირს იმხელა გავლენა აქვს, მკვეთრ ზომებს უნდა მოვერიდოთ, თუმცა განაჩენი უთუოდ სასიკვდილო ეკუთვნისო...

ბოლოს ერთ-ერთმა ისეთი მზაკვრული რამ მოიფიქრა, ყველა დათანხმდა: - რახანია, ოქროპირი დუბის კრების განაჩენის გასაუქმებლად ახალ კრებას ითხოვს, ჰოდა, დაე, ეს კრება მისივე სირცხვილად იქცეს, ორგზის განაჩენგამოტანილი პატრიარქის სამუდამოდ დასამხობადო...

გადაწყდა, კრება ამჯერად დედაქალაქში მოეწვიათ, რაც ოქროპირის მტრებს ძალიანაც აძლევდათ ხელს, - სიტუაციას ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენებთო...

ამ ბანაკის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, სხვადასხვა წყაროს თანახმად, ოქროპირს 40, სხვა ცნობით კი 42 ეპისკოპოსი შეუერთდა, რომლებმაც ბოლომდე უერთგულეს თავიანთ მწყემსმთავარს...

ევდოქსიას ავადსახსენებელი ქანდაკება 403 წლის სექტემბერში გაიხსნა, მომდევნო წლის იანვრისთვის კი - მეორე ცრუკრება მოიწვიეს, მისი წმინდა ტახტიდან განყენება კი ასეთ ვითარებაში აღსრულდა: - აღდგომა გაბრწყინდა და ეგებოდა, მეფე თავისი სახლეულითურთ წმინდა სოფიას ტაძარში მიბრძანებულიყო საზიარებლად, რისი დარღვევაც ქრისტიანული რომის ისტორიიდან იულიანეს გარდა არავის გაუბედავს... იმპერატორი დაიბნა, თუმცა, ოქროპირის მტერთაგან შეგულიანებულმა პატრიარქს შემოუთვალა: - დატოვე ტაძარი, რადგან ორმა კრებამ გაგასამართლა და სანამ იქ ხარ, ტაძარში შემოსვლა არ ძალმიძსო!

- მე ეკლესია ღმერთისგან მივიღე, რომ ადამიანთა ცხონებაზე ვიზრუნო, ნებაყოფლობით ვერ დავთმობ, ამიტომ თუ გსურს, ძალით განმდევნე, რაც ჩემი განმამართლებელი იქნება უფლის წინაშე, მაგრამ ნებით ამას ვერ მაიძულებო!

ყველამ იცოდა, ოქროპირს ვერავინ მოსდრეკდა, ოდენ ჯარისკაცთა ძალით თუ განდევნიდნენ, რაც იმპერატორმა ვერ გაბედა და პატიმრობის ადგილად ეპისკოპოსის სასახლე განუჩინა კელიიდან გაუსვლელად... ამგვარ შინაპატიმრობაში ნეტარმა 2 თვე გაატარა...

იმპერატორი, რომელსაც ახსოვდა ოქროპირის პირველი გადასახლებისთანავე მომხდარი მიწისძვრა, ფიქრობდა, რომ ზეცა ამჯერადაც მიანიშნებდა, თუ მისი მსჯავრი არასათნო იყო, მაგრამ რამდენადაც ნიშანი არ ყოფილა, შიში უკუაგდო და გადაწყვიტა, საქმე ბოლომდე მიეყვანა.

დიდი შაბათი ახლოვდებოდა, ძველ ეკლესიაში - კათაკმეველთა ნათლობის ჟამი, რომელსაც, ტრადიციულად, მღვდელმთავარი აღასრულებდა... წმინდა სოფიას ტაძარში ოქროპირის მიერ მომზადებული 3000 ადამიანზე მეტი უნდა მონათლულიყო და მანაც ჩათვალა, რომ, შინაპატიმრობის მიუხედავად, მოვალეობა უნდა აღესრულებინა, ამიტომ დატოვა სენაკი და ტაძარში მომლოდინე ხალხს მიაშურა... "ურჩი" მთავარეპისკოპოსის შეჩერება დაცვამაც ვერ გაბედა, თუმცა, ამის შესახებ იმპერატორსაც კი შეატყობინა...

