წმინდა სერაპიონ ზარზმელი (+900) - 29 ოქტომბერი (11 ნოემბერი)
წმინდა სერაპიონ ზარზმელი (+900) - 29 ოქტომბერი (11 ნოემბერი)
სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ბასილი ზარზმელს სერაპიონის ცხოვრება უნდა დაეწერა X ს-ის I ნახევარში (კ. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი, ექ. თაყაიშვლი, ე. გაბიძაშვილი, ს. ცაიშვილი, ნ. ვაჩნაძე, ე. ჭელიძე). შესაბამისად, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ხანად IX საუკუნე მიიჩნევა (ამგვარი დათარიღების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი გახლავთ გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის "ცხოვრებებში" მოხსენიებულ პირთა - მიქაელ პარეხელის და გიორგი მაწყვერელის - გაიგივება). თუმცა, არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ სერაპიონის ცხოვრებაში მოთხრობილია არა IX-X საუკუნეების, არამედ VI-VII სს-ების ამბები, შესაბამისად, სერა¬პიონს უნდა ეცხოვრა VI ს-ის ბოლოს ან VII ს-ის დასაწყისში, ხოლო ცხოვრება დაწერილი უნდა იყოს VII ს-ში (პ. ინგოროყვა, ს. კაკაბაძე, ა. ბოგვერაძე, მ. ჩხარტიშვილი, პ. პეეტერსი, გ. ჩუბინაშვილი, ვ. ბერიძე). ამ დათარიღების საფუძველს წარმოადგენს ტექსტში დაცული მითითება, რომ სერაპიონის მოძღვარი მიქაელ პარეხელი იყო შიო მღვმელის მოწაფე. თუმცა, მკველვართა დიდ ნაწილს ეს ცნობა ანაქრონიზმად მიაჩნია (ადრეული დათარიღების მომხრეთა კიდევ ერთი არგუმენტია ტექსტში ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ხსენებისა და გრიგოლ ხანძთელის მოუხსენებლობა. განსხვავებულ დათარიღებას საფუძვლად უდევს აგრეთვე "ცხოვრების" ტექსტში ნახსენები ოპიზის მონასტრის დაარსებისა თუ აღდგენა-განახლების თარიღის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მკვლევართა მიერ, ასევე ზარზმის ფერისცვალების ხატის წარწერის განსხვავებული დათარიღება და, შესაბამისად, მასში მოხსენიებულ პირთა სხვადასხვაგვარი ქრონოლოგიური ლოკალიზაცია).

მ. ჯანაშვილს ბასილი ზარზმელი VIII ს-ის II მეოთხედის მოღვაწედ ჰყავდა წარმოდგენილი, ხოლო სერაპიონი - VII-VIII საუკუნეების მიჯნისად. ს. ჯანაშია და გ. მელიქიშვილი მიიჩნევენ, რომ თხზულება VIII-IX სს-ების ვითარებას ასახავს.

როგორც "ცხოვრების" ტექსტიდან ირკვევა, ბასილი ზარზმაში მოსულა სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ. ცნობები თავისი თხზულების დასაწერად აუღია სხვადასხვა წყაროდან: თვითმხილველების და ოჯახის წევრთა მონათხრობებიდან; ბევრი მასალა მიუწოდებია გიორგი მაწყვერელს; ასევე უსარგებლია მიქაელ პარეხელის ცხოვრებით, საიდანაც ამოღებული უნდა იყოს ცნობები მიქაელის შესახებ და სერაპიონის ზარზმაში წარგზავნის თაობაზე ("მიქაელ პარეხელის ცხოვრება" ამჟამად დაკარგულია, მისი არსებობის შესახებ მხოლოდ "სერაპიონის ცხორება" გვატყობინებს):

წმინდა სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება

მართლაც მშვენიერი, მრავალსაწადელი და საღვთო ქებისა და ბრწყინვალე ხოტბის შესხმის ღირსნი არიან ღვთის მოყვარულნი და მისი საღვთო მცნებების აღმსრულებელნი, რადგან თვით ჩვენი მეუფე და ღმერთი ნეტარყოფს მათ სახარებისეულ ბრძანებულებებში და ამბობს: "ნეტარ იყვნენ სულით გლახაკნი" (ასეთივეა შემდეგ და შემდეგ ყველა სხვა ნეტარება), ამასთან, ნეტარებათა დაბოლოებას ბრწყინვალე ძღვნად და გვირგვინად წინ დაუდებს მათ და ამას მიჰმადლებს გარჯილობათა საზღაურად, ეტყვის: "გიხაროდეთ და მხიარულნი იყავით, რადგან თქვენი საზღაური დიდია ცათა შინა". სხვა ადგილას ამბობს: "ის კი ნუ გახარებთ, რომ ბოროტი სულები გემორჩილებიან, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები აღწერილია ცათა შინა". და კიდევ, ღვთის მამა დავითი ამბობს: "ამისთვის გაიხარა ჩემმა გულმა და გალობდა ჩემი ენა". და: "როგორც შენდამია ყველა მხიარულის მკვიდრობა", ხოლო ეს სიხარული მოდის იმ საღვთო ნეტარებიდან, რასაც იგივე წინასწარმეტყველი ფსალმუნთა დასაწყისში იმ ადამიანის ნეტარებად მიიჩნევს, "რომელიც არ მიდის უღმრთოთა გზაზე". და კიდევ: "ნეტარნი არიან უბიწონი, მავალნი უფლის სჯულის გზაზე". ყოვლადბრძენი მამის ყოვლადბრძენი ძე, სოლომონი ამბობს: "ნეტარია ის ადამიანი, რომელმაც შეიძინა გონიერება და ის მოკვდავი, რომელმაც ჰპოვა ცოდნა", ხოლო ეკლესიის ოქროიადონი პავლე ამბობს: "გიხაროდეთ მარადის უფლის მიერ და კიდევ გეუბნებით: გიხაროდეთ", რადგან თქვენი სარწმუნოება სამარადისო ნეტარებას მოგიპოვებთ თქვენ. აი, ამ იმედით განმტკიცებულმა ძველი და ახალი აღთქმის წმინდანებმა ისწავლეს მოთმინება და ისინი სარწმუნოებით ისწრაფოდნენ ზეციური ხმობის გვირგვინისკენ, როგორც ამბობს ამას იგივე პავლე, ქრისტეს პირი: "რადგან სარწმუნოება მისდამი მსასოებელთა საფუძველია, დაუნახავ საქმეთა გამომააშკარავებელია, რადგან ამით მიიღეს დასტურყოფა უხუცესებმა", რომლებიც საღვთოდ გაბრწყინდნენ ძველსა და ახალ აღთქმაში, რადგან ისევე, როგორც ერთი უხვად ამომჩქეფარე წყაროდან ყვავილნარი, ბაღი და ნაირგვარ მცენარეთა სიმრავლე ირწყვება, ასევე საღვთო მადლისა და საბოძვრისგან სათითაოდ მიეფინება ყველას მადლთა გადაშლა, როგორც ხმობს ამას იგივე პავლე: "მადლთა გადაშლანი არის" - და ენათა გვარეობა. და კვლავ ამბობს იგი: "პირველად მოციქულები, შემდეგ კი მწყემსები, მოძღვრები და მამები დადგინდნენ", რადგან შემდეგ და შემდეგ არ შეამცირებს სულის მადლი ემბაზის შვილთა აღმოშობას, როგორც ამბობს ამას სიტყვა: "მოიმოწაფეთ ყველა წარმართი და მონათლეთ ისინი მამის, ძისა და სულის სახელით", და: "აჰა, მე თქვენთან ვარ" (და მომდევნო), და სხვაგან: "იზარდეთ, გამრავლდით და აავსეთ მიწა"; და კიდევ, მოციქული ამბობს: "იესო ქრისტე გუშინ და დღეს, და თავად იგი არის უკუნისამდე", რომელმაც ახლაც ამოაბრწყინა ამ ახალ მნათობთა ელვაცისკროვნების მსგავსი რამ წმინდა ეკლესიის ახალ სიმყარეში, რომ მთიებისებრ ბრწყინავდნენ ისინი მთელი ქვეყნის წინაშე და ყველა მოწადინის გულს საღვთო მოქალაქეობის ბაძვისკენ აღძრავდნენ, რადგან აჰა, ღვთის განზრახულებით ჩვენს დროშიც გამოჩნდნენ ახალი მნათობები - მოძღვრები და მასწავლებლები, როგორც ძველ აღთქმაში ელია და იოანე, მათ შემდეგ კი: "პავლე თებელი, დიდი ანტონი, მაკარი, ექვთიმე, საბა და გერასიმე (ან კი რად გვინდა თითოეულის დასახელება?), ყველანი, მათი მსგავსნი და მბაძველნი, რომლებმაც წადიერად განვლეს ვიწრო და ძნელი გზა, მიმყვანი ზეცის ქალაქამდე, რომლის ხუროთმოძღვარი და შემქმნელი ღმერთია.

ზოგიერთნი ამბობენ: - ჩვენს დროში ვეღარავის ძალუძს პირველ მამათა მსგავსება, რადგან საღვთო რამ განგებით მიფარებულია ეს, მაგრამ საყვარელო, შენ გულმოდგინედ მოისმინე იმ ადამიანის ამბავი, რამეთუ ყოველგვარად მიემსგავსა იგი ამ წმინდა მამებს. ესაა ყოვლადბრწყინვალე და ზეციური ხმობის ღირსი ყოვლადწმინდა მამა და მოძღვარი, ნეტარი სერაპიონი.

მისი ცხოვრების წვრილმანნი შევკრიბეთ, რომ მოვახსენოთ საღვთოთა შესახებ სმენის მოყვარულ თქვენს სიწმინდეს. ჰოი, პატიოსანო და საღვთო კრებულო, სიმწყობრით ზეციურ დასებს მიმსგავსებულო, თქვენ, რომლებიც ხმობილნი ხართ მის მიერ ნამუშაკევ კარავთა მემკვიდრეებად, დიდი ზარზმის უდაბნოს მღვდელნო და მამანო, რომლებსაც დიდებული წილი გხვდათ - დიდი მნათობი, მამა მამათა, მოძღვარი და მასწავლებელი, რათა გვესმოდეს მისი სწავლებანი, მისი საღვთო საქმენი და ღვწანი და ვადიდებდეთ ზეცათა მამას, როგორც ამბობს უფალი: "ასე ბრწყინავდეს თქვენი სინათლე კაცთა წინაშე, რომ მათ იხილონ თქვენი კეთილი საქმეები". მაგრამ ჩვენ, ძმანო, გვმართებს შეძლებისდაგვარი მივბაძოთ ამ დიდ მოძღვარსა და მწყემსს. ახლა კი გულისყურით ვისმინოთ მისი მეტად საწადელი ვრცელი ცხოვრების და ამჟამინდელი აქ შემოკრებილობის ამბავი; ამასთან, თვალცრემლიანი ვევედრები თქვენს სიყვარულს მე, ყოვლად უღირსი, რომ თანაუგრძნოთ ჩემს უძლურებას, რათა უსიტყვოთა სიტყვიერმყოფელი და უძლურთა გამაძლიერებელი სიტყვის მიერ მომეცეს ღირსეული სიტყვა ჩემი პირის გახსნისას, რადგან შეუდგება სიტყვა დაწყებას მისი ცხოვრებისას.

ნეტარი და ყოვლადქებული სერაპიონი დაიბადა კლარჯეთში. მისი მშობლები ღირსეული, პატიოსანი ადამიანები იყვნენ, უბრალოდ ცხოვრობდნენ, თავს შრომით ირჩენდნენ. უხვად აპურებდნენ გლახაკებს, შეძლებისდაგვარად ხელს უმართავდნენ უძლურებს და სიმშვიდით და სიმდაბლით მყოფობდნენ, მსგავსად საწინასწარმეტყველო სიტყვისა: "ვის მივხედავ, თუ არა მშვიდსა და მდაბალს?"

ნეტარი სერაპიონის მამას კვიპრიანე ერქვა, ხოლო დედის სახელი არ ვიცით, არათუ რაიმე უკეთურსახეობის გამო, არამედ დროჟამისგან დაფარვის მიზეზით, რადგან შეუძლებელია, ამგვარი ნაყოფის გამომღები უმსგავსოდ და უგვანად დაღუპულიყო, როგორც ამბობდა უფალი: "არ ძალუძს კარგ ხეს უკეთური ნაყოფის გამოღება". ასე რომ, ნეტარი სერა¬პიონის დედა სახელმოუხსენებლად მიეფარა ამ სოფლიდან, მას შემდეგ, რაც გაიხარა შვილიერებით (როგორც წერს მეფსალმუნე: "დედა შვილთათვის მოხარული"), თვით იგი, სამი ძის სინათლეზე გამომყვანი, წარუვალი სინათლისკენ მიიქცა.

უმცროსი, იოანე, დარჩა სრულიად ჩვილი და აუმეტყველებელი. იგი გაზარდა მამამ, კვიპრიანემ, როგორც შეჰფერის შვილთმოყვარე მშობელს, თუმცა მალე აღესრულა ნეტართა სიბერით დამშვენებული მამაც. სამივე ბავშვი კი დარჩა, ბაბილონელი ბავშვებივით, სიღარიბის ალში ჩაცვენილი.

ახლა სიტყვას სხვაგან გადავიტან და მოგითხრობთ ამბავს ამ დიდებული ნერგების ნაყოფთაღმომაცენებლობის უკეთ წარმოსაჩენად, რომ თხრობის დასასრულს შეიცნოთ, თუ როგორი ტკბილი და მშვენიერი მტევანი დამწიფდა მათი მოძღვრების ნამუშაკევთაგან.

გეტყვით, თუ როგორ აშენდა დიდი უდაბნონი და მონასტერნი და ვინ იყვნენ მაშენებლები (პირველად - საღვთო სული და მადლი, შემდეგ კი მის მიერ აღძრული წმინდა მამები). წმინდა და დიდი უდაბნო ოპიზა ააშენეს მონაზვნებმა, რომლებსაც ერქვათ ამონა, ანდრია, პეტრე და მაკარი. მათგან მოვიდა ის, ვინც საღვთო უწყებით ააშენა მცირე ეგვტერი და ძმათა შესაკრებელი კლდოვან და კაცთაგან უვალ ადგილას, რომელსაც პარეხს უწოდებენ. ჩვენამდე მოღწეული მამათა გადმოცემით, მისი ამშენებელი იყო მაღალ და დიდ სასწაულთა და ნიშთა მოქმედი მიქაელი, მოწაფე დიდი და საკვირველმოქმედი შიოსი, რომელიც ქართლში ცისკრის ვარსკვლავისებრ ბრწყინავდა.

