ღირსი ანტონი - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი (+1815) და მოწაფე მისი იაკობ ხუცესმონაზონი - 13 (26) ოქტომბერი
ღირსი ანტონი - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი (+1815) და მოწაფე მისი იაკობ ხუცესმონაზონი - 13 (26) ოქტომბერი
ღირსი ანტონ ჭყონდიდელი - საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე - დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში. დედა - გულქანი - რაჭის ერისთავის შოშიტა III-ის ქალიშვილი იყო. ოჯახში ხუთი ვაჟი და ერთი ასული - მარიამი (შემდგომში იმერეთის დედოფალი, ცოლი სოლომონ დიდისა) იზრდებოდნენ. შვილებს დაწყებითი განათლება დედამ მისცა. ის იყო ძველი დედების ტრადიციების გამგრძელებელი, რომლის ცოცხალი სარწმუნოება და კეთილი საქმეები მისაბაძი იყო ყველასათვის. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) ძმის, კაცია დადიანის კარზე იზრდებოდა. მას საერო მოღვაწედ ამზადებდნენ და ამიტომაც საღვთო წერილსა და მამათა შრომებზე უფრო ღრმად საერო მწერლობა, პოეზია, ფილოსოფია და ხელოვნება შეასწავლეს. ანტონი ფლობდა თურქულ ენასაც, რომელიც იმ დროისათვის ძალზე პრესტიჟული და აუცილებელი იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანტონმა მონაზვნობა გადაწყვიტა და მალე აღიკვეცა კიდეც.

საგულისხმოა წმინდა ანტონ ჭყონდიდელის ბერად შედგომის ამბავიც: მამამისმა ოტია დადიანმა ერთ-ერთი ძე, ნიკოლოზი, ბერად აღკვეცა, რათა გრიგოლ ჭყონდიდელის გარდაცვალების შემდეგ ჭყონდიდის მწყემსმთავრად დაესვა. ჭაბუკი სრულწლოვანი რომ გახდა, მღვდელმონაზვნობა ებოძა და ჭყონდიდელის მოადგილედ მიიჩნეოდა, მაგრამ ვერ გამოდგა ღირსეული ბერი - საერო ცხოვრებას მისდევდა, ნადირობა და ქორ-მიმინო უყვარდა.

ერთხელ მთელი დღე ინადირა, წვიმაში მოყვა და დასველდა. საღამო ჟამს გამოიდარა და ბერმა თავისი ქუდი გასაშრობად მარგილზე ჩამოკიდა. ქუდი გაშრა, მაგრამ სახე იცვალა - მარგილისგან აიბურცა და თუმცა პატრონი ბევრს ეცადა, ადრინდელი ფორმა ვერა და ვერ დაუბრუნა.

ამ ქუდით ნიკოლოზ ბერი ერთ დარბაზობაზე, ფრიად საპატიო საზოგადოებაში მოხვდა. ყველამ შეამჩნია მისი გასაჭირი და დარბაზში ჩურჩული და სიცილი ატყდა. მაშინ ახალგაზრდა ანტონი წამოდგა და ძმას მიმართა: "გეტყობა, ბერის ანაფორას ღირსეულად ვერ ატარებ, საერო ცხოვრებისკენ მიგიწევს გული და არ ძალგიძს იტვირთო მონაზვნობის მძიმე უღელი. არავის ხელეწიფება მონება ორთა უფალთა. გევედრები, მიატოვე ბერობა და შენს ნაცვლად მე ვიტვირთებ ამ საქმესო". მართლაც, ნიკოლოზმა ანაფორა გაიხადა, ცოლი შეირთო და მთელი სიცოცხლე ერში გაატარა, ანტონი კი, აღთქმისამებრ, ბერად შედგა.

