წმინდა ნექტარიოსი (+397), არსაკიოსი (+405) და სისინიოსი (+427) კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსები - 11 (24) ოქტომბერი
წმინდა ნექტარიოსი (+397), არსაკიოსი (+405) და სისინიოსი (+427) კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსები - 11 (24) ოქტომბერი
ზოგიერთ ლექციონარში ზემოთ ხსენებულ წმინდანებთან ერთად მოიხსენიებენ წმინდა ატიკეს (8 იანვარი) და წმინდა გენადის (ხს. 17 ნოემბერს) - მთავარეპისკოპოსებს.

წმინდა ნექტარიოსი დაიბადა კილიკიის ქალაქ ტარსოსში, IV საუკუნეში. ის გახლდათ სენატის წევრი და ყველას აღფრთოვანებას იწვევდა, თავისი აღზრდით, სიბრძნით და რბილი ხასიათით. ნექტარი კონსტანტინოპოლში იყო იმ დროს, როცა იქ ეკლესიის მეორე მსოფლიო კრება მოიწვიეს. მაშინ დედაქალაქის მთავარეპისკოპოსმა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა უარი თქვა კათედრაზე და კრების მონაწილე მამებს მიანდო პატრიარქის არჩევა. ნექტარი ტარსოსში უნდა დაბრუნებულიყო, ამიტომაც ტარსოსის ეპისკოპოსს დიოდორესთან მივიდა, რომელიც კრებაზე იყო ჩამოსული და ხომ არაფერს დამაბარებო. მასთან საუბრისას ეპისკოპოსს ღვთისაგან ჰქონდა გამოცხადება, რომ სწორედ ეს კაცი ბრძენი და თავშეკავებული უნდა აერჩიათ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად. თუმცა ის ერისკაცი იყო, დიოდორეს ჩარევით მისი სახელი მაინც ჩაწერეს კანდიდატთა სიაში, რომელიც იმპერატორ თეოდოსისთვის უნდა წარედგინათ. თეოდოსიმ სია ჩაიკითხა და ნექტარზე შეჩერდა, თუმცა პირადად არ იცნობდა, მაგრამ მასზე მხოლოდ კარგი რამ გაეგონა. მამები დაეთანხმნენ იმპერატორის არჩევანს. ნექტარი მაშინვე მონათლეს, რომლის შემდეგაც ახალმოქცეულთა თეთრი სამოსით შემოსილს დედაქალაქის ეპისკოპოსად ხელი დაასხეს (382 წ.).

წმინდანი 16 წელი ბრძნულად მართავდა ეკლესიას. ცდილობდა, გაეგრძელებინა მეორე მსოფლიო კრების მამათა საქმე და განაქიქა ერეტიკოსი მაკედონიუსი და მისი მომხრეები, რომლებიც უარყოფდნენ სულიწმიდის ღვთაებრიობას. ასევე დაადგინა, რომ ახალ რომს, ანუ კონსტანტინოპოლს ძველი რომის სადარი პატივი უნდა მიჰგებოდა. წმინდა ნექტარი 397 წლის 27 სექტემბერს გარდაიცვალა და მემკვიდრედ წმინდა იოანე ოქროპირი დატოვა. შემორჩენილია მისი "სიტყვა წმინდა თეოდორე სტრატილატის ხსენების დღეს".

წმინდა არსაკიოსი ძმა გახლდათ წმინდა ნექტარისა. ამ უკანასკნელმა დაარწმუნა ის ტარსოსის ეპისკოპოსი გამხდარიყო. უკვე ხანდაზმულ ასაკში აირჩიეს ის კონსტანტინოპოლის პატრიარქად, მას მერე, რაც იოანე ოქროპირი გააძევეს კათედრიდან. სულ ორი წელი იყო დედაქალაქის ეპისკოპოსი. ამ დროს ხელისუფლება დევნიდა წმინდა იოანე ოქროპირის მომხრეებს, რომლებიც არსაკიოსს არ აღიარებდნენ და დიდი ტაძრების ნაცვლად სხვაგან იკრიბებოდნენ. წმინდა არსაკიოსს კი არ შეეძლო, შეწინააღმდეგებოდა ამ დევნას. წმინდა არსაკიოსი 405 წელს გარდაიცვალა.

წმინდა არსაკიოსის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსად წმინდა ატიკე აირჩიეს. ის მართავდა ეკლესიას 406-425 წლებში. იგი ძველი ოპონენტი იყო წმინდა იოანე ოქროპირისა და კათედრაზე ასვლისთანავე, დაერია წმინდა იოანეს მომხრეებს, ეპისკოპოსებს და მღვდლებს, კათედრებს, მრევლი ეკლესის ჩამოაცილა, ქონება წაართვა, და ბევრიც გადაასახლა. მაგრამ ამით ვერაფერი დააკლო წმინდა იოანეს მომხრეებს, რომლებიც დიდი რაოდენობით იკრიბებოდნენ ქალაქგარეთ მეფისგან აკრძალულ ლოცვებზე, მაშინ როცა ატიკეს ლოცვაზე ტაძარში ხალხი ხალვათად იყო. იმპერატორ არკადის გარდაცვალების შემდეგ 408 წელს ის უკვე მოთმინებით ეპყრობოდა იოანეს მომხრეებს და მათი ნაწილი დააბრუნა ოფიციალურ ეკლესიაში. მაგრამ ხალხის და ეპისკოპოსთა უმეტესობა შერიგებაზე უარს ამბობდა. შემდგომში ატიკემ წმინდა იოანეს სახელი დიპტიქში შეიტანა და წერილით იგივე ურჩია წმინდა კირილე ალექსანდრიელს. წმინდა ატიკე 425 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა. მასზე აღფრთოვანებით წერს სოკრატე სქოლასტიკოსი თავის ისტორიაში.

წმინდა ატიკეს სიკვდილის შემდეგ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის საყდარი ცარიელი იყო, რადგან შესაფერის კანდიდატზე ვერ თანხმდებოდნენ. ბოლოს, ხალხის ზეწოლით, მთავარეპისკოპოსად აირჩიეს მღვდელი სისინიოსი, რომელიც კონსტანტინოპოლში, ელეის გარეუბანში მსახურობდა. ის განთქმული იყო ღვთისმოშიშებით და გლახაკებისადმი სიყვარულით. მას ხელი დაასხეს 426 წლის 28 თე¬ბერვალს. წმინდა სისინიოსი გარდაიცვალა 427 წლის 24 დეკემბერს.

ბეჭდვა
1კ1