ყოვლადბრძენი სერაპიონი და მისი უმცროსი ძმა იოანე გაეშურნენ ნეტარ მიქაელთან, რომელიც სულთა მამა და ობოლთა გამზრდელი იყო, შეავედრეს თავი. ნეტარ მიქაელს სათნოებით სრული და ბრწყინვალე ბევრი მოწაფე ჰყავდა, მათ შორის ბასილი და მარკელაოზი, ისევე, როგორც დიდ ანტონის - ილარიონი და მაკარი.

დიდმა მიქაელმა ამათთან შერთო ნეტარი სერაპიონი და მისი ძმა და ჩარიცხა მოწაფეთა დასში (სერაპიონის უფროსი ძმა, ამქვეყნიური წესისამებრ, დაეუფლა მამისეულ სამემკვიდრეოს და იგივე მადლი შეიტკბო - უცხოთა და გლახაკთა მოვლა-პატრონობა). ყოვლადსახელგანთქმულმა და დიდ საკვირველებათა მოქმედმა მიქაელმა აღზარდა ძმები და აიყვანა სათნოების სრულქმნილებამდე.

დადგა დრო, ჩვენი წმინდა მამა სერაპიონი, როგორც ღირსი, მიქაელის ბრძანებით, მღვდლობის პატივით სრულიქმნა და გახდა საღვთო საკურთხევლის ღირსეული მსახური.

ძმები ხედავდნენ მიქაელის საღვთო მოღვაწეობას, მის მიერ აღსრულებულ დიდ ნიშ-სასწაულებს (რაც მისი სიკვდილის შემდეგ აღწერეს მისმა მოწაფეებმა) და დახელოვნებულ მხატვართა მსგავსად, კარგ მაგალითად ჭვრეტდნენ მას, მისივე მადლთა შეძენით და სწავლებათა საფუძველზე აშენებდნენ არა ლერწამ-ბალახს, არამედ ოქროს, ვერცხლს და ანთრაკის თვლებს. მიქაელს უყვარდა მოწაფენი რადგან ისინი მისეულ სწავლებას კარგად ითვისებდნენ და ყოვლითურთ ბაძვიდნენ მოძღვარს.

მოგითხრობთ, თუ როგორ მოაღწიეს მათ სამცხეს.

ღამის ლოცვაზე მდგარი დიდი მამა და მოძღვარი მიქაელი ატაცებულ იქნა ზეცად და იხილა სამღვდელო ღირსებისამებრ შემოსილი, რომელმაც უთხრა, - შენგნით განსწავლული მოწაფეები, სერაპიონი და იოანე, დაუყოვნებლივ გაგზავნე სამცხესო. თან უჩვენა რაღაც ნიშნები, რომელ ადგილას უნდა მისულიყვნენ ისინი. როდესაც მივიდოდნენ და იპოვიდნენ აღნიშნულ ნიშანს, იქ დაეწყოთ მონასტრის აშენება და შეეკრიბათ მრავალი სული სადიდებლად ღვთისა და ყოველთა მეუფისა.

როდესაც მოეგო გონებას წმინდანი, რომელსაც მრავალი საღვთო ნიში ჰქონდა ნანახი, მოუხმო ძმებს და მჭმუნვარე სახით უთხრა სერაპიონს:

- საყვარელო შვილო და ქრისტეს მიერ ძმაო სერაპიონ! ძალიან მძიმედ მეჩვენა ეს ბრძანება, რადგან სულს ძალიან უყვარს თანაშეზრდილობა და განსაკუთრებით საღვთო სიყვარულით შეკავშირებულნი. საღვთო ბრძანებით, უნდა წახვიდე აქედან და სადაც ღმერთი გიჩვენებს, ააშენო სულთა მოსავლელ-საპატრონებელი ადგილი.

ამის გამგონე სერაპიონი მოძღვრის ფერხთით დაეცა და კარგა ხანს უხმოდ იყო. წმინდანმა მოჰკიდა ხელი, წამოაყენა და უთხრა:

- გამხნევდი, შვილო, რადგან შეუძლებელია საღვთო ბრძანებასთან მცირედითაც დაპირისპირება. ესეც ბრძანებაა, რადგან ის, ვინც გეუბნებოდა, რომ მარტოოდენ ჯვარი გეტვირთა, იგივე გეუბნება, იტვირთო მისი განკაცების ცხოველი ხატი და ასე წახვიდეთ, რათა თქვენგნით წმინდა ეკლესიაში აღმართოთ იგი თაყვანსაცემად, სნეულებათა და უძლურებათა განმდევნელად და მრავალი სულის გამოსახსნელად.

წმინდა სერაპიონი უსმენდა და პასუხის ნაცვლად ცრემლთა დასთხევდა. მერე უთხრა:

- თუ ეს გესათნოება შენ, მამაო, შეევედრე ღმერთს, არ გამაშოროს შენს წმინდა კრებულს, რომ მარადის ვხედავდე შენს წმინდა სახეს.

მან კი მიუგო: - მორჩილთა საღვთო გვირგვინს რომ არ დააკლდე, ამის შემდეგ შეაჩერე შეპასუხებანი და მოემზადე სამგზავროდ, იახლე შენი ძმა იოანე და ამ ძმათაგან ოთხნი. ამასთან, აუწყა ნიშნები, რომ ადვილად ეცნოთ ის ადგილები, რომლის აშენების ბრძანება ჰქონდა მიღებული. თან ესეც უთხრა:

- იცოდეთ, შვილებო, რომ მრავალ სულს გაუხდებით საუკუნო ცხოვრების მიზეზი, რომ, მოციქულის თქმისებრ, საყვირის ხმასთან ერთად შენ მიერ ცხონებულებთან ერთად წარუდგე მეუფეს.

წმინდანისგან ამგვარ სიტყვათა მოსმენის შემდეგ სერაპიონი აღარ შეეწინააღმდეგა მოძღვარს, ცრემლით შეუვრდა მას. წმინდანებმა სიყვარულით შეიტკბეს ერთიმეორე, ისევე როგორც ყველა ძმამ, და მათ წმინდა მიქაელის ლოცვა საგზლად წაიღეს.

წავიდნენ და ყველა ქრისტიანის შემწედ და იმედად თან წარიტანეს ფერისცვალების ცხოველი ხატი. ისე გაუჭირვებლად მიდიოდნენ, როგორც სამეფო პალატებში. ასე მიაღწიეს მთას, თითქოსდა ცის სიმაღლემდე ასულებმა და გაჩერდნენ იმ ადგილას, რომელსაც "ბერას ჯვარი" ეწოდება, ხოლო წმინდანმა, თითქოსდა თითით უჩვენა მათ ის ადგილი, სადაც განზრახული იყო მონასტრის აშენება. ჩამოვიდნენ ხევის ბოლოში, რომელიც არის "უტყვისა", მივიდნენ ადგილთან, რომელსაც ერქვა ძინძე. მიმოიხედეს - უდაბური იყო იქაურობა, გარს ტყეები და ხევები ერტყა. შეუყვარდათ ეს ადგილი ძმებს, მაგრამ წმინდანმა უთხრა მათ, - აქ არ არის ის ნიშნები, რაც გვამცნო ჩვენმა მოძღვარმაო. მიუხედავად ამისა, მაინც შეუდგნენ მცირე ტალავარისა და მონასტრის ადგილის შენებას, და იქ კარგა ხანს დაყვეს.

იმ დაბის პატრონებს ამბავი მიუტანეს, - ვიღაც უცხო მონაზონებს ნებავთ იმ ადგილას მონასტრის აშენებაო. რადგან ყოვლითურთ მხეცის მსგავსნი იყვნენ, უწირავნი და ბოროტნი, არ ინებეს ეს, თავს დაესხნენ მათ და ისევე, როგორც ნაზარეველ კაცთა შესახებ არის დაწერილი, რომ "მოიყვანეს ქრისტე იმ მთის წვერამდე, რომელზეც მათი ქალაქი იყო დაშენებული", ასევე ეს წმინდანებიც მიიყვანეს იმ მდინარის პირამდე, რომელიც არის ხსენებული ადგილის აღმოსავლეთით. გადალახეს მდინარე, მივიდნენ მის დასავლეთით, დაახლოებით სამ კილომეტრში, ტყიან და კაცთაგან უვალ ადგილებამდე, დიდი გაჭირვებითა და ჯაფით მოიარეს ვიწრო ადგილები, ნახეს დიდი მოძღვრისგან ნაუწყები ნიშ-სასწაულები, დიდად გაიხარეს და დარწმუნებით შეიცნეს, რომ ფუჭი და ამაო არ ყოფილა გზა მათი, თანაც ნახეს მცირე რამ ბორცვი, სხვა ადგილებზე უფრო მაღალი, და ამ ბორცვის აღმოსავლეთით ამომდინარე წყალი, მჩქეფარე და საამური, რაც სარწმუნოს ხდიდა მათი მგზავრობის წადილს. იქაურობა მოათვალიერეს, მაგრამ ვერ პოვეს მინდვრიანი ადგილი, რომელიც თავისუფლად დაიტევდა მათ. წმინდანმა ბრძანა, წყაროსა და ბორცვის შუა აეშენებინათ მცირე ტალავარი თავშესაფრად და შიგ დაებრძანებინათ თაყვანცემული ცხოველი ხატი.

მოგახსენებთ, თუ როგორ ამუშავებდნენ იმ ადგილს ან ვინ იყო ის კაცი, რომელმაც, თითქოსდა ღვთისმიერი ბრძანებით, ყველაფერი მოუგვარა მათ. ის გახლდათ ამ მხარის დიდი მთავარი, წარჩინებული, სიმდიდრით და ხალხისა და მინდორ-ველების სიმრავლით აღმატებული. მას არამხოლოდ ამქვეყნიური და მიწიერი სიმდიდრე ჰქონდა, ღვთისმსახურებითი ცხოვრებითაც სძლევდა ყველას, როგორც ეს დაწერილია იობის შესახებ: "ჭეშმარიტად მართალი და უბრალო". აი, ამგვარი ადამიანი იყო იგი, გიორგი ჩორჩანელი, რომელსაც სასახლეები და ტალავრები ჩორჩანისა და ზანავის მხარეებში ჰქონდა, თუმცა უფრო ხშირად ნადირობდა ცხროჭად წოდებულ ადგილებში, რადგან მრავლობდა თხა და სხვა ველური ნადირი. იმ არემარეში ედგა სახლი, რათა ნადირობისას თუ როდისმე ღამე წამოეწეოდა, იქ დაევანა.

როდესაც წმინდანებმა ზემოხსენებულ ადგილას დაიბანაკეს და კარავი გამართეს ბორცვის ახლოს და დაანთეს ცეცხლი. როგორც კი ავარდა კვამლი, დაინახა ეს მორწმუნე გიორგიმ, რომელიც ნადირს მისდევდა, გაუკვირდა ძალიან და ჰკითხა მსახურებს:

- საიდან არის იმ ადგილას ხშირი კვამლი, ანდა ვის რად დასჭირდა ცეცხლი? თუ ვინმე ნადირს ეძებს, რატომ გათავხედებულა და არ ერიდება? ხოლო თუ სხვა რამ აუცილებელი სჭირდება ვინმეს, ჩვენ როგორ არ ვიცით ეს?

რადგან ვერავინ უპასუხა, მყისვე უბრძანა ერთ-ერთ მონას: - წადი სწრაფად, ზედმიწევნით გაიგე საქმის არსი და გვაუწყე ყოველივეო.

დაუყოვნებლივ წავიდა მონა, გაჭირვებით და ჯაფით მიჰყვა კვამლს. როდესაც მიაღწია კოცონს, ნახა ტალავარი, უცხო მეუდაბნოეთა ტყავებით შემოსილი ადამიანები და შეცბა. დამხვდურთაც გაუკვირდათ. მონამ გამოჰკითხა მათ სადაურობა და საქმიანობა, რადგან ისინი მეტად დიდ სიგლახაკეში ჩანდნენ და თანაც ველურ ადგილას. ამათაც მიუგეს:

- საყვარელო, შენ ვინ ხარ, ან რად გესაჭიროება ზედმიწევნით გაიგო ჩვენი მდგომარეობა?

კაცმა უპასუხა: - მე ვეკუთვნი დიდ მთავარს, რომლის სახელი არის გიორგი. მან გამომგზავნა თქვენთან, რადგან გაუკვირდა ასეთ ადგილას ცეცხლის კვამლი და ადამიანის აქ ყოფნა.

როდესაც შეიტყო წმინდანმა, რომ მთავარი და ამ ადგილთა პატრონი ყოფილა ახლომახლო, გამოწვლილვით გამოიკითხა მთელი მისი საქმიანობა და როგორც კი გაიგო ზედმიწევნით ყოველივე, დაუყოვნებლივ მოუთხრო მას, თავიდან ვიდრე ამ დრომდე, თუ რა მიზეზით მოვიდნენ ამ ადგილას და რომ განზრახული აქვთ მონასტრის აშენება და დასძინა:

- ეს საღვთო ბრძანებაა, ჩვენ მოწაფეები ვართ ნიშებითა და სასწაულებით გაბრწყინებული მიქაელ პარეხელისა.

იმ კაცმა გაიგო და ნახა ყოველივე, ეახლა და ამცნო დიდ მთავარს და ყველა მსახურს, რომლებიც მთავართან ერთად შიშმა და გაკვირვებამ შეიპყრო და მოჩვენებად ჩათვალეს ეს ამბავი, მაგრამ ის კაცი იფიცებოდა: - ადამიანები ვნახე, ყოვლითურთ ხორციელად მყოფნი, მონაზონთა ხატითა და სახით, არა მოჩვენებით, არამედ ცხადადო.

როდესაც გათენდა, კვლავ უბრძანა მთავარმა ორ თავის ახლობელს, რომლებიც გონებითაც ფრთხილნი იყვნენ, რომ ზედმიწევნით გაეგოთ ყოველივე. ეს კაცები მოვიდნენ წმინდა მამის წინაშე. მან კი შეხედა მათ და შეიტყო, რომ მთავარნი არიან და იმ დიდი მთავრის ახლობლები, მიეგება და სიყვარულით მოიკითხა. შემდეგ ხატის წინ წარადგინა ისინი და მათაც, თაყვანი სცეს რა, კურთხევა მიიღეს და მეტისმეტად გაიხარეს.

სტუმრებმა უთხრეს წმინდა სერაპიონს და სხვა ძმებს:

- ვმადლობთ ღმერთს, წმინდა მეუფენო, რომელმაც ამჟამად მოიხედა ჩვენზე და მიწაზე გვიჩვენა ზეცის ადამიანები, ახლა კი ის გვითხარით სარწმუნოდ, თუ რის გამო ინება თქვენმა სიწმინდემ ამ ველურ და გაუვალ ადგილებში მოსვლა.

