აღმოყვანება ნაწილთა წმინდისა ლაზარესი (+63), ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა, 898 წელს აღმოყვანება - 17 (30) ოქტომბერი
აღმოყვანება ნაწილთა წმინდისა ლაზარესი (+63), ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა, 898 წელს აღმოყვანება - 17 (30) ოქტომბერი
მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმინდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა. როცა ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ბეთანიაში ჩავიდა, და ოთხი დღის წინ დაფლული მიცვალებული, მკვდრეთით აღადგინა. აი, როგორ მოგვითხრობს ამ დიდებულ და დრამატულ მოვლენას წმინდა წერილი: ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის - მართას სოფლელი. ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო. დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის. ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ. უყვარდა იესოს მართა, მისი და და ლაზარე. როდესაც გაიგო, ავად არისო, ორი დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაც იყო. ხოლო ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში. მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახან ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ? იესომ უთხრა მათ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქვეყნის ნათელსა ხედავს. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში. ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას. ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს: უფალო, თუ მიიძინა, მომჯობინდება. მაგრამ იესო მის სიკვ¬დილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას. მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა. და მიხარია თქვენ გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან. ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ. როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა. ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე. ბევრი იუდეველი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი. მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა. და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი. უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა. მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს, ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად. ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას - მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო. ხოლო ის, ამის გაგონებისთანავე, ადგა და მისკენ გასწია. რადგანაც იესო ჯერ კიდევ არ მისულიყო სოფელში, არამედ იმ ადგილას იყო, სადაც მიეგება მართა. როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო. მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა: - სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე. მაშინ აცრემლდა იესო. იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი. ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო? ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ. იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ. უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი. და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ! და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს. მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი (ინ. 11,1-45) (ლაზარეს აღდგინებას ეკლესია იხსენიებს დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეში - "ლაზარეს შაბათს"). მომხდარმა სასწაულმა მრავალი იუდეველი ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია. მართალი ლაზარე წმინდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, "მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო... იუდეველთაგან ძალიან ბევრმა გაიგო, აქ არისო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. ხოლო მღვდელმთავრებმა განიზრახეს ლაზარეს მოკვლაც. ვინაიდან მის გამო მრავალი იუდეველი მოდიოდა და აღიარებდა იესოს". (ინ. 12; 1-2, 9-11). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცოცხლა. წმინდა პეტრე მოციქულმა ის კვიპროსის ეპისკოპოსად აკურთხა. გადმოცემით, წმინდა ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასულმა ყოვლადწმინდა ღვ-თისმშობელმა მოინახულა და თავისი დამზადებული ომოფორი გადასცა. წმინდა ლაზარე კვიპროსზე გარდაიცვალა.

886 წელს იმპერატორმა ლეონ VI ბრძენად წოდებულმა, საღმრთო მოსწრაფებით და კეთილკრძალულებით კონს-ტანტინოპოლში მართალი ლაზარეს სახელობის დიდებული ტაძარი ააშენა და როცა დაასრულეს, ხალხი გაგზავნა მართალი ლაზარეს წმინდა ნაწილთა გადმოსასვენებლად, რომელიც კვიპროსზე, ქალაქ კიტიონში მარმარილოს ლუსკუმაში იყო ჩასვენებული. ლუსკუმაზე წაეწერათ: "ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი". როცა სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი, უამრავი სასწაული აღესრულა. სიწმინდიდან მომდინარე საღმრთო მადლი განდევნიდა ეშმაკებს, განკურნავდა სნეულებს. მის საფლავზე დანთებული კანდელის ზეთის ცხებით სიცოცხლე დაუბრუნდა მკვდარს.

სურათზე: წმინდა ლაზარეს საფლავი კუნძულ კვიპროსზე

აქვე წაიკითხეთ:

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა (898) - 17 (30) ოქტომბერი

ბეჭდვა
1კ1