მონაზვნად შემდგარმა ანტონმა მომეტებულად იგრძნო წყურვილი საეკლესიო განათლებისა. მან მიმართა მარტვილის ბერებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც ეცნობოდა წმინდა მამათა თხზულებებს. განათლების შესავსებად მას მიჰგვარეს ფრანგი მისიონერები, რომელთაც მისთვის უნდა ესწავლებინათ სქოლასტიკური ფილოსოფია. ანტონს არც ფრანგების ქცევა მოეწონა და არც მათი სწავლება, მან შეიტყო, რომ ფრანგი ბერები მწვალებლობის ღვარძლს ურევდნენ მართლმადიდებლურ მოძღვრებაში. ერთხელ, სადილობის დროს, ანტონმა უთხრა ლათინ ბერს: "თუ შეგიძლია ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ჩაასხა ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს?" ლათინმა მოძღვარმა უპასუხა, რომ ეს შეუძლებელია. მაშინ ანტონმა უთხრა: "როგორც ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო არ ჩაისხმის ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს, აგრეთვე ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლურ და მწვალებლურ მოძღვრებებს ისე, რომ ერთი მეორეს არ გაჰრიოსო", - და ამ დღიდან დაითხოვა ლათინი ბერი.

სწავლის სურვილი არ ასვენებდა ანტონს. "ურვა მქონდა სწავლისა და მკურნალს ვეძიებდი", - წერს თავად. ამ დროს სამეგრელოში გაიგეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაიხსნა საფილოსოფოსო სკოლა და 1757 წლის ახლო ხანებში ანტონი გაემგზავრა თბილისს, მეფე ერეკლე II-ის კარზე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი მამიდა დარეჯანი. "წარმოვედ (სწავლად) სამეფოსა ქალაქსა, შორსა სოფელსა თბილისსა მეგრელოით (ესე იგი სამეგრელოით) არა განბნევად სიმდიდრისა, არამედ მოსაღებად გოლისა თაფლისასა... თბილისს ვიხილენ მრავალნი წარმატებულად ხედვათა შინა ფილოსობოსობათა, რამეთუ ბრწყინვალესა ირაკლი მეორეს, დიდსა მეფესა, აღეგო სხოლა ქალაქსა თელავს და მუნით წვრთნილ იყვნენ". აქ ის სწავლობდა ფილიპე ყაითმაზაშვილისა და მისი მოწაფის, ზაქარიას ხელმძღვანელობით.

სამეგრელოში დაბრუნების შემდეგ, 1761 წელს ღირს ანტონს ხელი დაასხეს ცაგერის ეპისკოპოსად. 1765 წელს ანტონ ცაგარელს მოუხდა თბილისში წასვლა: ერეკლეს და, ელისაბედი, მისთხოვდა ანტონის ძმას, კაცია დადიანს. წირვის დროს ახალგაზრდა ანტონს ხელში მისცეს დაუწერელი ქაღალდი. მაშინდელი ჩვეულებით, ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ქადაგება უნდა წარმოეთქვა. ეს მოხდა სულთმოფენობის დღეს. ანტონს ისე ლამაზად და ბრძნულად უქადაგია, რომ აღტაცებულ კათოლიკოსს იგი ამბიონზე გადაუკოცნია.

1777 წელს გარდაიცვალა ჭყონდიდელი გრიგოლი, ბეჟან დადიანის ძე. იმავე წელს ჭყონდიდის ტახტზე ავიდა ანტონ ცაგარელი, ხოლო ცაგერის კათედრა მიიღო მისმა ნათესავმა სოფრონმა.

ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებას განუზომელი გავლენა ჰქონდა მსმენელებზე. ანტონი ყოფილა სრული ტანისა და ახოვანი შეხედულების, მკაფიოდ და რიხიანად მეტყველი, პირუთვნელი და უშიშარი მამხილებელი ძლიერთა და მანუგეშებელი ჩაგრულთა, მის მარხვისაგან გალეულ პირისახეზე აღბეჭდილი იყო ანგელოზებრივი სათნოება, რაც აორკეცებდა მისი სიტყვების სიძლიერეს. "ეს იყო კაცი, რომელსაც სამართლიანად შეეძლო პავლე მოციქულთან ერთად ეთქვა: "არაჲ დავიდევ გულსა ჩემსა, განა ხოლო იესო და ესეცა ჯვარცმული", მისი ცხოვრება იყო სრული განხორციელება ქრისტეს მცნებათა: ყოველგვარი ხორციელი ფუფუნება უარ ჰყო, მარხვასა და მოთმინებას მისცა თავი, უპერანგო-ამხანაგო შიშველ ტანზე იცვამდა უსარჩულო მქისე ჩოხას და შეუბილწებისთვის ღია შარვალს, რომ ხორცისთვის ხელი არ ეხლო, ესრეთსვე ცხოვრებას თხოულობდა ბერებისაგან, რომელნიც, როგორც სჩანს ანტონის ქადაგებათაგან, ვერ იტანდნენ ესრეთს სასტიკ ცხოვრებას და დრტვინვიდნენ" (თედო ჟორდანია). საოცრად კეთილი მღვდელმთავრის ბრძანებით, ჭყონდიდელის რეზიდენციაში ყოველდღე მზადდებოდა სადილი ღარიბ-ღატაკთათვის. ამ წესს შემდგომ ყველა ჭყონდიდელი იცავდა 1853 წლამდე და ზოგი - მერეც.

XVIII საუკუნეში სამეგრელოში ზოგიერთმა დიდებულმა შემოიღო ტყვეთა გაყიდვის უსაშინლესი წესი.

ანტონი მტკიცედ აღუდგა წინ ამ ბოროტ ჩვეულებას. ის შეაჩვენებდა ტყვეების მსყიდველთ, ასე მოექცა ფაღავებს და ჩიჩუებს. მათ სახლში მღვდელს არ შეუშვებდა, მათ სოფელში ეკლესიას დაკეტავდა. 1792 და 1794 წელს ანტონის თავმჯდომარეობით ჩატარდა ადგილობრივი კრება, რომელმაც მკაცრი განაჩენი გამოუტანა ტყვეთა მსყიდველებს. კრებამ დაადგინა: ტყვის მყიდველ თავადების სოფლებში ყველა ეკლესია დაიხუროს, ყველა მღვდელმოქმედება იმათ ოჯახებში დაეყენოს, გარდა ნათლისღებისა. რასაკვირველია, ასეთი სასტიკი ზომები ყოველთვის მიზანს აღწევდა: დამნაშავენი შენდობას თხოულობდნენ, საკანონოს იხდიდნენ და გაყიდულ ტყვეს გამოიხსნიდნენ ხოლმე.

ამასთან წმინდა ანტონი დიდად ცდილობდა გურულებსა და მეგრელებს შორის მშვიდობა ჩამოეგდო. ამ მიზნით 1783 წელს ანტონმა გაგზავნა არქიმანდრიტი გერმანე (ელიავა) გიორგი გურიელთან მოსალაპარაკებლად და მშვიდობის ჩამოსაგდებად.

1789 წელს მიტროპოლიტმა ანტონმაც დატოვა ჭყონდიდის კათედრა, უბრალო მონაზვნური ღვაწლი იტვირთა და მის მიერვე აშენებულ ნახარებაოს მონასტერში განმარტოვდა. მან ეს მონასტერი გაამდიდრა სიწმინდეებით, ძველი ხატებით, დიდძალი მამულებით და გლეხებით. ჭყონდიდელობიდან გადადგომის წინა წელს (1788 წ.) მთავარს, კაცია დადიანს, ყველა საეკლესიო მამული გაათავისუფლებინა საერო გადასახადებისგან, რაც დაკარგული მამულები იყო, ამოიგო და ხელახლა დაუმტკიცა მარტვილის ეკლესიას, ნახარებაოს და საირმის მონასტრებს. წმინდა ანტონს მუდამ გვერდით ედგა უახლოესი მეგობარი და თანაშემწე, მღვდელ-მონაზონი იაკობი, რომლის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება.

ღირსი ანტონი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1815 წელს მის მიერვე აშენებულ მონასტერში, დაკრძალულია იქვე.

