ღირსი ნილოს მმარხველი (V) - 12 (25) ნოემბერი
ღირსი ნილოს მმარხველი (V) - 12 (25) ნოემბერი
ღირსი ნილოს მმარხველი, დაიბადა IV საუკუნის II ნახევარში გალატიის პროვინციის ქალაქ ანკირაში. ის წმინდა იოანე ოქროპირის მოწაფე იყო, როცა ანტიოქიაში იმყოფებოდა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო და ბრწყინვალე ორატორი შეიქნა.

თეოდოსი II-ის მეფობის დროს (375-395) ნილოსი ჯერ კიდევ ახალგაზრდა, დედაქალაქის პრეფექტად გაამწესეს, ანუ დღევანდელ პოლიციის უფროსად დანიშნეს.

ამ დროისათვის ნილოსი უკვე დაქორწინებული იყო კეთილშობილ, ღვთისმოშიშ დედაკაცზე და ორი შვილი ჰყავდა. მეუღლეებს, რომელთა ცხოვრებასა და მსოფლმხედველობაზე დიდ გავლენას ახდენდა ნეტარი იოანე ოქროპირი, სულს უმძიმებდა სამეფო კარის ბრწყინვალე ყოფა. ნილოსმა დაარწმუნა მეუღლე, გაყრილიყვნენ და მონაზვნურ ღვაწლს შედგომოდნენ. ნილოსის მეუღლემ ასულთან ერთად ეგვიპტის ერთ-ერთ დედათა მონასტერს მიაშურა, თავად ნილოსი კი ძესთან, თეოდულესთან ერთად სინას მთაზე ციცაბო კლდეზე, საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დამკვიდრდა.

ღირსი მამა ორმოცი წელი ცხოვრობდა ამ გამოქვაბულში. მან ვაჟთან ერთად მრავალი წელი გაატარა დაუცხრომელ ღვაწლში. სხვა მონაზვნებს ისინი მხოლოდ დიდი დღესასწაულების წირვაზე და საერთო ტრაპეზზე ხვდებოდნენ.

ერთხელ, როცა მამა-შვილი იმ ადგილას ჩამოვიდა, სადაც შეუწველი მაყვალი იდგა, რათა მოენახულებინათ იქ მოღვაწე მამები, უეცრად ბედუინების რაზმი დაესხა მათ თავს და ზოგი წმინდა მამა მოკლეს, ზოგი გაძარცვეს და მთებისკენ გაყარეს, სიცოცხლე მხოლოდ ახალგაზრდა მონაზვნებს შეუნარჩუნეს, რათა მონებად გაეყიდათ, წმინდა ნილოსი სხვა მხცოვან ბერებთან ერთად იძულებული გახდა გაქცეულიყო. თუმცა შვილთან განშორება არ უნდოდა, მაგრამ თეოდულემ მამას უბრძანა წასულიყო სხვებთან ერთად და შვილი ღვთის მოწყალებისთვის მიენდო. ნილოსი და სხვა ბერები სინას მთის მწვერვალზე ავიდნენ, სადაც ბარბაროსები ასვლას ვერ ბედავდნენ, რადგან ეშინოდათ ღვთაებრივი დიდების ცეცხლს არ მოეწყვიტა ისინი.

ამის მერე წმინდა ნილოსმა უფრო გაამკაცრა ღვაწლი. მარხვით, ლოცვითა და შრომით სრულყოფილების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. მან მიიღო მადლი სულიერი განსჯისა, გულისთქმათა განკითხვისა და წინასწარმეტყველებისა. წმინდანთან სიარული იწყეს ყველა ფენის ადამიანებმა - იმპერატორით დაწყებული მიწის მუშაკით დამთავრებული, რომლებიც მოუკლებლად ღებულობდნენ მისგან ნუგეშინისცემასა და სულიერ რჩევა-დარიგებებს. განმარტოებაში ღირსი ნილოსი ბევრს წერდა, იცავდა არიოზელთაგან მართლმადიდებლურ რწმენას და ასევე მომხრე გახლდათ წმინდა იოანე ოქროპირისა. ჩვენამდე მოაღწია მისმა ეპისტოლეებმა, მათ შორის მამხილებელმა წერილებმა, მიმართულმა იმპერატორ არკადიუსისადმი (395-408), რომელმაც იოანე ოქროპირი განდევნა. ფართოდაა ცნობილი წმინდა ნილოსის ასკეტური თხზულებები, სადაც ხოტბას შეასხამს ის მონაზვნურ ცხოვრებას, როგორც "ჭეშმარიტ ფილოსოფიას", "სულიწმიდის ფილოსოფიას", რომელსაც ჩვენი ზნის გამოსწორების გზით და ლოცვაში გულმოდგინე მოღვაწეობით, ჭეშმარიტ შემეცნებამდე მივყავართ.

მრავალი წლის შემდეგ ღირსმა ნილოსმა დაკარგულ ვაჟიშვილს მიაკვლია ემესის ეპისკოპოსთან, რომელსაც იგი ავაზაკებისაგან გამოესყიდა. ამავე მღვდელმთავარმა მამა-შვილი სამღვდელო ხარისხში აკურთხა. ხელდასხმის შემდეგ მეუდაბნოეები სინას მთას დაუბრუნდნენ და ღირსი ნილოსის აღსასრულამდე (+430 ან 450) ერთად მოღვაწეობდნენ. იმპერატორ იუსტინიანეს მეფობის დროს (518-527) ღირსი ნილოსის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და ობოლთა თავშესაფართან არსებულ წმინდა პავლეს სახელობის ტაძარში დაასვენეს.

ბეჭდვა
1კ1