წმინდა მელეტი, ალექსანდრიის პატრიარქი (+1601) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა მელეტი, ალექსანდრიის პატრიარქი (+1601) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა მელეტი (პიგასი) დაიბადა 1549 წელს კრეტაზე, კანდაკში. ყრმობიდანვე სწავლისადმი დიდი უნარი გამოიჩინა. მელეტი ვლასტოსთან განსწავლის შემდგომ მშობლებმა ჯერ ვენეციაში გააგზავნეს, შემდეგ კი პანდუანის უნივერსიტეტში. იქ ღვთისმეტყველების პროფესორობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა, რადგან ფლორენციის კრების დადგენი¬ლების მიღება არ უნდოდა.

სამშობლოში დაბრუნებულმა მონაზვნური ცხოვრებისათვის ანგარაფის მონასტერი აირჩია. ის გულმოდგინე მოშურნედ ასრულებდა ყველა დავალებას. მალე თანამემამულეთა თხოვნით მელეტიმ კანდაკის ბერძნული სკოლის ხელმძღვანელობა თავს იდო. ის თავისი მხურვალე ქადაგებებით მოწაფეებს და იქაურებს მართლმადიდებლობის ერთგულებას უნერგავდა, რომ ლათინი დამპყრობლებით დაშინებულებს არ ეღალატათ რწმენისთვის.

როცა ანგარაფის მონასტრის იღუმენი ალექსანდრიის პატრიარქად აკურთხეს, მის ნაცვლად წინამძღვრად წმინდა მელეტი აირჩიეს (1569 წ.). მისი მართლმადიდებლობის დაცვის მზრუნველობა კათოლიკე სასულიერო პირებს შეშურდათ და მოახერხეს წმინდანის ჩამოშორება.

მელეტიმ კრეტა დატოვა და ერთხანს სინას მონასტერში მშვიდად მოსაგრეობდა. როცა იერუსალიმის ახალი პატრიარქი აირჩიეს, წმინდა ქალაქში პატრიარქი სილვესტერიც (სილიბისტრო) ჩამოვიდა. მან დაარწმუნა მელეტი ალექსანდრიის ეკლესიის მართვაში დახმარებოდა პროტოსინკელის და ეპიტროპის ხარისხით. მაშინ უმძიმესი მდ-გომარეობა იყო, თურქებისგან ეკლესიის შევიწროებამ, მის წიაღში უღირსი მღვდლების გამრავლებამ, ხალხს იმედი გაუცრუა და სულიერად დასცა. მიუხედავად ამისა, წმინდა მელეტი უმეტესად ქადაგებებით ცდილობდა მრევლში რწმენისა და ქრისტიანული მორალის პრინციპების განმტკიცებას, ასევე სცადა მართლმადიდებლურ რწმენაზე კოპტების მოქცევა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მელეტიმ ააღორძინა მონაზვნური ცხოვრება ალექსანდრიაში, წმინდა საბას სავანე სამაგალითოდ აქცია და იქ სასულიერო სკოლა დააარსა. ის ამ დროს შეეჯახა ლათინურ პროზელიტიზმს, რომლებიც სკოლებს და საქველმოქმედო საზოგადოებებს ქმნიდნენ და ბევრი გაჭირვებული მართლმადიდებელი მიიმხრეს. მაშინ წმინდა მელეტიმ ტრაქტატი დაწერა კათოლიკეთა დოგმატურ ცდომილებებზე, ისეთი როგარიცაა "ფილოკვეა" (ანუ სულიწმიდის ძისაგანაც გამოსვლის დოგმატი), პაის პრიმატი და გრიგორიანული კალენდრის თავს მოხვევის მცდელობა. ის უფრო მეტად პროტესტანტებთან (რეფორმატორებთან) მეგობრობდა, თუმცა არაფერს უთმობდა სარწმუნოებრივი მოძღვრების საკითხებში.

1582 წელს წმინდა მელეტი ქაიროში გაემგზავრა, სადაც წარმატებით იღვაწა საეკლესიო ცხოვრების ასაღორძინებლად. ორი წლის შემდეგ ის რუსეთში მიიწვიეს ფლორენციის კრების დადგენილებების გადასათარგმნად. გზად კონსტანტინოპოლში შეჩერდა, რადგან სთხოვეს, ქრისტიანები ქადაგებებით გაეძლიერებინა. მელეტი ოთხი წელი (1584- 1587) ეკლესიის აღშენებისთვის იღვწოდა და მოწმე შეიქნა, როგორ წაართვეს მართლმადიდებლებს ყოვლადნეტარი (პამმაკარისტოს) ღვთისმშობლის საპატრიარქო ტაძარი. მიუხედავად უზარმაზარი სიძნელეებისა, მან შეძლო წინაღდგომოდა იეზუიტების პროზელიტიზმს და გადასახლებიდან დაებრუნებინა პატრიარქი იერემია.