ამ ამბავმა თითქოს ცეცხლზე ნავთი დაასხა და ხელმწიფემ, კვლავაც ოქროპირის მტერთა ჩაგონებით, ყოყმანი შეწყვიტა და განკარგულება გასცა, მოძღვარი ტაძრიდან ძალით გაეყვანათ...

მსახურება დაწყებული იყო, ადამიანები უკვე ემბაზში ეფლობოდნენ, რომ უეცრად საშინელი ხმაური ატყდა: - შეიარაღებული ჯარისკაცები ტაძარში შეცვივდნენ, ჯერ პატრიარქს დაავლეს ხელი და გარეთ უხეშად გაიყვანეს, შემდეგ კი - ხალხს დაერივნენ და იქაურობა სისხლით მორწყეს, - არც საკურთხეველს დაერიდნენ, არც სიწმინდეებს და არც სანათლავს... გადარჩენილთაგან ზოგი ნახევრად შიშველი, ზოგი კი - დედიშობილა გამოცვივდნენ ქუჩაში და შემზარავი ხმაურით განიბნენ ქალაქში...

ტაძრიდან საშინელი სისასტიკით გამოყრილმა კათაკმევლებმა და სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს, ნათლობა საზოგადოებრივ აბანოებში აღესრულებინათ, რამდენადაც ტევადი იყო, თუმცა არც იქ დასდგომიათ კარგი დღე: - მოძალადენი ამჯერადაც არანაკლები გამხეცებით დაერივნენ...

ციხეები გაივსო ოქროპირის მომხრე, კანონის ენით, "იოანიტებად" წოდებული უბრალო ადამიანებით, რომელნიც თავიანთი უსაყვარლესი მწყემსისთვის უდრტვინველად იტანდნენ ყველაფერს, საკნებში ფსალმუნთგალობას და ლოცვას იწყებდნენ, ხოლო თუ მათ შორის სამღვდელოთაგანიც გამოერეოდა, ღვთისმსახურებასაც აღასრულებდნენ... როგორც ოქროპირის მემატიანე, პალადი იგონებს, "საპყრობილენი იმ დროს ჭეშმარიტად ღვთის ეკლესია იყო, ეკლესია კი - უსჯულოებისა და ღვთის გმობის ალაგი"...

რაც შეეხება ოქროპირს, მსჯავრის გამოსატანად საერო ხელისუფალთ გადასცეს, თუმცა იმპერატორმა ვერც მისი გადასახლება გაბედა, ვერც სხვა ადგილას გადაყვანა და ამ მიზეზით საეპისკოპოსო სახლში პასექიდან სამებობის დღესასწაულამდე გამოამწყვდია...

მტრებმა, რომლებიც ძალზე გააღიზიანა არკადის ყოყმანმა, სხვა ზომებს მიმართეს: - ჯერ ერთი მკვლელი მიუგზავნეს, რომელიც მის ეზოში მიმოდიოდა და თავს ეშმაკეულად აჩვენებდა, მაგრამ ხალხმა იეჭვა, მოასწრეს და განაიარაღეს, შემდეგ - მეორე, რომელიც უფრო სასტიკი აღმოჩნდა და შეპყრობისას შვიდი კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, შემდეგ კი აღიარა, რომ ოქროპირის მოსაკლავად 50 ოქრო მიიღო და მღვდელ ელპიდეს, ოქროპირის დაუძინებელ მტერს, დაადო ხელი...

თუმცა, იმას, ვისაც ეს აშკარა და სასტიკი დანაშაული უნდა გაეხსნა, თითი თითზე არ დაუდვია...

ამით უარესად გაღიზიანებულმა ხალხმა გადაწყვიტა, თავადვე დაეცვა საყვარელი მოძღვარი და თქვა: - "ჩვენს მამაზე კარგად უნდა ვიზრუნოთ, რადგან ვისაც ევალება, არ ზრუნავს და მასთან მკვლელებს უშვებს!.."