მის ორატორულ ნიჭსა და ქადაგებაზე კორნელი კეკელიძე წერს: "კრებული მისი ქადაგებებისა გამოიცა 1898 წელს ქ. ფოთში თ. ჟორდანიას რედაქტორობით. ამ კრებულში ყველა მისი ქადაგება არ შესულა. აქ მხოლოდ 34 მოძღვრებაა. ამათ გარდა, როგორც თ. ჟორდანია ამბობს, კიდევ არსებობს მეორე კრებული დიდმარხვის დღეებში წარმოსათქმელ ქადაგებათა, რომელთა დაბეჭვდა მას ვერ მოუსწრია. ანტონის ქადაგება ყველა ზნეობრივ თემაზეა წარმოთქმული. განყენებული დოგმატიკური ხასიათის თემებს ის გაურბოდა, ალბათ, ის უფარდებდა თავის მოძღვრებას მსმენელთა წრეს. ამით აიხსნება, რომ მისი ქადაგებანი მარტივი, გასაგები და მდაბიური ენითაა დაწერილი, თუმცა სხვა თხზულებას, თეოლოგიურსა და ფილოსოფიურს, ის გადმოგვცემს მაღალი, სქოლასტიკური, ანტონისებური სტილით. ორატორი დგას საღმრთო წერილის ნიადაგზე, არგუმენტები მოჰყავს უმთავრესად ბიბლიიდან, მოკლედ და თავისუფალი გადმოცემით. ამავე დროს ის წმინდა მამათა თხზულებებითაც სარგებლობს, ციტატები მოჰყავს გრიგოლ ღვთისმეტყველის, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, იოანე სინელის, თეოდორიტე კვირელის, თეოდორე სტოდიელის, კირილე ალექსანდრიელის და სხვ. თხზულებებიდან. ერთ ადგილას მას სვიმეონ ჯულფელის დიალექტიკიდანაც მოჰყავს ციტატა, რაც მაჩვენებელია ამ მწერლისა და ფილოსოფოსის პოპულარობისა იმ დროს ჩვენში. ხანდახან "საფილოსოფოსო" მაგალითსაც მიმართავს ორატორი და თავის საკუთარ მოსაზრებასაც არაიშვიათად გვაჩვენებს, თუმცა ყოველთვის ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებთ. ანტონი ცნობილია აგრეთვე, როგორც გადმომკეთებელი სომხური ენიდან სხვადასხვა შრომისა. ერთ ამგვარ თხზულებას ეწოდება "წიგნი ჭეშმარიტებითისა ღმრთისმეტყუელებისა", ის შენახულა ერთადერთ ხელნაწერში (ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმისა №95). თხზულებას დართული აქვს წინასიტყვაობა, რომელსაც მოვიყვანთ: "გარდამოვეც წიგნი ესე ღმრთისმეტყუელებისა... მრიდებელმან სასჯელისა ტალანტის დამფვლელისასა და მოშიშმან ამის თქუმისამან, რომელ იტყჳს: მოჰკუეთე, რაჲსათჳს ქუეყანაცა დაუპყრიეს უქმად? ესევითთა მიზეზთათჳს ჴელვჰყავ ესეებრთა ჴელხებათა. ხოლო ჴელყოფაჲ იქმნა ესრეთ: "საეგრელოჲთ წარვედ რომელთამე მიზეზთათჳს შორსა სოფელსა, სამეუფოსა ქალაქსა ტფილისს, არა განბნევად სიმდიდრისა, რამეთუ დამიცვა მე უფალმან ანგელოსისა მიერ თჳსისა, არამედ მიმხედველმან ფუტკრისამან, ვინებე მიბაძვაჲ: ვითარ იგი, წარვლის რაჲ შორით და მუნით ყუავილთაგან ჰყოფს საგრძნოთა საამოსა გოლსა თაფლისასა, ეგრეთვე მუნით მომღებმან ყუავილთაგან სიბრძნისათა, მეცა ვჰყავ სულიერთა საგრძნოთა საამნი ესე, რომელი უტკბილეს არს უფროჲს თაფლისა და გოლეულისა. მივიწიე რა ზემოჴსენებულსა ქალაქსა, ვიხილენ მრავალნი წარმატებულად ხედვითთა შინა ფილოსოფოსობათა, რამეთუ ბრწყინვალესა ირაკლი მეორესა, დიდსა მეფესა, აღეგო სხოლაჲ ქალაქსა თელავს და მუნით წრთვნილ იყვნენ. და ამასვე მეფესა მოეპოვა სხოლაპეტად და მოძღურად სიბრძნისა ჰარმანთა მღდელი ფილიპპე, რომელი ღირს იყო ესევითარსა მოძღურებისა პატივსა. და ამა მოძღურისა მიერ და ამის ერთისა რჩეულისა მოწაფისა