წმინდა მამა სერაპიონმა გამოსახა პატიოსანი ჯვრის სახე, სულის სიღრმიდან ამოიკვნესა და უთხრა მათ:

- ჩვენ, ჰოი, საყვარელნო, თუმცაღა ცოდვილები ვართ, ადამიანები ვართ, ქრისტიანები, გვწამს ქრისტე ღმერთი, ჩვენი ცხონებისთვის განკაცებული, და მოველით ყველას აღდგომას და წმინდანებისთვის გამზადებულ ნეტარებას. ამიტომ ჭეშმარიტებას მოგახსენებთ, რადგან მოწაფეები ვართ დიდი და სახელგანთქმული მიქაელ პარეხელისა და მან წარმოგვგზავნა საღვთო ბრძანებით, რომ ამ ადგილას ავაშენოთ სიტყვიერ ცხვართა შესაკრებელი.

მთავრებმა მოუსმინეს, როგორც კი შეიცნეს, რომ ჭეშმარიტია მისი სიტყვები და დიდი მოძღვრის სახელიც ესმათ, თაყვანი სცეს ცხოველ ხატს, მოიკითხეს ეს წმინდანები, შემდეგ კი წამოვიდნენ და წარუდგნენ ღვთისმსახურ გიორგის, უამბეს ყველაფერი, რაც ნახეს და გაიგონეს. მან კი, როდესაც შეიტყო, მიქაელის მოწაფეები არიანო, ირწმუნა მათი სიტყვების ჭეშმარიტება, გაიხარა და გაბრუნდა შინ, ძალიან უნდოდა მათი ნახვა.

სამი დღის შემდეგ ბრძანა, გაემზადებინათ იმ ადგილამდე მისასვლელი გზები, სადაც იყვნენ წმინდანები. შემდეგ შეიკაზმა, აიღო მცირე რამ მოსაკითხი, რაც შეეფერებოდა ამ მეუდაბნოეთ, იახლა ხუცესებიც საცეცხლურ-საკმევლებით და წინ გაუშვა მალემსრბოლები. როდესაც მიაღწიეს იმ ადგილს, სადაც წმინდანები იყვნენ, და ამ წმინდანებმაც გაიგეს მთავრის მოსვლა, მყისვე წინ მიეგებნენ და გავიდნენ წყაროსთან. მთავარი ჩამოქვეითდა სახედრიდან და შეუვრდა ცხოველ ხატს, ასევე, მოიკითხა წმინდანები, იკურთხა მათგან და მდუღარე სულით უთხრა ნეტარ მამებს:

- ვმადლობ ღმერთსა და მეუფეს, წმინდანებო, რომელმაც არ უგულებელყო ჩვენი უღირსება და სიცოცხლეში მომიხდინა სასწაული, რომელმაც ღირსი გამხადა მე, ყოვლად არაღირსი, ჯერ თავისი ცხოველი ხატის თაყვანისცემისა, შემდეგ კი თქვენი წმინდა სახეებისა.

სანატრელი სერაპიონი აივსო სულიწმიდით. იგი თაფლადმწვეთავი ენით მდინარისებრ ამოადინებდა საღმრთო სწავლებებს და როგორც ედემის მდინარე, თავისი ოქრონაკადულიანი პირიდან ამოუწყაროებდა მათ ამ ყოველივეს, რითაც გაკვირვებული დარჩნენ მთავარი და ყველა მსახური. ამის გამო ისინი ფერხთით შეუვრდნენ მას და ეუბნებოდნენ:

- როგორც ერთ-ერთი მოციქული, ასე მოგავლინა შენ ქრისტემ. გვიბრძანე, მამაო, რის გაკეთება გვმართებს.

წმინდანებმაც უთხრეს, რომ რამდენადაც შესაძლებელი იყო, ნუ დააყოვნებდნენ საღვთო ბრძანებას, რათა ამ ადგილას, როგორც საჭიროა, აშენებულიყო მონასტერი ღვთისმოყვარე სულების შესაკრებად. მთავარი შეუვრდა მათ და უთხრა:

- გევედრებით, ჰოი, წმინდანებო, ნუ დაამძიმებთ ჩემზე თქვენს სათხოვარს, რადგან ვხედავ, ყოვლითურთ ფუჭია და ველური ეს ადგილი, თქვენც ყოვლად არასმქონედ გხედავთ, მსგავსად მოციქულთა, რადგან ღმერთს ჩემთან მოუვლენიხართ სამოღვაწეოდ, ეს საქმე, თქვენ რომ ამბობთ, ჩემ გარეშე არ გაკეთდება. არის ამ საქმისთვის მოსახერხებელი და შესაფერისი ადგილი. ბრძანოს თქვენმა სიწმინდემ, რომ იქ ავაშენოთ მონასტერი, რადგან აქ ყოვლად შეუძლებელია რაიმე ამგვარის გაკეთება.

წმინდანმა კი უთხრა:

- ღმერთი, რომელმაც უბრძანა მოსეს ზღვის გაპობა კვერთხით და უდაბნოს ფრიალო კლდისგან წყლის გადმოდინება, ხალხს კი მანანა უწვიმა, იგივე არის აქაც, რომელიც შენი ნებით და საღვთო შეწევნით სიძნელეებს გააადვილებს, ხოლო ის, რომ საღვთო ბრძანებას შევეწინააღმდეგოთ და ეს ადგილი სხვაზე გავცვალოთ, შეუძლებელია, რადგან ნიშები და მონათხრობები ამ ადგილს ემოწმებიან.

მთავარმა უთხრა:

- განა ეგების, მამაო, რომ ადამიანმა ნებაყოფლობით მისცეს გაჭირვებას თავი, ბოლოს კი შერცხვენილი და ფუჭად დამაშვრალი აღმოჩნდეს?

წმინდანმა მიუგო:

- გონივრულად ისმინე, ჰოი, მთავარო, ეს იგავი: თუკი მარგალიტები და პატიოსანი თვლები გაიფანტება და მიწას შეერევა, ისე როდი იბრწყინებს ხილვისმოყვარეთა თვალწინ, როგორც მაშინ, როდესაც კარგ მჭედელთაგან გამოიწვება, განიწმინდება და ოქროთხზულად შეიწყობა. სწორედ მაშინ გამოჩნდება მათი ბრწყინვალება და შეიქება ოსტატიც და მათი მშვენიერებაც. ასევე, როდესაც დახელოვნებული ოსტატები დაამუშავებენ ამ ადგილს, მაშინ ნახავს დამნახველი თვალი ამ ადგილის მშვენიერებას. ამიტომ, ნუ გვაიძულებ ამ ადგილის დატოვებას და სხვაგან გადასვლას, რადგან არ ეგების ეს ჩვენგან.

როდესაც მთავარმა მოისმინა ეს, დახარა თავი და დადუმდა. ამის შემდეგ ადგა, ილოცა და უთხრა მათ:

- ილოცეთ ჩვენთვის, წმინდანნო, რადგან მე არ მშურს ეს ადგილი, სხვა მხრივ კი თანალმობა და შეწევნა ყოვლად შეუძლებელია.

და მოუყვანეს მას სახედარი და წავიდა, თან ეს მიუგო და უთხრა წმინდანებს:

- ნუთუ არ ვიყავი ღირსი თქვენი ლოცვისა?

და წავიდა დამწუხრებული. მდინარესთან რომ მივიდა, ნახა მცირე რამ კლდე, გადავიდა მასზე და დაჯდა. შემდეგ მოუხმო ერთ-ერთ მონას და უთხრა:

- მიდი, ძმაო, და უთხარი იმ წმინდანებს, რომ მოვიდ¬ნენ ამ ადგილას, - მერე თავის ახლობლებს მიუბრუნდა: - რადგან არ ინებეს იმ წმინდანებმა ზანავის ადგილები, რომ იქ აგვეშენებინა დიდი და მაღალი უდაბნო, ამჯერად რაღა უნდა ვქნათ?

მათ მიუგეს: - არ უნდა დავაბრკოლოთ მათი გულმოდგინებაო.

მთავარმა თქვა: - საღვთო ძალის განგებულების გარეშე ადამიანთაგან არ ხდება ეს საქმე. ამიტომაც საჭიროა, რომ შეძლებისდაგვარი შემწეობა გამოვიჩინო.

მოვიდნენ თუ არა წმინდანები, მთავარმა კვლავ უთხრა მათ:

- გევედრებით, ღვთის წმინდანებო, რომ ერთი რამ მომმადლოთ მე, რამეთუ არის მრავალი ადგილი, კარგი და ძლიერად მოშენებული. ნახეთ ისინი და თუ ძალიან ესათნოება თქვენს სულს, მომირთმევია ადგილები, შესასვლელები და ყოველგვარი სახსარი უხვად.

მაგრამ ნეტარმა სერაპიონმა კვლავ მიუგო:
- მოციქულის მსგავსად ვიტყოდი: თუნდაც რომ ანგელოზი მახარებდეს იმის გარდა, რაც გვეხარა, არ გვწამს.

მაშინ გიორგიმ მოუხმო ვიღაცას, ასაკით (ესე იგი შეძლებით) ჭაბუკს და უთხრა:

- საყვარელო შვილო, უმეგზურე ამ წმინდანებს და ხვალ განთიადიდან საღამომდე რამდენსაც შემოწერითად შემოვლიან, მიმიცია მათთვის, ვინაიდან ამ ადგილის მსურველნი არიან და, თუ აღმოჩნდება ვინმე ხელისშემშლელი ვინმე, რადგან უცხოები არიან, ყველას აუწყე, რომ ისინი თავისუფლად და ნებისამებრ აშენებენ მონასტერს ჩვენს საბრძანებელში, - წმინდა მამებს კი უთხრა: - გწამდეთ, რომ სულითა და გულით თქვენი თანაშემწე და მზრუნველი ვარ. ამ ადგილებში, რომელთა დაპატრონებაც განიზრახეთ, ვერავინ შეგედავებათ, თუმცა სამი დღის შემდეგ კვლავ გნახავთ, თუ უფალი ინებებს.

ძალიან გაიხარეს წმინდანებმა და სამადლობელი აღმოთქვეს. ის ღამე კლდეზე გაათიეს მამებმა და ეს სიტყვაც, ჩვენამდე მოსული, ჭეშმარიტია: იმ ღამეს ანგელოზი გამოეცხადა სერაპიონს, რომელმაც განაძლიერა და გულმოდგინე შრომა უბრძანა. ორი დღის შემდეგ წმინდანმა თავისი ხელით გააკეთა ორი ჯვარი და იმ კლდეზე აღმართა მთავარანგელოზთა სახელზე, მოგვიანებით კი მცირე ეგვტერიც აშენდა, რადგან წმინდა მთავარანგელოზთა საღვთო მადლით ნიშები და სნეულთა განკურნებები ხდება.

დილით, როცა მზე ამობრწყინდა, ადგა წმინდანი, მისი ძმა იოანე და ერთ-ერთი ექვს ძმათაგანი და წავიდნენ იმ ჭაბუკთან ერთად, ხოლო სამი იქვე დარჩა; მათ კი იარეს მდინარის ნაპირ-ნაპირ, დასავლეთისკენ, მიაღწიეს ორი წყლის შესაკრებელს, სადაც იყო წისქვილი, მცირე სახლი წყალთა შესაკრებლის შუაში, რასაც "საძმო" ეწოდებოდა. იმ სახლში ცხოვრობდნენ უკეთური ადამიანები, ყოვლად მხეცის მსგავსნი, როგორც უკაცრიელი და უცხო ადგილის მკვიდრნი.

"როცა მივაღწიეთ იმ ადგილს, ჩვენმა წინამძღოლმა ჭაბუკმა გვითხრა:

- ღვთის წმინდანებო, საითკენ გნებავთ წასვლა?

ჩვენ გვსურდა, გარეშეწერითად შემოგვევლო იმ ადგილთა წრე, რის გამოც სამხრეთისკენ ვიბრუნეთ პირი, რომ ავყოლოდით ერთ-ერთ მდინარეს, მაგრამ როდესაც დაგვინახეს იმ დაბა-წისქვილის მკვიდრებმა, მოინდომეს ჩვენი შეჩერება და ცოფიანებივით დარბოდნენ. ჭაბუკი აჩერებდა მათ და მრისხანედ ემუქრებოდა, წმინდანი კი მიუბრუნდა და რისხვით წინასწარმეტყველურად უთხრა:

- ვნახე უღმერთო ამაღლებული ლიბანის ნაძვებამდე და ჩავუარე, და არ აღმოჩნდა მისი ადგილი.

ეს წმინდანი სავსე იყო საღვთო სულით, აბა, სხვას რაღას მოასწავებდა მისი საწინასწარმეტყველო სიტყვა იმ ადამიანებისთვის, თუ არა ცოტა ხნის შემდეგ მათი ადგილის დაქცევას და სრულ მოსპობას ცოტა ხნის შემდეგ.

...ავყევით მდინარის პირს და მივაღწიეთ ღრმა და ფრიალო ხევს, რომელსაც "გოდერძისა" ეწოდება, გაჭირვებით შევედით შიგ ხეთა სიხშირის გამო კარგა ხანს ვეღარ დავინახეთ ცა და მზის სხივი. ამანაც დაგვაყოვნა, არმურის სისქემაც და ჭაობის სიღრმემაც, ავედით ხევის თავზე და ვნახეთ მცირე რამ ყანები და მცირე დაბა. იქიდან მყისვე შემოგვეგება დიდებული მხცოვანი კაცი, რომელმაც სიყვარულით მოიკითხა წმინდანი და ეხვეწა, ცოტათი დაესვენა, რადგან ჩვენი მოსვლის ამბავი მთელ იმ მხარეს შეეტყო.

იმ კაცმა გვკითხა, - რად გჭირდებათ უგზო და გაუვალ ადგილებში სიარულიო. ჭაბუკმა იცნო იგი და ჩვენი ამბავი ზედმიწევნით აუწყა, ხოლო რადგან გვევედრებოდა ის კაცი, ღამეს ჩემთან მოისვენეთო, წმინდანი მადლიერებით დაყაბულდა, ჰკითხა სახელი და უთხრა:

- შეუძლებელია, რომ არ მივიდეთ ჩვენ "დროსის" ადგილას.

კაცმა უთხრა: - მე მქვია ია, ხოლო იმ ადგილას მისვლა, სადაც თქვენ მიდიხართ, დაგვიანებულია.

წმინდანმა მიუგო:

- საყვარელო ძმაო ია, ღვთისთვის გასწიე ჯაფა და ცოტა ხნით ჩვენი თანამგზავრი გახდი.

