ღირსი ილარიონ მეგლინელის (+1164) წმინდა ნაწილთა გადასვენება 1206 წელს - 21 ოქტომბერი (3 ნოემბერი)
ღირსი ილარიონ მეგლინელის (+1164) წმინდა ნაწილთა გადასვენება 1206 წელს - 21 ოქტომბერი (3 ნოემბერი)
ბულგარელმა მეფე კალოიოანმა, მეფე ასენიასის ძმამ, დაიპყრო ბერძნული მიწები და აიღო ქალაქი მეგლინა, სადაც იპოვა იქაური მღვდელმთავრის, ღირსი ილარიონის სამარხი და მოისურვა წმინდანის წმინდა ნაწილები თავის დედაქალაქ ტირნოვში გადაესვენებინა. მართლაც, ღირსი ილარიონის უხრწნელი ნაწილები 1206 წელს მეგლინიდან ქალაქ ტირნოვოში გადაასვენეს. როდესაც ბულგარეთის პატრიარქმა შეიტყო, რომ წმინდა ილარიონ მეგლინელის წმინდა ნაწილები მათთან მიბრძანდებოდა, გზად გამოეგება ეპისკოპოსების თანხლებით ანთებული კელაპტრებითა და გალობით. 21 ოქტომბერს ეკლესია სწორედ ამ მოვლენას იხსენიებს. როდესაც ბულგარეთის სამეფო ტახტი იოანე ასენ II-მ დაიკავა, ააგო ორმოცი მოწამის სახელობის ტაძარი ტირნოვში და ღირსი ილარიონ მეგლინელის უხრწნელი ნაწილები იქ დაასვენა.

ღირსი ილარიონი დაიბადა დაახლოებით 1090 წელს კონსტანტინოპოლში დიდგვაროვანი ქრისტიანების ოჯახში. იგი ეროვნებით ბერძენი გახლდათ. თვრამეტი წლისა განერიდა ამსოფლიურ სიამეებს და ბერად შედგა. მალე ნეტარი მამა კეთილმსახური და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისთვის სავანის წინამძღვრად აკურთხეს. წმინდანი გულმოდგინედ ზრუნავდა მისთვის მინდობილი სულების ხსნისთვის და ძმებს მოუწოდებდა, გაფრთხილებოდნენ საცხონებლად მონიჭებულ ძვირფას დროს. 1134 წელს უფლის რჩეულს მეგლინის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მან ბევრი იღვაწა იმ ხანებში ბულგარეთში ფართოდ გავრცელებული ბოგომილების და მონოფიზიტთა მწვალებლური სწავლებების სამხილებლად. წმინდა მღვდელმთავარი 1164 წელს გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1