ღირსი არეთა პეჩორელი (XII) - 24 ოქტომბერი (6 ნოემბერი)
ღირსი არეთა პეჩორელი (XII) - 24 ოქტომბერი (6 ნოემბერი)
ღირსი არეთა პეჩორელი კიევ-პეჩორის ლავრის ბერი გახლდათ და მოღვაწეობდა XII საუკუნეში. მას დაკარგული ქონება წყალობად ჩაეთვალა და ამის გამო ცხონდა. არეთა წარმოშობით პოლოცკელი იყო. დიდი სიმდიდრის პატრონი, გროშსაც არ იმეტებდა მშიერი და ღატაკი ადამიანისათვის, სიძუნწის ცოდვას ვერ სძლევდა. ის კი არა, თვითონაც ხშირად შიმშილობდა, მის სიმდიდრეს არაფერი რომ არ მოჰკლებოდა.

და აი, ერთ ღამეს მოვიდნენ ქურდები და მთელი ქონება მოპარეს. გამწარებულმა არეთამ დაკარგული ოქროს გამო ლამის თავი მოიკლა. ცილი დასწამა უდანაშაულო ადამიანებს. ბერები ევედრებოდნენ, დამშვიდებულიყო, მინდობოდა უფალს და დარდიც გაქრებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ არეთა მძიმედ ავად გახდა, კინაღამ აღესრულა, თუმცა არც მაშინ მოეშვა დრტვინვას და ლანძღვას. უფალმა ანგელოზები მოუვლინა ბერს, ისიც მალე დამშვიდდა და ლოცვა დაიწყო ასეთი სიტყვებით: "უფალო, შემიწყალე! უფალო, შევცოდე! ყველაფერი შენია და მეტს აღარ ვჩივი".

როდესაც ბერი განიკურნა, აი, რა უამბო მონასტრის საძმოს: მომევლინენ ანგელოზები და ეშმაკებიც. დაიწყეს დავა მოპარულ ოქროზე. ეშმაკები ამბობდნენ: "ახლა კი ჩვენი არეთა, ჩვენი ერთგულია". ანგელოზები კი მეუბნებოდნენ: "ო, ადამიანო, შენ რომ უფლისთვის მადლობა გეთქვა დაკარგულის გამო, ჩაგეთვლებოდა წყალობად ისე, როგორც იობს. მოწყალების გაღება დიდი საქმეა ღვთის წინაშე. მოწყალებას ნებით გასცემენ ხოლმე. თუ ვინმე ძალით წართმეულის გამო მადლობს უფალს, ეს მოწყალებაზე მეტია". ანგელოზების ნათქვამის მოსმენის შემდეგ მოვრთე ყვირილი: "უფალო, შემიწყალე! უფალო, შევცოდე! უფალო, ყველაფერი შენია, აღარ ვჩივი. ეშმაკები მაშინვე გაქრნენ, ხოლო ანგელოზებმა გაიხარეს და მოწყალებად ჩამითვალეს დაკარგული ქონება".

წმინდა არეთა 1190 წლამდე გარდაიცვალა

ბეჭდვა
1კ1