ამასობაში ოქროპირის მტერთა ბანაკმა იმპერატორი კვლავ შეაგულიანა: - თავად უფალმა დაგადგინა ამ ტახტზე, ამიტომ ნუ იქნები სასულიერო კასტაზე მოწყალეო, რამაც საბოლოოდ გადააწყვეტინა, განაჩენი სისრულეში მოეყვანა.

505 წელს, სულთმოფენობიდან ორ კვირაში მთავარეპისკოპოსს იმპერატორის ბრძანება გადასცეს: - დაუყოვნებლივ წადი აქედანო! ოქროპირმა რამდენიმე მომხრესთან ერთად ტაძარში გადასვლა ითხოვა, რომ ელოცათ და ტაძრის ანგელოზს დამშვიდობებოდნენ... სანდო პირმა აქვე გააფრთხილა, რომ თუ წასვლაზე უარს იტყოდა ან შეყოვნდებოდა, მის წინააღმდეგ მავანნი პროვოკაციას ამზადებდნენ და, შესაძლოა, ჯარისკაცებსა და ხალხს შორის სისხლიანი შეტაკება მომხდარიყო...

იგი თვალცრემლიანი გამოეთხოვა იქ მყოფთ, გაიარა ტაძარი და, "ანგელოზი ეკლესიისა", როგორც პალადიმ უწოდა, ჯარისკაცებს ჩაბარდა, რომლებმაც უჩუმრად წაიყვანეს ნავსადგურისკენ...

ხალხს ცოტა ხანს ის ამშვიდებდა, რომ ოქროპირის ცხენი ტაძრის დასავლეთ კარიბჭესთან იდგა, შემდეგ მიხვდნენ, რომ ცდებოდნენ, საიდუმლო კარი შეამტვრიეს და ტაძარში შეცვივდნენ... ტაძარში ჯარისკაცები დახვდნენ, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ და იქაურობა კვლავ სისხლით მოირწყო... ამ ხმაურზე გარეთ მყოფი ხალხი, რომელსაც მოეჩვენა, რომ ეპისკოპოსს დაესხნენ თავს, ტაძრის დიდი კარიბჭე შეანგრია და ენით უთქმელი საშინელება დატრიალდა...

თუმცა, ქალაქს იმ დღეს კიდევ ერთი ჭირი ელოდა: - ღამეს ისეთი ქარიშხალი მოჰყვა, ლამის წმინდა სოფიას ტაძარი შეძრა... თითქოს მიწა და ზეცა შეერთდა მაშინ... უეცრად იქ, საიდანაც ოქროპირი ქადაგებდა ხოლმე, რაღაცამ იელვა, შემდეგ ეს საიდანღაც მოსული ცეცხლი სვეტებს მოეხვია და ქარისგან ძალმიცემულმა ნახევარი ტაძარი შთანთქა, ტაძრიდან გამოსული კი ჰაერმა სამხრეთით წაიღო, თანამედროვეთა მოწმობით, მთელ მოედანს უზარმაზარ ხიდად გადაევლო (რომლის ქვეშაც, თურმე, თავისუფლად შეიძლებოდა გავლა) და საიმპერატორო სასახლესა და სენატსაც მისწვდა...

რომ არა დროული დახმარება, სასახლეს ვეღარაფერი უშველიდა, მოედანზე მდებარე უმშვენიერესი ნაგებობანი კი მთლად ჩაიწვა...

ცეცხლი თითქოს განსულიერდა, გველივით დაიკლაკნა და სწორედ იმ შენობებს დაეუფლა, სადაც ოქროპირის საწინააღმდეგო თავყრილობანი იმართებოდა, მათ სიახლოვეს მდგარ სახლებს კი არც გაეკარა...

ამ მოვლენაში ოქროპირის განდევნის გამო წარმართნიც კი ზეგარდამო რისხვას ხედავდნენ...

ნიშნეულია, რომ ხანძარს გადაურჩა სამლოცველო, რომელშიც ოქროპირს ეკლესიის ის ძვირფასეულობა მოეთავსებინა, რომლის მითვისებასაც პირველი ცრუკრება აბრალებდა...

მთავარეპისკოპოსის მოწინააღმდეგენი კი იხტიბარს არ იტეხდნენ და ხანძარსაც ოქროპირსა და მის მომხრეებს აბრალებდნენ: - ყველაფერი შურისძიების გამო მოაწყვესო...

