წმინდა კოზმა მაიუმელი (+787) - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა კოზმა მაიუმელი (+787) - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა იოანე დამასკელის მშობლებმა, დამასკოში ცხოვრებისას, ოჯახში შეიფარეს ქრისტიანი ყმაწვილი, სახელად კოზმა, წარმოშობით იერუსალიმელი, რომელიც ბავშვობაში დაობლებულიყო. იოანე დამასკელის ძალზე ღვთისმოსავმა და გლახაკთმოწყალე მშობლებმა კოზმა შვილივით მიიღეს და იოანესთან ერთად ზრდიდნენ. ერთხელაც არაბებისგან მონად გაყიდული ბერი იყიდეს, მასაც კოზმა ერქვა და ძალზე განსწავლული იყო. მშობლებმა კოზმა და იოანე მას მიაბარეს, ბერმა ყმაწვილებს მთელი ქრისტიანული სიბრძნე შეასწავლა და როცა მათ სრულყოფილ გონებას და ასაკს მიაღწიეს, დაუტევეს ესე სოფელი და წმინდა საბა განწმენდილის ლავრაში დაბინავდნენ. იტვირთეს მონაზვნობის ტკბილი უღელი და კეთილად ღვაწლს შეუდგნენ. როგორც ვარსკვლავნი ცის კაბადონზე, ისე გაბრწყინდნენ ისინი ქრისტეს ეკლესიაში, თავიანთი წმინდა ცხოვრებით და ღვთივგანბრძნობილებით. როცა ეკლესიაში ხატმებრძოლობის ერესი გავრცელდა, წმინდა კოზმამ წმინდა იოანე წმინდა ხატების დასაცავად აღძრა და მან მართლმადიდებლებისთვის ხატთაყვანისცემაზე ეპისტოლეები შეადგინა, წმინდა კოზმა თანამოზიარე იყო წმინდა იოანეს ამ ღვაწლისა. მანვე განამშვენა საეკლესიო ღვთისმსახურება მშვენიერი აღმაფრთოვანებელი ტროპარებით და კანონებით. საგალობლებით პატივი მიაგო მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას, უფლის წმინდა ვნებებს და ზოგიერთ სხვა საუფლო დღესასწაულს. შემდგომში იერუსალიმის პატრიარქმა წმინდა კოზმა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაიუმის ეპისკოპოსად (ღაზაში) დაადგინა, დაახლოებით 735 წელს. ღირსმა მამამ ახალ სარბიელზე დიდად იღვაწა და კეთილად დამწყსო მისთვის მიბარებული ქრისტეს ფარა. წმინდა კოზმამ ღრმა სიბერემდე მიაღწია და დაახლოებით 787 წელს ღვთივ შეისვენა. მისი ყველაზე ცნობილი თხზულებებია: კანონები, ჰიმნები დიდქრისტიანულ დღესასწაულებზე - შობის, აღდგომის და სხვა. მათგან 14 შესულია აღმოსავლური ეკლე¬სიის ლიტურგიკულ წიგნებში. კოზმა არის აგრეთვე ავტორი იდიომელების, ანუ მცირერელიგიური ხასიათის პოემებისა. მისი თხზულებები ყურადღებას იქცევენ არაჩვეულებრივი ფორმითა და მეტრიკული ზომებით. თვლიან, რომ გრიგოლ ნაზიანზელის სახელით ცნობილი ზოგიერთი პოემის ავტორი კოზმა მელოდოსი უნდა იყოს.

წმინდა კოზმას ეკუთვნის ღვთისმშობლის საგალობელი "უპატიოსნესსა". გადმოცემის მიხედვით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ამ საგალობლის ავტორს – წმ. კოზმა მაიუმელს და მხიარული სახით უთხრა: "საამოა ჩემთვის შენი საგალობლები, მაგრამ ეს ყველაზე მეტად საამურია; სასურველნი არიან ჩემთვის ის ადამიანები, ვინც სულიერ საგალობელს გალობენ, მაგრამ არასოდეს ვარ ესოდენ ახლოს მათთან, როგორც მაშინ, როდესაც ამ საგალობელს აღასრულებენ". და ბევრმა მჭვრეტელმა მამამ შემდეგ არაერთგზის იხილა, თუ როგორ აკურთხებდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამ გალობის აღმასრულებლებს.

ბეჭდვა
1კ1