ვისაც უნდოდა, ცოტაოდენი პური, მარილი და ყველი ჭამა, ხოლო წმინდანს არაფრის გემო არ გაუსინჯავს.

ია თანამგზავრად გაგვიხდა და გავემართეთ აღმოსავლეთისკენ. მივდიოდით მაღალ, ტყიან და კლდოვან ქედებში და როდესაც ავედით უმაღლეს ადგილებში, ჰკითხა იმ კაცს წმინდანმა:

- საყვარელო ია, რა ჰქვია ამ ადგილს?

მან მიუგო:

- რადგან ეს არის ველის ნადირთა შესაკრებელი, ამიტომ "ბაკთა" ეწოდება.

წმინდანმა აიღო თავისი ხელით რკინის ორთოხი და დიდ-დიდ ლოდებზე გამოკვეთა ჯვრები, რომლებიც დღემდე ჩანან. კიდევ, გაიხედა წმინდანმა და დაინახა აღმოსავლეთ მხარეს ქედზე ლალით შერეული ტბა, რომელიც ჭაობისფრად ჩანდა. გაგვიკვირდა და ვკითხეთ იას:

- რა არის ამ უცნაური წყლის ადგილი?

იამ მოგვიგო:

- ესაა მღვრიე ტბა, "სათახვე" ჰქვია. მასში მრავლად ბინადრობენ თახვები და სხვა ნადირნი, რის გამოც მშფოთვარებათა და ბრძოლათა დედაა იგი, რადგან ამ დროს აქ ჩნდებიან და ყოველი მხრიდან იკრიბებიან ნადირთა მდევრები, ურთიერთმდევარნი უმსგავსი საქმეებისა, რომლებიც მათ დასახოცად მზად არიან.

გავემართეთ იმ ტბისკენ. ია შეუვრდა წმინდანს და ღმერთს სამადლობელს აღუვლენდა ჩვენი ნახვის გამო, თან გვეუბნებოდა, მიბრძანეთ, რაც მოგესურვებათო. წმინდანმა უთხრა:

- ნუ წახვალ ჯერ, ძმაო, რადგან ამ ჭაბუკმა არ იცის ეს ადგილები.

იამ უპასუხა:

- მომმადლოს ქრისტემ, მუდამ თქვენს სიწმინდესთან მყოფობა, მამაო.

როცა ჩავედით ტბის პირას, ვკითხეთ იმ კაცს საათი დღისა. მან მოგვიგო:

- საღამოა და გადახრილია დღე.

წმინდანმა ჰკითხა:

- რა არის იმ ტყიანი ქედების იქით, ანდა რა სიმაღლისაა ის დიდი მთა, რომელიც ჩვენ ზევითაა?

მან უპასუხა:

- ეს მაღალი მთა, თავია ყველა ამ ქედისა და ტყისა, ამიტომ "შეშისთავი" ეწოდება მას და თავისი სიმაღლის გამო მიუვალია ადამიანთა და პირუტყვთათვის, ხოლო ჩვენ წინ არის მცირედით დასახლებული ადგილები და რადგან თქვენ "დროსის" ადგილას მისვლას ჩქარობთ, ნუ დავაყოვნებთ, ღამე რომ უდროოდ არ წამოგვეწიოს.

ამიტომ სურდა წმინდანს, რომ ის ტბა მარჯვნიდან გაგვევლო და წავსულიყავით ღელეების გასწვრივ, რომლებიც ჩვენ წინ იდო.

გზაში გადაგვიდგნენ უკეთური ადამიანები და გვითხრეს, - ნუ წახვალთ, საითაც მიემართებით, რადგან ნადირთა დროა. მალე ტბასთან თავს მოიყრის ნადირი, მონადირეებიც გზად არიან ამ ადგილებში მოსასვლელადო. არ დაგვანებეს იმ მხარეს წასვლა. ჩვენი წინამძღოლი ჭაბუკი ძლიერ შეეწინააღმდეგა მათ, მაგრამ არავინ უსმინა, პირიქით, შემოგვაბრუნეს და ტბის ნაპირი დასავლეთისკენ გადავიარეთ, მივედით იმ ქედის ჩასასვლელის თავთან, სადაც არანაირი კვალი არ იყო არც ნავალისა, არც გზისა. იამ გვიჩვენა მცირე რამ დაბა და გვითხრა, აქ ცხოვრობს სახელოვანი და კარგი კაცი, გარბანელი, მიდით იმ ადგილას ამ ვიწრო გზით და გარბანელი ადვილად მიგიყვანთ იქ, საიდანაც დაიწყო თქვენი მსვლელობა განთიადისასო.

მაგრამ, საყვარელო ძმებო და გულმოდგინედ სმენისმოყვარე მამებო, უფრო მეტად ის გვმართებს, რომ ვისმინოთ საკვირველი საქმეები და ვადიდოთ ღმერთი, რომელმაც ამგვარი მამა და მოძღვარი მოგვმადლა. მოვედით იმ ადგილას, რომელსაც "ბაბგენს" უწოდებენ, ვნახეთ პატარა ველი "ბობხად" წოდებულ ადგილას და იამ ყველაფერი გვიამბო გარბანელზე. მერე შეუვრდა წმინდანს და სიყვარულით მოიკითხა, წმინდანმა კი ჯვარი გადასწერა და უთხრა:

- ღმერთმა მოგაგოს შენი თანამგზავრობის სანაცვლო, ძმაო! გეტყვი კი შენ, რომ მალე ნახავ იმ ბოროტი და შფოთისმოყვარე ადამიანების მისაგებელს.

როდესაც ია წავიდა, ჩავედით იმ თითქოსდა წყალთა საჩქერში და მივედით იმ დაბაში. გარბანელი, ორ თავის ძესთან ერთად, შინ მიდიოდა. როდესაც დაგვინახა, განცვიფრდა ჩვენი შესახედაობით, სიყვარულით მოგვიკითხა და შეგვათვალიერა, ხოლო როდესაც გაიგო, რომ სწორედ ისინი ვიყავით, რომლებიც ამ ადგილებში მონასტრის ასაშენებლად ვიყავით მისულნი, თან ნახა, რომ შესამოსელთა ნასახი არ გაგვაჩნდა, ხოლო სხეულის ნაწილები დამსკდარი გვქონდა, თვალცრემლიანი მოეხვია წმინდანს და ემთხვია ფეხებზე, ხოლო წმინდანმა უთხრა:

- საყვარელო და ქრისტეს მიერ ძმაო გარბანელო, მოდი, ცოტაოდენი თანალმობით შეეწიე ახლა ჩვენს მგზავრობას და გაგვიძეხი მდინარემდე, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთითაა.

მან კი სიყვარულით გულაჩუყებულმა მიუგო:

- არ ეგების ეს, ჰოი, ღვთის წმინდანო, რადგან, აჰა, მზის ჩასვლისას მოგიყვანათ ღმერთმა თქვენს ცოდვილ მონასთან და ვხედავ თქვენს ფეხთა წყლულს, რის გამოც გევედრებით, მცირედით დაისვენოთ მგზავრობისგან, რათა გავიგო, რა არის თქვენი სულის ესოდენი მდუღარება, რამაც გადაგაწყვეტინათ ამ ფრიალო და გაუვალ გზებზე სვლა.

წმინდანმა უთხრა:

- დათქმულ ადგილას რომ არ მივიდეთ, შეუძლებელია.

შეირბინა შინ გარბანელმა და კვლავ გამოვიდა მეუღლესთან ერთად. ისინი, სარეფთელისა და სომანიტელის მსგავსად, ფერხთით შეუვრდნენ წმინდანს, მაგრამ რადგან ვერ გადაარწმუნეს, ამჯერად ჩვენი წინამძღოლი ჭაბუკი შეუვრდა მის ძმას, იოანეს, და უთხრა:

- აჰა, აღარ არის დარჩენილი ჩვენთან სული და დავემორჩილოთ ამ კაცს, რადგან აღარაა სიარულის დრო.

მაგრამ წმინდანმა მიუგო:

- რომელმაც გაბაონში ისუ ნავეს შეუჩერა მზე და კიდევ წმინდა ბერს ბესარიონს, იგივე გაგვხდის იმის ღირსს, რომ ამ მზესთან ერთად ვნახავთ და თაყვანს ვცემთ მის წმინდა ხატს.

მაშინ გამოუძღვა ის კაცი და ჭაბუკმა უთხრა წმინდანებს:

- ილოცეთ ჩემთვის, წმინდანნო, რადგან ხვალ, თუ ღმერთი ინებებს, შევეხები თქვენს წმინდა ფეხებს.

ეს მოხდა ღვთის განგებით, რომ მოწამე ყოფილიყო იგი დიდებული სასწაულისა.

წამოვედით, გამოჩნდა ჩვენ წინ ვიწრო და ძალიან საძნელო ბილიკი. გარბანელმა უბრძანა თავის ძეს, თანამგზავრობა გაეწია ჩვენთვის მდინარის ნაპირამდე. როდესაც იქ ჩავედით და კვლავ ზევით ავედით, დაგვინახეს ძმებმა და შემოგვეგებნენ.

შენ კი, საყვარელო, დაუკვირდი ამ საკვირველებას! როდესაც იმ კაცისგან წამოვედით, სანამ აქ მოვიდოდით, მზე კვლავ იმ ადგილზე იმყოფებოდა წმინდანის სიტყვისებრ, რაც გვიკვირდა და ვადიდებდით ღმერთს, რომელიც მარადის ადიდებს თავის მადიდებლებს, ხოლო როდესაც გვნახეს იქ მყოფმა ძმებმა, აცრემლდნენ, რადგან ჩვენი სამოსი აღარ არსებობდა, ფეხები კი დაჩეჩქვილი და დამსკდარი გვქონდა. სანუგეშოდ მივიღეთ ცოტა საჭმელი, რაც ჰქონდა გარბანელს, ხოლო როდესაც გათენდა, შევწირეთ ლოცვები, წმინდანმა აიღო შეშა, გააკეთა ჯვრები და აღმართა წმინდა მთავარანგელოზთა სახელზე. იყო დრო მესამე ჟამისა, ვლოცულობდით იმ ადგილას, რომ აჩქარებით მოვიდნენ ჩვენთან გარბანელი, ჩვენი წინამძღოლი ჭაბუკი, აგრეთვე ორი უცხო კაცი. გავიხარეთ მათი ნახვით. ისინი ძალიან შეშინებულნი კვნესოდნენ და ოხრავდნენ, ხოლო უცხო კაცები მკვდრებივით ფერდაკარგულნი იყვნენ. ჩვენ ვკითხეთ მიზეზი, რა სჭირდათ, ან თუ ვინ იყვნენ ეს კაცები, მკვდართა მსგავსად უხმონი და უსიტყვონი. გარბანელმა მოუთხრო წმინდანებს:

- თქვენი მეტისმეტი მხნეობით გაკვირვებულნი დავრჩით. როდესაც თქვენ წახვედით, რახან ეს ჭაბუკი ძალიან დაქანცული იყო, თან დაღამდა, მივიღეთ საჭმელი, ვადიდეთ ღმერთი და დავიძინეთ. გათენებისთანავე თქვენკენ წამოსასვლელად გავემზადეთ. უეცრად დაიწყო რყევა და ქარისებრ ხმაური, რაც ძალიან გაგვიკვირდა. ცოტა ხნის შემდეგ მოვიდნენ ეს კაცები, როგორც თქვენ ხედავთ, და ძლივს დაიწყეს ლაპარაკი. როდესაც ვეკითხებოდით, თუ რა მოხდაო, ძლივ-ძლივობით გვითხრეს: - გაიპო კლდე, რომელიც იმ ტბის დასავლეთით იყო, და გადადინდა მღვრიე წყალი. ჩვენ, რომლებიც იმ ადგილის გარშემო აღმოვჩნდით, ძლიერი შიშისგან გავიფანტენით და ჩამოვედით ამ კაცთან, რადგან გვიცნობდაო.

მათი სიტყვების დასტური მდინარე, რომელსაც ვეღარ იტევდა კალაპოტი და ყოველ მხარეს გადაედინა ლაფივით მღვრიე წყალი. ყველას გაგვიკვირდა.

ჭაბუკმა უთხრა წმინდანს:

- აჰა, ეს უთუოდ შენი სიტყვების საქმეა. მახსოვს, გუშინ უბრძანებდით იმ კაცს, სათახვის ტბამდე რომ გამოგვყვა, მალე ნახავთ მისაგებელს ამ შფოთისმოყვარე კაცებისთვის და კიდევ იმ კაცებისთვის, ეშმაკებივით წინ რომ დარბოდნენ წყალთა შესაკრებელთან. ვფიქრობ, კვალიც კი არ დარჩება იმ ადგილისა.

დაცხრა წყალდიდობა და ტბის მაგიერ კლდოვანი ველი ჩანდა, ხოლო წისქვილ-სახლთა ადგილი კი წალეკილიყო და გაუჩინარებულიყო. ამის შემდეგ შეუვრდა წმინდანს ჭაბუკი, მიიღო დალოცვა და უთხრა:

- უფალი თუ ინებებს, მალე გნახავთ, ხოლო თუ რაიმე გსურთ მთავრისგან, მიბრძანეთ, რადგან მასაც სურს თქვენი მალე ნახვა.

წმინდანმა მიუგო:

- საღვთო კურთხევის გარეშე არაფერს შევკადრებთ მას, რადგან თვითონ უკეთ იცის ყოველივე, სოლომონის სიტყვისებრ: "ბრძენის ყურნი მუდამ მზადაა საღვთო სიტყვებისთვის".

წავიდა ის ჭაბუკი, ხოლო ჩვენ იმავე ადგილას დავრჩით. მიაღწია ჭაბუკმა მთავართან და თანამიმდევრულად მოუთხრო ყველაფერი. მსმენელი შეცბა, თავზარი დაეცა და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ღვთისმსახური მთავარი შიშით და სიხარულით აივსო და მთელ თავის საბრძანებელთან ერთად გაემართა სასწაულთა და ნიშთა სანახავად. აქვე მყისვე მოიყარა თავი მეზობელი მხარეების მცხოვრებლებმა, ვისაც კი გაეგონა ეს დიდი საკვირველება. დიდძალი კრებული შეიკრიბა წმინდანებთან. მოვიდა მთავარი, ეამბორა ცხოველ ხატს და შევრდომით მოიკითხა ისინი, თან გაკვირვებით გამოიკითხა სასწაულთა შესახებ. ყველაფერი ზედმიწევნით გაიგო მისი გაგზავნილი კაცებისგან, თუ როგორ ქცეულიყო ველად ტბის ადგილი და როგორ დაფარულიყო ქვიშით და ლოდებით წყალთა შესაკრებელი, რასაც იმ უბედურებას გადარჩენილი ადამიანები თვითვე ადასტურებდნენ.

