ღირსნი: ამფილოქე, ტარასი, მაკარი და თეოდოსი - გლუშიცელები (XV) - 12 (25) ოქტომბერი
ღირსნი: ამფილოქე, ტარასი, მაკარი და თეოდოსი - გლუშიცელები (XV) - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა ამფილოქე XV საუკუნეში მოსაგრეობდა. უფალმა ის ღირს დიონისე გლუშიცელთან (ხს. 1-ლ იანვარს) გააგზავნა და მას დაემოწაფა და განსაკუთრებით გამოირჩეოდა სიმშვიდითა და თავმდაბლობით, როცა მისი სულიერი მამა სიკვდილის პირას იყო (1437 წ.), ამფილოქემ სთხოვა, ელოცა, რომ ღმერთს ორივე ერთად გაეყვანა ამქვეყნიდან. მაგრამ მოძღვარმა უთხრა, რომ ღვთის ნება იყო, ამფილოქეს ჯერ კიდევ ეცოცხლა. წმინდა ამფილოქე 15 წელი იყო მონასტრის წინამძღვარი და მშვიდობიანად აღესრულა 1452 წელს. ორივე წმინდანი სოსნოვეცის მონასტერშია დაკრძალული.

წმინდა ტარასი პერმელი იღუმენი და მქადაგებელი იყო. მან სულიერ მამასთან ეპისკოპოს სტეფანესთან (ხს. 28 აპრილს) ერთად დიდად იღვაწა ჯერ კიდევ დარჩენილი წარმართი პერმელების მოსაქცევად. 1427 წელს მივიდა ის ღირს დიონისე გლუშიცელთან და მისი წინამძღოლობით იცავდა მკაცრ ასკეზას, მუდმივად მარხულობდა და ღამისთევით ლოცულობდა. წმინდა დიონისე გლუშიცელის სიკვდილის შემდეგ ეხმარებოდა ღირს ამფილოქეს მონასტრის მართვაში. ღირსი ტარასი 1440 წელს აღესრულა.

წმინდა მაკარი მდიდარი როსტოველების ოჯახში დაიბადა. ერთხელაც ის მშობლებთან ერთად წმინდა დიონისესთან მივიდა. ბერდიდმა 12 წლის ყმაწვილში მომავალი მონაზონი დაინახა, და აუხსნა მას უფლის სიტყვები სულიერი სრულყოფილებისთვის ამ სოფლიდან განდგომაზე (იხ. მათე 10, 37); ყმაწვილმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა: "რაც მითხარი, მაგ ყველაფრის ასრულებას ალბათ მაშინ მოვინდომებდი, თუ ჩემი მასწავლებელი გახდები". დიონისემ ის მონასტერში მორჩილად მიიღო და შემდეგ აღკვეცა კიდეც ბერად მაკარის სახელით. ნორჩი მონაზონი კელიაში სულიერ მამასთან ერთად ცხოვრობდა, ყველაფრით მასა ჰბაძავდა და უსიტყვოდ მორჩილებდა. ამგვარად ის მალე წარემატა სულიერად და მღვდლობის მადლის მიღების ღირსიც შეიქნა. წმინდა ტარასის შემდეგ იღუმენი ღირსი მაკარი გახდა. 1478 წელს გარდაიცვალა და წმინდა დიონისეს გვერდით დაკრძალეს.

წმინდა თეოდოსიც დიონისე გლუშიცელის მოწაფე იყო და სახელი გაითქვა თავისი ასკეტური ღვაწლით და მორჩილებით.

..................

წმინდა მღვდელმთავარი ფილარეტ ჩერნიგოველი (+1866) - 12 (25) ოქტომბერი

მას მოიხსენიებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.

.........................

წმინდა იოანე აღმსარებელი (ლეტნიკოვი, +1930); ღირსმოწამე ლავრენტი (ლევჩენკო, 1937); მღვდელმოწამე ალექსანდრე (პოზდეევსკი, +1940), მღვდელი; აღმსარებელი ნიკოლოზი (მოგილევსკი, +1955), ალმა-ათის მიტროპოლიტი - 12 (25) ოქტომბერი

მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1