ზაქარიაჲს მიერ მიიღო უღირსებამანცა ჩემმან წვრთნილებაჲ ხედვითთა შინა ფილოსოფოსობათა. და ამის მოძღურისა მიერ და ამის მოძღურისა მოწაფექმნილთა ყოველთა მიერცა მასმიოდა საკჳრველებით ქებაჲ ამის წიგნისაჲ, გარნა ვიხილენ რა, ჩუენსა ზედა ენასა კანონებრივ ვრაცხე თქუმად ამისთჳს სიტყუაჲ საბაჲს დედოფლისაჲ, რომელი თქუა სოლომონისთჳს ბრძნისა, და ვიტყჳ მე ესრეთ: არა არს ნახევარი ამისა, რომელი იგი მომითხრეს მე ამისთჳს. ხოლო პირველ ვიდრე ხილვადმდე და გარდამოცემად ამის წიგნისა, მასმიოდა რა ესევითარი ქებჲ, არამცირედი მქონდა ურვაჲ თუ სადაჲთცა მეპოვა მკურნალი ურვისა ამის ჩემისა, და მყის ესევითარსა შინა ძიებასა, რომელი იტყჳს: ეძიებდით და ჰპოოთო, მანვე მცა მკურნალი ამის ურვისაჲ, და ვპოვე ზემოჴსენებული იგი მღდელი ჰარმანი ფილიპპე სხოლაპეტი და შევითქუენით გარდამოცემად ამის წიგნისა. გარნა მის ჟამისა შეთქუმულებაჲ, რომელმანმე საცთურმან და ზრუნვამან ამის სოფლისამან შეაშთო და უნაყოფო ქმნა, გარნა საღმრთომან მადლმან სულისამან არა უტევა სრულიად უნაყოფო ყოფად; და მოუწოდე მასვე მღდელსა ჰარმანთასა ფილიპპეს, რათა ჯერჩინებითა დიდისა მთავრისა, ძმისა ჩემისა, სამეგრელოჲსა და თაკუერისა მპყრობელისა, დადიანისა კაციაჲსითა დავიწყოთ გარდამოცემად ესრეთ, რამეთუ იგი მღდელი ჰარმანითა გარდამოსცემდა ჰარმანულთაგან ენათა ჩუენსა ზედა ენასა, რაჲოდენცა ძალედვა, და მეცა შეძლებისაებრ ჩემისა წესიერ კანონითა ვჰარგევდი ჩუენსა ზედა ენასა, ვითარცა აწ იხილვების, ხოლო თუ მაბრალებდეს ვინ მწვალებელთა წიგნთა გარდამოცემისათჳს, მაქუს წინაყოფად მისდა ოქრონეკტარისა იოანე დამასკელისა მიერ გარდამოცემაჲ კატიღორიისა წიგნისა, რამეთუ მანცა იოანე მიიღო წიგნი ესე მათ კაცთაგან, რომელნი არა თანახმა იყვნენ ჩუენისა ეკლესიისა მოძღუარებასა ზედა. კუალადღა თუ მეტყოდეს - წიგნი იგი განკაზმა იოანე დამასკელმან თანაჴმად ჩუენისა ეკლესიისა, მეცა არა წინააღმდგომად, არამედ უფროჲსად თანაჴმად ჩუენისა ეკლესიისა განკაზმულ ვყავ წინამდებარე ესე წიგნი. დაღათუ არა იოანესებრ მაქუნდა წმინდაყოფაჲ სინიდისის: და ცნობაჲ წერილითაჲ, რათა მისებრ ყოვლითურთ თანაჴმად ჩუენისა ეკლესიისა განმეკაზმა და არა დამეშთინამცა რაჲვე სიხენეშე, გარნა მამაჲცა იგი ზეცათაჲ არა ითხოვს უმეტესსა ძალისასა, არამედ ვითარ იგი შემძლე არს თითოეული ვინ. და თქუენცა ესრეთ თანაგაც მხილველთა და მსმენელთა ამის წიგნისათა, ვითარ იგი თქუა მაცხოვარმან იისუ: იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს. და ესეცა სცანთ ჭეშმარიტი: რაჲოდენისაცა ძალმედვა სწორებრივ განსჯაჲ, არარაჲ დამიშთენიეს წვალებაჲ აღუჴოცელად ამას წიგნსა შინა, და თუ რაჲმე დამიშთამცა უნებლიეთ, თქუენ ჭეშმარიტთა განმრჩეველთა განარჩიეთ და გარეგანსთხიეთ ღვარძლი იგი წვალებისაჲ, ხოლო იფქლი წმინდაჲ, რომელ არს სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ, დამარხეთ საუნჯესა შინა გულისა თქუენისასა, რათა ესევითარითა მექმეობითა იმადლთაყუანისცემებოდეს მომცემელი ამათ ყოველთა კეთილთაჲ, მადლი სულისა ყოვლად წმინდისაჲ, აწდა უკუნისამდე, ამინ! აღესრულა ღმრთისმეტყუელებითი წიგნი ესე ქრისტეს აქეთ ჩღოე, ივლისს დ" (1-6).