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

გადასახლება

ბითვინიისაკენ მიმავალ დევნილ პატრიარქს კი, რომელსაც ნებაყოფლობით გაჰყვა რამდენიმე თანამოაზრე, აზრად არ მოსვლია, თუ რა უბედურება ეწვია ქალაქს... მალე მათ ნავს სამხედრო პირები წამოეწივნენ, რომლებმაც ხანძრის გაჩაღების ბრალდებით ოქროპირის თანმხლებნი დააპატიმრეს და უკან, კონსტანტინოპოლის ციხეში გამოსამწყვდევად გააბრუნეს, რის შემდეგაც დევნილი მარტო დარჩა. მას მსახურის წაყვანის ნებაც არ დართეს, მხოლოდ ბადრაგის თანხლებით უნდა ევლო, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, იმათზე ადამიანურნი და კეთილნი იყვნენ, ვიდრე მათი ზემდგომნი, ეს ტანჯული და სნეული ადამიანი ჯერ შეიბრალეს, რომლის შესახებაც ბევრი რამ სმენოდათ, შემდეგ კი - შეიყვარეს კიდეც და როგორც შეეძლოთ, შეეწეოდნენ.

გადასახლების ადგილის შესახებ არც ბადრაგმა იცოდა რამე და არც დევნილმა, ისინი ჯერ ნიკეაში უნდა ჩასულიყვნენ, სადაც მომდევნო მარშრუტს შეიტყობდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ განეგრძოთ გზა. ამასობაში კი ოქროპირის ნაცვლად სასწრაფოდ გააპატრიარქეს 80 წლის მოხუცი არზასი, რომელსაც ამ დრომდე, გარდა საღვთისმეტყველო ცოდნისა, თავი არაფრით გამოუჩენია.

ნიკეამ ოქროპირს ჯანმრთელობა გამოუკეთა და მალე მისი გადასახლების ადგილიც დაზუსტდა: - მცირე სომხეთის პატარა ქალაქი კუკუზა, არმენიისა და კაპადოკიის მთათა კვეთასთან. გზად მის სანახავად და პატივის მისაგებად უამრავი ადამიანი გამოდიოდა, - საერონიც და სასულიერონიც, მათ შორის განდეგილნი, რომლებიც ცრემლით და ამ სიტყვებით აცილებდნენ ოქროპირს: - სჯობდა, მზეს აღარ ენათა, ვიდრე შენი ოქროს ბაგენი დადუმებულიყვნენო.

კუკუზას რომ მიაღწიეს, ოქროპირი დიდი პატივით მიიღო იქაურმა მღვდელმთავარმა ადელფიოსმა, რომელსაც მისი ჩამობრძანების შესახებ საღვთო ჩვენება ჰქონდა. თუმცა, შეიძლება ითქვას, ყოველი აქაური მოქალაქე, თუ ამ ღარიბი გამაგრებული ადგილის ქალაქად სახელდება შეიძლება, სხვადასხვაგვარად შეეწეოდა დევნილ მოხუცებულს, რაც დიდი ნუგეში იყო მისთვის, თუმცა, წინ იდო გრძელი და მტანჯველი ზამთარი, რომელმაც საგრძნობლად გაუუარესა ჯანმრთელობა: - სასტიკი ყინვის გამო ოთახში გამუდმებით ენთო ცეცხლი, რომელიც ძლიერ ხველას და გულისრევას იწვევდა, ხოლო როგორც კი ცეცხლის გაძლიერებას შეეცდებოდა, კვამლი ახრჩობდა... ბოლოს ტანჯვამ იმდენად გამოფიტა, სიკვდილის პირას მივიდა... თუმცა, ამ განსაცდელის მიუხედავად, თავის წერილებში, რომლებსაც მეგობრებსა და სულიერ შვილს, ოლიმპიადას უგზავნიდა (სწორედ მასთან მიმოწერის წყალობით ვიცით ოქროპირის გადასახლების მარშრუტი, პერიპეტიები და სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობა), კუკუზაზე მუდამ სიყვარულით საუბრობდა და ამბობდა, - იქ მშვიდობა ვიპოვეო...

