წმინდა დავით გარეჯელი
წმინდა დავით გარეჯელი
მადლის ქვა - უდიდესი სიწმინდე
დავით გარეჯელს ცამეტ ასურელ მამათა დასში გამორჩეული ადგილი უკავია. ღირსი მამის ხსენების დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს აღნიშნავს (წლევანდელი კალენდრით - 20 ივნისს).

შუამდინარეთიდან ჩამოსული წმინდა დავითი თავდაპირველად საქართველოს ახალ დედაქალაქში, თბილისის სამხრეთით, ქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დამკვიდრებულა. იქ, სადაც დღეს, მთაწმინდის ფერდობზე, მამა დავითის სახელობის ტაძარია.

წმინდა დაყუდებულ ბერს თავისი საკვირველი ქადაგების ძალითა და ღვთისსათნომყოფელი ცხოვრებით მრავალი კერპთაყვანისმცემელი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოუქცევია.

დეკანოზი დავით ისაკაძე: - "ცამეტმა ასურელმა მამამ საფუძველი ჩაუყარა ბერ-მონაზვნობას საქართველოში.

დავით გარეჯელი დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა განდეგილობაში, თუმცა, მთაწმინდიდან ყოველ ხუთშაბათს ჩამოდიოდა თბილისში და ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. მისი სიტყვის მადლით უამრავი წარმართი და კერპთაყვანისმცემელი მოიქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამის გამო წმინდა დავითი უდიდეს პატივისცემას იმსახურებდა ქრისტიანულ თემში, მაგრამ შურით აღვსილი ცეცხლთაყვანისმცემლები ცდილობდნენ, რაიმე ცილი დაეწამებინათ მისთვის და მოიფიქრეს კიდეც მზაკვრული რამ, კერძოდ, ერთ მეძავ ქალს გაურიგდნენ, რომელმაც ცილი დასწამა წმინდა დავითს მძიმე ცოდვაში, ისევე როგორც თავის დროზე ალექსანდრიელმა მეძავმა დასწამა ცილი ათანასე დიდს.

წარმართებისაგან მოსყიდულმა ფეხმძიმე მეძავმა ხალხის წინაშე იცრუა, თითქოს მისი მომავალი შვილის მამა წმინდა დავითი იყო, რომელმაც ძალა იხმარა მასზე, მაგრამ უფლის განგებით სიმართლე არ დაიმალა და დედის მუცლიდან დაიძახა ჩვილმა, თუ ვინ იყო სინამდვილეში ცოდვის ჩამდენი. ამის შემდეგ თბილისელმა მოქალაქეებმა წმინდა მამის თხოვნის მიუხედავად, ქვებით ჩაქოლეს მეძავი ქალი.

ამ საჩოთირო ამბის შემდეგ დავითი იძულებული გახდა, დაეტოვებინა თბილისი და თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად გარეჯის უდაბნოს მაღალი და შიშველი კლდეებით გარშემორტყმულ მღვიმეში დაყუდებულიყო".

მოსაგრე მამისთვის სასწაულებრივი საზრდელი მიუმადლებია უფალს, ოთხშაბათისა და პარასკევის მარხული დღეების გარდა, მათთან ყოველდღე მიდიოდნენ ირმები და თავიანთი რძით კვებავდნენ უდაბნოში დაყუდებულ ბერებს. მრევლმა და მახლობელი სოფლების მოსახლეობამ მას გარეჯის მკაცრ უდაბნოშიც ამოაკითხა. დღითიდღე მატულობდა წმინდა დავითის სასწაულმოქმედების ხილვის მსურველთა რიცხვი, რაც, ბუნებრივია, მის მიმდევართა რიცხვსაც ზრდიდა.

ნინოწმინდიდან ღირს მამასთან მისულა სათნოებით შემკული ბერი დოდო გარეჯელი, რომელსაც, მოძღვრის ბრძანებით, რაკი სამლოცველონი და სადგომნი მორწმუნეებს ვეღარ იტევდა, კლდის რქაზე აღუმართავს ეკლესია ღვთისმტვირთველი მარიამ ქალწულის სახელზე. ასე აღმოცენებულა ახალი სავანე "დოდორქა", პირმშო დავითგარეჯის სავანისა. წმინდა დოდო გარეჯელის ხსენების დღე, რომელიც ამაღლების ყოველ მომდევნო ოთხშაბათს უწევს, წლევანდელი საეკლესიო კალენდრით 19 ივნისს აღნიშნა ეკლესიამ.

დავით გარეჯელს პატივი ხვდა წილად, იერუსალიმში წასულიყო წმინდა ადგილების მოსალოცად, მაგრამ თავისი უღირსების გამო, ვერ გაბედა წმინდა ქალაქში შესვლა. იერუსალიმის კარიბჭესთან დიდი ხნის გულმხურვალე ლოცვის შემდეგ, სამი ქვის წამოღება დაუპირებია, მაგრამ იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქს, ელიას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა, - საქართველოდან ჩამოსულ მამა დავითს თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი მიაქვსო. ამ ხილვის შემდეგ პატრიარქისგან დადევნებულმა მსტოვრებმა წმინდა მამას უამბეს ამ გამოცხადების შესახებ და სთხოვეს, ორი ქვა დაეტოვებინა, მესამე კი, "მადლის ქვის" სახელწოდებით, სიონის საკათედრო ტაძრის საკურთხეველზე ბრძანდება, როგორც უდიდესი სიწმინდე, რომელსაც უდიდესი საეკლესიო დღესასწაულის დღეებში თაყვანს სცემენ მორწმუნეები.

ხანგრძლივი, ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ აღსრულებული მამა დავითი გარეჯის სავანეში განისვენებს.

ბეჭდვა
1კ1