არც სათაურში, არც წინასიტყვაობაში აღნიშნული არაა, ვის ეკუთვნის ეს თხზულება, მაგრამ მეორე თხზულებაში, რომლის შესახებ ქვემოთ გვექნება ლაპარაკი, ნათქვამია, რომ ეს არის "წიგნი ღმრთისმეტყუელებითი ბრძნის: ალფერდისი". მართლაც, წიგნს ბოლოში დართული აქვს "აღსნანი ძველ გასაგონთა და ღვთეებითა სიტყუათა ალფერდისათა, დაქსულნი მიხითარ სევასტიელისა ვარდაპეტქისა მიერ, გონებისა და გზისაებრ თომა აქვინელისა და სხუათა სოფლიოთა მნათმოძღუართა". თხზულება შედგება შვიდი წიგნისაგან და წარმოადგენს დოგმატიკურ და ზნეობით საღვთისმეტყველო სისტემას. მეორე, ამგვარივე ხასიათის თხზულება ანტონისა, არის "ფილოსოფოსობა მებრ უცთომელ და უბრკმელ მოძღურებისა თომასი, რომელი ქმნილ არს ანტონი კოვადისა ლევმოაკელისა ღვთისმეტყუელ მოძღურისა ფარეზ ქალაქსა". ამ თხზულებას ანტონი სხვანაირად უწოდებს "ლოღიკა დიდი, დიალექტობა დიდი, ნაცვალმეთქუეობაჲ დიდი". წინასიტყვაობაში ანტონი გადმოგვცემს შემდეგს: "ვინებე მე სუმად სასუმელი ესე და ჴელვჰყავ გარდამოცემად დიდისა ამის ლოღიკისა... ყოვლად სამღვდელოსა თანაძმასა ჩემსა დოსითეოს ნეკრესელსა ეწადა კეთილობაჲ ამის წიგნისა, რათა სრულეყომცა ნაცვალმეთქუეობაჲ ესე დიდი, და ვერ ეწიფა წადილსა ამას რომელთამე გარეშეთა მიზეზთა მიერ, ხოლო მე აღვავსე წადილი მისი, რამეთუ გარდამოვეც ლოღიკა ესე... ხოლო დოსითეოს თანაძმასა ჩემსა ესურვა "მცირისა დიალეკტიკისა" სიტკბოჲსა გემებაჲ, რამეთუ თჳთცა გარდამოეცა, მაშასადამე, ამის უდიდესისაცა სიტკბოსა სურვიელ იყო. კუალად იგი სურვიელ იყო ამის წიგნისა გარდამოცემად, ვითარცა ითქუა, ხოლო რომლისათჳს მას სუროდა, მე დავშუერ და გარდამოვეც წიგნი ესე... ხოლო გარდამოღებაჲ ვყავ ენასა ზედა ჩუენსა დიდისა სხოლაპეტისა ჰარმანთა მღდლისა ფილიპპეს მიერ, რომელი ბრძანებისაებრ საღმრთოჲსა უშურველად მისცემდა ყოველთა სიბრძნესა წერილთასა. და ამას მეთქუეობასა მიმტკიცებს ხილვაჲ მისთა გარდამონაცემთა წიგნთაჲ, რომელი გარდამოიცა ამის ფილიპპეს მიერ ბრძანებითა უბრწყინვალესისა