მოვიდნენ აგრეთვე მღვდლები და მონაზვნები ყოველი ადგილიდან და სიხარულით მოიკითხავდნენ წმინდანებს. სხვა მონაზვნებიც შეიკრიბნენ და მდინარის პირას იმ ადგილიდან ლოცვით და ლიტანიით ადრე ნახსენებ ბორცვზე ავედით. მთავრის ბრძანებით დამუშავდა ის ადგილი და ველობი გახდა. მეზობელი ადგილებიდან სხვა მთავრებიც მოვიდნენ და ყოველი მათგანი ამცნობდა წმინდანებს მოსახერხებელ სამონასტრო ადგილთა შესახებ. ის კაციც, რომელიც ადრე განდევნა მან "ძინძედ" წოდებული ადგილისგან, სიყვარულით შეუვრდებოდა და ეხვეწებოდა, რომ იქ ეშენებინათ, რომელსაც წმინდანმა ასე მიუგო და უთხრა:

- უკეთურ სულში ღვთის შიში არ მკვიდრდება, არც შეიძლება მარგალიტების დაყრა ღორების წინ, რადგან ბრმაც გვერდს უვლის მის წინ დადებულ ოქროს, მაგრამ შეგენდოს შენი ადრინდელი შეცდომა, ჩვენ კი ნურავინ გვაიძულებს ადგილის სხვაგან შეცვლას.

მთელი კრებული მეტად განადიდებდა მას:

- ეს სასწაულები თანაზიარია მოსესგან ქმნილი ზღვის გაპობისა და კლდიდან წყლის აღმოდინებისა, აგრეთვე კიდობნის მიერ იორდანეს გაპობისა და კიდევ გრიგოლ საკვირველმოქმედის მიერ იმ ტბის გახმობისა, რაც იყო ძმათა ურთიერთმტრობის მიზეზი. ასევე გახმა ამ წმინდანთა მიერ ეს ტბაც, მიზეზი მშფოთვარებათა და კაცისკვლათა.

მაგრამ წმინდანი შორს იყო ამპარტავნობისგან და, ამიტომ მიუგო მათ:

- ნუ იფიქრებთ, მთავარნო და ხალხო, თითქოს ჩვენი რამ ძალით მოხდა ეს სასწაულები, არამედ ქრისტე ღმერთმა ადიდა ხატი თავისი პირისახისა, რათა ირწმუნოთ თქვენ, რომ არ არის სიცრუე და ამაოება ეს საქმეები, რასაც თქვენ ხედავთ.

ამის შემდეგ ეწოდა ხსენებულ ადგილს საქმეთა შესაფერისი - ზარზმა დაარქვა მას აუწერელი შიშითა და ზაფრით შეპყრობილმა ხალხმა. ლოცვით და გალობით გაათიეს ის ღამე, განთიადისას კი მოიკითხეს წმინდანები და სიხარულით გაბრუნდნენ შინ.

ღვთისმსახური გიორგი დარჩა მათთან და უბრძანა, რომ მოეძიათ ადგილი, სადაც ისურვებდნენ ეკლესიის აშენებას. ამასთან, უხვად მისცა მათ, რაც კი საჭირო იყო და წასვლისას უბრძანა, რომ კვლავ მისულიყვნენ მასთან. ამის შემდეგ დაიწყეს მათ ადგილის ძებნა, - სად აეშენებინათ ღვთის სა¬დიდებლად ეკლესია. წმინდანს სურდა უფრო მაღალ ბორცვზე აგება, მაგრამ მისი ძმა იოანე და სხვები ეუბნებოდნენ:

- ამ ადგილას არა, წმინდაო მამაო, რადგან მაღალია იგი და ცივი, ძმები კი შიშვლებია და ღარიბები.

ამის გამო შეკამათდნენ. ამიტომ, ისევე როგორც გედეონმა საწმისი დადო საქმეთა გამოსაცდელად და ისევე, როგორც დიდმა თევდოსიმ ნახშირით მოიძია ის ადგილი, სადაც უნდა აეშენებინა მონასტერი, ამგვარადვე გააკეთეს ამ ნეტარებმაც. აავსეს ორი კანდელი თანაბარი ზეთით და დადგეს საცილობელ ადგილებზე, რამეთუ იყო პატარა ღელე უფრო მაღალი ადგილის სამხრეთით, თვით იოანემ იქ დადგა იოანეს კანდელი, ხოლო ხსენებულ ბორცვზე - წმინდა სერაპიონმა. შემდეგ ორივე ლოცვად დადგა და როდესაც გათენდა, ნახეს სერაპიონის კანდელი ჩამქრალი, ხოლო იოანესი ბრწყინავდა შუა სამხრობამდე. ეს იყო ღვ¬თის განგება, რომ არა ნაჩქარევად, არამედ თავის დროზე იმ მაღალ ადგილას აშენებულიყო საყდარი. როდესაც ნახეს, რაც მოხდა, გადაწყვიტეს, ღელესთან, სადაც იოანემ აანთო სანთელი, დაეწყოთ ეკლესიის შენება.

მაგრამ წმინდანმა თაფლმწვეთი ენით უთხრა თავის ძმას:

- ძმაო იოანე, ღმერთმა გიჩვენა ეს დიდებული საკვირველება, რადგან იხილა შენი გონების სინაკლულე, თუმცა იცოდე, რომ ცოტა ხნის შემდეგ ამ ადგილას (მაღალ ბორცვზე) აშენდება მეტად მშვენიერი საყდარი.

მათ კი მოამზადეს ის ადგილი...

ძმათა რიცხვი მრავლდებოდა, რადგან ამ ღვთის კაცის სახელი იზიდავდა ბევრს, რომლებიც მდინარისებრ ირწყვებოდნენ მისი ტკბილი სიტყვით. ამასთან, გარბანელი და მისი ორი ძმა, რომლებიც ტბის დანთქმას გადაურჩნენ, წმინდანის ხელით მონაზვნებად აღიკვეცნენ. ვინაიდან ამ ახალ მოსეს ებრძანა ახალი ისრაელის წინამძღვრობა, ამის გამო ესაჭიროებოდა კარვის შენებაში თანაშემწეებად ახალი ბესელიელი და ელიაბი, რადგან არათუ ნისლში შევიდა იგი და მაღალ ბორცვზე მიიღო ქვის ფიცრები, რომლებზეც სჯული და მცნებები იყო დაწერილი, არამედ თვით ამათი დამწერი ჰყავდა გონებაში, ვინც იმავე მოსეს, კლდის ნაპრალში დაფარულს, ეუბნებოდა: "მე ვარ, რომელიც ვარ", და ვინც თაბორის მთაზე მოსესთან და ელიასთან ერთად მეტყველებდა მოწაფეთა კორიფეებთან ერთად, აქ ხორცით გამოსახული; მან იტვირთა და აღმართა მორწმუნეთა თაყვანსაცემად.

დაიწყეს ეკლესიის შენება. საძირკველი დადეს იოანეს გამორჩეულ ადგილას, თუმცა გაძნელდა მისი შენება, რადგან იმ ადგილებზე ქვა ტყით იყო დაფარული.

ხუროთმოძღვარნი და ამ საქმის ზედამხედველნი იყვნენ გარბანელი და ის ორი ძმა. როდესაც გავარდა ხმა, ასეთი ადამიანები ამგვარად აშენებენ ეკლესიასო, დაიწყო ხალხმა მდინარისებრ მოსვლა დასახმარებლად, მაგრამ რადგან ვერანაირად ვერ მოიპოვეს ქვა, მდინარიდან გამოჰქონდათ იგი გაჭირვებით და ჯაფით. ამიტომ კვლავ მივიდა იქ ღვთისმსახური გიორგი, დააკვირდა მათ საქმიანობას და რადგან უნდოდა, კარგად აშენებულიყო ეკლესია, ერთი აზრი გაუჩნდა და უთხრა წმინდანებს:

- ქრისტეს მიერ განბრძნობილო მამებო, თუკი ესათნოება თქვენს სიწმინდეს, ერთგან მიწისძვრისგან დაცემულია ეკლესია და ახლა, თუ ბრძანებთ, ადვილია მისი წამოღება.

გაიგეს რა წმინდანებმა, რომ გამოუყენებლად იყო დადებული ის ეკლესია, ბრძანეს, რომ მალე დაეწყოთ საქმე. დაუყოვნებლივ დაიწყეს იმდენის წამოღება, რამდენიც სჭირდებოდათ ეკლესიისთვის (რამდენადმე იცნობა კიდეც ეს ქვები კუთხეებითა და კამარებით). თვით იმ ადგილის სახელია უმწა.

ეკლესია დასრულდა სამ წელიწადში და შეიმკო იმ დროის შესაფერისი ყოველგვარი წესით. აღმართეს მასში ფერისცვალების ცხოველმყოფელი ხატი. ამის შემდეგ ძმებმა სენაკებიც აიშენეს. შეიკრიბა ძმათა დიდძალი კრებული, რადგან სულიწმიდის მადლი და ამ ღვთის კაცის განთქმული სახელი იზიდავდა ყველას, რადგან ამბობს უფალი: "სადაც იქნება ორი ანდა სამი, შეკრებილი ჩემი სახელისთვის, იქ ვარ მე მათ შორის". ღვთისმსახურმა გიორგიმ მისცა მათ ყოველივე მოსახმარისი, ჯორები, ვირები და რაც კი რამ სჭირდებოდა ძმათა სიმრავლეს. წმინდანმა განაჩინა საეკლესიო წესები და კანონები, რაც საღვთო მადლით რწყავდა მათ, ღვთის კაცმა გიორგიმ კი სოფლებიც მიუბოძა, იმ ზომამდე, რომ უნდოდა, ამ ადგილისთვის გაეღო ყოველი¬ვე. ამასთან, ბევრმა დაიწყო მისი მიბაძვა და როგორც ძველად მოსეს კარვისთვის გასცემდნენ თვლებს, მარგალიტებს და სხვა ნივთებსაც, რომ აშენებულიყო კარავი, ამგვარადვე ძალისამებრ აჩენდნენ შესაწირავს ამ ახალი კარვის - ქრისტეს ეკლესიისთვის.

მაგრამ ახლა უფრო დაწვრილებით უნდა ითქვას ამ კაცის სასწაულთა შესახებ და ღვთისმსახური გიორგის ცხოვრებაც მეტად გაცხადდეს. ეს გვეუწყა არა ვინმე უმნიშვნელო ადამიანების, არამედ ძალიან გამოჩენილთა და ბრწყინვალეთა მიერ. კერძოდ, ვგულისხმობ მაწყვერელ ეპისკოპოს გიორგის, რომელიც დაიბადა შუარტყლის ხევში, წარჩინებული და ღვთისმოშიში მშობლებისგან, აღიზარდა ოპიზის განთქმულ უდაბნოში. ეს ღმერთშემოსილი მამა თავისი უტყუარი პირით ჰყვებოდა: "მე ოპიზის უდაბნოში, წმინდა წინამორბედისა და ნათლისმცემლის სავანეში ვიყავი. აქედან ავედი დიდ მამასთან, მიქაელთან. მან თავისი ორი მოწაფე ეპისტოლეთი წარგზავნა სერაპიონთან და მის ძმასთან, იოანესთან, რათა სასწრაფოდ მისულიყვნენ მასთან (იცოდა თავისი მიცვალების ჟამი), რათა ენახათ ერთიმეორე და, ამასთან, დაწვრილებით შეეტყო, თუ როგორ აშენდა ზეციდან უწყებული ადგილი. მოძღვრის ბრძანების მორჩილი სერაპიონი სწრაფად მოვიდა თავის ძმასთან და სხვა ძმებთან ერთად. ერთიმეორის ნახვით ფრიად გაიხარეს დიდმა მიქაელმა და სერაპიონმა, მადლობდნენ ღმერთს ცრემლთა ურთიერთშერევით. ყველა ძმამ ერთი¬მეორისგან კურთხევა მიიღო. როდესაც გავიდა ორი დღე და მოვისვენეთ, მესამე დღეს შეუდგა დიდი მიქაელი იმის გამოკითხვას, თუ როგორ წარემართებოდა საქმე და რა ვითარება იყო იქ, ვინ იყო მათი თანაშემწე და მეურვე. ნეტარმა სერაპიონმა ყოველივე აუწყა, თუ როგორ გაუხდა მათ თანაშემწედ დიდი მთავარი გიორგი ჩორჩანელი, თუ რა გადახდათ თავს, როგორ იზრდება ძმათა სიმრავლე; უამბო ტბის დაშრობისა და ურჩი ადამიანების დანთქმის დიდ სასწაულთა შესახებ, აგრეთვე ყველაფერ იმაზე, რაც თანდათან მოხდა (ამან გაახარა წმინდა მიქაელი, აღუვლინა მადლობა ღმერთს და აკურთხა ის კურთხეული კაცი - გიორგი ჩორჩანელი). ამცნო ისიც, თუ როგორ უწოდა საკვირველი სასწაულებით თავზარდაცემულმა ხალხმა იმ ად-გილს შესაფერისი სახელი ზარზმა. ამის გამგონე წმინდანი იხარებდა სულით.

ამის შემდეგ მოუწოდა მამა მიქაელმა მნეს - გაემზადებინა ვახშამი. შემდეგ წარმოთქვეს მეცხრე ჟამის დროს დაწესებული ფსალმუნები, დასხდნენ სავახშმოდ, შესვეს ღვინო და სულიერი და ხორციელი სიხარული განაზავეს. წმინდა მამა მიქაელმა, დიდი ნიშებითა და სასწაულებით ბრწყინვალემ, შეხედა ნეტარ სერაპიონს და უთხრა:

- ჰოი, საყვარელო შვილო და ძმაო სერაპიონ, ჭეშმარიტად მწამს ღვთისა იმ სასწაულთა გამო, შენ რომ აღასრულე; ამასთან, თუ როგორ წარემართება საქმე იმ ადგილთან დაკავშირებით, ამაში დარწმუნებული მაშინ ვიქნები, ეს თუ მოხდება.

საღვთო განგებით ეკლესიის კედელთან იყო ბლის ხმელი ტოტი, აიღო მამა მიქაელმა, მისცა წმინდა სერაპიონს და უთხრა:

- შვილო, დარგე ეს ეკლესიის ახლოს და თუ განედლდება, ჭეშმარიტად იცოდე, რომ ნაყოფიერება ექნება იმ ადგი-ლს. წადი და გულმოდგინედ აშენე.

ამის გამო გაკვირვებამ შეიპყრო ყველა იქ მყოფი და უთხრეს ერთმანეთს:

- განა ორივე მათგანისგან დიდი არ არის ამ სასწაულის სიდიადე?