ამასობაში კონსტანტინოპოლში ხმა გავარდა, - ოქროპირი იქ უფრო მეტად ეპისკოპოსია, ვიდრე ოდესმეო, რაც დიდ ხიფათად ექცა მის სიცოცხლეს, თუმცა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით: - საოცარია, რომ ამგვარ ვითარებაში, იმპერიის მივარდნილ დასახლებაში მან სამი უდიდესი საქმის აღსრულება შეძლო: - ქრისტიანობის გავრცელება ფინიკიაში, მართლმადიდებლობის განმტკიცება გუთებში და, რაც ყველაზე წარმოუდგენელია, სპარსეთის მოქცევა.

აღსასრული

ოქროპირის სიმშვიდემ საბოლოოდ გააწიწმატა მისი მტრები, რომლებმაც ინანეს, დევნილობის ადგილად ასეთი "ასატანი" დასახლება რომ განუწესეს, განსაკუთრებით სომხეთის მეზობელი ანტიოქიის პატრიარქი, პორფირე ბობოქრობდა, რომელსაც მოსვენება დაუკარგა ოქროპირის დიდებამ, ამიტომ იმდენი ქნა, სანამ საიმპერატორო კარს მისი კიდევ უფრო შორს გადაგზავნა არ გამოსთხოვა. მათაც იფიქრეს, თუ სად უნდა განედევნათ ეს "მეამბოხე" და საბოლოოდ კავკასიონის ძირში მდებარე ქალაქი პიტიუნტი, - ბიჭვინთა შეარჩიეს, რომლის მკვიდრთა დიდი ნაწილი წარმართი გახლდათ, ნაწილი - ბარბაროსი, ხოლო ქრისტიანთაგან ძნელად თუ წააწყდებოდით ვინმეს...

როგორც კი გადასახლების ადგილი განისაზღვრა, ხელისუფლებამ ყოველი ღონე იხმარა, პყრობილს ის ქალაქები არ გაევლო, სადაც თანაგრძნობას ან შფოთს წარმოშობდა, ბადრაგში პრეტორიელების ნაცვლად გამორჩეულად უხეში და აგრესიული ხალხი ჩააყენა, ოფიცრებს კი შეჰპირდა, - დევნილს რაც შეიძლება უწყალოდ მოექეცით და დაგაწინაურებთო, თან მიანიშნა, - თუ ეს სნეული და გაწამებული ადამიანი გზაში მიიცვლება, არც არაფერი დაშავდებაო...

გზა, რომელსაც იგი გაუყენეს, არავისიდან (სომხეთიდან) იწყებოდა და კომანში მთავრდებოდა, ამ პროვინციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქში. ოქროპირს ამ გზის გავლა თითქმის ფეხით უწევდა, გზა კი ძალიან მძიმე იყო და მთელ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე ხიფათიანი, თუ ამასთან უამინდობებს და ბადრაგის მიერ "გამოგონილ" ახალ-ახალ უბედურებებსაც გავითვალისწინებთ, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, რისი გადატანა მოუხდა სნეულ, დაუძლურებულსა და აბუჩად აგდებულ მღვდელმთავარს... მაგალითად, არცთუ ხანგრძლივი მოგზაურობა სამ თვემდე გააჭიანურეს, პყრობილი გაუხედნავ, უუნაგირო სახედარზე დასვეს და რაც შეიძლება სწრაფად ატარებდნენ - სამი დღის სავალს ხან ერთ დღეში ფარავდნენ, შესვენების საშუალებას არ აძლევდნენ, ღამეს ყველაზე ბინძურ სასტუმროებში ათევინებდნენ, არც რომელიმე ტაძარში შესვლის საშუალებას აძლევდნენ და თუ ამას მოითხოვდა, შეურაცხყოფდნენ, ამასთან, აშიმშილებდნენ და საკვებად განკუთვნილ თანხასაც სძალავდნენ.