საქართველოჲს ირაკლი მეორისა მეფისაჲთა (მერე ჩამოთვლის იმ რვა წიგნს, რომელიც ფილიპეს ბიოგრაფიაშიც აღვნიშნეთ ზემოთ)... ხოლო წიგნი ღვთისმეტყუელებითი ბრძნისა ალფერდისი და წინამდებარე ესე ლოღიკა დიდი გარდამოვეც მე ამის ფილიპპეს მიერვე ბრძანებითა დიდისა მთავრისა, ძმისა ჩემისა, დადიანისა კაციას მიერ". წიგნი ანტონს სახელმძღვანელოდ განუზრახავს, როგორც შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: "ხოლო აწ მოძღუართა და მოწაფეთა თანაგაც ლოცვა ჩემ უღირსისათჳს; მოძღუართა - რამეთუ ორღანი არს თქუენი სიბრძნის-მოყუარებისა ესე წინამდებარე წიგნი; მოწაფეთა - რამეთუ უმკუეთრეს ჰყოფს გონებასა თქუენსა ხედვითისა სიბრძნისა მიმართ". წიგნის თარგმნა დაუსრულებიათ 1776 წლის 17 თებერვალს. შედგება ეს "დიდი ლოღიკა" სამი ნაწილისაგან: 1) სიტყჳსა მყოფისათჳს, რომელი სჭურეტს პირველსა გონებისა მოქმედებასა, 2) სიტყჳსა მყოფისათჳს, რომელი სჭურეტს გონებისა მეორესა მოქმედებასა, 3) სიტყჳსა მყოფისათჳს, რომელი არს წარმართებელ მესამე გონების მოქმედებისა ანუ ჴელხებისათჳს. ანტონისაგან დარჩენილია აგრეთვე "ანდერძი", რომელიც მას მიუცია ნახარებოუს მონასტრისათჳს, აქ აღნიშნულია, თუ როგორ გადააკეთა ანტონმა სამრევლო ეკლესია ნახარებოუს მონასტრად და ჩამოთვლილია, რა ადგილმამული, გლეხები და წიგნები დაუტოვა მან მონასტერს.

წმინდა ანტონის ქადაგებათა გამომცემელი თედო ჟორდანია ბრძანებს: "საფლავი მისი (წმინდა ანტონის) ყველასგან პატივცემულია, როგორც წმინდანისა. შესანიშნავია, რომ ანტონის საფლავის გარშემო ყოველწლიურად ამოდის სურნელოვანი ბალახი. ამ ოთხიოდე წლის წინეთ ამ დიდებულს საფლავსა დაადგეს უბრალო ძეგლი აგურებისაგან, მაგრამ არა ძეგლი არ შეედრება ამ დაუჭკნობელს ძეგლს, რომელიც თვით ანტონმა აღუგო თვისს სახელს; ეს ძეგლი არის თვით მისნი ქადაგებანი, რომლითაც მან უკვდავყო თვისი სახსენებელი ქართულ მწერლობაში".

აქვე წაიკითხეთ:

დატოვა ჭყონდიდის კათედრა და უბრალო მონაზვნური ღვაწლი იტვირთა

ბეჭდვა
1კ1