მაგრამ სერაპიონი მედიდურობისგან ყოვლითურთ განშორებული იყო, შეუვრდა წმინდანს და უთხრა:

- ღვთის წმინდანო, შენ წინაშე არაფერია შეუძლებელი, რადგან მიღებული გაქვს ძალაუფლება თვით მთების შეცვლამდე.

გამოართვა ხელიდან ის ტოტი და ჩარგო მიწაში, რაც ცოტა ხნის შემდეგ განედლდა და რტოგადაშლით იქადაგა ეს დიდებული სასწაული. ეს ყველამ ნახა, გაუკვირდათ და ადიდეს ღმერთი, ხოლო როგორც კი ეს სასწაული ახლომდებარე უდაბნოებისთვის გაცხადდა, ყველას თავზარი დაეცა და ადიდეს ღმერთი, საკვირველებათა მოქმედი.

სასწაულს სასწაული მოჰყვა. ძმები სულით მოილხენდნენ და აღივსებოდნენ საღვთო მადლით. ერთ დღეს მესამე ჟამის განგებას ლოცულობდნენ. გაუცნაურდა წმინდა მიქაელი და კარგა ხანს იდგა განცვიფრებული. ამის შემდეგ მან, თითქოსდა ღრმა ძილისგან გაღვიძებულმა, შეხედა ნეტარ სერაპიონს და უთხრა:

- იჩქარე, ძმაო, წადი შენს ნამუშაკევ ადგილებში, რადგან რაღაც მშფოთვარებანი ატყდება ცოტა ხნით, ხოლო თუ ღმერთს ენდომება, მალე დაცხრება, თუმცა მე ვეღარასოდეს მნახავ ამ სოფელში, რადგან მალე წავალ აქედან, იმ საყოველთაო შეკრებისას კი ღვთის ნებით გნახავ მხიარულს და გაბრწყინებულს, როგორც კარგ მშრომელს, საზღაურით გამდიდრებულს, ხოლო შენი ძმა იოანე სხვა ადგილას წავიდეს, რომელიც ენიშნება. მის შენებაზე გულმოდგინედ იზრუნოს მათთან ერთად, იმ ადგილას რომ იპოვის, სადაც მონასტერი უნდა ააშენოს. და მისცა მას იმ ადგილის სასწაული და ნიში, სადაც უნდა მისულიყო იოანე.

წარმოთქვა ეს ტკბილი ანდერძი, ყოველივე სამომავლო უთხრა და გაუშვა ძმები, რომლებიც მტირალნი დაადგნენ გზას. წუხდნენ, რომ აღარ ჰქონდათ მისი კვლავ ნახვის იმედი. მიაღწიეს კლარჯეთის დიდ უდაბნოს, ოპიზას. მოეგებნენ მამები, რომლებმაც წადიერად და სიყვარულით მოიკითხეს ისინი და შესაფერისი პატივი მიაგეს. რამდენიმე დღე იქ დაჰყვეს...

წმინდა სერაპიონი იყო თავმდაბალი. მას, თავისი ტკბილი და საამური ხელით, საეკლესიო ხუროებთან ხშირად ხედავდნენ. ის, სხვა სათნოებებთან ერთად, იყო საეკლესიო სჯულთა მცოდნეც და ხუცობის წესით მეტად შემკული.

ასეთი სახით როდესაც ნახა იგი ვიღაც ამპარტავანმა და სიამაყით შეპყრობილმა, დაიწყო წმინდანის გმობა და ეშმაკეული შურით აღვსილმა თქვა:

- აჰა, დიდი და სახელგანთქმული სერაპიონი როგორ უსიტყვო და უხმო ჩანს და არანაირად არ არის იგი ამგვარ პატივთა ღირსი.

ჰოი, დიდება შენს საკვირველებებს, ქრისტე. აღსრულდა სიტყვა წინასწარმეტყუელისა, რომელიც ამბობს: "უფალი მიაგებს მათ უსჯულოებას მათსას". და კიდევ: "უტყვი გახდეს ენა მზაკვარი, რომელიც მართლისთვის უსჯულოებას მეტყველებს". რადგან ეკლესიაში იდგნენ, მყისვე ყველას თვალწინ დაეცა ის კაცი, გახდა უხმოდ მდებარე, გადმოაგდო გასიებული ენა, წამოუვიდა დუჟი და გორავდა.

გაუკვირდა მგალობელთა დასს, ხოლო ვისაც გაეგონა ამ კაცისგან წმინდანის გმობა, ერთიმეორეს ეუბნებოდა:

- ნუთუ ამის გამო დაემართა მას ეს დაუყოვნებელი მხილება?

ის კაცი კი გონს მოეგო, მიხვდა თავის ცთომილებას და თუმცა ენით ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ მაინც შეუვრდა მამათა მწყობრს და მათ წინაშე აღიარა შეცდომა. მაშინ ყველანი შეუვრდნენ წმინდანს, რომ მიეტევებინა მისთვის ცოდვა, წმინდანმა კი უთხრა მათ:

- წმინდა კრებულო და რჩეულო მწყობრო, ნუ მოხდება ისე, რომ ჩემ გამო შეემთხვეს რაიმე ამ ძმას, არამედ იაკობ მოციქულის სიტყვისებრ, "გვმართებს ყველას ვულოცოთ ძმათმოყვარეობით, და უფალმა მისცეს შვება ამ უძლურს".

მაგრამ უფრო მეტად შეუვრდა წმინდანს ყველა:

- მიუტევე, ღვთის წმინდანო, შეიწყალე ეს საბრალო.

წმინდანმა მიუგო:

- აჰა, თქვენთან ერთად მზად ვარ მეც, - მოიდრიკა მუხლები და თქვა: - უფალო იესო, მამაღმერთის ძეო, რომელიც მოხვედი სოფლად შეცდენილთა მოსაძიებლად, ისევე, როგორც სიტყვით აამეტყველე ყრუ და უტყვი, ამგვარადვე, მეუფეო უფალო ღმერთო, განკურნე ეს ჭაბუკიც, რომელიც შეცდა ეშმაკის სივერაგის გამო.

როგორც კი თქვა ეს, მყისვე დაუცხრა იმ კაცს ენის მძაფრი ტკივილი და კვლავ დაუბრუნდა თავის ადგილს. მისი მნახველი ყველა გაკვირვებული ადიდებდა ღმერთს. ეს სასწაული ყველასთვის ცნობილი გახდა. ამბობდნენ:

- რომელმაც ბლის გამხმარი ტოტი ფურცლის გამომღებად გამოაჩინა მსგავსად იმ გამხმარი ხელისა, რომელიც განკურნა უფალმა, აგრეთვე მსგავსად იმ კვერთხისა, აჰრონის მიერ რომ განედლდა, ან კიდევ მსგავსად იმ ხისა, რომელიც დიდმოწამე ხარალამპის მიყრდნობით განედლდა და მყისვე ნაყოფიერი გახდა, ანდა მსგავსად აგრიგანტელთა ნათლისმცემლის გრიგოლისა, ამ სასწაულებზე არაფრით უდარესი არ არის ყოველივე ის, რაც წმინდა სერაპიონის მიერ აღსრულდა, რადგან უფალი ამბობს: "ვინც მე მირწმუნებს, ჩემზე უფრო მეტს გააკეთებს", - ღმერთი ხომ საკვირველია თავის წმინდანთა შორის.

ამას და ამის მსგავსს ეუბნებოდნენ ყველანი ერთიმეორეს და ადიდებდნენ ღმერთს.

პირველ სიტყვას დავუბრუნდეთ. როდესაც წმინდანის მიერ ეს სასწაულები მოხდა იმ ადგილებში, სადაც თვითონვე იყო აღზრდილი და იმ მოძღვრის წინაშე, რომელიც იყო თავი და წარმმართველობა ყველა მისი საქმისა, სერაპიონ-მა და იოანემ ნახეს და წადიერად მოიკითხეს თავიანთი უფროსი ძმაც, რომელიც მათი იქ ყოფნისას მათთანვე იმყო¬ფებოდა. მაგრამ წმინდანებმა დატოვეს ის უდაბნო, გამოემშვიდობნენ იქაურ წმინდა მამებს და წავიდნენ. როდესაც გადაიარეს არსიანის მთა და მივიდნენ ყველის ხევში, იქაც მოხდა რაღაც სინაკლულის სრულყოფა განგებულებისად, მოეგებნენ მათ მონაზვნები და უთხრეს:

- დროულად მოხვედით, ქრისტეს ვენახის საღვთო მუშაკნო, რადგან ნაბრძანებია, რომ ამ ადგილებში თქვენ ააშენოთ მონასტერი, რომლის გამო დამაშვრალნი ვართ ჩვენც და მოგელით, რადგან ნაუწყები გვაქვს, რომ აქაც თქვენვე ხართ ამ საქმეთა წინამძღვრები და მასწავლებლები.

და უჩვენეს მათ ადგილი, რომელზეც ჩანდა დიდი მიქაელის მიერ ნაბრძანები ნიშები. წმინდა სერაპიონმა თავის ძმას უბრძანა, რომ გულმოდგინედ აეშენებინა მონასტერი წმინდა მიქაელის ბრძანებისამებრ. იოანეს ძალიან დაუმძიმდა ეს საქმე, მაგრამ ვერ იკადრა შეწინააღმდეგება ორივე ბრძანებისათვის და მხოლოდ ეს უთხრა სერაპიონს:

- თუ შესაძლებელია, რომ დროდადრო ვნახო თქვენი საღვთო სახე, მზად ვარ, აღვასრულო შენი ბრძანებები.

წმინდანმაც აღუთქვა, რომ ყოველთვის ნახავდნენ ერთიმეორეს. და აშენდა ის მონასტერი დიდი მოძღვრის ბრძანებისამებრ. შეამკო იგი იოანემ ყველა სამკაულით და, რადგან იმ ადგილს იოანეწმინდა ჰქვია, უწოდა მას თავის თანამოსახელედ. იგი ჟამიჟამ მიდიოდა თავის ძმასთან და მისგან სწავლობდა მონასტრის ყოველგვარ განგებას.

მაგრამ აქ პირუკუ უნდა შევცვალოთ სიტყვის დარჩენილი ნაწილი, რადგან შეეზავა სიტყვა სიტყვას და ვეღარ გავკვეთეთ იოანეს სახელზე აგებული მონასტრის აშენების ამბავი. აქედან წასულ წმინდა სერაპიონს თავისი კრებული სიხარულით მიეგება და წადიერად მოიკითხა. სერაპიონმა მოიხილა ისინი, შემდეგ კი ნახა, თუ რამდენი რამ აეშენებინა ახალ ხუროთმოძღვარს და როგორ გამრავლებულიყვნენ ძმები. გამხიარულდა და მადლობდა ღმერთს.

ღმერთშემოსილ მამა სერაპიონს იმ ადგილის ამშენებელი დიდი მთავრის, გიორგის, სიკვდილი შეატყობინეს. დიდად იგლოვა, როგორც შესაფერისი იყო; დაღვარა ცრემლიც, ისევე როგორც მაცხოვარმა ლაზარეს გამო; უფრო მეტადაც, რადგან ვერ დაესწრო მის სიკვდილს. ამიტომ უთხრა იკონომოსს, ხუცესებს და ყველა ძმას, რომ მეორე დღეს მისულიყვნენ გიორგის საფლავზე, ზანავის ადგილას, სადაც აშენებულია მშვენიერი მონასტერი, რომლის პირ-ველმაშენებლები იყვნენ ამასპო და ქუარდია, ახლა კი ხელმეორედ - გიორგის და, რომელიც იყო ბეშქენ ბაჰლაუნდის ძის, დიდი მთავრის, მირიანის ცოლი. თვით გიორგი შვილებისგან დაკლებული და მარტოდშთენილი იყო, რადგან ორი შვილი ჩვილობაშივე მოკვდომოდა, იმათ შემდეგ კი გარდაცვლილიყო მათი დედაც, რომელმაც სინათლეზე გამოიყვანა ისინი, ხოლო გიორგის სხვა მეუღლის შერთვა აღარ უვალდებულებია. ასე რომ, როდესაც გარდაიცვალა ყოვლადკურთხეული გიორგი, ყველაფერი, რაც მას ჰქონდა - მამული, ყველა ეკლესია და თავისი შენაძენი, თავისსავე დას მიაბარა და საკუთრად განუკუთვნა მის შვილებს, რომლებსაც ერქვათ: სულა, ბეშქენ და ლაკლაკი. როგორც ვთქვით, მის საფლავზე მივიდა წმინდანი, სიყვარულით და თანალმობით იტირა, შემდეგ, წესისამებრ მოიკითხა და ნუგეში სცა გიორგის დას ლატავრის, რომელსაც მოგვიანებით თეკლა ეწოდა, და საღვთო კურთხევით აკურთხა სამივე ის ყრმა მსგავსად სამი აბრამიანი ყრმისა. ამის შემდეგ ხელთ იპყრა დიდი მთავრის გიორგის ანდერძი, წაიკითხა იგი ცრემლით სავსემ, ილოცა გიორგისთვის და აკურთხა ეს კურთხეული კაცი, რადგან უშურველი სიუხვით ებოძებინა მას მონასტრისთვის ყველაფერი: გადასახადისგან თავისუფალი მიწები, მრავალგვარი საქონელი, სიმრავლე სახედრისა და ნახირისა. წმინდანმაც სასოებით შეავედრა უფალს ამ კაცის სული. ასე გავიდა წლები, ის ადგილი კი ძალიან აღორძინდა და წარემატა.

საჭიროა ყურადღებით ვისმინოთ იმის შესახებ, თუ რაგვარი მადლთა ღირსი გამხდარიყო დიდი მამა მიქაელი, რადგან ესაა ის ადგილი, რომლის გამოც უწინასწარმეტყველა მან ნეტარ სერაპიონს (რომ "შფოთი და განსაცდელი შეემთხვევაო იმ ადგილს, შენს ნამუშაკევს"). დიდ სიწყნარესა და სიმშვიდეში იყო ეს ადგილი დიდი მთავრის, გიორგის, გარდაცვალების შემდეგ, წინ მიდიოდა მთელი მისი საბრძანებელი, რომელიც თავის დას, თეკლასა და მის შვილებს დაუტოვა, მაგრამ ეშმაკისმიერი გადაბირებით შეიქნა უწესო არეულობა - მოკლა ლაკლაკმა თავისი დის ქმარი, რომელიც დაჟინებით ეუბნებოდა:

- ამ თქვენს დასაც აქვს წილი თქვენს მამულში, რადგან თქვენც დედისგან გაქვთ იგი.

