ღირსი გაბრიელ ათონელი (+1901) - 19 ოქტომბერი (1 ნოემბერი)
ღირსი გაბრიელ ათონელი (+1901) - 19 ოქტომბერი (1 ნოემბერი)
ღირსი გაბრიელი დაიბადა 1849 წლის 8 იანვარს კიევის გუბერნიაში, ერთ ღარიბ ოჯახში. რადგანაც მისი დაბადების დღეს ხსენებაა წმინდა გიორგი ქოზიბელისა, ყრმას ნათლისღებისას სახელად გიორგი უწოდეს. თორმეტი წლისა დაობლდა. განათლება სოფლის სკოლაში მიიღო, განსაკუთრებული მონდომებით ყრმა საღმრთო წერილს სწავლობდა. ერთხელაც მძიმედ ავად გახდა და ღვთისმოსავმა ყმაწვილმა აღთქმა დადო, რომ კიევის სიწმინდეებს მოილოცავდა, ამის მერე მალევე გამოჯანმრთელდა. ამ ამბავმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა - მას შემონაზვნების სურვილი გაუჩნდა. თავიდან თეოფანეს უდაბნოში შედგა მორჩილად. შემდეგ წინამღვრის კურთხევით ახალგაზრდა მორჩილი გიორგი მოინახულებს იერუსალიმსა და მთაწმინდას, სადაც დარჩება კიდეც წმინდა ილია წინასწარმეტყველის რუსულ სკიტში. ორწლიანი მონაზვნური გამოცდის მერე გიორგი მონაზვნად აღკვეცეს და მთავარანგელოზ გაბრიელის სახელზე გაბრიელი უწოდეს, შემდეგ ჯერ დიაკვანად, და მერე მღვდლად აკურთხეს. მღვდელ-მონაზონი გაბრიელი სულიერ ღვაწლში წარემატებოდა. ის ჯერ მონასტრის გემის იკონომოსად დანიშნეს, შემდეგ სკიტის მნედ. რაღაც დროის შემდეგ კი კონსტანტინოპოლში ილიას სკიტის მეტოქიონის წინამძღვრად დაადგინეს.

1887 წელს ახტირის მონასტერში გადასახლდა სკიტის წინამძღვარი მამა პაისი და მამა გაბრიელს ჩააბარეს წმინდა ილიას სკიტის ხელმძღვანელობა. ის არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. მის პერიოდში დაიწყო ახალი საკრებულო ტაძრის მშენებლობა. იმის გამო, რომ სახსრები არ ჰყოფნიდათ ტაძრის ასაგებად, მამა გაბრიელი რამდენიმე ათონელთან ერთად რუსეთში გაემგზავრა შემოწირულობის შესაგროვებლად. წმინდა გაბრიელი ილიას სკიტზე ზრუნვასთან ერთად, არ ივიწყებდა სკიტის რუსულ მეტოქიონებს. მან დიდებული ტაძარი ააგო ოდესაში, სკიტის მეტოქიონში. 1901 წელს მას სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, კიდევ ერთხელ მოუხდა სკიტის მეტოქიონების შემოვლა. იყო კონსტანტინოპოლში, ოდესაში ტაგანროგში. ოქტომბერში მივიდა ნოვონიკოლაევსკში. 14 ოქტომბერს წირვის შემდეგ უძლურება იგრძნო. ეზიარა ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და 19 ოქტომბერს წარდგა უფლის წინაშე. წმინდა გაბრიელი ოდესაში გადაასვენეს და მის მიერ აგებული ტაძრის კრიტში დაკრძალეს. 1994 წელს უამრავი ნიშსასწაულების შემდეგ, რაც ხდებოდა წმინდანის საფლავის გარშემო, მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. წმინდა გაბრიელ ათონელი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანია.

...........................

მღვდელმოწამე სერგი (პოკროვსკი), ხუცესი (+1937); ღირსი ანტონი ახალი (აბაშიძე), მღვიმელი აღმსარებელი, სქემეპისკოპოსი (+1942)

მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1