წმინდა ეპისკოპოსი სიმპერტი (IX) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა ეპისკოპოსი სიმპერტი (IX) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა სიმპერტი 750 წელს დაიბადა დიდებულთა ოჯახში. მისი მამა ლოტარგიის პრინცი იყო, ხოლო დედა - იმპერატორ კარლოს დიდის ღვიძლი და. ბავშვობისას მონასტრის სკოლაში სწავლობდა, სიჭაბუკის წლები ელზასში მურბახის ბენედიქტელთა მონასტერში გაატარა, სადაც მონაზვნად აღიკვეცა. 778 წელს, ეპისკოპოს ტოცოსის სიკვდილის შემდეგ, მას აუგსბურგის კათედრა ჩააბარეს და ოცდაათი წელი მართავდა ეკლესიას. რთულ დროს მოუხდა მოღვაწეობა. გერმანიის მიწაზე გახშირებულმა ომებმა ეკლესია-მონასტრებიც შეიწირა. წმინდა სიმპერტი ბევრს ზრუნავდა დაზიანებულის აღსადგენად და ახალი ტაძრების ასაშენებლად. წმინდა სიმპერტი IX საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა.

მას დაკარგული ყრმების მომძიებელად თვლიან. 1230 წელს ერთი უმეთვალყუროდ დარჩენილი ყრმა სახლიდან შორს წავიდა, მგელმა პირი სტაცა და ტყეში გაიტაცა. ბავშვის დედას დიდი სასოება ჰქონდა წმინდა სიმპერტისა და გულშემუსვრილმა სთხოვა წმინდანს, ყრმა დაეცვა, მალე მგელი გამოჩნდა და ბავშვი სრულიად უვნებელი მოუყვანა. ქალმა ყრმა ხელში აიყვანა და აუსგბურგში წავიდა წმინდანის საფლავის მოსალოცად, სადაც ყველას მოუთხრო მომხდარი სასწაულის შესახებ. შემდეგ აუგსბურგელ მხატვრებს მცირე ზომის ბარელიეფი დაამზადებინა, სადაც მგელი იყო გამოსახული, რომელსაც პირით მისი შვილი ეჭირა. ეს ბარელიეფი დიდხანს იდო წმინდა სიმპერტის საფლავთან.

1977 წელს წმინდა სიმპერტის საფლავი გახსნეს და იქ მღვდელმთავრის ნაწილებთან ერთად მისი "ცხოვრება" იყო ჩადებული, რომელიც 1492 წლითაა დათარიღებული.

ბეჭდვა
1კ1