ამის გამო გახშირდა ქიშპი და მოკლა ლაკლაკმა სიძე. გაგრძელდა დაძაბულობა სამი წელი. მეოთხე წელს გამოაბრწყინა ღმერთმა დიდი მღვდელმოძღვარი გიორგი შუარტყლელი, რომელმაც დაიკავა აწყურის საყდარი, რადგან არ იყო მართებული საწოლის ქვეშ დაფარვა სანთლისა. მან ხელში აიღო სამცხის მმართველობა, წესისამებრ დააწყნარა მთელი თავისი საბრძანებელი და დაიკავა პირველ შფოთისმოთავეთა მთელი მამული და ეკლესიები, ხოლო ის ადგილი, ზარზმად წოდებული, ყოვლითურთ შეუძრავად ნარჩუნდებოდა ღვთის შეწევნით და ნიშებშემოსილი მამის, სერაპიონის სასწაულთა მადლით. როდესაც გავიდა შვიდი წელიწადი, დაცხრა და დაწყნარდა ყველა მშფოთვარება და უწესრიგობა ამ წმინდა მღვდელმოძღვრის, გიორგის მიერ, ხოლო ყველა ამ მრავალრიცხოვანი საქმის მაუწყებელი პირი და ენა დიდ გიორგი მაწყვერელთან ერთად იყო ნეტარი მამა სერაპიონიც. ამიტომ, ყველა ეს სასწაული და საქმე, რაც კი ეპისკოპოსობამდე და ეპისკოპოსობის შემდეგ ენახა მას, ვამბობ გიორგი მაწყვერელს, მანვე, უტყუარმა პირმა, მოგვითხრო. კერძოდ, თუ როგორ განედლდა ბლის ტოტი, ანდა, როგორ განიკურნა ეშმაკისმიერი გადაბირებით ცთუნებული ამაყი და ამპარტავანი ენა, რადგან ამ ყოველივეს თვითმხილველი იყო იგი.

მშფოთვარება დაცხრა, დღითი დღე მატულობდა წარმატება მონასტრისა. სერაპიონის ძმა იოანეც გამუდმებით მოდიოდა და კურთხევას იღებდა მისგან, ამასთან სწავლობდა ყველაფერს, რაც თავის აშენებულ მონასტერს აკლდა, ხოლო იმ ნეტარმა მამებმა ასეთი წესი დაუდეს საკუთარ თავს: ღამის ლოცვაზე ხელაღპყრობით უნდა მდგარიყვნენ მგალობელთა დასთან, ცისკრის მოახლოებისას კი განშორებოდნენ მათ ქვის სატყორცნ მანძილზე და იქ შეეწირათ ვედრებანი მყუდროებით და ცრემლით, რომ ამითაც მიმსგავსებოდნენ თავიანთ მეუფეს. ამ სახით დღითი დღე "განამრავლებდნენ ისინი ტალანტს", რომ შენამატითურთ მიერთმიათ იგი მადლთა გამყოფისთვის. ასე გავიდა მრავალი წელი. ისინიც "კარგი სიბერით გამშვენდნენ" და საღვთო ცოდნით "შვებულნი და დაჩვილებულნი გახდნენ". ამის შემდეგ გარდაიცვალა თეკლაც, გიორგის და; დარჩა მისი სამივე ძე, რომელთა მფლობელობაც წარმატებული გახდა და იკურთხა მათი თესლი, როგორც აბრაამისა და იაკობისა.

მაგრამ დადგა დრო ნეტარი სერაპიონის ცხოვრების აღსასრულისა და მწუხარებისგან სიხარულთან მისვლისა.

მოუხმო ძმათა კრებულს და უთხრა:

- ძმანო და მამანო! მსურს მოციქულისებრ ვთქვა: "სრბოლა აღსრულებულია და სარწმუნოება დაცული მაქვს". ვამბობ არათუ მედიდურობით, არამედ იმედი მაქვს, რომ "ამიერიდან მომელის მე სიმართლის გვირგვინი", არა მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მისი გამოჩინება, რადგან ასეა გამზადებული გვირგვინები მისი მოყვარულებისთვის, როგორც ამას თვითვე ამბობს თავად: "მოდით ჩემთან ყველა დამაშვრალი და ტვირთმძიმე და მე მოგასვენებთ თქვენ. ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი". თქვენ კი, შვილნო, ისწავლეთ მისგან, ვინც ამბობს: "შეიყვარე შენი უფალი ღმერთი მთელი შენი გულით, მთელი სულით და გონებით, და მოყვასი, როგორც საკუთარი თავი". და კიდევ ამბობს: "რაც გინდათ, ის რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, ასევე გააკეთეთ თქვენც მათ მიმართ, და ამ მცნებებზე კიდია მთელი სჯული და წინასწარმეტყველები" და "ამით გაიგოს ყველამ, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გეყვარებათ ერთიმეორე". ხოლო თქვენ, ძმანო, დაიცავით პირველყოვლისა ღვთის და მოყვასის სიყვარული, როგორც თავი სჯულისა და წინასწარმეტყველებისა და მუდმივად ლოცულობდეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში, რადგან ლოცვა მიმაახლოებელია ღმერთთან და კარიბჭეა სასუფევლისა, ანგელოზებთან შემაერთებელია და დამცემია ეშმაკებისა, რამეთუ წმინდა და ღმერთშემოსილმა მამებმა ლოცვა საჭურველად თქვეს, მარხვა - გალავნად, წმინდა ცრემლები - განსაბანელად, ხოლო მორჩილება - მოწამეობად, რაც ღვაწლშემოსილ მოწამეებთან ერთად გვირგვინოსანს ხდის ადამიანს სისხლის დაუღვრელად.

ამგვარი რამ ბევრი ამცნო წმინდანმა ოქრონაკადულიანი პირით თავის მოწაფეებს და კიდევ უთხრა:

- მე, ძმანო, აჰა, მივდივარ რამდენიმე დღის შემდეგ, ხოლო თქვენ მოძებნეთ მამა და წინამძღვარი, ვინც შეძლებს, დაგმწყსოთ თქვენ, როგორც შვილები და ძმები.

ისინი კი ყველანი, ცრემლით ავსებულნი, ტიროდნენ და ამ მეტისმეტი ტირილის გამო ვერავინ უპასუხა, მაგრამ როდესაც გონს მოეგნენ, უთხრეს:

- ჩვენ, მამაო, ვინაიდან ტკბილი და ყოვლადმოწყალე მამისგან ვობლდებით, არ ვიცით, რა გიპასუხოთ.

წმინდანმა მიუგო:

- ვინაიდან, შვილნო, არაფერს მეუბნებით მე, გლახაკს, მმართებს, რომ მევე ვთქვა საჭიროებისამებრ.

იყო ერთი მღვდელთაგანი, გიორგი, სათნოებით, ტკბილი სიტყვითა და საქმით ადამიანი გაბრწყინებული. მას უხმო წმინდანმა და უთხრა:

- საყვარელო შვილო გიორგი, კარგი წილი გხვდა შენ, რომ ჩემ შემდეგ ჯეროვნად დამწყსო ეს ქრისტეს სამწყსო, როგორც სულთმოყვარე მამამ, ისინი კი გამოჰყვნენ შენს ხმას, როგორც შეჰფერით მამისმოყვარე შვილებს.

ამის გაგონებაზე თვალცრემლიანმა გიორგიმ უთხრა:

- მძიმეა, წმინდაო, ჩემს ბეჭებზე დასადებად ეს ძნელად საზიდი ტვირთი. ამიტომ გევედრები, რომ ლმობიერება გამოიჩინო და მეტად აღარ მიბრძანო.

წმინდანმა კი უპასუხა:

- არა მე, არამედ ქრისტე გიბრძანებს ჩემ მიერ.

ამ სიტყვით დაარწმუნა, ეწინამძღვრა ძმათათვის. ყველამ გაიხარა, რადგან მთელი ის კრებული ხედავდა მას, როგორც სერაპიონის მსგავსს. ამიტომ მას შეავედრა სერაპიონმა თავისი სამწყსო, დაუდგინა იმდენი მნე ეკლესიისა, რამდენიც დასჭირდებოდა, და ძმათა კრებულს განუწესა საღვთო და მეტად მშვენიერი განგება. ყველა ამგვარ ღვწათა მეშვიდე დღეს მცირედით დასნეულდა, მიწვა ლოგინზე, თუმცა მეხუთე დღეს ადგა, როგორც ახლად გაჭაბუკებული, მივიდა წმინდა საკურთხეველთან, მიეახლა წმინდა ტრაპეზს და ქრისტეს განკაცების ცხოველმყოფელ ხატს, ამასთან უბრძანა, რომ ეზიარებინათ იგი ქრისტეს ხორცთან და სისხლთან, გადაიბეჭდა საუფლო ჯვარი, თითოეულად გამოემშვიდობა ძმებს და უთხრა:

- ილოცეთ ჩემთვის, ძმანო, და იცოცხლეთ, რადგან ამიერიდან ვეღარ მნახავთ ამ სოფელში.

წავიდა, მივიდა ლოგინთან მეექვსე ჟამს, მეცხრე ჟამს კი მიაბარა თავისი სული ღვთის ხელებს, რომელიც მას ყოველთვის სურდა. ლავრის მამებმა არამცირედ იგლოვეს წესისამებრ და ცრემლით.

მოვიდა მისი ძმა იოანე, რადგან სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები და მისგანვე იყო, როგორც ღრუბლით, ზეატაცებული. შეიკრიბა მახლობელი მონასტრების და სოფლების სიმრავლე, მოვიდა ღმერთშემოსილი გიორგი მაწყვერელიც ჯვრით ეკლესიის მთელ დასთან ერთად, და ესეც უნდა ვთქვათ, რომ ანგელოზთა დასებიც ყველა წმინდანის გუნდთან ერთად მოვიდნენ მასთან, როგორც მათსავე თანამკვიდრთან და თანამოსაგრესთან. ყველა ანგელოზმა სიხარულით "შემოჰკრა ტაში" - და მათ ზეცად აიყვანეს მისი ყოვლადსანატრელი სული; ზეცაში მყოფნი გამხიარულებულები ადიდებდნენ ღმერთს, ხოლო მიწაზე მყოფნი მის წმინდა სხეულთან შეხებით სნეულებებისა და ტკივილებისგან თავისუფლდებოდნენ და მადლობასა და თაყვანისცემას აღავლენდნენ. წესისამებრი გალობით, სანთლების სიმრავლითა და საკმეველთა სურნელებით შემურეს იგი და ჩაასვენეს საფლავში, რაც თვით მას ჰქონდა გამზადებული საკურთხევლის აღმოსავლეთით (რომ ამ საფლავის ყოველდღიური დანახვით გაეხსენებინა სიკვდილი, რომელიც მუდამჟამს თვალთა წინაშე ჰქონდა). ასე შეასრულეს დამარხვის წესი და ბევრი ვინმე მისი დასაფლავების დროს განიკურნა სხვადასხვა სენისგან, რათა ყველას სცოდნოდა, რომ სიკვდილის შემდეგაც ცოცხალია იგი და მეურვეობს მისდამი სარწმუნოებით შევედრებულებს.

მამა სერაპიონის სასწაულთა სიმრავლე გონებისგან მიუწვდომელია, თუმცა ზოგიერთსა და მცირეოდენს ვახსენებთ.

ჯერ კიდევ ლოგინზე იყო წმინდანის მრავალმოღვაწე სხეული, როდესაც მოვიდა ვიღაც კაცი, მთლიანად გამხმარი, მეტისმეტი სისასტიკით განირღვეოდა ტკივილის სიმძაფრისაგან, სისხლი მისდიოდა მის სარცხვენელს და ისიც გაჰყვიროდა უმსგავსი ხმით. კაცი სიყვარულით მოეხვია მის ლოგინს, მკვდარივით დაეცა. მყისვე ყველას დასანახად მის თესლმდინარე ასოს დასცვივდა ორი დიდი ქვა და უმალ ჯანმრთელი, ისე, თითქოს არასოდეს შემთხვეოდა ხსენებული ვნებულება. ყველამ, ვინც ეს ნახა, ადიდა ღმერთი, თავის წმინდანთა მადიდებელი. ამის გამო მოაწყდა სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი. ყველა იკურნებოდა და ადიდებდა ღმერთს. წმინდანის დასაფლავების შემდეგ კი, დღემდე, მიუწვდომელია ყოველ სნეულზე მის მიერ აღსრულებული ნიშები და სასწაულები, და კაცის ენისგან შეუძლებელია აღწერა ყველა იმ სასწაულისა, რომლებიც სარწმუნო კაცებმა ფიცით მოგვითხრეს. ან კი ამ ჩვენს დროში ნანახი და გაგონილი როგორ ვუამბოთ თქვენს სიყვარულს, რადგან უშურველად სურნელობს მის ნაწილთა მადლი სარწმუნოებით მვედრებელთათვის, რაც მარადის აღესრულება ღვთის სადიდებლად.

ამის შემდეგ ვახსენოთ, თუ როგორი წინასწარმეტყველური მადლის ღირსი გამხდარიყო იგი, რადგან, აჰა, აპირებს სიტყვა გახსენებას იმ სიტყვისას, რომელიც უთხრა თავის ძმას, იოანეს: "გავა დრო და ამ ბორცვზე აშენდება მეტად მშვენიერი ეკლესია". მართლაც, დადგა დრო მისი წინასწარმეტყველებისა, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი იყო წმინდანი, როდესაც მას, როგორც ყველასგან საყვარელს, ყველას მეგობარს და მოძღვარს, დაემოწაფა ყოვლადუცნაური კაცი. ეს კაცი იყო პატარა ადგილიდან, რომელსაც "ძარღუასსოფელი ეწოდება. იგი ყოველდღე მოდიოდა წმინდანთან და ეუბნებოდა:

- მაკურთხე მამაო, შენი წმინდა ხელით და შემაერთე შენს წმინდა კრებულს.

ის კი აფერხებდა მას, რომ უფრო მეტად გამოჩენილიყო საკვირველება ამ კაცის ერისკაცობაში დაყოვნების გზით. ის მაინც ევედრებოდა:

- მაკურთხე, მამაო, მიიღე მცირედი შესაწირავი და დახარჯე იგი მონასტრის ასაშენებლად.

წმინდანიც კვლავ უბრძანებდა, დაეხანებინა და შემდეგ თავისთავად მოვიდოდა დრო მისი მონაზვნობისა და გამზადებული შესაწირავი ძალიან დასჭირდებოდა.