თუ წვიმდა, გასამგზავრებლად სწორედ ასეთ ამინდს არჩევდნენ, სიცხისას - მზეზე თავშიშველს ატარებდნენ, რაც აუტანელ ტანჯვას აყენებდა დევნილს, შესასვენებლად კი განგებ ისეთ ადგილებს ირჩევდნენ, სადაც ვერავინ დაეხმარებოდა, ყოველგვარი მიმოწერა აკრძალული ჰქონდა და თუ ვინმე მისდამი სიბრალულს ან დახმარების სურვილს გამოთქვამდა, ერთ-ერთი ოფიცერთაგანი გაშმაგებით განაგდებდა.

ამ საშინელმა სამმა თვემ ოქროპირი იმდენად გამოფიტა, პალადის სიტყვით, "მისი მეწამულისფერი თავი, მკერდზე დახრილი, იმ მწიფე ნაყოფს მიაგავდა, ეს-ესაა, ტოტს რომ უნდა მოსწყდეს..."

კომანი, რომელშიც დევნილს უნდა მოესვენა, ბადრაგმა ისე გაიარა, არც შეჩერებულა, მხოლოდ ხუთი-ექვსი მილის მოშორებით შეისვენეს, იქ, სადაც წმინდა მოწამე ვასილისკოს სახელობის ტაძარი დგას. მის წიაღშივე განისვენებს თავად წმინდანი, რომელიც 308 წელს, მაქსიმიანეს ეპოქაში, მოწამე კლეონიკესთან ერთად მოკვდა ქრისტესთვის...

ოფიცრებმა ბრძანეს, ტაძრის სიახლოვეს ერთ-ერთ შენობასთან შეჩერებულიყვნენ, სადაც დევნილი მოასვენეს.

იმ ღამით ოქროპირს თვით წმინდა მოწამე ვასილისკო ეჩვენა და აუწყა: - იმედი გქონდეს, ძმაო იოანე, რომ ხვალ ერთად ვიქნებით!"

იმავე ღამით წმინდა ვასილისკოს ტაძრის მღვდელსაც ჰქონოდა ხილვა: - მოწამემ უბრძანა: - "ჩემი ძმის, იოანესთვის ადგილი მოამზადეო!"

მომდევნო დღეს მღვდელი დიდხანს ევედრა ბადრაგს, - ეგებ ხუთ საათამდე მაინც დარჩეთო, რადგან ოქროპირის მოახლოებულ აღსასრულს გრძნობდა, მაგრამ ამაოდ... დიდი მანძილი არ გაევლოთ, რომ დევნილი იმდენად დაუძლურდა, შეშინებულები უმალ უკან, ტაძარში დაბრუნდნენ... ოქროპირი მისივე თხოვნით საკურთხეველთან მიიყვანეს, გრძნობდა, რომ მალე უნდა გარდაცვლილიყო და ტაძრის მღვდელს, რომელსაც წმინდა ვასილისკო გამოეცხადა, თეთრი სამოსი სთხოვა, შეიმოსა, საკუთარი - იქ მყოფთ დაურიგა, შემდეგ ეზიარა, ილოცა და აღსასრულის წინ ის სიტყვები თქვა, რომელსაც თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზეც ხშირად ამბობდა: - "დიდება ღმერთს ყოველივესთვის!" პირჯვარი გამოისახა, იატაკზე დაწვა და სული განუტევა...

ეს ჯვართამაღლების დღესასწაულზე, 27 სექტემბერს, ძველი სტილით - 14 სექტემბერს მოხდა, 407 წელს, როდესაც ოქროპირს 60 წელი უნდა შესრულებოდა, კონსტანტინოპოლის ეკლესიას იგი 9 წელიწადი და 7 თვე მართავდა, რომლიდანაც სამი - დევნილობაში გაატარა...

რა ხდებოდა ამ დროს იქ, საიდანაც ეს წმინდა კაცი განდევნეს?

როგორც პალადი ამოწმებს, ოქროპირის დამხობიდან სამნახევარი თვის შემდეგ გამოუთქმელი ტანჯვით აღესრულა დედოფალი: - მან სამი დღის მკვდარი ჩვილი შვა, რომელმაც მუცელშივე იწყო ხრწნა... დედოფალს ვერა უწამლეს რა, შემდეგ ვიღაც ჯადოქარმა მუცელზე რაღაც ასოები დააწყო, თითქოსდა ამას ჩვილის მუცლიდან ამოყვანა შეეძლო, რის შემდეგაც დედოფალმა სული განუტევა... გარდაცვალებამდე კი საკუთარი ჭირის მიზეზად იოანე ოქროპირის განდევნა დაასახელა...

