წმინდა მაქსიმილიანე (+284) და წმინდა კვირინე (+309) - ნორიკელი ეპისკოპოსები - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა მაქსიმილიანე (+284) და წმინდა კვირინე (+309) - ნორიკელი ეპისკოპოსები - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა მაქსიმილიანე და წმინდა კვირინე მოღვაწეობდნენ ნორიკში - ეს გახლდათ ვრცელი ქვეყანა ადრიატიკიდან დუნაიმდე გადაჭიმული.

წმინდა მაქსიმილიანე მდიდარ ოჯახში დაიბადა. 19 წლის დაობლდა. მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და მონაზვნად აღიკვეცა. დაახლოებით 260 წელს ნორიკის ეპისკოპოსად აკურთხეს და ქალაქ ლერხეში გაამწესეს. ის დიდი მოშურნეობით შეუდგა ქრისტეს რწმენის გავრცელებას. ის არა მარტო თავის ეპარქიაში ქადაგებდა, ასევე მისიონერობდა დღევანდელ ბავარიაშიც. როცა იმპერატორმა ნუმერიანემ ქრისტიანების დევნა გამოაცხადა, ნორიკის პრეფექტი დიდი მონდომებით შეუდგა ქრისტიანთა წამებას და სიკვდილის შიშით ბევრს აიძულა ქრისტესთვის ეღალატათ. მაშინ წმინდა მაქსიმილიანე გამოცხადდა მის წინაშე და მმართველი სისასტიკეში ამხილა, რისთვისაც მას თავი მოჰკვეთეს 282 წლის 12 ოქტომბერს (ძვ. სტილით).

ნეტარი იერონიმე თავის ქრონიკებში პატივისცემით ახსენებს პანონიელ ეპისკოპოსს კვირინეს. როცა ქვემო პანონიის პრეფექტმა მაქსიმემ ქრისტიანების დევნა დაიწყო, ქალაქ სისკეში წმინდა კვირინეც შეიპყრო და იმპერატორის ბრძანების აღსრულება-ღმერთებისადმი მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. ქრისტეს მღვდელს იუპეტერის ქურუმობას სთავაზობდნენ, თუ არა, მაშინ საშინელი წამებით სიკვდილი მოელოდა. წმინდანი სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას დილეგი ზეციური ნათლით აივსო. ამის ხილვის შემდგომ საპყრობილის მცველი მარკელოსი მოიქცა ქრისტესკენ და წმინდა კვირინემ ის მონათლა. სამი დღის შემდეგ მაქსიმეს ბრძანებით წმინდანი პირველი პანონიის პრეფექტთან გააგზავნეს. ბორკილდადებულმა გაიარა დუნაისპირა ქალაქები და ბოლოს საბარიაში, დღევანდელ სარბარში ჩაიყვანეს. პრეფექტმა ყველაფერი სცადა მისი რწმენის შესარყევად, მაგრამ წმინდა კვირინემ მტკიცედ განუცხადა, რომ ის ქრისტეს არასოდეს უღალატებდა. მაშინ პრეფექტმა ბრძანა, წმინდანისთვის კისერზე ქვები მოებათ და მდინარეში გადაეგდოთ. ქვებმოკიდებული წმინდანი დიდხანს იდგა წყლის ზედაპირზე და ქრისტიანებს რწმენის ერთგულებას უქადაგებდა, ვიდრე მდინარის ტალღებმა არ დაფარეს იგი. წმინდა კვირინე 309 წელს აღესრულა

ბეჭდვა
1კ1