ღირსი ჰომერ ლიერელი (+774-775) - 11 (24) ოქტომბერი
ღირსი ჰომერ ლიერელი (+774-775) - 11 (24) ოქტომბერი
ის VIII საუკუნის დასაწყისში დაიბადა ლიერთან ახლოს, ემბლეხემში, ფრანკების მეფის კარლოს დიდის მეფობისას. მშობლებმა ის სახარების მცნებებით გაზარდეს.

გამოხდა ხანი და მეფის მაჟორდომმა პიპინმა ის სამეფო კარზე მიიწვია. სამეფო კარის უზრუნველმა ცხოვრებამ ვერ შეცვალა იგი - მუდმივად მმარხველი და მლოცველი და უაღრესად მოწყალე. პიპინმა მას საცოლედ ვინმე გვინმარი მოუძებნა, რომელიც ერთობ შფოთიანი, მოჩხუბარი ქალი აღმოჩნდა. მისი საქციელი ქმრისთვის მუდმივ განსაცდელად იქცა, მაგრამ ითმენდა და ნუგეშს უფლისაგან მოელოდა. მოვალეობის გამო ჰომერი მეფე პიპინს უნდა გაჰყოლოდა ომებში, რომლებსაც ის მართავდა ლომბარდიაში, საქსონიასა და აკვიტანიაში და იძულებული გახდა, ცოლს რვა წლით დაშორებოდა. შინ დაბრუნებულს ყველამ შესჩივლა, - ქალბატონი ცუდად გვექცევაო.

ერთხელაც რომში მოსალოცად გაემართა. გზად საღამოს ტყის პირას ხე მოჭრა და ღამის გასათევი მოაწყო. ტყის პატრონი წამოადგა თავს და ზარალის საფასური მოსთხოვა. შეჰპირდა, გადავიხდიო. მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, დილით გადაჭრილი ხე ძირს შეახო და ხე მოულოდნელად გამთელდა. მეორე დღეს ტყის მეპატრონემ მოშრიალე ხე რომ დაინახა, სასწაულით აღფრთოვანებულმა თქვა, - მე ამ ტყის ღირსი არა ვარო და მიწასთან ერთად წმინდა ჰომერს აჩუქა. წმინდა ჰომერმა ღვთისგან გამოცხადება მიიღო, რომ მომლოცველობა აღარ გაეგრძელებინა და თავის სამფლობელოში, ნივესდოკში დასახლებულიყო. წმინდანი დაემორჩილა ღვთის ნებას, ააგო წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესია და იქვე - ქოხიც, სადაც თვითონ დასახლდა. თუმცა, ოჯახზე ზრუნვა არ მიუტოვებია. დროდადრო მიდიოდა შინ და ეხმარებოდა გლახაკებს, შეჭირვებულებს, სნეულებს. აცმევდა შიშვლებს, აჭმევდა მშიერს. მომლოცველებს ხვდებოდა და საჭირო ნივთებით ამარაგებდა. პატრონობდა ქვრივ-ობლებს. ამ დროს გვინმარი მსახურებს ცუდად ექცეოდა. ერთხელ პურის მომკელებს წყლის დალევის და შესვენების ნება არ მისცა. მაშინ წმინდა ჰომერმა მიწას კვერთხი დაჰკრა და იქიდან წყარო წარმოდინდა, რომლითაც მსახურებმა წყურვილი მოიკლეს. ეს წყარო დღემდე მოედინება სოფელ ემბელეხში. მის ცოლს კი ცხელება აუტყდა და სიკვდილის პირას მისულემა ქმართან ხალხი გააგზავნა. წმინდანმა ჭიქა წყალს ჯვარი გადასახა, ცოლს შეასვა და იმწამს განკურნა. თავისი სიკეთით წმინდა ჰომერმა ცოლი სულიერადაც განკურნა და ფერი უცვალა. ქალმა დარჩენილი სიცოცხლე სინანულში გაატარა.

წმინდა რომბომ, რომელმაც დუბლინის ეპისკოპოსობა დატოვა, ბელგიაში წავიდა, რათა თავის მოწაფეებთან ერთად სიტყვით და საქმით ბელგია გაენათლებინათ. ის წმინდა ჰომერს დაუმეგობრდა, მათ ადგილიც კი აირჩიეს, რომელსაც სტადეკს ეძახოდნენ, რომელიც მათ სახლებს შორის მდებარეობდა, სადაც დათქმულ დღეს მიდიოდნენ და დროს საღვთისმეტყველებო დისკუსიებში ატარებდნენ ხოლმე. მათ შეხვედრას ყოველთვის უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ბოლოს გადაწყდა, რომ ამ ადგილას სამლოცველო აეშენებინათ, სადაც ორივე ამ დღეს ერთად საღმრთო ლიტურგიას ატარებდა წმინდა ჰომერი 774 წლის (775 წ.) 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. წმინდანი თავიდან ემბლეხემის ტაძარში დაკრძალეს. მაგრამ ვინმე მონაზონს სახელად ვრახილდას გამოცხადება ჰქონდა, რომ იგი თავის აშენებულ წმინდა პეტრეს ტაძარში უნდა დაეკრძალათ. დაასვენეს გემზე და ხომალდმა ნიჩბების, იალქნების გარეშე დინების საწინააღმდეგოდ გაცურა და ღვთისგან მინიშნებულ ადგილას მივიდა. ამ ადგილს ნივესდონკს ეძახდნენ და შემდეგ ლედო დაერქვა. უამრავი მომლოცველი მოდიოდა და მათი სიმრავლის გამო წარმოიშვა ქალაქი ლიერი. წმინდანი საუკუნეების მანძილზე მის მიერვე აშენებულ ეკვდერში ესვენა. შემდეგ კი წმინდა იოანეს კოლეგიალურ ტაძარში გადაასვენეს, რომელსაც წმინდა ჰომერის სახელობის ეკლესია დაერქვა. წმინდა ნაწილები დიდებულ ვერცხლის ლუსკუმაში ინახება, რომელიც 1682 წელს დაამზადეს.

ბეჭდვა
1კ1