წმინდანის მიცვალებისა და მესამე დღეს დასაფლავების შემდეგ მოვიდა ის კაცი, იტირა ძალიან და თან ედავებოდა წმინდანს, როგორც ცოცხალს, თავისი ხელით რომ არ აღკვეცა მონაზვნად, არ განვშორდები საფლავს, ვიდრე არ გავხდები მონაზონიო, იმ შესაწირავს დავდებ შენს სამარხზეო. კაცის მდუღარების მნახველმა მამასახლისმა ეკლესიის მნეებს უბრძანა, მოეტანათ სამხრე და კუნკული და აღეკვეცათ იგი. მნეებმა მყისვე მოადევნეს სიტყვას საქმე, აღკვეცეს ის კაცი, შეასრულეს მთელი სამონაზვნო წესი. თავის სოფელში დაბრუნებული უცხო სამოსლით შემოსილის დანახვამ შეაცბუნა მისი მეგობრები, უნდოდათ, კვლავ ერისკაცად ექციათ, მაგრამ რადგან ვერ შეძლეს მისი დამორჩილება, უთხრეს ეს ამბავი მის ბატონს, რადგან იყო ეს კაცი საჭირო პირი და შორი გზების შიკრიკი.

კაცმა იგრძნო, რომ არ უშვებენ თავის ნებაზე, აიღო ის შესაწირავი, რისი წაღებაც შეეძლო თავისი სახლიდანაც და გაიქცა. უკან გამოედევნენ, მაგრამ წმინდანის შეწევნით, ვერ დაეწივნენ. შევიდა მონასტერში, მდევრებიც მიჰყვნენ, უნდოდათ, შეეპყროთ და წაერთმიათ, რაც ჰქონდა. კაცი კი მივიდა პირდაპირ ეკლესიის სარკმლის ქვეშ და შეაგდო შიგ, რაც ჰქონდა ხელსახოცში გამოკრული. ხელმოცარულმა მდევრებმა სთხოვეს წინამძღვარს, ეკლესიაში შეგვიშვი, რომ თაყვანი ვცეთ წმინდანსო. უნდოდათ ენახათ, რა შესაწირი გაეღო იმ კაცს. ეჰა, საღვთო განგებულება, რაც აღსრულდა, რათა ყველას გაეგო, რომ მიცვალების შემდეგაც ძალუძს წმინდანს იმის გაკეთება, რაც ნებავს. როდესაც კარი გაიღო, შევიდნენ წმინდა ეკლესიაში, ავიდნენ საკურთხეველთან და ძებნეს ის, რაც ყველას დასანახად შეაგდო ახალმონაზონმა. ვეღარ იპოვეს, რის გამოც შიშმა და გაკვირვებამ შეიპყრო ყველა და ადიდებდნენ ღმერთს.

გავიდა მრავალი წელი და გარდაიცვალა წინამძღვარი გიორგი, მის მონაცვლედ დადგა მიქაელი, რომელსაც გიორგიმვე ამცნო:

- დაიწყეთ ეკლესიის შენება მამა სერაპიონის ბრძანებისამებრ, ხოლო ხარჯებისთვის ნუ იწუხებთ, რადგან ხილვაში მაუწყა წმინდანმა, რომ ის შესაწირავი, იმ კაცმა რომ მოიტანა, დამარხულია ჯვრის ქვეშ, რაც იყო წმინდანის თავით. ამოიღეთ და მიეცით ყველა მუშას, ხოლო ის კარგი კაცი გახდეს ყველაფრის გამგე, ისევე, როგორც ჩემგანაც გამგეობდა მონასტრის ყველა საჭირო სამსახურს.

მიქაელის დროს, 4 ივნისს, ხუთშაბათ დღეს, დაიწყეს იმ ეკლესიის შენება, რაც წინასწარ გამოსახა წმინდანმა, რადგან მიქაელმა, პატრონთა ბრძანებით, მოუხმო ოსტატობით სახელგანთქმულ ადამიანს ბერძენთა ქვეყნიდან, ხუფათიდან. მას თანაშემწედ ჰყავდა შუარტყლისხეველი კალატოზი. ორივე მათგანი იყო მუშათა სიმრავლის მოძღვარი და მასწავლებელი. მამა მიქაელმა, მამა გიორგის უწყებისამებრ, ძებნა ის შესაწირავი, რადგან მოვიდნენ მღვდლები სახარებითა და სანთლებით საკმევლითურთ, და თვით ის კაციც, შემწი-რავი. როდესაც წაიკითხეს იოანეს სახარება: "პირველად იყო სიტყვა", მოიდრიკეს მუხლი, ევედრნენ წმინდა სერაპიონს და გადაუსვენეს ჯვარი, როგორც ეს ნაუწყები იყო მამა გიორგისთვის. ეჰა, შენს საკვირველებებს, ქრისტე, რადგან აღმოჩნდა ყოვლად შეუძრავად ბეჭედი. ნახა იგი იმ კაცმა და გაუკვირდა. ყველამ მადლობა შესწირა ღმერთსა და წმინდა სერაპიონს, ამასთან, გამოიკითხეს იმ კაცისგან რაოდენობა და ხარისხი ოქროსი. მან კი თქვა:

- ეგ ოქრო არის თლილი და წმინდა პირველ მეფეთა გამოსახულებით, ამ ბეჭდის შიგნით იყო სამასი ოქროს ფული და კიდევ ხუთი.

გახსნეს მანდილი, რაშიც გამოკრული იყო შესაწირავი, აღმოჩნდა ისე, როგორც ამ კაცს ჰქონდა ნათქვამი.

მაშინ დაიწყეს გულმოდგინე მშენებლობა და ის კაცი გაამწესეს გამგედ არა მხოლოდ კალატოზებისა, არამედ მასვე მიენდო აგრეთვე ძმათა იკონომოსობაც. ასე წარიმართა ეკლესიის შენება. საძირკვლიდან და საფეხურებიდანვე ყველა მუშის ხარჯს ის კაცი სწევდა, გარდა სანოვაგისა.

აშენდა ეკლესია სარკმლებამდე, სტოვას ჩათვლით, დაილია იმ კაცის ოქრო, რასაც თვითვე ქადაგებს, იმ ადგილას გამოქანდაკებული: "აქ დაილია ჩემი ქონება, სადაც აგერ მდგომარე ვარ და მიტვირთავს ქრისტეს ჯვარი". ხოლო როდესაც სარკმლებამდე დასრულდა შენება, გამოხატეს იქ თვით მიქაელიც იმ ორ კალატოზთან ერთად აღმოსავლეთ სარკმელთან.

ამასთან, წმინდანის მადლი მუდამჟამს გამოუჩენდა მათ სახარჯო სახსრებს, რადგან მდინარისებრ შემოსდიოდათ ქონება. აშენდა ეკლესია ვიდრე სამხრემდე მიქაელის მამობაში, რომელმაც დატოვა ეს ცხოვრება და წავიდა უფალთან.

ამის შემდეგ დადგინდა მონაცვლედ პავლე ხუცესი, კაცი დაფასებული მთელი ერისგან. მან დაასრულა ეკლესია და შეამკო. აღმართეს შიგ ფერისცვალების ხატი და აკურთხეს ეკლესია სრული კურთხევით პავლეს მამობაში. და ის კაციც, შესაწირავის მომტანი, სიბერით დამშვენებული წავიდა უფალთან.

ბასილი, რომელმაც წმინდანის ეს ცხოვრება აღწერა, თვით წერს და ამბობს: "მე, ბასილი, წმინდა სერაპიონის ძმისწული, ყველა მოწესეზე უდარესი, იმ დროთა შემდეგ, როდესაც იგი მიიცვალა, მივედი მის წმინდა სამარხზე და ვნახე ყოვლადბრწყინვალე მთელი მისი ნაშრომი, რამაც შვება მომგვარა და გავიხარე, მაგრამ როდესაც ვნახე მისი საფლავი დაფარულ ადგილას, რომლისგანაც ყველა უძლური იღებდა ყოველდღიურ კურნებას, უფლის ბრძანებით შევუდექი და შევამზადე ქვის კუბო. შემდეგ გავხსენი მისი საფლავი, საიდანაც გამოვიდა მიუწვდომელი სურნელება და ყველა ავივსეთ მადლითა და საკვირველებებით. მაშინ ჩვენ, ქმნილებებმა, ვადიდეთ ღმერთი, რადგან ბევრი უძლური მისი წმინდა ძვლების შეხებით მრავალი სენისგან განიკურნა, გამხიარულებულები ბრუნდებოდნენ შინ და ადიდებდნენ საკვირველებათა ღმერთს.

მრავალი სანთლის თანხლებით და მგალობელთა მადლით ჩავასვენე წმინდანის ძვლები ახალ კუბოში და აღვმართეთ მასზე ჯვარი (იოანე წინამორბედის სახელზე) ახალი ეკლესიის გამოსაჩენ სტოაში. დავადგინეთ, რომ ერთ-ერთ მღვდელს ეწირა იქ საუფლო მსხვერპლი, წმინდანის მოსახსენებელი აღნიშნულიყო 29 ოქტომბერს სულიერი გალობით, ხოტბის შესხმით, ღამისთევითა და დღესასწაულობით, აგრეთვე ჟამისწირვის შემდეგ სულიერთან ერთად ხორციელ სანოვაგეთა მიერ მდიდრული და უხვი შვება-ლხენით, რომ ორივე მხრივ მხიარულებს გვედიდებინა ღმერთი, რომელიც ადიდებს თავის წმინდანებს".

ჩვენ კი მისი სასწაულებიდან კიდევ ერთი გავიხსენოთ და შემდეგ შევეფაროთ მყუდროება-დუმილის ნავსაყუდელს. როდესაც მხოლოდ წმინდანის კუბო გვედგა და ყველას პირზე გალობა იყო, მოვიდა ადამიანი, რომელსაც დიდი ხნიდან სტკიოდა მარჯვენა თვალი - მთლიანად მოკლებული იყო სინათლეს, ხოლო მეტისმეტი ტკივილი მეორის დაბრმავებასაც მოასწავებდა. ყველას შეგვებრალა ეს კაცი, რომელიც იყო იმ დაბიდან, რომელსაც ბობღა ჰქვია. კაცი შეუვრდა წმინდანის კუბოს და ვნახეთ ყველამ დიდი საკვირველება, რადგან მყისვე მთლიანად გამოჯანმრთელდა. ყველამ ვადიდეთ ღმერთი, რომელიც სულ აღასრულებს ყოველდღე წმინდანის კუბოზე ნიშებსა და სასწაულებს.

ამის შემდეგ ბასილიმ მიიღო წინამძღვრობა, რამდენიმე ხანს კარგად უპატრონა თავისი მამის ძმის ნაშრომ ადგილს.

მაგრამ ჩვენ, გლახაკები და უსწავლელები, შენკენვე მოვაბრუნებთ ჩვენს სიტყვას, ჰოი, მამათა მამაო, დიდო მოღვაწევ ყველასათვის (როგორც ჩვენს უწინარესთა, ასევე შემდგომთა და შემდგომთა); ამჟამადაც, ჩვენ, უძლურებსა და უღირსებს, შენს შვილებად წოდებულთ, ნურასოდეს დაგვივიწყებ და ნურც უკან მიაბრუნებ მეოხებისა და მეურვეობისთვის გამზადებულ შენს სახეს ჩვენი ცოდვების სიმრავლის გამო. ან კი ჩვენ რა ხოტბა უნდა გიძღვნათ, რადგან აღმატებულია ადამიანთა ბუნებაზე შენი ცხოვრების ბრწყინვალე წარმატება. ამიტომ შენივე მოღვაწეობის აღმწერ სიტყვებს შევწირავთ შენდამი და ვედრებით შეგივრდებით, რომ შენი მეოხებით შეგვინდო შეცოდებები, ჰოი, ანგელოზთა თანამბჭობელო, წმინდა სამების სარწმუნო მონაო, რომელმაც ასმაგად გაზარდე შენდამი რწმუნებული "ტალანტი", ჰოი, უძლურთა მკურნალო, შეჭირვებულთა შემწეო, ხომალდდანთქმულთა ნავსაყუდელო, გლახაკთა სიმდიდრეო, უცხოთა და მოგზაურთა მანუგეშებელო, მოღვაწეთა სამკაულო, მონაზონთა რჩეულობაო, მამათა სიამაყეო, წინამძღვართა დიდო მნათობო, ყველასთვის მშვიდო ნავსაყუდელო, ვინც კი შენდამი მოილტვის, ხოლო მორჩილთათვის საღვთო შურის მასწავლებელო, მამათა დიდებაო და, მოკლედ რომ ვთქვათ, ჰოი, ყოველი კარგი სახელისა და საქმის ღირსო, შეიწირე შენეულ სათნოებათა ჩემმიერი სიტყვითგამოსახვანი, უღირსი ბაგეებით აღმოთქმულნი, და რადგანაც ხარ ღვთის სიტყვის მონა, მიემსგავსე მეუფე ქრისტეს, რომელმაც ქვრივის წვრილი ფულიც მიიღო, ნუ განიშორებ უღირს ბაგეთა სანელსაცხებლე ჭურჭელს, ისევე როგორც არ განიშორა ქრისტემ სანელსაცხებლე ჭურჭელი მეძავისა, დაივანე ჩვენთან, ჰოი, წმინდაო, როგორც უფალმა - ზაქეს სახლში, გვიხსენ ჩვენ შენი ლოცვით მტრის ყოველგვარი მზაკვრობისაგან და როგორც ვართ ამ სოფელში წოდებულნი შენს მოწაფეებად, ამგვარადვე მეუფის დიდებით მოსვლის იმ სამერმისო უკანასკნელ დღეს ჩვენ, შენი უღირსი მოწაფეები, მოზიარენი გაგვხადე შენს ახლოს დგომისა ყველა წმინდანთან ერთად, უფლისა და ღვთის მარჯვნივ, სამგზის სანატრელო მამაო, წმინდაო სერაპიონ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, აგრეთვე შენი, წმინდა მოციქულების, წინასწარმეტყველების, მოწაფეების და ყოვლადქებული მღვდელმოძღვრებისა და მამების მადლითა და ლოცვით, რომ ღირსი გავხდეთ ჩვენ, უღირსები, სადღესასწაულო ხმის სმენისა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომლებიც სამწმინდა არსობით ადიდებენ ერთარსება სამებას, რომელსაც შეჰფერის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
......................
აქვე წაიკითხეთ:

ნახეს და შეიტკბეს ერთმანეთი მიქაელმა და სერაპიონმა და სიხარულის ცრემლით მადლობდანენ ღმერთს

ზარზმის ფერისცვალების ხატი

საღმრთო ბრძანებაა, წახვიდე აქედან და იქ, სადაც ღმერთი გაჩვენებს, აღაშენო ტაძარი

ზარზმის მონასტრის აღმშენებლობაში წმინდა სერაპიონს გიორგი ჩორჩანელი დახმარებია

ბეჭდვა
1კ1