წმინდა ათანასე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+დაახლ. 1315) - 24 ოქტომბერი (6 ნოემბერი)
წმინდა ათანასე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+დაახლ. 1315) - 24 ოქტომბერი (6 ნოემბერი)
წმინდა ათანასე I, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (1289-1293; 1303-1311), ერისკაცობაში - ალექსი, საბერძნეთის ქალაქ ადრიანოპოლში დაიბადა დაახლოებით 1235 წელს. მამა ადრე გარდაეცვალა და პატარა ალექსი მარტო დარჩა დედასთან ერთად. ის ბავშვობიდან დაინტერესდა წმინდა წერილით. ერთხელ მან წაიკითხა წმინდა ალიპის ცხოვრე¬ბა, რომელიც მის მსგავსად ობოლი იყო. წმინდანის ცხოვრებამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ალექსიზე, გადაწყვიტა, მაცხოვრის სიტყვები (ჯვრის აღებაზე) აღესრულებინა. თორმეტი წლის ალექსიმ დატოვა მშობლიური სახლი, თესალონიკს მიაშურა და ერთ-ერთ მონასტერში აკაკის სახელით ბერად აღიკვეცა. იმ მონასტრის იღუმენი მისი ბიძა იყო. აქედან წმინდანი მალე ათონის წმინდა მთაზე გადავიდა და ესთიგმენის სავანის ძმობაში შევიდა, სადაც სამი წლის მანძილზე გულმოდგინედ აღასრულებდა მეტრაპეზის მოვალეობას. გამუდმებული შრომითა და თავისი სათნოებებით ნეტარმა საყოველთაო კეთილგანწყობა დაიმსახურა. ბერებისთვის ის მაგალითი იყო, როგორ უნდა ეთქვა უარი ყოველგვარ მიწიერზე და გამუდმებით უფალ იესო ქრისტეზე დაემოწმებინა. ზამთარ-ზაფხულს ერთი ანაფორა ეცვა, რომლის ქვეშაც უხეშ ჯვალოს ატარებდა და ფეხშიშველი დადიოდა. ინახავდა მკაცრ მარხვას, მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა.

მდაბალი აკაკი განერიდა კაცთამიერ ქებას, დატოვა ათონი, იერუსალიმის სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი პატრის მთას მიაშურა და განდეგილის ღვაწლი იტვირთა. აქედან მოსაგრე ჯერ ავქსენტის მთაზე გადავიდა, შემდეგ კი გალანტის მთაზე მდებარე მონასტერში, სადაც დიდი სქემა შეიმოსა ათანასეს სახელით, მღვდლად აკურთხეს და ეკლესიარქად იქნა დადგენილი. აქვე შეიქნა წმინდანი ღირსი ღვთაებრივი გამოცხადებისა: ჯვარცმიდან გამოსულმა უფლის ხმამ სამღვდელმთავრო მსახურებისკენ მოუწოდა.

ათი წლის შემდეგ წმინდა ათანასე, კვლავ ათონზე გადავიდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებმა აიძულა, გალანტის მთასვე დაბრუნებოდა. ვერც აქ პოვა ნეტარმა სასურველი განმარტოება: უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევა-დარიგებისათვის. ასე წარმოიქმნა ამ ადგილას დედათა მონასტერი. იმ ხანებში, პატრიარქ იოანე ვეკის დროინდელი შფოთისა და არეულობის შემდეგ, კონსტანტინოპოლის კათედრა დაქვრივებული იყო. კეთილმსახური იმპერატორის, ანდრონიკე პალეოლოგის წინადადებით 1289 წელს მღვდელმთავართა და ღვთისმსახურთა კრებამ წმინდა ათანასე ერთხმად აირჩია ეკლესიის წინამძღვრად.

ნეტარი მამა მოშურნედ შეუდგა ახალი მოვალეობის შესრულებას: გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოში მწვალებლურ სწავლებათა აღმოსაფხვრელად, მკაცრად ამხელდა სასახლის კარისა და ეკლესიის მსახურთა მანკიერებებს. ყოველივე ამან გავლენიან სასულიერო პირთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1293 წელს წმინდანი იძულებული შეიქნა, კათედრა დაეტოვებინა. ნეტარი კვლავ განმარტოებულ მოღვაწეობას დაუბრუნდა თავის მონასტერში. 1303 წელს, უფლის ნებით, ათანასეს ხელმეორედ გადასცეს პატრიარქის კვერთხი. კიდევ შვიდი წელი ზიდა უფლის რჩეულმა მწყემსმთავრის მძიმე ჯვარი, მაგრამ 1311 წელს, როცა სამღვდელოებაში ისევ უკმაყოფილებამ იჩინა თავი, მან არ ისურვა, ეკლესიური შფოთის მიზეზი შექმნილიყო, თავის სავანეს მიაშურა.

როდესაც ღირსი ათანასეს მიწიერი ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა, მას უფალი ჩვენი იესო ქრისტე კიდევ ერთხელ გამოეცხადა: უფალმა გაკიცხა იგი სამეუფო მოვალეობის ბოლომდე შეუსრულებლობისათვის. ათანასემ ცრემლებით შეინანა მაცხოვრის წინაშე თავისი სულმოკლეობა. უფალმა მას შეუნდო და სასწაულმოქმედების ნიჭი მიემადლა. წმინდა მღვდელმთავარი XIV საუკუნის დასაწყისში ასი წლის ასაკში წარდგა უფლის წინაშე.

ბეჭდვა
1კ1