მის კვალდაკვალ თითქმის რიგრიგობით განგმირა სიკვდილმა ამ უსჯულო შეთქმულების თანამზრახველნი: - ეპისკოპოსთაგან ერთი, რომელიც კრებაზე განსაკუთრებული გააფთრებით ესხმოდა ოქროპირს, ცხენიდან ჩამოვარდა და დაიმტვრა, სხვა - ჩირქოვანი წყალმანკით დასნეულდა და მატლებმა ცოცხლად შეჭამეს, მესამე - ავთვისებიანმა წითელმა ქარმა შეიპყრო და საშინელი ქავილით მოკლა, მეოთხეს, - კირინ ქალკედონელს, ფეხი, რომელიც ამ ცრუკრების ერთ-ერთმა მონაწილემ დაუზიანა, გაუმიზეზდა, ჯერ ერთი ფეხი მოჰკვეთეს, შემდეგ - მეორე, მერე კი - ავადობა ნაწლავებს მოედო და სული საშინელი ტანჯვით აღმოხდა, მომდევნო ენის იმგვარი სნებით დაავადდა, ლაპარაკი აღარ შეეძლო, სიკვდილის წინ კი წერილობით დაამოწმა, რომ ცოდვისთვის ისჯებოდა...

ამ შეთქმულების სული და გული, ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე ჭკუიდან შეიშალა და სიცოცხლე დამბლამ მოუსწრაფა... ამასთან, ქალაქში ძალზე გახშირდა ძლიერი მიწისძვრები და ქარიშხლები, მეხთაცემა და სეტყვა...

ამით ზარდაცემულმა იმპერატორმა სასწრაფოდ მისწერა სინაზე მოღვაწე წმინდა განდეგილ ნილოსს, რომლის ლოცვანი ცას სწვდებოდა, რომ ყოვლადძლიერის რისხვის ასარიდებლად ელოცა, რაზეც განდეგილისგან ასეთი პასუხი მიიღო: - როგორღა ვილოცო მათთვის, ვინც უფლის საყვირი და ეკლესიის სვეტი, ოქროპირი გააძევაო?!

ოქროპირის აღსასრულმა კონსტანტინოპოლში ერთგვარი დუმილი თუ გარინდება გამოიწვია, რომელიც პირველი დასავლეთის ეკლესიამ დაარღვია: - პაპმა ინოკენტიმ განაცხადა, რომ სანამ ოქროპირის სახელს ეკლესიის დიპტიქებში არ შეიტანდნენ, აღმოსავლეთის ეკლესიის ეპისკოპოსებთან ევქარისტიულ კავშირს წყვეტდა.

იმპერატორი არკადი კი ოქროპირის აღსრულების შემდგომ კვლავ შიშით ელოდა ზეციურ ნიშანს, მაგრამ იგი არ ჩანდა, ამიტომ ჩვეულ აპათიას მიეცა და ოქროპირის გარდაცვალებიდან შვიდი თვის შემდეგ, 408 წლის 1-ელ მაისს სამუდამო ძილს მისცა თავი.

მისმა მემკვიდრემ, თეოდოსი მეორემ 434 წელს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოს პროკლესა და ხალხის სურვილი, - ოქროპირის სხეული დედაქალაქში დააბრუნეთო, დააკმაყოფილა და ბრძანა, იგი წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დაეკრძალათ.

ნიშანდობლივია, რომ ნეტარის სხეული, რომელიც 30 წლის შემდეგაც უხრწნელი აღმოჩნდა, სამარიდან მანამ ვერ ამოასვენეს, სანამ თეოდოსი მეორემ წერილობით არ შესთხოვა, მისი მშობლებისთვის მიეტევებინა.