რუსეთშიც ვეღარ წავიდა, რადგანაც როდოსში გამოიძახა ავადმყოფმა პატრიარქმა, რომელმაც შესთავაზა, მის ნაცვლად დაეკავებინა მოციქულ მარკოზის საყდარი. მელეტი სიმდაბლის გამო უარს ამბობდა, და ბოლოს დათანხმდა, რომ ეევიპტეში ეგზარქოსად დაბრუნებულიყო პატრიარქის ყველა უფლებამოსილებით აღჭურვილი. სილიბისტროს გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად მელეტის წინააღმდეგობისა, ის 1590 წლის 5 აგვისტოს ალექსანდრიის პატრიარქად აირჩიეს. მთელი ერი მიესალმა კეთილ მწყემსს, რომელიც მზად იყო, ცხოვართათვის თავი გაეწირა. ახალარჩეულმა პატრიარქმა უპირველეს მიზნად დაისახა ეკლესია ურიების და თურქების ვალისგან გაეთავისუფლებინა. შეძლო და სულთანს დადგენილება მიაღებინა, რომლის ძალითაც აღარ აპატიმრებდნენ საეკლესიო ქონებისთვის. წმინდა მელეტი მხოლოდ ალექსანდრიის ეკლესიისთვის კი არ იღვწოდა, გულმოდგინედ ზრუნავდა მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. 1593 წელს კვლავ გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, რათა დასწრებოდა კრებას, რომელმაც მოსკოვის საპატრიარქოს შექმნა დაამტკიცა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კანონიკური წესრიგის აღდგენისათვის. იქიდან გაემგზავრა ქიოსზე, სადაც ბრწყინვალედ დაიცვა მართლმადიდებლობა. ალექსანდრიაში ახალი დაბრუნებული იყო, რომ კვლავ მოუწია კონსტანტინოპოლში წასვლა, რადგან გამოიძახეს ზოგიერთი კანონიკური და სამღვდელო საკითხების გადასაწყვეტად. ის ფიქრობდა კიდეც რუსეთსა და პოლონეთში ემოგზაურა და შეწინააღმდეგებოდა იეზუიტებს და უნიას. მაგრამ პატრიარქის მოვალეობის გამო ეს ვერ შეძლო და იმ ქვეყნებში თავისი ნათესავი კირილე ლუკარისი (ის გახლდათ მელეტის მემკვიდრე ალექსანდრიის საპატრიარქო ტახტზე და შემდგომში კონსტანტინოპოლის პატრიარქი (1572-1638)), ამ სახელმწიფოების მეთაურებთან წერილი გაატანა, და მოუწოდა სკოლები და სტამბა დაეარსებინათ, რომ წინ აღდგომოდნენ ლათინების პროზელიტიზმს.

წმინდა ბასილის და სხვა წმინდა აღმსარებლების გარდა, პატრიარქი მელეტი ყველა ეკლესიაზე ზრუნავდა. თავისი საქმიანობით ხალხის იმხელა პატივისცემა დაიმსახურა, რომ პატრიარქ იერემიას სიკვდილის შემდეგ კონსტანტინოპოლის საყდარზე ერთადერთ კანდიდატად აღიარეს (1596), მელეტიმ უარი თქვა, ქრისტიანულმა ეგვიპტემ განაცხადა, რომ პატრიარქს არ გაუშვებდნენ.

რადგანაც ახლად არჩეული პატრიარქი გაბრიელი მალე გარდაიცვალა, ორ თვეში გარდაიცვალა ათენის მიტროპოლიტი თეოფანეც, რომელიც დროებით ხელმძღვანელობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას და მერე პატრიარქიც გახდა, წმინდა მელეტი დათანხმდა კონსტანტინოპოლის ეკლესია ემართა, როგორც მოსაყდრეს, ვიდრე ახალ პატრიარქს აირჩევდნენ. 1597-98 წლებში ასრულებდა ამ მოვალეობას. ამ პერიოდში მან შეძლო კონსტანტინოპოლის ეკლესიის მდგომარეობის გამოსწორება. ბრძოლა გამოუცხადა "სვიმონიას" სასულიერო პირთა შორის და აღადგინა ქრისტიანული ზნეობა, ამასთან, ის მართლმადიდებლობის დასაცავად იბრძოდა. საქმეს რომ მორჩა, ალექსანდრიაში დაბრუნებას აპირებდა. გზად ქიოსში შეიარა და უკანასკნელი ბრძოლა გაუმართა ლათინებს. სნეული და შრომით დაღლილი პატრიარქი 52 წლისა გარდაიცვალა 1601 წლის 13 ოქტომბერს. ალექსანდრიის ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა 2002 წელს, წმინდა იოაკიმესა (17 სექტემბერი) და წმინდა გერასიმესთან (15 იანვარი) ერთად.

ბეჭდვა
1კ1