ღირსი ფილოთეოს ათონელი (X-XI) - 21 ოქტომბერი (3 ნოემბერი)
ღირსი ფილოთეოს ათონელი (X-XI) - 21 ოქტომბერი (3 ნოემბერი)
ღირსი ფილოთეოს ათონელი ელატიაში დაიბადა. თურქების შიშით მისი მშობლები მაკედონიაში, ქრისოპოლში გადასახლდნენ. მალე წმინდანის მამა გარდაიცვალა. იმ დროს ფილოთეოსი და მისი ძმა ჯერ კიდევ ძალიან პატარები იყვნენ და დედის ანაბარა დარჩნენ. ქრისტიანი ძმები თურქებმა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ფილოთეოსი და მისი ძმა საპყრობილეში სხვა ქრისტიან ბავშვებთან ერთად იყვნენ. ბევრმა პატარამ უარყო ქრისტე და სიცოცხლე ასე გადაირჩინა, თუმცა ძმებს არც უფიქრიათ მაცხოვრის რწმენისთვის ზურგი ექციათ. მათი დედა ევდოკია ცრემლით ევედრებოდა დედა ღვთისას შეწევნოდა მის ძეებს. ღვთისმშობელმა შეისმინა გამწარებული დედის ლოცვა და ქრისტიანი ძმები გამოიხსნა საპყრობილიდან სასწაულებრივად. ყოვლადწმინდა ქალწული ბავშვებს დედის სახით გამოეცხადა და ქალაქ ნეაპოლის (მცირე აზია) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მიიყვანა. აქ ძმები ბერად აღიკვეცნენ.

გავიდა წლები. ფილოთეოსის დედა, ევდოკია, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე არაფერი სმენოდა შვილების შესახებ, ღვთის საკვირველი განგებულებით, ნეაპოლში ჩავიდა და დედათა მონასტერში მონაზვნად შედგა. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი სხვა თანამოსაგრე დედებთან ერთად იმ სავანეში მოხვდა ტაძრის დღესასწაულზე, სადაც მისი ძეები მოღვაწეობდნენ, მათ მაშინვე იცნეს ერთმანეთი, გაკვირვებულმა და გახარებულმა დედამ შვილებს ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდითო. შვილებმა უპასუხეს: "ეს შენ უკეთ უწყი; განა თავად არ მოგვიყვანე აქ საპყრობილიდან გამოხსნის შემდეგ?!" ევდოკია დარწმუნდა, რომ ღვთისმშობელმა მისი მხურვალე ლოცვები უპასუხოდ არ დატოვა.

ბოროტმა მოინდომა ფილოთეოსის დამარცხება. დემონი ჩაუსახლდა ერთ მონაზონს და განიზრახა მისი მეშვეობით ბერი ეცდუნებინა და სიძვის ცოდვაში ჩაეგდო. ფილოთეოსი ძველი აღთქმის იოსების მსგავსად განერიდა ცოდვას და დაამარცხა ბოროტი.

დედის გარდაცვალების შემდეგ ფილოთეოსმა ათონის წმინდა მთას მიაშურა, სადაც ჯერ დიონისეს მონასტრის ძმობაში შევიდა, შემდეგ კი სრული მდუმარებისთვის გამარტოვდა. გამუდმებული ლოცვითი ღვაწლით ღირსმა მამამ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და განჭვრეტის მადლი მოიგო. 84 წლისამ უფლის რჩეულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ წმინდანმა თავის მოწაფეებს სთხოვა, მისი ცხედარი არ დაეკრძალათ და უპატიოდ დაეგდოთ ტყეში, ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად. ძმებმა შეასრულეს მოძღვრის კურთხევა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფალმა საკვირველი ნათებით განადიდა თავისი რჩეულის წმინდა ნეშტი, იგი პატივით გადააბრძანეს სავანეში.

ბეჭდვა
1კ1