წმინდა ნაწილები იმ ტაძარში გადაასვენეს, სადაც არკადი და ევდოქსია იყვნენ დაკრძალულნი. თავდახრილმა თეოდოსიმ კი წამებული პატრიარქის ნეშტს კიდევ ერთხელ სთხოვა შენდობა თავისი მშობლებისთვის, დაკრძალვამდე კი კიდევ რამდენიმე სასწაული აღსრულდა: - ხალხის შეძახილს: - "მამაო, დაუბრუნდი შენს საყდარს!", ყველამ იხილა, თუ როგორ განახვნა ბაგეები ცხედარმა და აღმოთქვა: - "მშვიდობა ყოველთა!", ლიტურგიისას მისმა წმინდა სხეულმა მრავალი კურნება აღასრულა, ხოლო როდესაც იგი არკადისა და ევდოქსიას მახლობლად დაასვენეს, დედოფლის კუბომ რყევა შეწყვიტა (რომელიც 32 წლის მანძილზე ირყეოდა).

მრავალი წლის შემდეგ მორწმუნეებმა გაინაწილეს წმინდა იოანეს წმინდა სხეული, კომანში კი ნუგეშად დარჩათ სარკოფაგი, რომელშიც პირველად იყო ჩასვენებული წმინდანი. ტაძარი, სადაც სარკოფაგი იყო დასვენებული, კომუნისტებმა დაანგრიეს, ხოლო თვით სარკოფაგი მორწმუნეებმა სოხუმში გადამალეს. ნეტარსახსენებელმა გიორგი ანუამ აღადგინა წმინდა იოანეს ტაძარი და სარკოფაგიც უკან დააბრუნა. 1990 წლის 26 ნოემბერს აღდგენილ ტაძარში პირველად სწირეს. მწირველი თვით უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახლდათ. სულ მალე, წელიწად-ნახევარში, ეშმაკი შურს იძიებს და მისი აღძრული ხალხი გიორგი ანუასა და აღდგენილი ტაძრის მოძღვარს მამა ანდრია ყურაშვილს მოკლავს...

თითქმის სამი თვის შემდეგ, ჯვართამაღლებას, აფხაზეთის მფარველის, წმინდა იოანე ოქროპირის გარდაცვალების დღეს დაემხო სოხუმი... პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დღეს, 14 აგვისტოს, დაიწყო ომი და ჯვართამაღლების დღეს დამთავრდა!.. შევევედროთ წმინდა იოანეს, რომ მისი ლოცვით აფხაზთა და ქართველთა სულებში გაჩნდეს სინანული და რომ მხოლოდ წმინდა სიყვარულით ვძლიოთ ერთმანეთს. მაშინ მოგვემადლება "მშვიდობა ყოველთა" და კურთხევა წმინდა იოანესი.

ტროპარი:

პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქროპირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:

ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანისცემა სამებისა მხოლოისა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლადსანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.
...........................
წმინდა ანთუსა, დედა წმინდა იოანე ოქროპირისა (IV)

მისი ხსენება 1998 წელს დააწესა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა.
..........................
წმინდა იოანე ოქროპირთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე


აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407) - 13 (26) ნოემბერი

აღმოყვანება ნაწილთა წმინდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა (+438) - 27 (09.02) იანვარი

წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგთან შეხებისას სნეულნი იკუნებოდნენ

წმინდა იოანე ოქროპირის ხუცესად კურთხევა (+386) - 26 თებერვალი (11 მარტი ან 10 მარტი - ნაკიან წელს)

წმინდათა შორის მამანი ჩვენნი, დიდნი მღვდელმთავარნი: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი (XI) - 30 (12.02) იანვარი

“ჩვენ თანასწორნი ვართ უფლის წინაშე. შეწყვიტეთ შფოთი და ერთ დღეს დააწესეთ ჩვენი ხსენება”

საუკუნე-მზე ქრისტიანობის ისტორიაში

წადი და დაამშვიდე ხალხი. როცა თავიანთ მწყემსს დაინახავენ, დაავიწყდებათ თავსმოწეული განსაცდელი

...................

წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებები:

საუბარი ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულზე - წმიდისა იოანე ოქროპირისა კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსისა

წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა ახალ წელთან დაკავშირებით

......................................
იხილეთ დასაწყისი

ბეჭდვა
1კ1